x
მეტი
  • 29.01.2023
  • სტატია:125252
  • ვიდეო:355865
  • სურათი:498094
7 უმთავრესი მიზეზი, რის გამოც ქართველები ემიგრაციაში მიდიან
მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ხელისუფლების წარმომადგენელთა მტკიცებით ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვაქვს, ბოლო დროს სულ უფრო მეტი ადამიანი მიდის საზღვარგარეთ საცხოვრებლად. ქვეყანა იცლება მოსახლეობისგან. განსაკუთრებით მტკივნეული ახალგაზრდების ქვეყნიდან გადინებაა. რა აიძულებს ჩვენი თანამოქალაქეების ნაწილს, დატოვონ ქვეყანა და ბედი უცხოეთში ეძიონ? ამას მხოლოდ ერთი მიზეზი არ განაპირობებს. პრობლემა მრავალგვარი და მრავალწახნაგოვანია. ქვემოთ შევეცდებით, მათგან არსებითი გამოვყოთ და მასზე ვისაუბროთ. წარმოგიდგენთ იმ 7 ძირითად მიზეზს, რის გამოც ქართველებს საკუთარ ქვეყანაში ცხოვრება აღარ სურთ.


1. ეკონომიკური სიდუხჭირე


მიუხედავად ბოლო 27 წლის მანძილზე ყველა ხელისუფლების პირობებში მიღწეული შთამბეჭდავი ეკონომიკური წარმატებებისა, საქართველო მდიდარ ქვეყნად ჯერ კიდევ ვერ იქცა. ქვეყნის განვითარებას უდიდესი დარტყმა მიაყენა 1992 წლის სამოქალაქო ომმა და მისგან გამოწვეულმა არნახულმა ნგრევამ. ქვეყანა, რომელიც საბჭოთა კავშირს გამოეყო, იმთავითვე უმწვავესი ეთნიკური, პოლიტიკური, ნაციონალური და რელიგიური ხასიათის პრობლემების წინაშე აღმოჩნდა, რაც შიდაომით დასრულდა. ამ ომის შედეგებს ჩვენ დღემდე ვიმკით. ამიტომ ქართული ეკონომიკა ყველა მოქალაქისთვის სამყოფ დოვლათს ჯერ კიდევ ვერ ქმნის.


2. ეკონომიკური ნეოლიბერალიზმი



საქართველოში არსებული პარტიების აბსოლუტური უმრავლესობა ნეოლიბერალურ ეკონომიკურ კურსს უჭერს მხარს. ნეოლიბერალიზმი კარგია, რადგან მას ეკონომიკის სწრაფი განვითარების უზრუნველყოფა შეუძლია, მაგრამ მეორეს მხრივ ნეოლიბერალური ეკონომიკური თეორიების ბრმა მიმდევრობა დოვლათის ძალიან არათანაბარ გადანაწილებას უწყობს ხელს. ამის შედეგად საქართველო რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე უთანასწორო ქვეყანაა. ჩვენ იმ მცირე დოვლათსაც ვერ ვანაწილებთ სამართლიანად, რასაც ჩვენი ეკონომიკა ქმნის.


3. ცხოვრების ულტრაკონსერვატიული წესი


საქართველოში ცხოვრების ულტრაკონსერვატიული წესია გაბატონებული. სექსი თითქმის არ არსებობს. ამას 2017 წელს ფრიდრიხ ებერტის ფონდის მიერ ჩატარებული კვლევაც მოწმობს. როცა აქტიური და ჯანმრთელი ახალგაზრდა ხარ, აქ ცხოვრება ძალიან ჭირს. ამიტომ ბევრი ჩვენი თანამოქალაქე ადრეულ ასაკშივე თავქუდმოგლეჯილი გარბის საზღვარგარეთ, ბევრად უფრო თავისუფალ და ლიბერალურ ქვეყნებში.


