x
მეტი
  • 26.12.2024
  • სტატია:139051
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512602
დუტუ მეგრელის სხვა ლექსებიც
image155 წლის წინ, 1867 წლის 26 ოქტომბერს ქვეყნიერებას მოევლინა დიმიტრი ხოშტარია, ცნობილი ფსევდონიმით "დუტუ მეგრელი", რომელსაც საზოგადოება უპირველეს ყოფილისა იცნობს ლექსით " მე პატარა ქართველი ვარ", ალბათ ძნელად მოიძებნება ქართველი, რომელმაც ეს ლექსი არ იცის, თუმცა დუტუ მეგრელს დაწერილი აქვს სხვა ლექსებიც, ასევე მოთხრობები და პოემა.


ქვემოთ შემოგთავაზებთ დუტუ მეგრელის სხვა ლექსებს, რომელსაც საზოგადოება ნაკლებად იცნობს:


ორი ვედრება


I


ჩემს მამულზედ უკეთესი სად არი?


იგია თვით სამოთხისა სადარი;

მაგრამ ვაი, რომ მის ჭვრეტით ვერ ვტკბები,

უცხო-უცხო მხარეებში ვბერდები!

ოჰ, განგებავ, მისმინე ეს ვედრება:

თუ სამშობლოს ხილვა აღარ მერგება,

მომკალ ბარემ, - რაც ვიტანჯე, მაკმარე

და მკვდარს მაინც იქ მაღირსე სამარე!..

II

ჩემს სატრფოზედ უკეთესი ვინ არი?

იგია თვით ანგელოზი მცინარი;

მაგრამ ვაი, რომ მის ჭვრეტით ვერ ვტბები,

მისს ალერსსა მოკლებული ვბერდები!

ოჰ, განგებავ, მისმინე ეს ვედრება:

თუ საყვარლის ხილვა აღარ მერგება,

მომკალ ბარემ, - ტანჯვას გადამარჩინე

და მკვდარს მაინც მის ცრემლი დამადინე!..



სამშობლოს

მაშ ასე, ჩემო სამშობლოვ,

უნდა მოგშორდე, ეს არი

და სხვაგან გადავიხვეწო,

მარადის შენთვის მკვნესარი!

მშვიდობით!.. მაგრამ განა მე

მარტო ხორცით არ გშორდები?

გონებით, გრძნობით და ფიქრით

ისევ შენთან არ ვიქნები?

განა თუნდ ცხრა მთას გადაღმაც

ვერ ვიგრძნობ შენსა ტკივილსა;

ვერ გავიგონებ შენს ოხვრას,

ტირილს და მოთქმა-ჩივილსა?

კი, მაგრამ, ჩემო ძვირფასო,

მეყო, რაც სხვაგან ვიყავი;

მენატრებდა აწ მაინც

სულ შენთან ყოფილვიყავი,

რომ შენთვის შემომეწირა

მთლად ჩემი ღონე და ძალა;

მოყვარე მეხარებია

მტრისთვის მესმია სამსალა;

მაგრამ, ვაი, რომ უბედურს

არ შემისრულდა სურვილი!..

მშვიდობით... უნდა, კვლავ გულში

ჩავიკლა ჩემი წყურვილი...


ხუთი სურათი



როდესაც კალამს ავიღებ ხელში,
წრფელის გრძნობითა გატაცებული,
და მინდა ცხოველ, აზრიან სიტყვით
აღუფრთოვანო ტანჯულ ერს სული;
მინდა მჩაგვრელსა გულს ლახვარი ვკრა,
მოვფინო მის ბნელ საქმეთ სინათლე;
დავგმო ბოროტი, დავრთგუნო ძალა
და აღვადგინო წმინდა სიმართლე, -
მაშინ მე თვალწინ ეს სურათები
მეხატებიან, თავზარდამცემი,
და კალამისა გაგდებას მირჩევს
შეშინებული გონება ჩემი!

