x
image
სფინქსი
ენდოსკოპიური ქირურგიის განვითარება - ინტერვიუ რამაზ ჩარექიშვილთან
image“ენდოსკოპია“ ბერძნული ენიდან მომდინარეობს და სიტყვასიტყვით “შიგნით ყურებას ნიშნავს“. ეს არის პროცედურა, რომლის დროსაც ენდოსკოპის მეშვეობით ორგანიზმის შიგნით არსებულ მდგომარეობას ათვალიერებენ.


ენდოსკოპი გახლავთ თხელი, გრძელი, დრეკადი მილი, რომლის ერთ ბოლოზე განთავსებულია სინათლის წყარო და ვიდეო კამერა. სწორედ აღნიშნული კამერის საშუალებით გადაეცემა ორგანიზმის გამოსახულება ციფრულ ეკრანს.


ჩვენს დღევანდელ სტატიაში, ენდოსკოპიური ქირურგიის განვითარების ეტაპებზე, მის დადებითსა და უარყოფით მხარეებზე, ისაუბრებს მედიცინის დოქტორი, ექიმი-რეპროდუქტოლოგი, “სამედიცინო კორპორაცია ევექსის“ ქირურგიული გინეკოლოგიის სამსახურის უფროსი, ბატონი რამაზ ჩარექიშვილი.


ბატონმა რამაზმა ჯერ კიდევ 1993 წელს ჩაუყარა საფუძველი გინეკოლოგიური ენდოსკოპიის მიმართულებას საქართველოში. 1998 წელს მან პირველმა შეასრულა ლაპარასკოპიული ჰისტერექტომია ვაგინალური ასისტენციით. აღნიშნული პერიოდიდან დღემდე, მაღალტექნოლოგიური მეთოდების გამოყენებით, წარმატებით აქვს ჩატარებული 20 000-ზე მეტი სხვადასხვა სირთულის ენდოსკოპიური ქირურგიული ოპერაცია.


ბატონო რამაზ, პირველ რიგში უღრმესი მადლობა რომ დაგვითმეთ თქვენი ძვირფასი დრო და დაგვთანხმდით ინტერვიუზე. მართალია, მე გარკვეულწილად ვცადე ენდოსკოპიის დეფინიცია, თუმცა, საინტერესოა თქვენ როგორ განგვიმარტავთ:



-რა არის ენდოსკოპია?


მეც მოგესალმებით და მადლობას გიხდით ამ უაღრესად მნიშვნელოვანი თემით დაინტერესებისათვის.


რაც შეეხება შეკითხვას, თუ რა არის ენდოსკოპია, თქვენ მიერ შემოთავაზებულ ზოგად განმარტებას ვეთანხმები. დამატებით მინდა აღვნიშნო რომ, ენდოსკოპია წარმოადგენს რევოლუციურ ცვლილებას ქირურგიაში. ის შესაძლებლობას გვაძლევს ჩავატაროთ მაღალტექნოლოგიური ოპერაციები მუცელკვეთის გარეშე. გარდა ამისა, ენდოსკოპიური ქირურგია გვაძლევს მუცლის ღრუს ორგანოების დათვალიერებისა და ისეთი პათოლოგიების დადგენის საშუალებას, რომელთა გამოვლენა შეუძლებელია სხვა კვლევებისა და მუცელკვეთით ჩატარებული ოპერაციების დროსაც კი. ამის მიზეზი კი ენდოსკოპიური ოპერაციის დროს გამოყენებული მაღალი სიზუსტის ოპტიკური საშუალებებია.


-როდის გადაიდგა პირველი ნაბიჯები ენდოსკოპიურ ქირურგიაში მსოფლიოსა და საქართველოში?


მსოფლიოში ენდოსკოპიურმა ქირურგიამ აქტიურად გაიდგა ფესვები მე-20 საუკუნის 60-იანი წლებიდან და მას შემდეგ უაღრესად მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა. თავდაპირველად, ენდოსკოპია მხოლოდ დიაგნოსტიკის საშუალებად მიიჩნეოდა, თუმცა, შემდგომ წლებში იგი იქცა ქირურგიული მკურნალობის წამყვან მეთოდად.


