რაგბი "ორივეს თამამად შეუძლია ელოდოს გამარჯვებას..." - იტალიის რაგბის ფედერაციის პრეზიდენტი ქართველებთან მოახლოებულ შეხვედრას აფასებს 2022, 4 ივლისი, 13:28 საქართველოსა და იტალიის რაგბის ნაკრებებს შორის მატჩს 10 ივლისს ბათუმი მასპინძლობს. იტალიის რაგბის ფედერაციის პრეზიდენტი მარსიო ინოჩენტი საქართველოს ნაკრებს ძლიერ, სტაბილურ გუნდად მიიჩნევს და მასთან მოელის რთულ თამაშს, რომლის სანახავადაც ბათუმში ჩამოვა - ექსკლუზიური ინტერვიუ მან Rugby World Georgia-ს მისცა. გთავაზობთ ნაწყვეტს ამ ინტერვიუდან:
"ბათუმის შეხვედრიდან მოლოდინი ისეთივე გვაქვს, როგორიც ქართველებს - გვინდა მოვიგოთ, თუმცა თავად ქართველ მორაგბეებთან შეხვედრა უკვე სასიხარულოა. ვიცი, რომ თამაში იქნება ძალიან საინტერესო და საკმაოდ რთულიც. საქართველოს რაგბის ნაკრებს რამდენიმე წლის წინ ფლორენციაში ვუმასპინძლეთ, ახლა კი, 10 ივლისს, საქართველოშიც შევხვდებით და ეს ძალიან გვახარებს. ორივე გუნდი საკმაოდ კარგად არის მომზადებული და ორივეს თამამად შეუძლია ელოდოს გამარჯვებას. საქართველოს ნაკრები სტაბილური გუნდია, ფიზიკურად კარგად მომზადებული მოთამაშეებით, რომლებიც შერკინებაშიც გამოირჩევიან და სხვა პოზიციებზეც, - შემთხვევითი არ არის, რომ ბევრი მათგანი საფრანგეთის უმაღლეს დივიზიონში თამაშობს. გყავთ სისწრაფით გამორჩეული სპორტსმენები, როგორიცაა ნინიაშვილი, რომელსაც ინტერესით ვაკვირდები; ასევე ცხრა ნომერი მაღრაძე-აფრასიძე, რომელიც "მონპელიესთან" ერთად საფრანგეთის ჩემპიონი გახდა. საქართველოს ნაკრებში ბევრი შესანიშნავი მოთამაშეა, ძლიერი გუნდია, რომელიც ძალიან მომწონს", - აღნიშნავს მარციო ინოჩენტი და ამბობს, რომ საქართველოში პირველად სწორედ ამ მატჩის გამო ჩამოვა: "საქართველოში არასდროს ვყოფილვარ. მატჩამდე ორი დღით ადრე ჩამოვალ. შესაბამისად, მეტხანს დავრჩები; ჩემი მეგობრისგან, რომელიც რამდენჯერმე იყო საქართველოში, მსმენია, რომ უმშვენიერესი ქვეყანაა. იმედია, მეც შევძლებ უკეთ გავიცნო".
R
153 2-ს მოსწონს
|