x
image
თეონა გორდეზიანი
მოგონება ბატონ ოთარ სეფიაშვილზე...


ბატონი ოთარი გადაცემა “ილუზიონი”-ის წამყვანობით ქალაქში პოპულარული და ცნობადი სახე იყო. ამ პერიოდში მას რომანი გაუბამს ერთ ჩვენს მეზობელ ქალბატონთან და ცდილობდა, ეს ამბავი რაც შეიძლება არ გახმაურებულიყო. საყვარელთან სტუმრობისას მანქანას სხვა ქუჩაზე ტოვებდა, რაც შეიძლება გვიან და მაქსიმალურად შენიღბული შემოდიოდა ეზოში, რომელიც იტალიური იყო.


ერთ დღესაც ბიჭები ფეხბურთს გვიანობამდე ვთამაშობდით და ამ დროს ეზოში ვიღაც კაცი შემოვიდა, ჩვენ ვერ ვიცანით (კარგი მასკიროვკა ჰქონდა), მაგრამ კიბეზე ჩამომავალმა რეზომ გახარებულმა გადმოგვძახა: ბიჭებოოო! ილუზიონი მოვიდაააა! მისი დაძახილი და ჩვენი აღტაცებული ჟივილ-ხივილი ერთი იყო: ვააა, ილუზიონიიი!!!… ყვირილზე ფანჯრები გაიღო – პირველად ცნობისმოყვარე ქალებმა გამოჰყვეს თავი, მერე მათმა ქმრებმა და ბოლოს მთელი სახლი გამოეფინა.


ბატონი ოთარი სათაგურში გაბმული თაგვივით იდგა შუა ეზოში, ხალხით გარშემორტყმული, ჩვენს ათასგვარ კითხვებს (“როკო და მისი ძმები” როდის გაუშვებ?! “ლედი კარატე” გლიჯე რა?!) დაბნეული, ჩურჩხელის ქურდობაზე წაჭერილი ბავშვივით პასუხობდა და ერთი სული ჰქონდა ჩვენგან თავი დაეძვრინა…


ბოლოს ამოილუღლუღა: ეზო შემეშალაო… ჩვენ შევთავაზეთ დახმარება, სად მიდიხართ გაპოვნინებ-თქო?!… მე… მე თვითონ მივაგნებო! – გვითხრა. გულში ალბათ ფიქრობდა: – რას გადამეკიდეთო…



მას შემდეგ ილუზიონი ჩვენს ეზოს აღარ სტუმრებია.


პ.ს. ოთარ სეფიაშვილი ხანდაზმული (90წლისა) გარდაიცვალა ამერიკაში.

image
0
65
შეფასება არ არის
ავტორი:თეონა გორდეზიანი
თეონა გორდეზიანი
65
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0