x
image
თეონა გორდეზიანი
ალბათ, ბევრმა არ იცის, ვინ არის ქართული ფილმების, სპექტაკლების, მულტფილმების თუ ცნობილი საესტრადო სიმღერების ტექსტების უმრავლესობის ავტორი

ალბათ, ბევრმა არ იცის, რომ ქართული ფილმების, სპექტაკლების, მულტფილმების თუ ცნობილი საესტრადო სიმღერების ტექსტების უმრავლესობის ავტორი, პოეტი პეტრე გრუზინსკია(ოფიციალური სახელი- პეტრე ბაგრატიონი).


ერეკლე მეორის პირდაპირ შთამომავალს ცხოვრებამ ტკივილიანი გზა არგუნა. ბაგრატიონთა სამეფო გვარის შთამომავალი სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილით დასჯას, თუმცა, 4 წელი ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გაატარა. ფსიქიატრიულამდე იყო ციხეში – გაუსაძლისი დაკითხვის რეჟიმი და წამება. ცნობილი დისიდენტი ალექსანდრე საშა მიქელაძე იხსენებდა, რომ იმ საშინელ დაკითხვის რეჟიმს ძალიან ცოტამ გაუძლო, პეტრე კი თავისი საქციელით თითით საჩვენებელი იყოო. პოეტმა მეგობარი ექიმის რჩევას დაუჯერა, ზუსტად შეასრულა მისი მითითებები და სიკვდილსაც გადაურჩა – იგი, როგორც სულით ავადმყოფი, ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გადაიყვანეს.


პეტრე ბაგრატიონ გრუზინსკიმ ლიტერატურული მოღვაწეობა დაიწყო 1933 წელს, თუმცა თამარაშვილის ფსევდონომით წერდა. მისმა ლირიკულმა ლექსებმა კომპოზიტორთა ყურადღება მიიპყრო. მასთან თანამშრომლობდნენ ანდრია ბალანჩივაძე, ოთარ თაქთაქიშვილი, რევაზ ლაღიძე, ბიძინა კვერნაძე, გოგი ცაბაძე… სწორედ მის ლექსებზეა დაწერილი გიორგი ცაბაძის “ჰიმნი სიყვარულს”, “მიმღერე რამე”, “სადაც გინდა, იქ ილოცე”, ბიძინა კვერნაძის “გაზაფხულდა”, ოთარ თევზაძის “ობელისკები”, ბიძინა კვერნაძის “ასეთია ქურდი კაცის ბედი”, რევაზ ლაღიძის “თბილისო”. ეს სიმღერა თბილისის 1500 წლისთავისათვის დაიწერა და დღეს არა მხოლოდ თბილისის ჰიმნად, არამედ საქართველოს სავიზიტო ბარათადაც იქცა.


პეტრე გრუზინსკის ლექსებზე დაიწერა სიმღერები ცნობილი მხატვრული ფილმებისთვის: “შეხვედრა მთაში”, “კეთილი ადამიანები”, “ბაში-აჩუკი”, “დღე უკანასკნელი, დღე პირველი”, “აბეზარა”, “მხიარული რომანი”, “რაც გინახავს, ვეღარ ნახავ”, “განგაში”, “მიმინო”…



შეუძლებელია მისმა ლექსებმა ვინმე გულგრილი დატოვოს.


* * * * * *


გაზაფხულდა, აყვავილდა ნუში,

იღიმება ლურჯთვალება ია

სითბო ისე შემოიჭრა გულში,

თითქოს გულის კარი დამრჩა ღია.

ვარდობისთვეს როგორ გავძლო მარტო,

ყვავილების ფიფქი ცვივა ციდან.

ყვავილების სურნელება მათრობს

და ბავშვივით მოფერება მინდა.

ჩქარა, თორემ იასამნის სურნელს

დრო გაატანს გაზაფხულის ნიავს,

სიჭაბუკე სიზმარივით წავა

და იქნება ყველაფერი გვიან.

გავლენ წლები დაზამთრდება სულში,

წავა რასაც სიჭაბუკე ქვია,

და რაც ასე ახლო იყო გუშინ,

ხვალ იქნება უსასრულოდ გვიან...

მოდი, სანამ სხვა შენს ნაცვლად მოვა,

გამიქარვებს სევდასა და ნაღველს

****************

ყვითელი ფოთლები თან მიაქვს ქარს

და აყრის ფიფქებად შენს სახლის კარს,

გეძახი, არავინ არა მცემს ხმას,

ყვითელი ფოთლები სიჩუმეს გავს.

და მაინც, ყვითელი ფოთლების მწამს,

ყვითელი ფოთლები სიჩუმეს ჰგავს.

****************

ნეტავ სად არის კიდევ ცა,

უძიროდ ლურჯი, ხალასი,

სწორედ ისეთი, როგორც შენია.

ნაიარევი წარსული,

ნანგრევი ნარიყალასი,

ჭაღარასავით შემოგრჩენია.

თბილისო - მზის და ვარდების მხარეო,

უშენოდ - სიცოცხლეც არ მინდა,

სად არის სხვაგან ახალი ვარაზი,

სად არის ჭაღარა მთაწმინდა.

ჩაივლი მტკვართან ხეივანს

და გაზაფხულის მაყრები

მეგებებიან მწვანე ჭადრები.

აქ არ იმღერო, ძნელია,

აქ ხომ ვერხვებიც მღერიან

და ცა ფირუზზე ლურჯი ფერია.

თბილისო - მზის და ვარდების მხარეო,

უშენოდ - სიცოცხლეც არ მინდა,

სად არის სხვაგან ახალი ვარაზი,

სად არის ჭაღარა მთაწმინდა.

*****************

გაზაფხულდება, უეჭველად გაზაფხულდება.

რა დააოკებს თავნება აპრილს?

მოვა, მოიტანს, ცისფერ ყვავილებს

და შენს ფეხებთან დაჰყრის და დაჰყრის.

ვერ გაუძლებენ მოვარდნილ ვნებებს

და დასკდებიან ატმის კვირტები

და მეც ვითარცა ახლად გაცნობილს,

ახალი თვალით დაგაკვირდები.

შენშიაც ვიგრძნობ აპრილის სუნთქვას,

მოვარდნილ მეწყერს და ძუ ავაზას!

გეტყვი, მითხარ: აპრილი გათბობს,

თუ სხვა სურვილმა გაგალამაზა?..

გაზაფხულდება, უეჭველად გაზაფხულდება,

მოვა დღეები წყურვილები და გაგიჟების,

სადაც შეგხვდები, შემოგახევ მოცისფრო კაბას,

თუ შენი ნებით, შენი ნებით არ

გაშიშვლდები!

image
0
226
1-ს მოსწონს
ავტორი:თეონა გორდეზიანი
თეონა გორდეზიანი
226
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0