სხვა
რასაც ეს ხალხი ეძებს, მათი ცხოვრება სამუდამოდ უნდა შეცვალოს... და ეს უკვე ისტორიად იქცა
2022, 20 აგვისტო, 11:06
ისტორიამ ახლად აღმოჩენილ საბადოებში ოქროს არაორგანიზებული მასობრივი მოპოვების სულ მცირე 30 ოქროს ციებ-ცხელების აფეთქება იცის. მტაცებლური მეთოდები და ძიების მასშტაბები ძნელი წარმოსადგენია, თუმცა ბრაზილიელი ფოტოგრაფის, სებასტიან სალგადოს ძალისხმევის წყალობით დღეს, არქივებში ამის ამსახველი სულ მცირე რამდენიმე ასეული ფოტო ინახება, რომელიც სერა - პელადას (ბრაზილია) მაღაროებში გაჩაღებულ ოქროს ციებ-ცხელებაზე ანუ თანამედროვე ისტორიაში ძვირფასი ლითონის ყველაზე დიდი რბოლის შესახებ მოგვითხრობს.
სებასტიან სალგადოს მიერ 1980-იან წლებში გადაღებული ეს ცნობილი ფოტოები ძიების მთელს მასშტაბს აღწერს: რამდენიმე ათასი მუშა ხელსაწყოებით "შეიარაღებული" მაღალი კიბეებით კარიერში ეშვება, რომელმაც ისინი საბოლოოდ უნდა გაამდიდროს. სალგადომ სახიფათო პირობებსა და სრულ სიგიჟეთსა და ქაოსში ძვირფასი ლითონის მაძიებელთა ყველაზე მომაჯადოებელი ფოტოები სწორედ ამ პერიოდში გადაიღო. ოქროს მაძიებელთა უმეტესობა კარიერიდან, რა თქმა უნდა, ცარიელი დაბრუნდება.
ყველაფერი კი იმით დაიწყო რომ რამდენიმე წლით ადრე, ამ ადგილიდან არც ისე შორს ბავშვმა 6 გრამიანი ოქროს ზოდი იპოვა. მოკლე დროში, აღნიშნული სიახლის შესახებ ინფორმაცია ახლომდებარე სოფლებში ვირუსივით გავრცელდა და მეზობელი სახელმწიფოების საზღვრებს უმალვე მიაღწია. სწრაფი გამდიდრების სურვილს აყოლილმა მაღაროელებმა და უბრალო, რიგითმა ადამიანებმა მსოფლიოს ყველა კუთხიდან სერა - პელადაში შეკრება დაიწყეს.
ერთ მომენტში ოქროს მაღაროში მუშების რაოდენობამ 100 000-ს მიაღწია. ხალხი საშინელ პირობებში ცხოვრობდა. თვითშექმნილ სოფლებსა და ქალაქებში, რომლებშიც ახალმოსახლეები დასახლდნენ - ძალადობა, მკვლელობა, მომაკვდინებელი დაავადებები და პროსტიტუცია ჰყვაოდა. ათასობით ახალგაზრდა გოგონა მზად იყო იქვე, მეზობელ ქალაქში, სადაც მუშები ცხოვრობდნენ თავი ოქროს ზოდისთვის გაეყიდა.
მუშები კარიერის ფსკერიდან მიწით ტომრებს ავსებდნენ. 30-60 კილოგრამიან ტომრებს დაახლოებით 400 მეტრის სიმაღლეზე ხის და თოკის კიბეებით მაღლა წევდნენ, რის შემდეგაც უკვე ოქროს საპოვნელად მიწის ცრას იწყებდნენ. თითო ასეთი ტომრისთვის მუშა დაახლოებით 20 ცენტს იღებდა, რასაც ოქროს ზოდის პოვნის შემთხვევში გარკვეული ბონუსიც ემატებოდა.
ოქროს მოპოვება აქ 1986 წელს მას შემდეგ აიკრძალა, რაც კარიერი მიწისქვეშა წყლით დაიტბორა. დღეს, მის ადგილზე ტბაა, თუმცა გეოლოგების აზრით, მის ამღვრეულ წყალში შესაძლოა კიდევ 50 ტონამდე ოქრო იყოს.
1980-იანი წლების მოვლენების შესახებ ბრაზილიამ მხატვრული ფილმი "სერა - პელადა" გადაიღო, რომელშიც მთავარ როლებს ვაგნერ მოურა, მათეუს ნაშტერგაელი და სოფი შარლოტა ასრულებენ. ფილმი ლათინური ამერიკის ქვეყნების მაყურებელმა თბილად მიიღო, თუმცა მას დასავლეთის კინოთეატრებამდე არასდროს მიუღწევია.