სისხლის სამართალი მონაწილეობდა თუ არა სტალინი საუკუნის ძარცვაში?-კრიმინალური არქივიდან 2022, 26 ივნისი, 11:34 115 წლის წინ, 1907 წლის 26 ივნისს(ძველი სტილით13 ივნისს) ტფილისში (ახლანდელი თბილისი) რუსეთის იმპერიის ისტორიაში ყველაზე დიდი ძარცვა მოხდა. ბოლშევიკების ჯგუფი თავს დაესხა სახელმწიფო ხაზინის კარეტას და დღევანდელ კურსში თუ გადავიყვანთ 16 მილიონ დოლარზე მეტი გაიტაცეს. შეტევას ხელმძღვანელობდა გამოჩენილი ბოლშევიკი სიმონ ტერ-პეტროსიანი, ხოლო ერთ-ერთი თავდამსხმელი იყო საბჭოთა კავშირის მომავალი ლიდერი იოსებ სტალინი. როგორი იყო მისი როლი საუკუნის ძარცვაში და რა ბედი ეწია მოპარულ ფულს ქვემოთ წარმოდგენილ მასალაში გაეცნობით.
ამ ამბიდან ზუსტად 15 წლის შემდეგ 1922 წლის 13 ივნისს, დაახლოებით ღამის ათ საათზე თბილისში ვერის დაღმართზე, სატვირთო მანქანამ ველოსიპედისტი გაიტანა, რომელიც შემხვედრ ზოლში გადავიდა. საბედისწერო დამთხვევით, ეს იყო ერთადერთი მანქანა, რომელიც იმ დროს ქალაქში მოძრაობდა. დარტყმისგან დაზარალებული გადავარდა და თავი ტროტუარზე დაარტყა. მძიმე კრანიოცერებრალური დაზიანებით, უგონო მდგომარეობაში, მამაკაცი გადაიყვანეს მიხაილოვის საავადმყოფოში, სადაც გონზე მოსვლის გარეშე გარდაიცვალა. მეორე დღეს გაზეთებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ თბილისში 40 წლის ასაკში გარდაიცვალა ლეგენდარული რევოლუციონერი სიმონ არშაკ ტერ-პეტროსიანი, რომელიც რევოლუციურ წრეებში ამხანაგი კამოს ან გიჟი კამოს სახელით იყო ცნობილი. მოგვიანებით გავრცელდა ჭორები, რომ კამოსთვის საბედისწერო სატვირთო მანქანა შეიძლება შემთხვევით არ გამოჩენილიყო, არამედ 15 წლით ადრე მომხდარი ძარცვის გამო, რომელშიც კამოსთან ერთად ზოგი ვერსიით მე-20 საუკუნის ყველაზე ცნობილი ქართველი იოსებ სტალინი მონაწილეობდა. " ნაძარცვის ძარცვა"1907 წლისთვის რუსეთის პირველმა რევოლუციამ, რომელიც 1905 წლიდან მძვინვარებდა, დაკნინება დაიწყო, მაგრამ რევოლუციურმა პარტიებმა არ შეამცირეს თავიანთი აქტივობა. ცარისტული ხელისუფლების წინააღმდეგ შეიარაღებული ბრძოლის გასაგრძელებლად ფული იყო საჭირო, უშიშროების ძალები მოსასყიდათ, პროპაგანდისტული ლიტერატურის დასაბეჭდად და გასავრცელებლად, ყალბი დოკუმენტების დასამზადებლად და იარაღის შესაძენად. იმდროინდელი რუსეთის იპერიის რევოლუციონერების შემოსავლის მთავარი წყარო იყო ექსპროპრიაციები(ექსი), ფაქტობრივად, სახელმწიფო დაწესებულებების ძარცვა. ისინი განსხვავდებოდნენ ჩვეულებრივი ძარცვისაგან მხოლოდ იმით, რომ მთელი შემოსავალი მიდიოდა არა შემსრულებლების ჯიბეში, არამედ რევოლუციურ სალაროში. 1917 წლის ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ ვლადიმერ ლენინმა შეცვალა რთული ტერმინი „ექსპროპრიაცია“ უფრო გასაგები ლოზუნგით „გაძარცვეთ ნაძარცვი“. "მე ვერ ვპოულობ ცუდს ლოზუნგში „გაძრაცვეთ ნაძარცვი“, როდესაც სცენაზე ისტორია შემოდის. თუ ვიყენებთ სიტყვებს „ექსპროპრიაცია“, „ექსპროპრიატორები“, მაშინ რატომ არ შეიძლება ეს ლათინური სიტყვების გარეშე?" ვლადიმერ ლენინი. 