სხვა ფრიქსესა და ჰელეს დიდებული ისტორია არგონავტების მითოლოგიიდან 2022, 15 ნოემბერი, 13:15 ბეოტიაში, უძველეს მინეოსის ორქომენში მეფობდა ქარების ღმერთის ეოლოსის შვილი ათამანტი. მეფეს ღრუბელთა ქალღმერთ ნეფელესაგან ჰყავდა ორი შვილი - ვაჟი ფრიქსე და ასული ჰელე. ათამანტემ ნეფელეს უღალატა და შეირთო კადმოსის ასული ინო. მან შეიძულა ქმრის პირველი ცოლის შვილები და მათი დაღუპვა განიზრახა. ინომ დაითანხმა ოქრომენელი ქალები გაეხმოთ დასათესად გამზადებული თესლი. ოქრომენელებმა გამხმარი თესლი დათესეს და მუდამ ნოყიერ ყანებში მოსავალი აღარ მოვიდა. ორქომენელებს შიმშილი ელოდათ. ათამანტემ გადაწყვიტა ელჩების გაგზავნა დელფოში, რათა ისართმტყორცნელი აპოლონის ორაკულისათვის ეკითხათ ყანების უნაყოფობის მიზეზი. ცბიერმა ინომ ელჩები მოისყიდა და მათ დელფოდან ორაკულის ასეთი პასუხი ჩამოიტანეს: - მისანმა პითიამ გვითხრა, - მოახსენეს მოსყიდულმა ელჩებმა ათამანტეს. - ღმერთებს მსხვერპლად შესწირე შენი შვილი ფრიქსე და ყანები ისევ მოგცემენ ნაყოფსო. იმ დიდი უბედურებისათვის თავის დასაღწევად ორქომენს რომ ელოდა, ათამანტემ გადაწყვიტა საყვარელი შვილის გაწირვა. ინო ზეიმობდა, მისი განზარხვა ხორცს ისხამდა. ყველაფერი მზად იყო მსხვერპლშეწირვისათვის. ახალგაზრდა ფრიქსე ქურუმს დანით უნდა მოეკლა, მაგრამ ანაზდად შვილების გადასარჩენად ქალღმერთ ნეფელეს მიერ მოვლენილი, ღმერთ ჰერმესის ნაჩუქარი, ოქროსსაწმისიანი ვერძი მოფრინდა. მყისვე შეაჯდა ზურგზე ფრიქსე, გვერდით მოისვა თავისი და ჰელე, ვერძი ჰაერში აფრინდა და შორეული ჩრდილოეთისაკენ გაეშურა. სწრაფად მიჰქროდა ვერძი. ძირს გადაშლილიყვნენ ველ-მინდვრები და ტყეები, ვერცხლისფრად ციმციმებდნენ მდინარეები. ვერძი მთებსა და ღრუბლებს შორის მინავარდობს. აგერ ზღვაც. ვერძი უკვე ზღვის ზემოთ მიფრინავს. შიშმა მოიცვა ჰელე, ვეღარ მაგრდება ვერძის ზურგზე. აგერ, გადავარდა კიდეც და დაიღუპა მარად მღელვარე ტალღებში. ვერ იხსნა იგი ფრიქსემ. ათამანტეს ასული დაიღუპა. მას შემდეგ იმ ზღვას, რომელმაც ჰელე შთანქა, ჰელესპონტი ეწოდა (ჰელეს ზღვა, ახლანდელი დარდანელის სრუტე).
სულ უფრო და უფრო შორს მიაქროლებს ვერძი ფრიქსეს და ბოლოს იგი ფასისის სანაპიროებთან შორეულ კოლხეთში დაეშვა, სადაც იმ დროს მეფობდა მზის ღმერთის ჰელიოსის შვილი, აიეტი. მეფემ გაზარდა ფრიქსე, ხოლო როცა დავაჟკაცდა, ცოლად შერთო თავისი ასული ქალკიოპე. ოქროს ვერძი, რომელმაც ფრიქსე იხსნა, მსხვერპლად შესწირეს დიდ ზევსს. ვერძის ოქროს საწმისი კი აიეტმა ომის ღმერთის არესის წმინდა ჭალაში დაჰკიდა და მცველად მიუჩინა, ცეცხლისმფრქვეველი დრაკონი, რომელი თვალებს არასდროს არ ხუჭავდა. ოქროს საწმისის ამბავი მთელ საბერძნეთს მოეფინა. ფრიქსეს მამის ათამანტეს შთამომავლებმა იცოდნენ, რომ მათი ხსნა და გვარის ბედნიერება ამ ოქროს საწმისზე იყო დამოკიდებული და, რადაც არ უნდა დაჯდომოდათ, უნდა მოეპარათ. Სტატიის ავტორი : ალექსი აბდიევი <<<<< თქვენთვის საინტერესო >>>>>რომელ დაავადებებს ებრძოდნენ მსოფლიოს ყველაზე ჭკვიანი ადამიანები? მსოფლიო წესრიგისა და ჭეშმარიტების ქალღმერთი - მაატი (ეგვიპტური მითოლოგია) Უცნაური ისტორიით და ცხოვრების სტილით - 21 საინტერესო ფაქტი ზიმბაბვეს შესახებ სამოთხე ჩრდილოეთ ევროპაში - გაიცანით ნორვეგიის ულამაზესი ქალაქი ესენი იცოდით? - გადალახეთ თქვენი ცოდნის საზღვრები
94 5-ს მოსწონს
|