x
image
მადამ ფისუნია
ირანელი ხელოვანი ქალები!

image

ირანში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, სოლიდარობის მიზნით, ზოგმა თმა შეიჭრა, ზოგმა სახე მოიხატა, ზოგმა ასე გააკეთა და ვიდეო გადაიღო, მე გადავწყვიტე, ცოტა განსხვავებული სოლიდარობა გამომეხატა ირანელი ქალების მიმართ და გამეცნო თქვენთვის ჩემი საყვარელი ირანელი ხელოვანი ქალები,

1, პირველი, ესაა ჩემი უსაყვარლესი მწერალი მარჯან სატრაპი და მისი წიგნი პერსეპოლისი. ეს წიგნი ზუსტად დროულია და ვისაც არ წაუკითხავს, ვფიქრობ ახლა მაინც უნდა წაიკითხონ. წიგნში აღწერილია პატარა მარჯორის თვალით დანახული ისლამური რევოლუციის საწყისები და საბოლოოდ თავად რევოლუციაც. პატარა გოგონა ხედავს, რა იყო მანამდე და რა ხდება შემდგომ. გოგონა ხედავს, როგორ ძალადობენ მასზე თავსაბურავის მომხრე ქალები, რადგან უსმენს ისეთ მუსიკას რაც შეუსაბამოდ მიაჩნიათ, აცვია პანკური მაისური და აქვს აბბას პოსტერი. ბავშვი ხედავს აქციებს ორ დაპირისპირებულ მხარეს შორის. ქალები თავშლით, და ქალები თავშლის გარეშე. ბევრი რომ არ გავაგრძელო, და შემთხვევით სპოილერები არ წამოვაყრანტალო, ვიტყვი რომ აუცილებლად წასაკითხი წიგნია! ამასთანავე, სატრაპის ეს წიგნი ბევრი სხვა წიგნისაგან იმით განსხვავდება რომ კომიქსური ტიპისაა. მთლიანი წიგნი არის გრაფიკული რომანი, რაც კითხვის პროცესს უფრო საინტერესოს ხდის და ამძაფრებს ემოციებს. თუ იმდენად ზარმაცები ხართ, რომ ასეთი სახითაც კი გეზარებათ წიგნის წაკითხვა გამოსავალი თქვენთვისაც არსებობს! მარჯან სატრაპის ამავე გრაფიკული ნოველის ნახატების მიხედვით შექმნილია ძალიან კარგი ფილმი. ანიმაცია! მისი სახელიც წიგნის სახელის იდენტურია - პერსეპოლისი. ვფიქრობ, ეს ფილმიც აუცილებლად სანახავთა სიაშია! 2. მეორე ჩემი საყვარელი ირანელი ქალი არტისტი არის მუსიკოსი - სევდალიზა! სახელიც როგორი სევდიანი აქვს... მისი მუსიკა არის ყველა სხვისგან სრულიად განსხვავებული, ამაღელვებელი, ემოციური... მოკლედ სასწაულია... მაგრამ ეს ყველაფერი როდია. მისი მუსიკალური კლიპებიც კი ცალკე ფილმი და ხელოვნების ძვირფასი ნიმუშებია!

3. შადი ღადირიანი. ირანელი თანამედროვე ფოტოგრაფიa. მის ნამუშევრებში იგრძნობა გავლენა მისივე გამოცდილებისა, როგორც თანამედროვე ირანში მცხოვრები მუსლიმი ქალის, მაგრამ მისი ნამუშევრები ეხება ქალების ცხოვრებას მთელს მსოფლიოში და არა მხოლოდ ირანში. თავისი ნამუშევრების საშუალებით, იგი აკრიტიკებს ირანში მცხოვრები ქალების ჩაგვრას ტრადიციის სახელით და საუბრობს თანამედროვეობის ბიძგებსა და მიზიდულობებზე. ყოველდღიურ ცხოვრებაში არსებულ წინააღმდეგობებზე და ა.შ.

4. მერიემ ეისლერი არის ირანში დაბადებული, ლონდონში მოღვაწე მხატვარი და ყოფილი მარკეტერი. იგი ცნობილია როგორც ფოტოგრაფი, მწერალი, წიგნის რედაქტორი, ხელოვნების კოლექციონერი...

განსაკუთრებით თამამი ფოტოსურათები აქვს გადაღებული რის გამოც ხშირად იმსახურებს კრიტიკას.

5. და ბოლოს, გოლნაზ ფათჰი, მხატვარი ირანელი ქალი. რომელიც გამორჩეული და ცნობილია თავისი სამხატვრო მიმდინარეობით და ეს მიმდინარეობაა ჰურუფია!

ჰურუფია არის ესთეტიკური მოძრაობა, რომელიც წარმოიშვა მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში მუსულმან მხატვრებს შორის, რომლებიც იყენებდნენ ტრადიციულ ისლამურ კალიგრაფიას საკუთარ შემოქმედებაში. მხატვართა ჯგუფმა, ადაპტაცია გაუკეთა მეთოთხმეტე საუკუნის ბოლოსა და მეთხუთმეტე საუკუნის დასაწყისში წარმოქმნილ სუფისტურ მიდგომა ჰურუფს, სახელი იგივე დატოვეს, მაგრამ მხატვრობა თანამედროვე ხელოვნებას შეურწყეს,

მხოლოდ ეს ხუთი ქალი რად ღირს ირანელი ქალების ნიჭიერების აღსაწერად? მაგრამ თუ თქვენ გყავთ საკუთარი რჩეულები, გთხოვთ გვიამბოთ მათ შესახებ... პატარა ჩელენჯი გავაკეთოთ... ირანელი ხელოვანი ქალების შესახებ!

სანამ დაგემშვიდობებით,

პ.ს. კიდევ ერთი გულსატკენი ისტორია გამახსენდა, წლების წინ, როდესაც ისტორიის მუზეუმში დროებით გამოფენებზე ვმუშაობდი, ირანის საელჩოს მიერ მხარდაჭერილი ფოტოგამოფენა გვქონდა. ძალიან მომეწონა ერთი ფოტო სურათი, რომელზეც გამოსახული იყო სიბნელეში მჯდომი შიშველი ქალი ზურგიდან. არ ჩანდა არც სახე, არც სხეულის ინტიმური ნაწილები, მხოლოდ შიშველი ზურგის რაღაც მცირე ნაწილი, რომლის ნახევარსაც გიტარა ფარავდა. ეს სურათი კურატორმა დიდი მოწიწებით, კედლის იმ ნაწილში დაკიდა, სადაც გამოფენის სარეკლამო დაფები დაფარავდა, თუმცა ეს ყველაფერი არაა! სურათი გამოფენის საბოლოო გახსნამდე საერთოდ ჩამოხსნეს და გააქრეს რადგან მიუღებლად და შეუსაბამოდ ჩათვალეს.

დაგემშვიდობებით მომდევნო ვიდეომდე და დაველოდები თქვენს პასუხებს ჩემს გამოწვევაზე...

0
79
1-ს მოსწონს
ავტორი:მადამ ფისუნია
მადამ ფისუნია
79
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0