1918 წლის 29 აპრილი კამომეხუთე კონგრესამდე ბოლშევიკთა ელიტამ 1907 წლის აპრილში ბერლინში ჩაატარა შეხვედრა, რათა მოეწყო დისკუსია ძარცვის ორგანიზებასთან დაკავშირებით, რომლიდანაც მიღებული ფული იარაღის შესყიდვაზე დაიხარჯებოდა. შეხვედრაზე მყოფმა პირებმა, მათ შორის ლენინმა, კრასინმა, ბოგდანოვმა, სტალინმა და ლიტვინოვმა გადაწყვიტეს, რომ სტალინს, თავისი ძველი ფსევდონიმით, "კობათი" მის "მოსწავლე-რევოლუციონერებს" შორის ბავშვობის მეგობართან, წარმოშობით გორელ სიმონ ტერ-პეტროსიანთან ერთად, რომელიც სამხედრო რევოლუციური რაზმის მეთაური გახდა, უნდა მოეხდინა ძარცვა. ფოტოზე: კამო(სიმონ ტერ-პეტროსიანი)"სიმონ არშაკოვიჩ ტერ-პეტროსიანმა მეტსახელი სტალინმა დაარქვა მათი ერთობლივი მშფოთვარე მოღვაწეობის წლებში...სიმონი რუსულად მკვეთრი აქცენტით ლაპარაკობდა: «Камо отнэсти? Камо атдать?" ასე დაერქვა მას პარტიული მეტსახელი " კამო" სომეხი პუბლიცისტი ედუარდ აიანიანი ძარცვაიმ დროისთვის 29 წლის სტალინი ტფილისში თავის ცოლთან, ეკატერინესთან და ახალდაბადებულ შვილთან, იაკობთან ერთად ცხოვრობდა. მას უკვე ჰქონდა გამოცდილება ორგანიზებულ ძარცვებში, რისი წყალობითაც მან სახელი გაითქვა როგორც ცენტრის საუკეთესო ფინანსისტმა. სტალინზე ოთხი წლით უმცროს ტერ-პეტროსიანს ჰქონდა დაუნდობელი ადამიანის რეპუტაცია. მოგვიანებით, მან ადამიანს მკერდიდან გულიც კი ამოაჭრა. ძარცვის დროს ტერ-პეტროსიანი სათავეში ჩაუდგა კრიმინალურ დაჯგუფებას — სტალინი მას აღწერდა როგორც შენიღბვის ოსტატს, ხოლო ლენინი კი მას კავკასიელ ბანდიტს ეძახდა.13 ივნისს, დაახლოებით დილის 10:30 საათზე, სახელმწიფო ბანკის ტფილისის ფილიალი დატოვა ფაეტონმა, რომელშიც ბუღალტერმა და მოლარემ ჩადეს ორი ფუთა, რომელშიც 350 000 მანეთი იდო (დღევანდელი მსყიდველობითი კურსით 16 მილიონ დოლარზე მეტი). მათ თან ორი კაზაკი ახკდათ, უკან მოჰყვებოდათ მეორე ფაეტონი ბანკის დაცვის თანამშრომელთან და შაშხანებით შეიარაღებულ ორ ჯარისკაცთან ერთად. რამდენიმე ცხენოსანი კაზაკი მეორე ფაეტონს მოყვებოდა: დაცვა გააძლიერეს, რადგან სიგნალი მიუვიდათ შესაძლო თავდასხმის შესახებ . თავდასხმას 20-მდე პიროვნება მონაწილეობდა, რომელთა უმეტესობა ჩვეულებრივ გლეხის ფორმებში იყვნენ გამოწყობილები. კუპრიაშვილმა მძარცველებს სიგნალი მისცა, რის შემდეგადაც მათ ეტლს ჭურვებით შეუტიეს, რამაც გამოიწვია ბევრი ცხენისა და ადამიანის დაღუპვა. ამის შემდეგ ისინი სხვა მცველების განადგურებას შეუდგნენ. ჭურვებს ყველა მიმართულებით ისროდნენ. გაზეთი "ისარი" წერდა: „არავის შეეძლო ეთქვა, თუ რამ გამოიწვია საშინელი ხმა — იარაღის სროლამ თუ ჭურვების აფეთქებამ... ხმებმა მთელ ქალაქში პანიკა გამოიწვია... თითქმის მთელი ქალაქის ფარგლებში ხალხმა სირბილი დაიწყო, დაქროდნენ ეტლები და საზიდრები“. აფეთქებები ისეთი ძლიერი იყო, რომ ახლოს მდებარე ყველა კვამლსადენი გადაყირავდა, ხოლო ერთი მილით დაშორებული ყველა სარკმელი გატყდა.