x
image
ოტი
მეოთხე ღალატი - ანუ რატომ ჩავარდა GOT-ის ბოლო სეზონი
image

სამჯერ გიღალატებენ. ერთხელ სისხლისთვის, ერთხელ

ოქროსთვის და ერთხელ სიყვარულისთვის

წინასწარმეტყველება დეინერისისთვის უკვდავთა სახლში

დეინერისი არასდროს ყოფილა ჩემი საყვარელი პერსონაჟი. ფავორიტების სიაში, რომელსაც სათავეში ჯეიმი ლანისტერი უდგას, ალბათ პირველ ათეულშიც ვერ მოხვდება. მაგრამ ის, თუ რა დაემართა სერიალების ისტორიაში ყველაზე Epic მოვლენას, საუკეთესოდ სწორედ ამ პერსონაჟის მაგალითზე ჩანს. ამიტომ ბლოგი, რომელიც 15 აპრილიდან დღემდე მეწერინება, ეძღვნება დეინერის ტარგარიანს, დრაკონების დედას.

ჯერ კიდევ ქართში ყოფნისას დეინერისს წინასწარმეტყველება აფრთხილებს: „სამჯერ გიღალატებენ. ერთხელ სისხლისთვის, ერთხელ ოქროსთვის და ერთხელ სიყვარულისთვის“. ოქრო და სისხლი მალევე გავარკვიეთ, მაგრამ აი მესამე ღალატზე მთელი თეორიები და მსჯელობები მიმდინარეობდა. ვინ ჩაიდენდა ამას - ტირიონი? ჯონი? ვარისი? ზოგმა ისიც კი დაწერა, დროგონი უღალატებსო.

სანამ სიყვარულისთვის მოღალატეს ვარკვევდით, ზურგიდან მეოთხე და მთავარი წამოგვეპარა - ღალატი სცენარზე მორგებისთვის. 6 სერიაში ჩატევისთვის. სიუჟეტის კონიუნქტურისთვის. პერსონაჟ(ებ)ის ღალატი ავტორების მიერ. ძაან დრამატულად ჟღერს? Sorry - ტელეშოუების ისტორიაში უდიდესი დრამა იმსახურებს, რომ დრამატულები ვიყოთ.


დეინერისის ისტორია პირველი სეზონის პირველივე სერიიდან იწყება, მაშინ, როცა ჯერ კიდევ პატარა გოგოა, სახლიდან გამოგდებული, ოჯახამოწყვეტილი, ომისა და მეფეების ამბიციების მსხვერპლი. მისი ერთადერთი და ყველაზე ახლობელი ადამიანიც საფრთხეა - ძმა ძალადობს მასზე და აშკარაა, რომ არა მარტო ფიზიკურად. ძალადობა ძალადობით გრძელდება - ნივთივით ცვლიან ჯარისა და ტახტის დაპირებაში და ხალ დროგოზე ათხოვებენ.

აქედან იწყება პერსონაჟის ისტორია, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და დრამატულია მთელ სერიალში. როგორ აყვარებს თავს და უყვარდება დროგო და მისი ხალხი, როგორ კარგავს საყვარელ ადამიანს, შვილს და ხალასარს ერთ ღამეში საკუთარი შეცდომის გამო, როგორ შედის ცეცხლში და როგორ ახდენს ვესტეროსის სამყაროში ერთ-ერთ უდიდეს სასწაულს - აცოცხლებს ასობით წლის წინ გადაშენებულ დრაკონებს.

ჯორაჰ მორმონტი ეუბნება ტირიონს მეხუთე სეზონში - სამი ახალდაბადებული დრაკონის სიმღერა მოგისმენიაო? ძალიან ძნელია ამის შემდეგ ცინიკოსად დარჩეო. დეინერისიც იჯერებს, რომ ის განსაკუთრებულია და მისია აკისრია. ჩვენც ვიჯერებთ, მაყურებლები და ასეც არის.

