სხვა ჩვენ უფრო ძლიერი რამ გვაერთიანებს ვიდრე სიყვარულია, ეს ბედისწერაა და შენ ჩემი სიმარტოვე გქვია 2022, 9 ივლისი, 15:45 სიმარტოვე
ნახევარი ცხოვრება შენთან ბრძოლას შევალიე. სიმართლე უნდა ითქვას, არც შენ მინდობდი. არადა, შენს ჯინაზე, ხან ვის ავეტორღიალებოდი და ხან ვის ავიტორღიალებდი ხოლმე, მაგრამ ყოველთვის ახერხებდი ჩემთან პირისპირ, ერთი ერთზე დარჩენასა და ყოველ ჯერზე ახალი შემართებით იწყებდი ბრძოლას ჩემს დასამარცხებლად. რა არ ვცადე…სად არ დავიმალე…ჩემთვის ისეთი სამყაროც კი შევიქმენი, სადაც შენი ადგილი არ იქნებოდა, მაგრამ ყველგან მწვდებოდი შენი საცეცებით და ისევ თავიდან იწყებოდა ყველაფერი. წლები შევალიე შენთან ბრძოლას, ცხოვრების საუკეთესო წლები და ბოლოს ... ბოლოს შევრიგდით. ჰო, შევრიგდით და მას მერე არსებობაც აღარ შეგვიძლია ერთმანეთის გარეშე. შენთან, ჰო, სწორედ შენთან ვიპოვე სულიერი სიმშვიდე და შენ გახდი ჩემი ყველაზე ერთგული დასაყრდენი, თანამოაზრე, თანამებრძოლი, მეგობარი და რავიცი, კიდევ რამდენი რამ. არადა, როგორ ვერ გიტანდი, რამდენჯერ მინატრია შენი მოუსავლეთში გასტუმრება... ჰო, ვიცი, სულელი ვიყავი. სულელი, რადგან ვერ ვხვდებოდი, ვერ ვაცნობიერებდი შენთან ყოფნის ბედნიერებას. შენ ხომ ამ წუთისოფელში ჩემთვის და ჩემად იყავი შექმნილი და მოვლენილი. ახლა ვხვდები, არც შენ შეგეძლო უჩემოდ ყოფნა და ყველას და ყველაფერს ანადგურებდი ჩემს ირგვლივ, რაც კი უშენობას მივსებდა... საოცარია! მხოლოდ შენ გყვარებივარ ჭეშმარიტი, უანგარო და გულრწფელი სიყვარულით. ახლა მესმის, შენი ეგოიზმისა და უსაზღვრო ეჭვიანობის ყველას და ყველაფრის მიმართ. ჰო, ახლა შენი სისასტიკისაც მესმის, რამეთუ, ეგ სისასტიკე სინამდვილეში შენი ჩემდამი სიყვარული აღმოჩნდა ბოლოს. აი, ახლაც, ჩემს წინ სავარძელში ჩასვენებულხარ, სიამოვნებისაგან ნაბავ თვალებს, კატასავით კრუტუნებ და ძაღლივით მილოკავ მოგონებებს. ჰო, ჩვენ ორნი ვართ ჩემო ერთგულო და უღალატო მეგობარო და სხვა არც არავინ გვჭირდება ამ ადამიანთათვის გამოგონილ სამყაროში. ჩვენ უფრო ძლიერი რამ გვაერთიანებს ვიდრე სიყვარულია, ეს ბედისწერაა და შენ ჩემი სიმარტოვე გქვია.
57 2-ს მოსწონს
|