x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
მიუღებლობა და შიში: რატომ არის მარტოობა ქართველი ახალგაზრდების ხშირი არჩევანი?
საქართველო უაღრესად კონსერვატიული ქვეყანაა. 2017 წელს, ფრიდრიხ ებერტის ფონდის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად 29 წლის ასაკამდე მიღწეული ქართველი ქალების 53 %-ს სქესობრივი გამოცდილება სრულებით არ გააჩნია, ხოლო დარჩენილი 47 %-ის 99 %-ს ეს გამოცდილება დაგროვილი აქვს მხოლოდ ერთ პარტნიორთან. სომხეთის გამოკლებით მსგავსი შედეგები არ გააჩნია არცერთ ქრისტიანულ და დასავლურ ქვეყანას მთელ პლანეტაზე და თანაც ეს ყოველივე ხდება იმ ფონზე, როცა საქართველოში უამრავი ფემინისტური და ლგბტქი ორგანიზაცია მოქმედებს და მიღებულია უამრავი კანონი ქალთა დასაცავად ოჯახის წევრების მხრიდან განხორციელებული ძალადობისგან.


ქართველი ქალების დიდ ნაწილს მამაკაცების მიმართ დაუფარავი მიუღებლობა გააჩნია. ამ მიუღებლობას ქვეცნობიერ დონეზე შიშის მექანიზმი კვებავს. პრობლემა იმაშია, რომ ქართველი ქალების მნიშვნელოვანი ნაწილისთვის სქესობრივი აქტი დაკავშირებულია უზარმაზარ მოსალოდნელ დისკომფორტთან. საქართველოში შესაძლოა, მეზობლებმა და ნაცნობებმა იჭორაონ შენზე, ახლობლებმა დახმარება შეგიწყვიტონ და საზოგადოებამ პატივისცემა დაკარგოს შენს მიმართ, თუ ქალი ხარ და ქორწინების გარეშე გაქვს სქესობრივი ურთიერთობა ან გაქვს სქესობრივი ურთიერთობა ერთზე მეტ პარტნიორთან. ამიტომ ქართველი ქალები ხშირად ცდილობენ თავიდან ამოიგდონ იმ მამაკაცების სახეები, ვინც მათ მოსწონთ და ვისთან ყოფნაც ძალიან სურთ. საამისოდ ქართველი ქალები მამაკაცებს ხშირად ათასნაირ დამამცირებელ და უხერხულ პოზასა და სიტუაციაში წარმოიდგენენ ხოლმე, რათა მათთან სქესობრივ ურთიერთობაზე “საკუთარი ნებით” უარი თქვან და სანაცვლოდ უსერიოზულესი პრობლემების თაიგული არ მიიღონ შედეგად, რადგან ბევრად უფრო იოლია სექსზე უარის თქმა სასურველი ადამიანის მიმართ ხელოვნური ანტიპათიის გაჩენის გზით, ვიდრე სქესობრივი აქტის შედეგად წარმოშობილ უმწვავეს პრობლემებთან გამკლავება უაღრესად ჩაკეტილ და ტრადიციულ საზოგადოებაში.


ლიზი კ., 23 წლის: “მე ძალიან მომწონდა ჩემი მეზობელი, თორნიკე ვ. გამუდმებით მასზე ვფიქრობდი. მასთან სექსი ძალიან მსურდა, მაგრამ კარგად ვიცოდი, ამას რაც მოჰყვებოდა. მამა სახლიდან გამაგდებდა, დედა კი, რომელიც იტალიაში მუშაობს, დახმარებას შემიწყვეტდა. ამიტომ დავიწყე ფიქრი იმაზე, თუ როგორი იქნებოდა თორნიკე იაფფასიან და მოჩაჩულ მაისურში, ტახტზე მწოლიარე ტელევიზორის წინ ან ღამით, ხვრინვის დროს. წარმოვიდგინე, თუ როგორი იდიოტური გამომეტყველება ექნებოდა მძინარეს, ბალიშზე თავმიდებულს და თმაგაჩეჩილს და საბედნიეროდ ყოველგვარი სურვილი გამიქრა, მასთან რაიმე სახის ურთიერთობა დამემყარებინა.”


ლიზიმ გულიდან ამოიღო თორნიკე და სოციალურ სივრცეში მის “ჰეითერად” იქცა. ის ხშირად საჯაროდ დასცინოდა და აბუჩად იგდებდა თორნიკეს. საბოლოოდ ამან ყოველდღიური ხასიათი მიიღო. ახალგაზრდა ქალს ერთის მხრივ, იზიდავდა მამაკაცი, მეორეს მხრივ კი შიში და ზიზღი ჰქონდა მის მიმართ, რამაც მის პიროვნებაში სერიოზული კონფლიქტი გააჩინა. საბოლოო ჯამში ლიზი მძიმე დეპრესიის დიაგნოზით ფსიქოთერაპევტთან მოხვდა. მოგვიანებით მას კვირების მანძილზე ფსიქოტროპული მედიკამენტებით მკურნალობდნენ.



ლიზის მაგალითი ძალიან ტიპურია. საქართველოში მცხოვრები ასეულ ათასობით ახალგაზრდა ქალი ანალოგიურ მეთოდს მიმართავს სასურველი მამაკაცის მიმართ მიუღებლობის გასავითარებლად. მსგავსი მიუღებლობა არც მამაკაცებისთვის არის ბოლომდე უცხო. ძალიან ხშირად მამაკაცებსაც ეშინიათ თავისუფალი ურთიერთობების და ქალებთან კონტაქტს გაურბიან, რათა ვინმემ მათ “მექალთანის” იარლიყი არ მიაკრას, რეპუტაცია არ შეელახოთ და მათ ცხოვრებაში უცხო ადამიანი არ შეიჭრას. ქალებთან დაგროვილი მთელი მათი “გამოცდილება” სექსმუშაკებთან წუთიერი კავშირით შემოიფარგლება.


ეს ყოველივე განაპირობებს იმ ყოვლისმომცველ ურთიერთსიძულვილს, რაც ქართული საზოგადოების წევრებს ერთმანეთის მიმართ გენდერული და სექსუალური იდენტობის ნიშნით გვაქვს. საუბედუროდ ქართული საზოგადოება დეზორიენტირებული და გათიშული საზოგადოებაა, სადაც მისი თითოეული წევრი იმყოფება მუდმივი ომის მდგომარეობაში საზოგადოების სხვა დანარჩენ წევრებთან. მსგავსი საზოგადოება კი ეფექტურად ვერ გაუწევს წინაააღმდეგობას შიდა და გარე მტრებს, რომლების ნაკლებობასაც ჩვენი ქვეყანა არასოდეს უჩიოდა.


მარტო

2
152
1-ს არ მოსწონს
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
152
  
2022, 3 დეკემბერი, 22:42
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2022, 26 ნოემბერი, 23:13
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2