4. ზიზღი, გაუტანლობა და აგრესია


ქართული საზოგადოების ნაწილისთვის ზიზღი, სიძულვილი და გაუტანლობა ხასიათის ორგანული თვისებებია. აქ ხშირად რეალურად არავინ არ გიდგას მხარში. ხშირად ყველა პრობლემა დამოუკიდებლად უნდა მოაგვარო. ჰომოფობია, რასიზმი და კუთხური უპირატესობების განცდა ძალიან ძლიერია. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ყველა შენს მოტყუებას, დაჩაგვრას და “გადაგდებას” ცდილობს. სოციალური ქსელები მუდმივად ვიღაცის ლანძღვით, გინებით და საოცარი აგრესიით არის სავსე. მსგავსი ცხოვრება ძალიან დამღლელია. მითუმეტეს, როცა იცი, თუ როგორ ზრუნავს ნებისმიერი ევროპული საზოგადოება მის თითოეულ წევრზე.


5. დაუცველობის განცდა


საქართველო ჯერ კიდევ ვერ გახდა ევროკავშირის და ნატოს წევრი სახელმწიფო, რაც დაუცველობის და არასტაბილურობის განცდას ბადებს. ადამიანები ხშირად ფიქრობენ, რომ შეიძლება მთელი ცხოვრება იმუშაონ მატერიალური დოვლათის შესაქმნელად, ხოლო შემდეგ ერთ დღეს მთელი ეს დოვლათი რუსეთის თავდასხმის შედეგად დაკარგონ. ჩვენ მუდმივად შიშის მდგომარეობაში გვიწევს ცხოვრება.


6. პოლიტიკური სისტემის არასტაბილურობა


საქართველოს პოლიტიკური სისტემა უკიდურესად მყოფეა: ქვეყანას კულისებიდან მართავს ოლიგარქი, რომელიც ოპონენტებზე შურისძიებით და საკუთარი ნათესავების ინტერესების ლობირებით არის დაკავებული; სასამართლო დამოუკიდებელი არ არის; 2012 წლიდან დღემდე, მთელი 10 წლის მანძილზე არ გამოვლენილა რუსეთის არცერთი აგენტი, რომელიც სახელმწიფო სტრუქტურებში ქართული ინტერესების საზიანოდ მუშაობს.


7. გაუცხოება დასავლეთთან


საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები და მათთან დაახლოებული ჯგუფები ცდილობენ საქართველოში ევროკავშირის და ნატოს მიმართ უნდობლობის გაღვივებას. ამას ერთადერთი მიზანი აქვს: ძალაუფლების შენარჩუნება. ხელისუფლების წარმომადგენლებს ეშინიათ ძალაუფლების დაკარგვის, რადგან ფიქრობენ, რომ ეს მათთვის ციხით დასრულდება. ამიტომ დაჟინებით ცდილობენ იმ ცრუ აზრის დამკვიდრებას, რომ დასავლეთი ლახავს საქართველოს სუვერენიტეტს და ჩაგრავს ჩვენს ქვეყანას. რეალურად კი საქმე სრულიად სხვაგვარად არის და ჩვენს ქვეყანას ჩვენივე ხელისუფლება ჩაგრავს და არა დასავლეთი.


გონიერმა ადამიანებმა იციან, რომ თუ დასავლეთთან კონფრონტაცია გაღრმავდა, საქართველოს არანაირი შანსი აღარ დარჩება და რუსეთის ლუკმად გადაიქცევა. ამასთან ბევრ ჩვენს თანამოქალაქეს რატომღაც მიაჩნია, რომ საქართველოს პროგრესულ ნაწილს შანსი არ აქვს, რომ მომძლავრებულ ანტიდასავლურ ტალღას გაუმკლავდეს. ამიტომ ემიგრაციაში გახიზვნით ისინი საკუთარი თავების გადარჩენას ცდილობენ.


მიუხედავად ძალიან მძიმე ვითარებისა, ემიგრაციაში წასვლა გამოსავალი არ არის. თუ მიგაჩნია, რომ პროგრესული შეხედულებები გაქვს, მაშინ მითუმეტეს უნდა დარჩე შენს ქვეყანაში, რადგან საბოლოოდ რეგრესი აუცილებლად მარცხდება და პროგრესი იმარჯვებს. კაცობრიობის ისტორია ამის დასტურია. იქნებ, მეტისმეტად პესიმისტურად უყურებ ცხოვრებას, შენი ერის და შენი ქვეყნის მომავლის არაფერი რომ არ გწამს?


ემიგრანტი

0
240
1-ს არ მოსწონს
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
240
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0