x
მეტი
  • 26.12.2024
  • სტატია:139049
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512602
რა სიტყვები მიუძღვნა მურმან ლებანიძემ გალაკტიონს...

ყვავილების მდინარეს კუბო ცისკენ მიჰქონდა:
იწვა გალაკტიონი და თავისას ფიქრობდა.
აღმართ-აღმართ მდინარე მთაწმინდისკენ დიოდა:
იწვა გალაკტიონი – მოხუცს ბეჭი სტკიოდა.
ალბათ, შუბლიც სტკიოდა – მაინც, მეფურ იერით,
იწვა მკერდბუმბერაზი, ხნიერი და ძლიერი.
რაღაც პათეტიკური მას სიკვდილშიც დაჰკრავდა:
იწვა, როგორც ყოველთვის, ახლაც არვის არ ჰგავდა.
ეს სიკვდილი, ეს დაფნა, ეს მზე ოქროცურვილი –
იყო ეს ყველაფერი მხოლოდ მისი სურვილით.
დირიჟორი თვით იყო! რაც მოხდა და გათავდა
და რაც ახლა ხდებოდა, – მისი ჟინი მართავდა…
ყვავილების მდინარეს რკინის კუბო მიჰქონდა,
იწვა გალაკტიონი, სივრცეებზე ფიქრობდა.
უცბად შავმოვლებული შეჩოჩქოლდნენ დროშები,
უცბად, მამადავითის ბჭესთან შედგნენ მგოსნები:
კონსტანტინე-ბატონთან ლეონიძეს იქ იდგა.
“რა ჰქნა?” – უმისამართოდ ჩიქოვანმა იკითხა.
“რა ჰქნა?” – ახლა ირაკლიმ თქვა და თავი დახარა, –
იმ დღეს ავად მენიშნა ეს ამდენი ჭაღარა…
სდუმდნენ დიდოსტატები, იდგნენ მხრების კანკალით,
დასწყებოდა მთაწმინდას საუკუნის სამკალი.
წინ გვიძღოდა სიკვდილით სივრცეების მხილველი,
მიდიოდა ამაყი და სიკვდილშიც პირველი.
იყო ცხრაას ორმოცდაცხრამეტი წლის ტალახი,
იყო ფრთხილად გაჭრილი წმინდა ძვალთშესალაგი.
ალაგ სამხარ მიწაში იყო მარტის ამინდით
ტალახში აზელილი უძველესი კრამიტი.
რაღაც პეთეტიკური მას სიკვდილშიც დაჰკრავდა,
იწვა, როგორც ყოველთვის, ახლაც არვის არ ჰგავდა.
ერთი-ორი სხვაც ჰყავდა, ვინც მშობლისთვის იბრძოდა,
მაგრამ ვისაც მარხავდა, საქართველომ იცოდა.
მურმან ლებანიძე .
image
0
305
1-ს მოსწონს
ავტორი:თეონა გორდეზიანი
თეონა გორდეზიანი
305
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0