სხვა რამდენიმე რჩევა როგორ გავხდეთ უფრო წარმატებულები და მივაღწიოთ სასურველ შედეგს ... 2022, 29 ოქტომბერი, 13:07 გამართლების მიმართ განსხვავებული მიდგომა არსებობს. ადამიანებს ჰგონიათ, რომ ცხოვრებაში გამართლებაა მთავარი. სინამდვილეში ამ "გამართლებას“ თვითონ ვქმნით ქმედებებით, ფიქრებით, დამოკიდებულებით, ემოციებით. თუნდაც ის, რომ გარემოებების გამო ვწუწუნებ, არ მომწონს და მისი მიღება არ შემიძლია, თან, მის შესაცვლელად არაფერს ვაკეთებ, ცხადია, არ "გამიმართლებს“. გამართლებას მაშინ ვქმნი, როცა ზუსტად ვიცი, რა მინდა და იმისთვის, რაც მინდა, რა უნდა გავაკეთო და ქმედებაზე გადავდივარ. ქმედებაზე გადასვლამდე კი ემოციურად და ფიქრების დონეზე გონება უნდა მოვამზადო, რომ ამ გარემოებების მიმართ სწორი დამოკიდებულება მქონდეს... ადამიანები სხვადასხვა მოცემულობაში ვიბადებით, მაგრამ მაინც ერთი გარემო მოცემულობები გვაქვს. მთავარი დაბრკოლება ვფიქრობ, ჯანსაღი თვითშეფასებაა, რაც გარემოებების და საკუთარი თავის მიღებას გულისხმობს, მათ შორის, საკუთარი თავის და ადამიანების უპირობო სიყვარულს. იმიტომ კი არ მიყვარს ჩემი თავი, რომ წარმატებული ვარ, ანუ ჯერ მიყვარს ჩემი თავი ისეთი, როგორიც ვარ, ვიღებ იმ გარემოებებს, რაშიც მოვხვდი, დავიბადე, გავჩნდი და მერე ვიცი, როგორი მინდა ვიყო. ვიცი, როგორ გავუმჯობესდე, ვიცი, რომ საკუთარ თავზე უკეთესი უნდა გავხდე. იმას კი არ ვედრები, ვინც სხვა მოცემულობაში დაიბადა და უკეთესი გარემო პირობები აქვს, არამედ ვიღებ ჩემს თავს და თან, ვფიქრობ იმაზე, როგორ გავხდე უკეთესი. როგორ ვიყო სასარგებლო ჩემთვის და სხვა ადამიანებისთვის, ზოგადად სამყაროსთვის. თუ ადამიანი აცნობიერებს, რომ შეუძლია შეცვლა და არ თვლის, რომ გარემოებების "მსხვერპლია“, აცნობიერებს და მზადაა, თვითონ შექმნას საკუთარი რეალობა, შეუძლია წინ წავიდეს, რაღაცები მართლაც შეცვალოს, გააუმჯობესოს. ამისთვის შეიძლება მიმართოს ფსიქოლოგს, ქოუჩს, პიროვნული განვითარების პროგრამებზე მივიდეს, ან ამ მიმართულებით წიგნებს გაეცნოს - საკუთარ თავზე იმუშაოს. კარგია ამ დროს ფსიქოლოგთან მუშობა, იმის გაცნობიერება, წარსულის რა პროგრამები ახდენს ჩემზე გავლენას. რატომ არ მიმართლებს, სად "გავიჭედე“. კი, ამ დროს კარგია ქოუჩთან კონსულტაცია. და იქაც შეიძლება, რომ რაღაც პროგრამებზე ვიმუშაო, არა წარსულის ფოკუსით, არამედ აწმყო და მომავლის ფოკუსით, ანუ რა მინდა, უკეთესობისკენ შევცვალო. მნიშვნელოვანია, მიიღო საკუთარი თავი ისეთი, როგორიც არის, იმუშაო იმაზე, რომ შენი თავის სიყვარული შეძლო. ყველაფერი აქედან იქყება. მერე უნდა გააცნობიერო, სად ხარ დღეს და სად გინდა ყოფნა. გონებაში შექმნა ის "ხატი“, საითაც გსურს წასვლა. შემდგომი ეტაპი ქმედებებია. უნდა გახდე პროაქტიული. ჩვენ რეაქტიულები ვართ, ცუდი რომ მოხდება, ცუდი ფიქრები გვმართავს და ამით ვერაფერს შევცვლით. მნიშვნელოვანია, ირგვლივ რაც უნდა ხდებოდეს, მოცემულობად მივიღო. დავფიქრდე იმაზე, რა შედეგის მიღება მინდა. თუ ჩემი ქმედების შესაბამისი იქნება, მაშინ წინ წასვლას და რაღაცის შეცვლას მოვახერხებ. ამ დროს გარემოც იცვლება, ოღონდ, შიგნიდან გარეთ. ასე რომ, საკუთარი თავის სიყვარული უნდა შევძლოთ. 18 შეფასება არ არის
|