x
ფიზიკური ვარჯიშის გავლენა მენტალურ ჯანმრთელობაზე
image

„სკოლაში ძალიან ხშირი დაცინვა და შეურაცხყოფა, ამას დამატებული სოციალური ქსელების მიერ შექმნილი წარმოუდგენელი ცხოვრებისა და გარეგნობის სტანდარტები, დაბალი თვითშეფასება“. ასე აღწერს 19 წლის ბთუ–ს სტუდენტი ლუკა მიღრინაჯაშვილი თავის ცხოვრებას, სანამ ვარჯიშს დაიწყებდა.


მთავარ მოტივაციად, მიუხედავად მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობისა, მაინც გახდა სოციალური ქსელები, იმ მხრივ, რომ იმ არარეალური სტანდარტებისადმი სწრაფვა დაიწყო ლუკამ. „თავიდან ჩემს ოთახში მსუბუქად დავიწყვე ვარჯიში, მაგრამ, რაც გაიხსნა დარბაზები, იმის შემდეგ არ შემიწყვიტავს ჩემს თავზე მუშაობა“, ამბობს იგი.


51 წლის ფიტნეს ინსტრუქტორი, ხვიჩა პენაშვილი ვარჯიშის გავლენაზე საუბრობს, რომ: „ადამიანებს ცხოვრებაში შეიძლება უამრავი პრობლემა და საფიქრალი ჰქონდეთ, მაგრამ, როდესაც აქ მოდიან, მათ ავიწყდებათ ყველაფერი, თავიანთ უარყოფით ენერგიას ხარჯავენ და თავისუფლები მიდიან.“



49 წლის ფსიქიატრი, ფსიქოთერაპევტი ეკა კაპანაძე თავისი გამოცდილებიდან მსჯელობს, რომ იგი ყოველთვის ურჩევს ხოლმე კლიენტებს, რომლებსაც დღის განმავლობაში ძირითადად მჯდომარე მდგომარეობაში უწევთ ყოფნა, რომ გარეთ გავიდნენ და ფიზიკური აქტივობით დაკავდნენ, იქნება ეს ტრენაჟორებზე ვარჯიში, ცურვა თუ უბრალოდ პარკში სეირნობა. ეს მნიშვნელოვნად მიაჩნია მას, რადგან ვარჯიშის დროს ორგანიზმში გამოიყოფა ენდორფინი, ჰორმონი, რომელიც ამცირებს სტრესს და ტკივილს.


იმავეს ამბობს ლუკა მიღრიჯანაშვილიც: „ვარჯიში მე მაბედნიერებს. ვერ წარმომიდგენია ჩემი თავი კვირაში 3–4 ჯერ მაინც, რომ არ მივიდე დარბაზში, რადგან იქიდან ისეთი თავისუფალი გამოვდივარ თითქოს მხრებიდან ტვირთი მოვიშორე“.


ვარჯიში ასევე სერიოზულად მოქმედებს საზოგადოებაში კომუნიკაციასა და პირად ურთიერთობების ჩამოყალიბებაზე. ფსიქიატრი ეკა კაპანაძე ამბობს, რომ, მაგალითად ტრენაჟორების დარბაზში იქმნება ჯანსაღი გარემო, ადამიანთა წრე, რომელიც ერთი იდეის გარშემოა გაერთიანებული და ფიზიკური აქტივობა მათთვის კომუნიკაციის საშუალებაა. ამ საკითხზე ფიტნეს ინსტრუქტორი, ხვიჩა პენაშვილიც გვიყვება: „ჩვენს დარბაზში ძალიან კარგი და მეგობრული გარემოა შექმნილი, სადაც ყველა ერთმანეთს ეხმარება და თუ საჭიროა რჩევებს აძლევს. ყოფილა შემთხვევები, რომ დარბაზში ბევრმა კარგი მეგობრები გაიჩინა და ზოგი დაოჯახდა კიდეც.“


ლუკას ვარჯიში, რაც შეეხება საზოგადოებაში კომუნიკაციას, სხვა მხრივ დაეხმარა. კერძოდ, შემცირდა, ფაქტობრივად შეწყდა დაცინვა და შეურაცხყოფა თანატოლებისაგან, რაც ხშირი იყო მისთვის.ასეთ დიდ ცვლილებას იგი შემდეგნაირად ხსნის: „როდესაც კარგ ფიზიკურ ფორმაში მყოფი ადამიანი შედის ოთახში მის სხეულზე ხალხი კითხულობს დაუღალავ შრომასა და თავდადებას, რისი დახმარებითაც მან მიაღწია ამ შედეგს. ამით კი იგი საზოგადოებისაგან პატივისცემას იღებს“.


„დიდ პრობლემას აწყდება ადამიანი, რაც შეეხება თავდაჯერებულობასა და თვითშეფასებას. ხშირად შემიმჩნევია სირცხვილი ხალხის სახეებზე, რომლებსაც საკუთარი თავის მიღების სერიოზული პრობლემა და კომპლექსები აქვთ. ამიტომაა მნიშვნელოვანი ვარჯიში, რომ დროთა განმავლობაში ეს ყველაფერი ქრება“, ჰყვება ფიტნეს ინსტრუქტორი, ხვიჩა პენაშვილი.


ფსიქიატრი ეკა კაპანაძეც იმავეზე მსჯელობს, რომ ყველასათვის სხვადასხვა დონეზე, მაგრამ მნიშვნელოვანია გარეგნობა: „მითუმეტეს ადამიანი ხშირად საკუთარ თავის მიმართ ძალიან კრიტიკულია.ამიტომ, როდესაც სხეული უკეთეს ფორმაში დგება, მცირდება თვითკრიტიკა და იზრდება თვითშეფასება“. ასევე იგი გამოყოფს გარკვეული პერიოდის ვარჯიშის შემდეგ მიზნის მიღწევის გრძნობას, რაც აგრეთვე ზრდის თვითშეფასებას.


ლუკა ამასთან დავაკშირებით გვიყვება: „სანამ ვარჯიშს დავიწყებდი სერიოზული პრობლემები მქონდა თავდაჯერებულობასთან. მაგალითად, როდესაც გოგო მომეწონებოდა, ვერ გამოვხატავდი ჩემს ემოციებს, რადგან მჯეროდა, რომ ეს ორმხრივი ვერასოდეს ვერ იქნებოდა. სწორედ ამაში დამეხმარა ფიზიკური ვარჯიში, რის შედეგადაც გავიჩინე პირველი სერიოზული ურთიერთობები“.


ლუკა დღესაც რეგულარულად ვარჯიშობს და, როგორც თავად ამბობს, აღარ აპირებს შეწყვეტას. მას აბსოლუტურად შეეცვალა ცხოვრება, სულ რაღაც ერთ წელიწადში. სუსტი, დაბალი თვითშეფასებისა და დეპრესიული ფონის მქონე პიროვნებისაგან ჩამოყალიდა ძლიერ, თავდაჯერებულ ადამიანად. „რომ არა ვარჯიში არ ვიცი სად ვიქნებოდი დღეს ჩემს ცხოვრებაში“.

0
17
1-ს მოსწონს
ავტორი:საბა ჩიტიაშვილი
საბა ჩიტიაშვილი
17
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0