1

აგერ პატარა ოთახში წვალობს
ვაჟკაცი, საზარ სენით პყრობილი;
ჩამომხმარა და გაყვითლებულა,
სულს ძლივსღა ითქვამს, ღონე მიხდილი;
გრძნობს, რომ თავდება, რომ სასიცოცხლო
პირი აღარ აქვს და ტანჯვით ამბობს:
„ვეღარ გიხილავ, ტურფა რიონო,
შენი ჰაერი ვეღარ დამატკბობს!..*
ოჰ, ასე ადრე ჩემი სიკვდილი
სამართალია?“.. წამოიძახა
შემდეგ საბრალომ და მოკვდა... პირზე
მწარე ღიმილი გამოესახა.(უძღვნის სერგეი მესხს)


2

აგერ შეღებილს სისხლით ლოგინზედ
წევს ახალგაზრდა კიდევ ყმაწვილი;
გალურჯებულა, კვნესის და შფოთავს,
კვდება მტრის ტყვიით გულში დაჭრილი, **
გარშემო ცნობისმოყვარეთ გროვა
შემოხვევია, სეირს უმზერენ...
იქნება მკვლელიც აქვეა სადმე
და უხარია, რომ ვერ იჭერენ!..
აი, გაინძრა კიდევ ბედკრული,
უნდა სთქვას რაღაც, მაგრამ ხრიალი
მოისმა მხოლოდ იმის გულიდან
და საუკუნოდ დახუჭა თვალი.(უძღვნის ევსტატი ბოსლეველს)

3

ძლივს განათებულს პატარა ლამპრით
ოთახში სძინავს მოხუცს ნეტარსა;
ღვთიური სახე თითქოს უცინის, -
ეგების ხედავს ტკბილსა სიზმარსა;
ეგების ახლა სამშობლოშია,
ცხადად იმასა მოშორებული,
და ხედავს, როგორ იღვიძებს იგი,
აქამდის მკვდარსა დამსგავსებული.
მაგრამ, ჩუ, აი იღება კარი,
ნელა შემოდის მკვლელი, წყეული,
და დაჰკრავს უროს თავში. მძინარე...
კვდება მოხუცი თავდამსხვრეული.***(უძღვნის დიმიტრი ყიფიანს )


4

ბნელსა სარდაფში, ბინძურ მაგიდას
უზის მგოსანი, დასაწყლებული,
და გრძნობით სავსე შავი თვალები
ერთ წერტილზე აქვს მიშტერებული;
თავზე ბალანი გადაბურძგვნია
ავადმყოფს, გამხდარს, დასუსტებულსა;
ეტყობა, ბევრი უტანჯნია მას,
ბევრი ნაღველი უსვამს

მის გულსა!..
ჩუ, შეკრთა უცებ და დაიძახა:
„ვფიცავ სამშობლოს, ბედით დასჯილსა!“ ****
მაგრამ უეცრად ენა წაერთვა
და სულთმობრძავი დაეცა ძირსა!(უძღვნის მამია გურიელს)


5

მშვენიერისა სახის ვაჟკაცი,
თუმცა უდროვოდ გათეთრებული,
საგიჟეთშია, ხმას არავის სცემს
და დადის მარად ჩაფიქრებული;
თან ამბობს: „ნეტა სად დამიმალეს?..

თან ამბობს: „ნეტა სად დამიმალეს?..
აქ დაამწყვდიეს ხომ ჩემი მარი
გულქვა სოფიომ და პორფირუშკამ,
თუმცა ის გიჟი სულაც არ არის!“*****
ამბობს და ეძებს თვის ფანტაზიის
ნაყოფს დიდი ხნის უკვე შეშლილი
და მანამ უნდა იწვალოს ასე,
არ მოასვენებს ვიდრე სიკვდილი!..

როდესაც კალამს ავიღებ ხელში,
წმინდა გრძნობითა გატაცებული,
და მინდა ცხოველ, აზრიან სიტყვით
აღუფრთოვანო ტანჯულ ერს სული,
მაშინ მე თვალწინ ეს სურათები
მეხატებიან, თავზარდამცემი,
და კალამისა გაგდებას მირჩევს
შეშინებული გონება ჩემი;
მაგრამ, არამცთუ არ ვაგდებ მასა,
მინდა მეჭიროს ხელში მარადის,
რომ თუ ამგვარი მელის მეც ბედი,
ბევრის თქმა მაინც შევძლო მანამდის!..(უძღვნის ალექსანდრე ყაზბეგს)

1891 წელი



0
190
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
190
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0