სხვა სახალისო ამბავი, რომელიც ცნობილ ქართველ ფსიქიატრს პაციენტებთან ურთიერთობისას გადახდა 2022, 24 ნოემბერი, 16:37 ავლიპი შემოვლაზეა პალატებში. ერთ პალატაში პაციენტს ჩამოუჯდა საწოლთან და ალერსიანად ეკითხება:
– აბა, ჯემალიკო, როგორა ხარ, თავს როგორა გრძნობ? – რა ვიცი, აბა... ძალიან მაგარ გასაჭირში ვარ, ექიმო. – რათა, რა მოხდა? – გადამრევენ ეს ქალები (ეტყობა, ამ „პროფილით“ მოხვდა სტაციონარში) – რაო, რა უნდათ? – მეც კაცი ვარ, ადამიანი... განა ამდენი შემიძლია? – რა შეგიძლია და რა არ შეგიძლია, შეიძლება, მიამბე? – კი, ბატონო, ოღონდ, არ გამთქვათ... - ერთ ღამეს სოფი ლორენთან ვწევარ, მეორე ღამეს – ლიზა ტეილორთან, მესამე ღამეს – ჯინა ლოლობრიჯიდასთან... აგე, წუხელ ბრიჯიტ ბარდოსთან ვიწექი, ამაღამ მირეი მატიესთან უნდა დავწვე, მიცდის... ხვალ საღამოს კიდევ, ანი ჟირარდო და მილენ დე მონჟო ერთად მელოდებიან... შემიძლია მე ამდენი?! ავლიპმა ცოტა ხანში „გამოსავალი იპოვა“. – კარგი... შენა ამაღამ მიდი იმ შენს მირეი მატიესთანა, ხვალ საღამოსა ანი ჟირარდოსთან და მილენ დე მონჟოსთან მე მივალ... შეგენაცვლები, გაიგე შენა? – აგაშენა ღმერთმა, – გაიხარა პაციენტმა. – შენ როგორ ხარ? – ახლა მეორეს ეკითხება, ჟორჟიკას. – ცუდად, ექიმო... მატარებლის მემანქანე ვარ და სამ-სამი სმენა გადაბმულად ვმუშაობ. ამაღამაც მატარებელი უნდა ჩავიყვანო ქუთაისში, ხვალ საღამოს ისევ უნდა წამოვიყვანო. გავსავათდი კაცი, აღარ შემიძლია, ბატონო, აღარც ეგეთი ხელფასი მინდა, რა!.. აბა, ანალოგს რაღა მოფიქრება უნდოდა? – მოკლედ, შენ ჩაიყვანე ამაღამ მატარებელი ქუთაისში და ხვალ საღამოს იქიდან მე წამოვიყვან. – მართლა? – ამოისუნთქა ჟორჟიკამ. – ჰო, მართლა, მართლა... თუმცა, მოიცა, ხვალ საღამოს არ მცალია, ორი ფრანგი ქალი მიცდის და, ხომ არ მოვატყუებ? იჰ! – გამოერკვა მაშინვე, – ნეტა მეც არ გამაგიჟებდეთ თქვენა და... – წამოხტა და გავარდა პალატიდან. ავლიპი დავითის ძე ზურაბაშვილი ( — ქართველი ფსიქიატრი და ნეირომორფოლოგი. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1937), პროფესორი (1942), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1955), სსრკ მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1960). საქართველოში თავის ტვინის კვლევის ევოლუციური მიმართულების ერთ-ერთი ფუძემდებელი. მისმა ფუნდამენტურმა გამოკვლევებმა, თავის ტვინის ნატიფი აღნაგობის, ნერვულ უჯრედთა აღდგენადი დაზიანების, პათოფსიქოლოგიის, პერსონოლოგიისა და პათოპერსონოლოგიის შესახებ საერთაშორისო აღიარება მიიღო. ფოტო წყარო: "საქართველოს ეროვნული არქივი" 856 შეფასება არ არის
|