x
image
ოტი
ჩასახვის საწინააღმდეგო ბუნებრივი მეთოდი
image

ჩასახვის საწინააღმდეგო ბუნებრივი მეთოდი მენსტრუალური ციკლის ფერტილური (განაყოფიერებისთვის ხელსაყრელი) და არაფერტილური (განაყოფიერებისათვის არახელსაყრელი) პერიოდების აღრიცხვას გულისხმობს. საშუალოდ, კვერცხუჯრედი საკვერცხიდან მომდევნო მენსტრუალური პერიოდის დაწყებამდე 14 (+ 2) დღით ადრე გამოთავისუფლდება. კვერცხუჯრედი სიცოცხლისუნარიანობას დაახლოებით 3-4 დღის მანძილზე ინარჩუნებს. სწორედ ამ პერიოდს ეწოდება ფერტილური, ანუ განაყოფიერებისათვის ხელსაყრელი პერიოდი. ასევე გასათვალისწინებელია სპერმის სიცოცხლისუნარიანობაც, რომელიც 48-72 საათია, შესაბამისად ფერტილური დღეების დაწყებამდე 2-3 დღით ადრე განხორციელებული სქესობრივი აქტი ასევე შეიძლება განაყოფიერებით დამთავრდეს. აქედან გამომდინარე, ჩასახვისგან თავდასაცავად წყვილმა ზემოთაღნიშნული პერიოდის განმავლობაში სქესობრივი აქტი თავიდან უნდა აიცილოს ან დაცვის ბარიერული მეთოდები (დიაფრაგმა, პრეზერვატივი) გამოიყენოს.

ფერტილური პერიოდის გამოვლენა სხვადასხვა გზით შეიძლება განხორციელდეს: კალენდარული მეთოდი, სხეულის ბაზალურ ტემპერატურაზე მეთვალყურეობის, სასქესო ორგანოდან გამოყოფილ ლორწოზე მეთვალყურეობის, ტესტ-ჩხირებით მეთვალყურეობის და სხვა მეთოდები. აღნიშნული მეთოდების განხორციელების ტექნიკის შესასწავლად აუცილებელია სპეციალისტის კონსულტაცია.

კალენდარული მეთოდი:


კალენდარული მეთოდი ინდივიდულაურად გამოიანგარიშება ბოლო 12 თვის მენსტრუალური ციკლის მონაცემების მიხედვით. ფერტილური პერიოდის (განაყოფიერებისთვის ხელსაყრელი) პირველი დღის გამოსათვლელად ყველაზე მოკლე მენსტრუალურ ციკლს 18 დღე აკლდება. ბოლო დღის გამოსათვლელად კი ყველაზე გრძელ მენსტრუალურ ციკლს 11 დღე აკლდება. თუკი მენსტრუალური ციკლი არარეგულარულია ფერტილური პერიოდი საკმაოდ გრძელი შეიძლება აღმოჩნდეს.

სხეულის ტემპერატურაზე მეთვალყურეობის მეთოდი:

სხეულის ტემპერატურა კვერცხუჯრედის საკვერცხიდან გადმოსვლამდე 24-48 საათით ადრე მცირდება, კვერცხუჯრედის გამოთავისუფლების შემდეგ კი ისევ მატულობს. ჩასახვის საწინააღმდეგო აღნიშნული მეთოდი სწორედ ტემპერატურაზე მეთვალყურეობას მოიაზრებს. ტემპერატურა ყოველ დილით იზომება აუცილებლად მოსვენებულ მდგომარეობაში, საწოლიდან ადგომამდე. დაუცველი სქესობრივი აქტი თავიდან უნდა იქნას აცილებული მას შემდეგ, რაც სხეულის ტემპერატურა შემცირდება და ეს პერიოდი სხეულის ტემპერატურის მომატებიდან მინიმუმ 48-72 საათის განმავლობაში გრძელდება. გასათვალისწინებელია, რომ ტემპერატურის მერყეობა მხოლოდ 0.5°C -ს შეადგენს, ამიტომ მეთოდის ეფექტურად განხორციელება სპეციალური, მაღალი სიზუსტის თერმომეტრის გამოყენებას საჭიროებს.