რაც შეეხება საქართველოს, შემიძლია გითხრათ, რომ ჯერ კიდევ 1991 წელს, ჟორდანიას სახელობის ინსტიტუტში მე და ჩემმა მეგობრებმა დავნერგეთ ლაპარასკოპიული გინეკოლოგიური ოპერაციები. ამასთანავე აღსანიშნავია, რომ ამ მიმართულების განვითარებას გარკვეულწილად ხელი შეუწყო იმდროინდელმა ჯანდაცვის სისტემამ.


-როგორც უკვე აღნიშნეთ, დღესდღეობით ენდოსკოპია წარმოადგენს, როგორც დიაგნოსტიკის, ასევე მკურნალობის მეთოდს. თუ შეგიძლიათ მისი გამოყენების შესაბამისი მაგალითები დაგვისახელოთ?


ჩემი პროფილიდან გამომდინარე, შემიძლია გითხრათ, რომ ენდოსკოპია დღესდღეობით წარმოადგენს უშვილობის დიაგნოსტირებისა და მკურნალობის ოქროს სტანდარტს. ლაპაროსკოპიის გამოყენებით საშუალება მოგვეცა დავადგინოთ უშვილობის გამომწვევი ისეთი მიზეზები, რომელთა გამოვლენაც ვერ ხერხდებოდა მანამდე არსებული სხვა კვლევების გამოყენებით. გარდა ამისა, ლაპაროსკოპიით შესაძლებელია სხვადასხვა გინეკოლოგიური დაავადებების სრულყოფილი ქირურგიული მკურნალობა.


-რა გზებით შეიძლება მოთავსდეს ენდოსკოპი ადამიანის ორგანიზმში?


ენდოსკოპი ზოგადად ადამიანის ორგანიზმში შესაძლოა მოთავსდეს როგორც ბუნებრივი ხვრელებიდან, ასევე კანზე არსებული განაკვეთებიდან. უფრო კონკრეტულად თუ ვისაუბრებთ, ლაპარასკოპიული გინეკოლოგიური და ასევე ზოგადქირურგიული ოპერაციების დროს, ტრადიციული მიდგომისგან განსხვავებით, კანზე კეთდება 4 მცირე ზომის ნახვრეტი. თავდაპირველად ხდება ე.წ. ლაპაროცენტეზი — მუცლის კედლის გავლით სპეციალური ინსტრუმენტის ჩადგმა და მუცლის ღრუს გაბერვა ნახშირბადის დიოქსიდით, რაც ქირურგს შინაგანი ორგანოების უკეთესი ვიზუალიზაციისა და სამუშაო სივრცის გამოთავისუფლების საშუალებას აძლევს. მუცლის ღრუში თავსდება ოპტიკური საშუალება, რომლის მეშვეობითაც ციფრულ მონიტორზე ვიღებთ შინაგანი ორგანოების გამოსახულებას. ამის შემდეგ მუცლის ღრუში დამატებით თავსდება სამი ინსტრუმენტი, რაც საშუალებას აძლევს ქირურგს შეასრულოს ნებისმიერი სირთულის ოპერაცია.


-რამდენად მტკივნეულია ლაპარასკოპიული ჩარევა პაციენტისათვის დაა სახის გაუტკივარებას საჭიროებს?


ლაპარასკოპიულ ოპერაციათა აბსოლუტური უმრავლესობა ტარდება ზოგადი გაუტკივარებით -ენდოტრაქეული ნარკოზის ქვეშ. თუმცა, ენდოსკოპიურ ქირურგიაში არსებობს პროცედურები, რომელთაც არ ესაჭიროებათ ენდოტრაქეული ნარკოზი. მაგალითად ჰისტეროსკოპია, რაც საშოს გავლით საშვილოსნოს ღრუში ოპტიკური საშუალებებით შესვლას გულისხმობს, ამ დროს აბსოლუტურად საკმარისია ვენური გაუტკივარება.


