x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
რამზეს II: ლეგენდარული ფარაონი, რომელსაც 100 შვილი ჰყავდა
რამზეს მეორე ძველი ეგვიპტის ფარაონთა შორის ერთ-ერთი უპოპულარულესი ფიგურაა. ათასობით ლეგენდა არსებობს მის მიერ ჩადენილ საგმირო საქმეთა შესახებ. ის ხალხის უზარმაზარი სიყვარულით სარგებლობდა და ისტორიამ მისი 66-წლიანი უწყვეტი მმართველობის შესახებ უამრავი არტეფაქტი შემოგვინახა.


რამზეს მეორე სეთი პირველის ძე იყო და ძველ ეგვიპტეს ჩვენს წელთაღრიცხვამდე 1279-1213 წლებში მართავდა. ის სრულიად შემთხვევით გახდა ტახტის მემკვიდრე, როცა მისი უფროსი ძმა, ნებქასეტნებეთი მოულოდნელად გარდაიცვალა, სანამ სრულწლოვანების ასაკს მიაღწევდა.


რამზესმა ჯერ კიდევ ახალგაზრდობისას გაითქვა სახელი, როგორც ნიჭიერმა მხედართმთავარმა და მამაცმა მეომარმა. გაბედული ფარაონი სასიყვარულო საქმეებშიც დახელოვნებული იყო და სულ მცირე 100 შვილი ჰყავდა (დაახლ. 48-50 ვაჟი და 40-53 ქალიშვილი). ის 15 წლის ასაკში უკვე ოთხი შვილის მამა გახლდათ. მისი პირველი მეუღლე ნეფერტარი იყო, რომელიც ასევე არასრულწლოვანი გაჰყვა რამზესს ცოლად, თუმცა დიდ ფარაონს ყველა შვილი მისგან არ ჰყოლია. ბევრი ძე და ასული მან სხვა პრინცესებთან, დიდებულთა ასულებსა და უბრალო მხევლებთან გააჩინა.


ფარაონს ნეფერტარის გარდა მისი თანამეუღლე ისეტნოფრეტიც ძალიან უყვარდა და მათ შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნავდა. თუმცა, აქვს უნდა აღინიშნოს, რომ ისეტნოფრეტი ნეფერტარის მსგავსი გავლენით მაინც ვერ სარგებლობდა. ამ უკანასკნელის ძალაუფლება და გავლენა უზარმაზარი იყო. ის პირდაპირ ერეოდა არათუ მხოლოდ შიდა, არამედ საგარეო პოლიტიკის საკითხებშიც და ხშირად ომის და ზავის თემებსაც კი წყვეტდა. მისი გამოსახულება აბუ სიმბელის ტაძარზე ზუსტად ფარაონის ზომისაა, რაც ძალიან დიდ იშვიათობას წარმოადგენს და კარგად მიუთითებს ამ ქალის დიდ ძალაუფლებაზე. საინტერესოა, რომ საკუთრივ ეს ტაძარიც ფარაონმა ნეფერტარს მიუძღვნა და მის საპატივსაცემოდ ააშენა. თავად დედოფალი ამას ვერ მოესწრო, რადგან რამზესის ზეობის 26-ე წელიწადს გარდაიცვალა, როცა ტაძარი ჯერ დასრულებული არ გახლდათ. მისმა სიკვდილმა ფარსონის მეორე გავლენიანი ცოლის, ისეტნოფრეტის აღზევება გამოიწვია, რომელთანაც ისევე, როგორც ნეფერტართან რამზესს შვილები ჯერ კიდევ თინეიჯერობის ასაკში ჰყავდა. მეტოქისგან განსხვავებით ისეტნოფრეტი ჩრდილში ამჯობინებდა დარჩენას, მაგრამ ძველი ეგვიპტის მკვლევარები ვარაუდობენ, რომ ის ძალიან განათლებული ქალი იყო, რადგან მან მოახერხა საკუთარი შვილებისთვის უმაღლესი სახელმწიფო თანამდებობების უზრუნველყოფა. მისი გარდაცვალების თარიღი ცნობილი არ არის, მაგრამ ისიც ახალგაზრდა დაიღუპა.



ისეტნოფრეტის და ნეფერტარის გარდა რამზესს კიდევ 6 ცოლი ჰყავდა. ექვსივე დიდებული გვარის და არისტოკრატიული წარმომავლობის.


ასეთი იყო ფარაონი, რომლის პირდაპირ შთამომავალთა საერთო რიცხვი დღეს უდიდესი ალბათობით ათეულ ათასებს აღწევს. არ არის გამორიცხული, რომ ის ჩვენი რომელიმე ახლო ნაცნობის და ახლობლის პირდაპირი წინაპარიც კი ყოფილიყო. ეს განსაკუთრებით რეალისტურად მოგვეჩვენება, იმ ფაქტს თუ გავითვალისწინებთ, რომ 3200-3300 წლის წინ მთელი დედამიწის მოსახლეობა 50 მილიონსაც კი არ აღწევდა. ამიტომ რამზეს II-ის პირდაპირი შთამომავლებით დღეს სავსეა მთელი ახლო აღმოსავლეთი და ევროპის სამხრეთი, ანუ ის რეგიონი, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ.


ბაბუა რამზესი

0
415
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
415
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0