სიახლეები
იალღუჯას პოლიგონზე საერთაშორისო სწავლება დაიწყო
2012, 23 სექტემბერი, 21:55
შინაგან საქმეთა სამინისტროს იალღუჯას პოლიგონზე საერთაშორისო სწავლება “საქართველო 2012″ დაიწყო . შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სწავლების მიზანია სტიქიური უბედურებების დროს სალიკვიდაციო უნარ-ჩვევების გამომუშავება და ქვეყნებს შორის კოორდინაციის გაუმჯობესება.
სწავლების სცენარის მიხედვით, თბილისის ახლოს ძლიერი მიწისქვეშა ბიძგები დაფიქსირდება, რაც მსხვერპლსა და ინფრასტრუქტურის ფართომასშტაბიან ნგრევას გამოიწვევს, მათ შორის – ქიმიური ნივთიერებების დაღვრას და რადიაციულ ინციდენტს.
სწავლებაში სულ ათასი პირი, მათ შორის ნატო-ს და პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლები, სამოქალაქო და ძალოვანი უწყების თანამშრომლები მიიღებენ მონაწილეობას. წვრთნას 13 ქვეყნის დამკვირვებელი დაესწრება.
“საქართველო 2012″ პარტნიორობა მშვიდობისათვის პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს. საველე სწავლებში კატასტროფებზე რეაგირების ევრო-ატლანტიკური საკოორდინაციო ცენტრისა და ევროატლანტიკურ პარტნიორთა საბჭოს ჯგუფები მონაწილეობენ.
“საქართველო 2012″ საშუალებას მისცემს ნატო-ს და მის პარტნიორ ქვეყნებს პრაქტიკაში გამოსცადონ კატასტროფებზე რეაგირების მექანიზმები და გააღრმავონ თანამშრომლობა საგანგებო სიტუაციების სფეროში.
საერთაშორისო სწავლება “საქართველო 2012″ 27 სექტემბერს დასრულდება.