x
image
თეონა გორდეზიანი
რა უნდა იცოდეს სკოლამდელი და სასკოლო ასაკის ბავშვმა აუცილებლად
დღევანდელ რეალობაში, როცა ყველაფერი განვითარდა და საზოგადოებაც უფრო ცივილურია, გასაკვირი მაინც არ იქნება იმის თქმა რომ გარშემო უფრო მეტი საფრთხე არსებობს, განსაკუთრებით ბავშვებთან დაკავშირებით...
image
ათასი მიზეზი შეიძლება გამოიყოს, რამაც შეიძლება მშობლის შფოთვა გამოიწვიოს, როცა ბავშვებს მისი მხედველობის მიღმა უშვებს.
მშობელი რაც არ უნდა ყურადღებიანი იყოს, რაც არ უნდა დროულად ხვდებოდეს სკოლასთან ან სხვა სივრცესთან სადაც ბავშვს ტოვებს, უმჯობესია თუნდაც სკოლამდელი და სასკოლო ასაკის ბავშვმა საკუთარი უსაფრთხოებისთვის, სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დასაცავად იცოდეს:
-მშობლების სახელი და გვარი, ტელეფონის ნომერი ( ერთის მაინც), საკუთარი მისამართი, 112 - ნომერი და მარტივი ინსტრუქცია - როდის დარეკოს, რა თქვას.
-ბავშვმა უნდა იცოდეს, ვინ არის უცხო/უცნობი - უცხო და უცნობია ყველა, ვინც ბავშვს არასდროს უნახავს, ვისთანაც არ ულაპარაკია, ვისი სახელიც არ იცის.
-უცნობმა შეიძლება მიმართოს მას სახელით, იცოდეს მშობლების სახელები, ჰგავდეს ვინმე ნაცნობს - ამ ყველაფრის მიუხედავად, თუ ის არ არის ოჯახის წევრი, ოჯახის მეგობარი და თუ ბავშვი პირველად ხედავს მას, ის არის უცნობი ადამიანი. ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ:
-არ გამოეპასუხოს უცნობს!
-არ გაუბას საუბარი!
-არ გაჰყვეს არსად და არასდროს - მიუხედავად იმისა, რას სთავაზობს უცხო ადამიანი მას.
-ეს შეიძლება იყოს დახმარების თხოვნა (უფროსი არასდროს არ უნდა სთხოვდეს დახმარებას ბავშვს და ეს მან უნდა იცოდეს!), საყვარელი ლეკვების ჩვენება, ტკბილეული....ბავშვმა მტკიცედ უნდა იცოდეს:
-არ გაჰყვეს უცნობს არსად, არც ერთი ნაბიჯი არ გადადგას მისკენ და მასთან ერთად!
-ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ არ არის უზრდელობა, თუ უცნობს არ დაელაპარაკება.
-ასწავლეთ - ნუ გამოელაპარაკები უცნობს! არ აქვს მნიშვნელობა, რას გეუბნება ის. არ გამოელაპარაკო! ეს არ არის უზრდელობა.
-დაისწავლოს და თქვას ხმამაღლა: მე არ ველაპარაკები უცნობებს!
-თუ უცნობი გააგრძელებს მასთან საუბარს, ბავშვმა უნდა იცოდეს, როგორ მოიქცეს - თუ უცნობი თან ესაუბრება და თან ეხება ან ცდილობს, თავისი მიმართულებით წაიყვანოს ბავშვი, მან უნდა იყვიროს, იღრიალოს, იქნიოს ხელები, თითქოს ფრთებია (ასე რთულია ჩაჭიდება და მოხელთება), მან უნდა იყვიროს - დარეკეთ პოლიციაში! მე ამ ადამიანს არ ვიცნობ!
რაც შეიძლება ხმამაღლა ღრიალი!
-ასწავლეთ - სკოლასთან, ბაღთან ან ეზოში თუ მოვიდა ვინმე, ვისაც არ იცნობ, თუ გეკითხება სახელს, გვარს, სად არიან მშობლები ან სვამს ნებისმიერ სხვა კითხვას. თუ გთავაზობს ნებისმიერ რამეს, შენი პასუხია - უცნობებს არ ველაპარაკები!
-თუ უცნობი კვლავ აგრძელებს შენთან საუბარს, ეძებ ნაცნობს - მასწავლებელს, კლასელის მშობელს, მეზობელს და მირბიხარ მასთან.
-თუ ირგვლივ არავინაა ასეთი და უცნობი მაინც არ გშორდება, შედიხარ სკოლაში/ბაღში.
ასწავლეთ: არასდროს არავის არ მიჰყვები მანქანასთან! მანქანაში უჯდები მხოლოდ დედას, მამას, ბებოს, ბაბუს (კონკრეტული ჩამონათვალი, ვისაც შეიძლება ჩაუჯდეს მანქანაში!)
ჩვენს კულტურაში დამკვიდრებული პრაქტიკაა ბავშვისთვის ტკბილეულის შეთავაზება. ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ უცნობისგან არასდროს არ აიღოს შემოთავაზებული ტკბილეული.
არ არის უზრდელობა ამის თქმა: უცნობებისგან არაფერს არ ვიღებ. არ ავიღებ თქვენს შოკოლადს!
ამ წესების დასწავლა სასურველია თამაშებისა და როლური აქტივობების გამოყენებით. არ დაზაფროთ ბავშვები და ზედმეტად ნუ დააშინებთ მათ. ნუ დასტრესავთ საკუთარი შეშფოთებითა და დიდაქტიკური ტონით. მოიფიქრეთ თამაშების სცენარები და გაიარეთ ეს საკითხები თამაშ-თამაშ.
-არასდროს ახსენოთ „გუდიანი კაცები“ და მსგავსი არარეალური პერსონაჟები. გამტაცებლები ცდილობენ ნდობის მოპოვებას და კარგადაც გამოსდით ეს. ბავშვები ენდობიან მათ! ისინი არ გამოიყურებიან, როგორც ბოროტმოქმედები, „გუდიანი კაცები“, „ბუები“. უცნობი ადამიანი - საკმარისი დეფინიციაა. ბავშვი უნდა იყოს ფრთხილად უცნობთან!
0
17
შეფასება არ არის
ავტორი:თეონა გორდეზიანი
თეონა გორდეზიანი
17
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0