“ კატო სვანიძე, სტალინის ცოლი პატარა იაკობთან ერთად მოედანთან ახლოს მდებარე სახლის აივანზე იდგა, აფეთქებების შემდეგ კი სახლში შევიდა. ერთ-ერთმა დაჭრილმა ცხენმა, რომელიც დილიჟანსს იყო მიბმული, გაიქცა და ფულიც თან გაიყოლა. მას კუპრიაშვილი, კამო და კიდევ ერთი მძარცველი, დათიკო ჩიბრიაშვილი დაედევნა.კუპრიაშვილის მიერ ნასროლმა ჭურვმა ცხენის ფეხები ააფეთქა, თუმცა, აფეთქების დიაპაზონში იგი თვითონაც მოჰყვა, რის გამოც მიწაზე დაეცა. გონზე მოსვლა და გაქცევა მან დამატებითი სამხედრო ძალების მოსვლამდე მოახერხა.დილიჟანსიდან ფული ჩიბრიაშვილმა გაიტაცა, ხოლო სხვა მძარცველმა ფული კამოს ფაეტონში გადატვირთა. სიჩქარის გამო მათ გზაში 20 000 რუბლი დატოვეს, რომელთა ნაწილიც დილიჟანსის მძღოლმა მიისაკუთრა, რის გამოც იგი მოგვიანებით დააკავეს. კამოს გაქცევა და ტერაქტის შედეგებიფულის ხელში ჩაგდების შემდეგ, კამომ სწრაფად დატოვა მოედანი, ხოლო პოლიციის ეტლთან შეხვედრისას მან თავისი თავი კავალერიის კაპიტნად გაასაღა და დაიყვირა: ფული უსაფრთხოდაა. გაიქეცით მოედნისკენ.პოლიცმაისტერი ბალაბანსკი ასეც მოიქცა და მხოლოდ მოგვიანებით გააცნობიერა, რომ იგი გაქცეულმა მძარცველმა გააცურა. ამის შემდეგ კამო წავიდა ბანდის შტაბ-ბინაში, სადაც ტანსაცმელი გამოიცვალა. მალევე ყველა მძარცველი სხვადასხვა ადგილას გაიფანტა, მათი დაპატიმრება კი ვერ მოხერხდა. ერთ-ერთმა მძარცველმა, ელისო ლომინაძემ, მასწავლებლის ტანსაცმელი ჩაიცვა და მოგვიანებით მოედანზე დაბრუნდა, რათა ხოცვა-ჟლეტისთვის ეყურებინა. მოედანზე მოკლულ მცველებთან და ცხენებთან ერთად კიდევ ორმოცდაათი დაჭრილი ადამიანი იყო. ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მხოლოდ 3 ადამიანი გარდაიცვალა, თუმცა, ოხრანკის საიდუმლო არქივების მიხედვით, სინამდვილეში 40 ადამიანი დაიღუპა. სახელმწიფო ბანკში ზუსტად არ იცოდნენ, თუ რამდენი ფული დაიკარგა ძარცვის შედეგად. საუკეთესო პროგნოზი იყო 341, 000 რუბლი, დაახლოებით 91, 000 რუბლი პატარა კუპიურებით იყო შეკრებილი, დარჩენილები კი იყო 500 რუბლიანი ბანკნოტები, რომელთა გადაცვლაც რთული იყო, რადგანაც პოლიციამ მათი სერიული ნომრები იცოდა.საუკუნის ძარცვა და სტალინიდღემდე ზუსტად დაუდგენელია, მონაწილეობდა თუ არა სტალინი უშუალოდ თავდასხმაში, მოწმეები ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებებს იძლევიან, ამიტომ დღემდე ეს საკითხი მკვლევარებისათვის გამოცანად დარჩა. ერთ-ერთი წყაროს თანახმად, სტალინმა პირველმა ისროლა ბომბი კნიაზ სუმბატოვის სასახლის სახურავიდან, რომელსაც უამრავი ადამიანი შეეწირა. მან, სავარაუდოდ, პირადად ესროლა მაუზერიდან პოლიციელს და თავადვე დაიჭრა