სიახლეები
კახეთში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილე სამხედროები სპეციალური მედლებით დაჯილდოვდნენ
2012, 22 სექტემბერი, 20:07
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა საქართველოს პრეზიდენიტს დავალებით შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეები და რეზერვისტები სპეციალური მედლებით “სტიქიასთან ბრძოლაში მამაცობისთვის” დააჯილდოვა. მედლები იმ სამხედრო მოსამსახურეებს და რეზერვისტებს გადაეცათ, რომლებმაც კახეთში სტიქიის შედეგად გამოწვეული ზარალის ლიკვიდაციაში მიიღეს მონაწილეობა.
დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი ვაზიანის მეოთხე ქვეითი ბრიგადის ბაზაზე გაიმართა. ცერემონიალს საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი გენერალ-ლეიტენანტი დევი ჭანკოტაძე და მისი პირველი მოადგილე ბრიგადის გენერალი გიორგი კალანდაძე დაესწრნენ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა სამხედრო მოსამსახურეებს პირადად გადაუხადა მადლობა და აღნიშნა, რომ „ქართული არმია არც ომში და არც მშვიდობიან დროს არც ერთ ადამიანს არ მიატოვებს. კახეთში სტიქიის დროს ქართული ჯარი ბოლომდე იდგა იქ, სადაც სამშობლოს სჭირდებოდა“.
კახეთში სტიქიის შედეგად მოსახლეობისთვის მიყენებული ზარალის ლიკვიდაციის პროცესში თავდაცვის სამინისტროს დანაყოფები მყისიერად ჩაერთვნენ და ზარალის სრულ ლიკვიდაციამდე რეგიონში იმყოფებოდნენ.
ადგილზე მუშაობდნენ IV და V ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეები, სამშენებლო ბრიგადა, საინჟინრო ბატალიონი, ეროვნული გვარდიის დეპარტამენტის კადრირებული ბატალიონის პირადი შემადგენლობა და 1000-ზე მეტი რეზერვისტი. მთლიანობაში სალიკვიდაციო სამუშაოებში 2000-მდე სამხედრო მოსამსახურე იღებდა მონაწილოებას. მოსახლეობის დასახმარებლად ფუნქციონირებდა საველე ჰოსპიტალი. თავდაცვის სამინისტროს სამედიცინო პერსონალი დაზარალებულ მოსახლეობას უფასოდ ემსახურებოდა.