-როგორც ჩემთვის ცნობილია, არსებობს ენდოსკოპის რამდენიმე განსხვავებული ტიპი. პრაქტიკაში რომელს იყენებენ ყველაზე ხშირად და რის საფუძველზე არჩევენ კონკრეტული ოპერაციისათვის საჭირო ენდოსკოპის ტიპს?


ენდოსკოპებს შორის ძირითადი განსხვავება არის ოპტიკის დიამეტრსა და კუთხეში. მაგალითისათვის გეტყვით, რომ გინეკოლოგიაში ძირითადად გამოიყენება 0 გრადუსიანი კუთხის მქონე ოპტიკა, ხოლო ზოგად ქირურგიაში—30 გრადუსიანი.


-რა უპირატესობა გააჩნია ენდოსკოპიურ მიდგომებს სხვა ტრადიციულ მეთოდებთან შედარებით?


ენდოსკოპიური ოპერაციების დროს გამოყენებული მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიები, საშუალებას იძლევა ძალიან მოკლე ვადებში გავწეროთ პაციენტი ბინაზე, რადგან საგრძნობლად შემცირებულია პოსტოპერაციული რეაბილიტაციისათვის საჭირო დრო. ასე მაგალითად, რიგ შემთხვევებში ჩვენ შეგვიძლია პაციენტი გავწეროთ ოპერაციიდან მეორე დღეს, რაც წლების წინ წარმოუდგენელი იყო.


გარდა ამისა, ენდოსკოპიური ქირურგია შეუცვლელია რეპროდუქციული ასაკის ქალბატონებში, ვინაიდან არ იწვევს შეხორცებითი პროცესის განვითარებას მუცლის ღრუში და არ აყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ მათ ფერტილობას (შვილოსნობას). არანაკლებ მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ოპერაციის შემდგომ რჩება მინიმალური კოსმეტიკური დეფექტი.


ასევე მინდა აღვნიშნო, რომ მსოფლიო მედიცინა საკმაოდ სწრაფად ვითარდება ამ მიმართულებით და უკვე ბოლო 10 წელია საკმაოდ აქტიურად იყენებენ რობოტულ ტექნიკას ენდოსკოპიური ოპერაციების წარმოებაში. ეს კი საშუალებას აძლევს ქირურგს დისტანციურად ჩაატაროს სხვადასხვა სირთულის ოპერაცია. ამასთანავე, გამოირიცხება ქირურგის მხრიდან ოპერაციის დროს დაშვებული ტექნიკური შეცდომები და დაღლილობის ფაქტორის უარყოფითი ზეგავლენა.


-ოგორია ენდოსკოპიური ჩარევის შედეგად განვითარებული გართულებების სიხშირე?


ენდოსკოპიური და ტრადიციული მიდგომებით შესრულებულ ნებისმიერ ჩარევას ახასიათებს გართულებების განვითარების მსგავსი სიხშირე. ზოგადად, ლაპარასკოპიულად შესრულებული ოპერაცია ტექნიკურად უფრო რთულად ითვლება, ვიდრე მუცელკვეთით ჩატარებული ჩარევა. სწორედ ამიტომ, ენდოსკოპიური ქირურგიული ოპერაციები უნდა ჩატარდეს მაღალკვალიფიციური პროფესიონალების მიერ. თუმცა, აუცილებელია აღვნიშნოთ რომ რამდენადაც რთულია ქირურგისათვის ოპერაცია შესასრულებლად, იმდენად მსუბუქი და მარტივია პაციენტისთვის რეაბილიტაციის პერიოდი.


-პაციენტებს ხშირად აინტერესებთ ჭირდება თუ არა რაიმე განსაკუთრებული წინასწარი მომზადება ენდოსკოპიურ ოპერაციას?