რა არის დეინერისის მისია? მას ორი მთავარი მიზანი აქვს - დაიბრუნოს ტახტი და შეაჩეროს უსამართლობის ბორბალი (break the wheel). მეორე ყოველთვის გადაწონის პირველს. იწყებს მონების გათავისუფლებას ქალაქებში, რომლებიც ვესტეროსიდან ძალიან შორსაა. უარს ამბობს უნაკლოების ბრმა მორჩილებაზე და ათავისუფლებს მათ, უარყოფს ოქროს და გემების შეთავაზებას მირინიდან წასვლის სანაცვლოდ. ამის ნაცვლად იღებს ქალაქს, და რჩება მის სამართავად, იმიტომ, რომ იაზრებს პასუხისმგებლობას მისივე გათავისუფლებული ხალხის წინაშე.

დრაკონებს ჩაკეტავს, როცა გაიგებს, რომ ერთ-ერთმა ბავშვი დაწვა და შეჭამა. მიუხედავად იმისა, რომ ეს მის მმართველობას ემუქრება. მზად არის გათხოვდეს ადგილობრივ დიდებულზე, რომელსაც კაცადაც ვერ აღიქვამს, იმისთვის, რომ მშვიდობა დაამყაროს მირინში. იცის, რომ უნდა ისწავლოს მართვა და მოუსმინოს მასზე უფრო გამოცდილ ადამიანებს - ჯორაჰს და ბარისტანს. მისანდეისაც უსმენს, რომელიც წიგნში საერთოდაც ბავშვია, დენიზე უმცროსი.

კი, სასტიკია, ვერავინ უარყოფს - წვავს და ანადგურებს მტრებს. მაგრამ მხოლოდ მტრებს. ანუ იმას აკეთებს, რასაც ნებისმიერი სხვა ძალაუფლების მქონე პირი ვესტეროსში - რობ სტარკი, ტირიონ ლანისტერი, თუნდაც ჩვენი საყვარელი ნედი ან ჯონი. აღარაფერს ვამბობ სერსეიზე, ტაივინზე, ბეილიშზე და სხვა არც ისე „კარგ“ მმართველზე. 7 სეზონის განმავლობაში დეინერისს „უბრალო მოქალაქეებისთვის“ არცერთხელ არაფერი დაუშავებია.

მაშინ, როდესაც ყველაზე ახლოს არის მიზანთან, თვეობით ზის დრაკონი ქვაზე. არ მიდის შეტევაზე იმისთვის, რომ მამამისს არ დაემსგავსოს და უდანაშაულოები არ დახოცოს. მიფრინავს კედლის მიღმა მოკავშირეების დასახმარებლად, მაშინ, როცა ტირიონი საწინააღმდეგოს ურჩევს. მიდის სერსეისთან მოლაპარაკებაზე - ორჯერ! დაბოლოს, სასწორზე აგდებს რკინის ტახტს, დრაკონებს, საკუთარ სიცოცხლეს და სამყაროს გადასარჩენად მიემართება ვინტერფელში.

ჰოდა სწორედ აქ წამოგვეწევა ყველას მეოთხე ღალატი. ოღონდ სწორად გამიგეთ - ეს ღალატი შინაარსთან არაფერ შუაშია. არ ვამტკიცებ, რომ დეინერისი ვერ გახდებოდა mad queen, ვერ გაირყვნებოდა ძალაუფლებით, ვერ მივიდოდა პიროვნების ნგრევამდე და ვერ შეიშლებოდა ჭკუიდან, მაგრამ თუ ეს მოხდებოდა, მაშინ სხვანაირად უნდა მომხდარიყო.

რატომ დავიჯერეთ ეიმი ლანისტერის გარდაქმნა? თეონ გრეიჯოის მონანიება? სანსას Badass Bitch-ად ქცევა? მათ ცხოვრებაში იყვნენ ადამიანები და მოვლენები, რამაც რადიკალური ცვლილებები გამოიწვია. ჯეიმის მირცელა, ტირიონი და ბრიენი ჰყავდა, თეონს - რამზი და სანსა, სანსას - რამზი, სერსეი და ბეილიში. თითოეული მათგანი მთელი სეზონების, წლების განმავლობაში მიდიოდა მეტამორფოზამდე.