ლორწოზე მეთვალყურეობის მეთოდი:

კვერცხუჯრედის საკვერცხიდან გამოთავისუფლების წინ სასქესო ორგანოდან გამოყოფილი ლორწოს რაოდენობა და კონსისტენცია იცვლება. ის უფრო უხვი და თხიერი ხდება. ლორწოს ცვლილებაზე მეთვალყურეობა საცვლებზე, საწმენდ ქაღალდზე მოხვედრილ ან უშუალოდ სასქესო ორგანოზე არსებული ლორწოს შემოწმების გზით ხდება. ჩასახვისგან თავდასაცვად ლორწოს ცვლილებიდან 3-4 დღის განმავლობაში დაუცველი სქესობრივი აქტი თავიდან უნდა იქნას აცილებული.

ტესტ-ჩხირები (ოვულაციის ინდიკატორები):

ოვულაციაზე ანუ კვერცხუჯრედის საკვერცხიდან გამოთავისუფლებაზე მეთვალყურეობისთვის ასევე შესაძლებელია სპეციალური ტესტ-ჩხირების გამოყენება, რომელიც შარდში ე.წ. მალუთეინიზირებელი ჰორმონის განსაზღვრას ეფუძნება. აღიშნული ჰორმონი კვერცხუჯრედის გამოთავისუფლებაზეა პასუხისმგებელი და მისი დონე სწორედ ოვულაციის წინ მატულობს. ტესტ-ჩხირის გამოყენება ოვულციის სავარაუდო თარიღამდე 2-3 დღით ადრე უნდა დაიწყოს. ტესტით დადებით პასუხის მიღების შემდეგ 3-4 დღის განმავლობაში დაუცველი სქესობრივი აქტი თავიდან უნდა იქნას აცილებული.

ეფექტურობის გასაზრდელად ზემოთ ჩამოთვლილი მეთვალყურეობის მეთოდები კომბინირებულად შეიძლება იქნას გამოყენებული.

ჩასახვის საწინააღმდეგო ბუნებრივ მეთოდებს ასევე მიეკუთვნება შეწყვეტილი სქესობრივი აქტი, რაც გულისხმობს სქესობრივი აქტის შეჩერებას ეაკულაციამდე (ანუ სასქესო ასოდან სპერმის გამოსვლამდე).

ბუნებრივი მეთოდის მნიშვნელოვან უპირატესობას მედიკამენტური თუ ქიმიური საშუალებების გამოყენების საჭიროების არარსებობა და შესაბამისად, გვერდითი ეფექტების არარსებობა წარმოადგენს. მეთოდის უპირატესობა არის ისიც, რომ წყვილს შორის პასუხისმგებლობის გაზიარებისა და ურთიერთობის განამტკიცებას უწყობს ხელს. ბუნებრივი მეთოდი არამარტო ორსულობის თავიდან ასაცილებლად, არამედ მის დასაგეგმადაც გამოიყენება. მეთოდს ასაკობრივი შეზღუდვა არ აქვს, გარდა ამისა იაფფასიანია.

ბუნებრივი მეთოდის ეფექტურობა 80-90%-ს ფარგლებში მერყეობს. ის ეფექტურია მხოლოდ რეგულარული მენსტრუალური ციკლის მქონე პირებში. უარყოფით მხარეებად შეიძლება ჩაითვალოს სქესობრივი გზით გადამდები ინფექციებისაგან დაუცველობა, ყოველდღიური აღრიცხვის წარმოების აუცილებლობა, სქესობრივი აქტისაგან თავის შეკავების აუცილებლობა თვის გარკვეულ დღეებში. გარდა ამისა, შესაძლოა ქალს არ ქონდეს ინფორმაცია იმ მოვლენებისა თუ ფაქტორების შესახებ, რომელმაც მენსტრუალური ციკლის რეგულარობა შეიძლება მოულოდნელად დაარღვიოს. შესაბამისად, ასეთ შემთხვევებში მეთოდის ეფექტურობის შემცირების რისკი მაღალია.

ამრიგად, ჩასახვის საწინააღმდეგო ბუნებრივი მეთოდის არჩევის შემთხვევაში წყვილმა უნდა იცოდეს, რომ მეთოდის ეფექტურობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული მის სწორად განხორციელებაზე. ამისათვის მნიშვნელოვნი და აუცილებელიც კი არის სპეციალისტისგან კონსულტაციის მიღება. წინააღმდეგ შემთხვევაში მეთოდის არასწორად გამოყენების და შესაბამისად, უეფექტობის რისკი მაღალია.


0
72
1-ს მოსწონს
ავტორი:ოტი
ოტი
72
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0