ენდოსკოპიური მეთოდით ჩატარებული ოპერაციებისათვის პაციენტების მომზადება ტარდება სტანდარტულად, ისევე როგორც ნებისმიერი ჩარევის დროს.


-დღესდღეობით რა მიიჩნევა ენდოსკოპიური ქირურგიის ყველაზე თანამედროვე და მნიშვნელოვან მიღწევად?


რობოტული ტექნიკის გამოყენებით ქირურგიული ოპერაციების წარმოება დღესდღეობით ითვლება ყველაზე მნიშვნელოვან მიღწევად თანამედროვე ქირურგიაში. აქვე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და აღვნიშნო, რომ მე და ჩემმა მეგობრებმა დავისახეთ მიზნად, უახლოეს მომავალში საქართველოში შემოვიტანოთ და დავნერგოთ ეს მიმართულება.


-პრაქტიკაში რამდენად ხშირია კონვერსია-ენდოსკოპიური პროცედურის გადასვლა ე.წ. ღია ოპერაციაში?


თავდაპირველად, როცა ჩვენ ვნერგავდით და ვავითარებდით ამ მეთოდს, რასაკვირველია, გაცილებით უფრო ხშირი იყო კონვერსია, ანუ გადასვლა ტრადიციულ ქირურგიულ მეთოდზე-მუცელკვეთაზე. დღევანდელ რეალობაში კი ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად სწორადაა მომზადებული პაციენტი წინასაოპერაციოდ. უფრო კონკრეტულად, თუ რამდენად სწორადაა დასმული დიაგნოზი და დაგეგმილი ოპერაციული ჩარევის მასშტაბი. და, რა თქმა უნდა, ამ ყველაფერში ლომის წვლილი აქვს ქირურგის კომპეტენციას.


-თქვენი მრავალწლიანი პრაქტიკიდან ხომ ვერ გაიხსენებდით შემთხვევას, როცა ენდოსკოპიური მიდგომების გამოყენებით საშუალება მოგეცათ განგეხორციელებინათ ოპერაცია, რომელიც სხვა გზით შეუძლებელი იქნებოდა?


ვიხსენებ 22 წლის გოგონას შემთხვევას ვერლჰოფის დაავადებით (იდიოპათიური თრომბოციტოპენიური პურპურა). ამ დაავადების პირობებში, სისხლდენის მაღალი რისკის გამო, ნებისმიერი ოპერაციის ჩატარება არის სიცოცხლესთან შეუთავსებელი, როგორც ლაპაროსკოპიით, ასევე—მუცელკვეთით.


ჯანდაცვის სამინისტრო ამზადებდა პაციენტს ამერიკაში გასაგზავნად, რათა დაავადების მკურნალობა ჩატარებულიყო ძვლის ტვინის გადანერგვის გზით. სამწუხაროდ, პაციენტს განუვითარდა მწვავე მუცელი, საკვერცხის კისტის ფეხზე შემოგრეხა, რაც აუცილებელს ხდიდა სასწრაფო ქირურგიული ოპერაციის გაკეთებას. ჩვენი მხრიდან ჯანდაცვის სისტემის წარმომადგენლებს განვუმარტეთ თუ რა რისკებთან იქნებოდა დაკავშირებული ოპერაციული ჩარევა. მათ გვითხრეს, რომ ვერ იქნებოდნენ ჩარევის წინააღმდეგი, თუმცა, საკუთარ თავზე უნდა აგვეღო მოსალოდნელი რისკები. ამ კრიტიკულ სიტუაციაში, სწორედ ლაპაროსკოპიამ მოგვცა შესაძლებლობა, რომ სპეციალური მაღალტექნოლოგიური სამედიცინო ინსტრუმენტებით, ელექტროენერგიის გამოყენებით, სისხლდენა შეგვეჩერებინა. ოპერაცია, საბედნიეროდ, წარმატებით დასრულდა.