რა მოხდა დეინერისის შემთხვევაში? მერვე სეზონში ჯამში დაახლოებით 15 წუთი დაეთმო იმას, როგორ ეწყინა ჯონ სნოუს წარმომავლობის გაგება და როგორ ეჭვიანობდა მასზე გამარჯვების შემდეგ. მაქსიმუმ ნახევარი საათი დაეთმო იმას, როგორ მოუკლეს თვალწინ მისანდეი და როგორ უთხრა უარი ჯონმა სექსზე. შედეგად ქალი, რომელსაც აქამდე ყველა ტრაგედია აძლიერებდა, რომელიც საკუთარ ინტერესებს უკანა პლანზე სწევდა for greater good, ერთნახევარ სერიაში იქცა შეყვარებულზე გაბრაზებულ, გადაფსიხებულ შეშლილად, რომელმაც დანებებული ქალაქი გადაწვა და ქალები და ბავშვები ამოხოცა. გარდაქმნა და მეტამორფოზა, რომელიც პერსონაჟის და მთელი სერიალის უდიდესი ტრაგედია უნდა ყოფილიყო, ფარსი გახდა.

ეს ფარსიც არ აკმარეს. ბოლო სერიაში პირველ 15 წუთში მოგვიკლეს სერიალის თურმე მთავარი ვილენი. ისე, რომ ერთი სიტყვაც არ ათქმევინეს სიკვდილის წინ, საყვარელი ადამიანის ხელით. ყველაზე ბოროტ, მხდალ, სასტიკ პერსონაჟებსაც კი ჰქონდათ საშუალება, გაეაზრებინათ, რატომ კვდებოდნენ - ტაივინ ლანისტერს, პეტირ ბეილიშს, იანოს სლიტნს და რამზი სნოუსაც კი. If you have any last words now is the time. რამდენჯერ მოგვისმენია ეს ფრაზა? დეინერისს ესეც არ ეღირსა.

ემილია კლარკმაც კი ვერ დამალა ამით იმედგაცრუება ერთ-ერთ ინტერვიუში - „ჯონის ადგილას რომ ვყოფილიყავი, რას ვიზამდი? რა ვიცი მკვლელობამდე ალბათ დაველაპარაკებოდი ჩემს პერსონაჟს, ვეცდებოდი მისთვის მომესმინა, გამეფრთხილებინა, დამერწმუნებინა...“

სამწუხაროდ, არავინ დაელაპარაკა დეინერისს, ისევე როგორც არავის არაფერში გამოადგა არიას სახეების ცვლის ტექნოლოგია, ბრანის სამთვალა ყორნობა, ჯონის მკვდრეთით აღდგენა და მისი წარმომავლობა, ჯეიმის ვინტერფელური არდადეგები, ჰარი სტრიკლენდის ოქროს კომპანია და ეურონ გრეიჯოი, რომელსაც ისეთ ვილენად გვიანონსებდნენ, რამზი ბოლტონი მონაგონი იქნებაო. არაფერში გამოგვადგა ნაით კინგის წარმოშობის ისტორია, ვალირიული ხმლების ლეგენდები, ცაზე გამოჩენილი კომეტები, მელისანდრას ხილვები და აღთქმული პრინცისა და ვალანქარის წინასწარმეტყველება.

და რაც მთავარია, თვითონ დეინერისის წინასწარმეტყველება არ ახდა. მას არა სამჯერ, არამედ ოთხჯერ უღალატეს და ყველაზე დამანგრეველი ამ და ყველა სხვა პერსონაჟისთვის, მთელი სერიალისთვის მეოთხე ღალატი აღმოჩნდა.

ჩვენც მაყურებლებსაც დეინერისივით მოგვექცნენ. იმ ადამიანებმა გვიღალატეს ვისგანაც ამას ყველაზე ნაკლებად მოველოდით - ეპოქალური მოვლენის, GOT-ის შემქმნელებმა. ღალატი კი ყველაზე მტკივნეული მაშინაა, როცა ძალიან გიყვარს.

1
102
1-ს მოსწონს
ავტორი:ოტი
ოტი
102
  
2022, 20 ივლისი, 17:52
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1