წარუმატებლად ნასროლი ბომბის ფრაგმენტით. კამომ მოგვიანებით აღნიშნა, სტალინს ძარცვაში აქტიური მონაწილეობა არ მიუღია და ყველაფერს დისტანციიდან აკვირდებოდაო. კიდევ ერთი წყაროს მიხედვით, სტალინი დაუნდებელ ხოცვა-ჟლეტას კერძო სახლის აივნიდან სიგარეტით ხელში აკვირდებოდა. სხვა მომწემ თქვა, რომ ძარცვის დღეს სტალინი მოედანზე კი არა, რკინიგზის სადგურზე იმყოფებოდა. სტალინის ცოლისდის თქმით, ძარცვის დღეს სტალინი სახლში გვიან ღამით მივიდა და ოჯახს წარმატებული ძარცვის შესახებ უთხრა. ერთადერთი რა ნამდვილია და ოფიციალური დოკუმენტებით დასტურდება, 1904 წლის ბოლოდან, ან 1905 წლის პირველი თვეებიდან სტალინმა მონაწილეობა მიიღო ექსპროპრიაციების გეგმების შედგენაში და რომ ტფილისში ჩატარებული ძარცვისას ჯგუფის პირველად გეგმებს იგი „კულისებიდან აკონტროლებდა". ძარცვიდან რამდენიმე დღის შემდეგ ოხრანკის აგენტმა მუხთაროვმა სტალინი საიდუმლო ბინაში დაკითხა. აგენტებს გააჩნდათ ინფორმაცია, რომ ვიღაცებმა დაინახეს, თუ როგორ უთვალთვალებდა სტალინი ძარცვის პროცესს. მუხთაროვის კითხვაზე, თუ რატომ არ შეატყობინა მას ძარცვის შესახებ, სტალინმა უპასუხა, რომ ძარცვის თავიდან აცილებისთვის მან ხელისუფლებას ადეკვატური ინფორმაცია მიაწოდა. დაკითხვა გადაიზარდა ცხარე კამათში; მუხთაროვმა სტალინს სახეში დაარტყა, რის შემდეგაც იგი ოხრანკის სხვა ოფიცრებმა შეაკავეს. ინცინდენტის შემდეგ მუხთაროვი ოხრანკადან გააგდეს, ხოლო სტალინს ტფილისის დატოვება და ბაქოში დარჩენა უბრძანეს, სადაც იგი საქმის შედეგს უნდა დალოდებოდა. სტალინმა ბაქო მოპარული 20, 000 რუბლით 1907 წლის ივლისში დატოვა. კამოს დაპატიმრება, სიგიჟის სიმულაციანაძარცვ ფულს ტფილისში სტალინის მეგობრების, მიხა და მარო ბოჭორიძეების სახლში ინახავდნენ. ფული მატრასში ჩააკერეს და მისი გადაადგილება და შენახვა ყოველგვარი ეჭვის გარეშე იყო შესაძლებელი.შემდეგ მატრასი სხვა, უსაფრთხო სახლში გადაიტანეს, მოგვიანებით კი ტფილისის მეტეოროლოგიური ობსერვატორიის დირექტორის დივანზე დადეს, სავარაუდოდ იმიტომ, რომ თვითონ სტალინიც იქ მუშაობდა.ზოგიერთი წყარო ამტკიცებს, რომ სტალინმა პირადად მიიღო მონაწილეობა ფულის ობსერვატორიაში გადატანაში. ობსერვატორიის დირექტორმა განაცხადა, რომ არასდროს იცოდა მოპარული ფულის მის დივანზე შენახვის შესახებ. ფულის დიდი ნაწილი კამოს განკარგულებაში იყო, რომელმაც იგი ლენინს ფინეთში (იმ დროისთვის — რუსეთის იმპერიის ნაწილი) წაუღო და დანარჩენი ზაფხული მან ლენინთან ერთად მის აგარაკზე გაატარა. იმავე შემოდგომაზე კამომ იმოგზაურა პარიზში, ბელგიაში (სადაც მან საბრძოლო მასალა შეიძინა) და ბულგარეთში (იქ მან 200 დეტონატორი შეიძინა). მოგზაურობის შემდეგ კამო ბერლინში შეხვდა ცნობილ ბოლშევიკ ექიმს იაკობ ჟიტომირსკის და ლენინის წერილი გადასცა, სადაც იგი მას კამოს ჯერ კიდევ ტრავმირებული თვალის მკურნალობას სთხოვდა. ლენინმა