-როგორც ჩემთვის ცნობილია, 2017 წელს თქვენ დააფუძნეთ საქართველოს გაერთიანებულ ენდოსკოპისტთა ასოციაცია, ხოლო 2018 წელს ენდოსკოპიური ქირურგიის სასწავლო ცენტრი. თუ შეგიძლიათ მითხრათ რა იყო მთავარი მოტივატორი, რამაც გიბიძგათ გაგეწიათ ესოდენ დიდი შრომა საქართველოში ენდოსკოპიური ქირურგიის განვითარებისათვის?


ჩვენი მუშაობის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა აქტიურად ვიყოთ ჩართულნი უწყვეტი სამედიცინო განათლების პროცესში, რათა ხელი შევუწყოთ და განვავითაროთ ენდოსკოპიური ქირურგიის დარგი ჩვენს ქვეყანაში.


მიუხედავად იმისა, რომ ენდოსკოპიურმა ქირურგიამ საკმაოდ მოიკიდა ფეხი საქართველოში, სამწუხაროდ, აღინიშნება მაღალკვალიფიციური სპეციალისტების დეფიციტი ამ სფეროში. აქედან გამომდინარე, გადავწყვიტეთ დაგვეფუძნებინა საქართველოს გაერთიანებული ენდოსკოპისტთა ასოციაცია. ჩვენი ასოციაციის წევრების ძალისხმევით ენდოსკოპიურ ქირურგიაში შეიქმნა ინოვაციური და უპრეცედენტო პროგრამა, რომელიც ხელს შეუწყობს მომავალი თაობის აღზრდასა და კვალიფიცირებული კადრების მომზადებას. პროგრამა მნიშვნელოვანია იმით, რომ მოიცავს თეორიულ, დიდაქტიკურ ლექცია–სემინარებს, ლაივ ოპერაციებსა და პრაქტიკულ მეცადინეობას, რაც უზრუნველყოფს პერსონალისათვის მაღალი ხარისხის პროფესიული ცოდნის მიწოდებას.


პროგრამა განკუთვნილია, როგორც რეზიდენტების, ასევე პოსტდიპლომური უწყვეტი სამედიცინო განათლების ექიმებისათვის. კერძოდ, მეან-გინეკოლოგების, რეპროდუქტოლოგების, ონკოგინეკოლოგებისა და ზოგადი ქირურგებისათვის.


-ბატონო რამაზ, ვინაიდან ჩვენი ინტერვიუ დასასრულს უახლოვდება, მაინტერესებს შეჯამების სახით რას გვეტყვით ენდოსკოპიური ქირურგიის როლზე მედიცინაში, აწმყოსა და მომავალში?


როგორც უკვე აღვნიშნე, ენდოსკოპია არის რევოლუციური ცვლილება ქირურგიაში და ეს დარგი ელვისებური სისწრაფით ვითარდება. რადგან ეს ბოლო შეკითხვაა, მინდა აქცენტი ჩვენს ქვეყანაზე გავაკეთო და სიამაყით განვაცხადო, რომ საქართველო არ ჩამოუვარდება არცერთ ევროპის ქვეყანას, სადაც ოპერაციული ჩარევები ტარდება მაღალი ხარისხის სამედიცინო ტექნოლოგიების გამოყენებით, მსოფლიოში მიღებული თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად. ჩვენს ქვეყანაში ეს დარგი კიდევ უფრო სწრაფი ტემპით განვითარდება მომავალში, თუ, რასაკვირველია, იქნება ადეკვატური მხარდაჭერა დღევანდელი ჯანდაცვის სისტემის მხრიდან. ამ მხარდაჭერის გარეშე, არა თუ საქართველოში, არამედ, მსოფლიოს ვერცერთ ქვეყანაში ვერ განვითარდება მაღალტექნოლოგიებზე დამყარებული მედიცინა.



სტატიის ავტორი: ზურაბ ტაბეშაძე

0
28
შეფასება არ არის
ავტორი:სფინქსი
სფინქსი
28
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0