არ იცოდა, რომ ჟიტომირსკი რუსეთის ხელისუფლების საიდუმლო აგენტი იყო და რომ მან კამოს შესახებ ოხრანკას შეატყობინა, რომელმაც გერმანელ კოლეგებს კამოს დაპატიმრება სთხოვა. დაკავების დროს კამოს თან ჰქონდა ყალბი ავსტრიული პასპორტი და ჩემოდანი დეტონატორებით, რომელთა გამოყენებასაც იგი სავარაუდოდ სხვა ძარცვაში აპირებდა. დამატიმრების შემდეგ კამოს სიკვდილით დასჯა ელოდა, თუმცა თავისი ადვოკატის, ოსკარის კონის შუამავლობით კრასინისგან წერილი მიიღო, რომელშიც იგი კამოს შეშლილის განსახიერებას ურჩევდა და კამომაც დაიწყო თამაში. სიგიჟის დემონსტრირებისას კამო უარს ამბობდა საჭმელზე, იხევდა თავის ტანსაცმელს თმებს, სცადა თავის ჩამოხრჩობა, გადაიჭრა ვენები და თავისი ფეკალიებიც კი შეჭამა. კამოს შეშლილობაში დასარწმუნებლად გერმანელმა ექიმებმა მის ფრჩხილებქვეშ ქინძისთავებით უჩხვლიტეს, ზურგში გრძელი ნემსი შეარჭეს და ცხელი რკინით დადაღეს, თუმცა კამოს არ შეუწყვეტია შეშლილის თამაში. ამ შემოწმების შემდეგ ბერლინის ფსიქიატრიული საავადმყოფოს მთავარმა ექიმმა დაწერა, რომ "არ გვაქვს არანაირი მიზეზი იმისთვის, რომ ეჭვი შევიტანოთ კამოს შეშლილობაში. ცხადია, რომ იგი ფსიქიკურად დაავადებულია, რის გამოც იგი არ არის სასამართლოს წინაშე წარდგომის ან სასჯელის მოხდის მდგომარეობაში. საეჭვოა, რომ იგი სრულად გამოჯანმრთელებას შეძლებს." ასე გადაურჩა სიკვდილით დასჯას კამო.აღსანიშნავია, რომ ძარცვის ორგანიზატორებიდან მხოლოდ კამო გაასამართლეს. თუ თავიდან გაუგებარი იყო, თუ ვინ მოაწყო ძარცვა, მისი დაპატიმრების შემდეგ ცხადი გახდა, რომ მოვლენებში ბოლშევიკები იყვნენ ჩარეულნი ლენინის გაქცევა და ბანკნოტების გადაცვლაკამოს დაპატიმრების შემდეგ ლენინს გაუჩნდა შიში, რომ მას და მის ცოლსაც დააპატიმრებდნენ და ფინეთიდან გაიქცა. მას ასევე ეშინოდა, რომ მას დაედევნებოდნენ, რის გამოც უახლოეს კუნძულზე გასამგზავრებლად გემის ძებნაში ღამით მან გაყინულ ტბაზე 4, 8 კილომეტრი გაიარა. გზაში მას და მის ორ თანამგზავრს ყინული ჩაუტყდათ და კინაღამ დაიხრჩვნენ; მოგვიანებით ლენინმა აღნიშნა, რომ ეს სიკვდილისთვის სულელური გზა იყო. ფინეთიდან ის და მისი ცოლი შვეიცარიაში გადავიდნენ. ფოტოზე: ლენინი და მისი მეუღლე ნადეჟდა კრუპსკაია უნომრო ბანკნოტების გადაცვლა ადვილი იყო, თუმცა 500-რუბლიანი კუპიურების სერიული ნომრები ხელისუფლებისთვის ცნობილი იყო, რის გამოც მათი რუსულ ბანკებში გადაცვლა შეუძლებელი გახდა.1907 წლისთვის ლენინმა მათი გადაცვლა საზღვარგარეთ გადაწყვიტა. კრასინმა და მისმა ფალსიფიკატორმა ზოგიერთი სერიული ნომრის შეცვლა სცადეს, ხოლო ორასი 500-რუბლიანი ბანკნოტის ტრანსპორტირება მარტინ ლიადოვმა მოახდინა (ისინი მის ჟილეტში ლენინმა და მისმა ცოლმა ჩააკერეს). ლენინის გეგმის მიხედვით, რამდენიმე ადამიანს მთელი ევროპის ფარგლებში 500-რუბლიანი ბანკნოტები უნდა გადაეცვალა. ჟიტომირსკიმ ამის შესახებ იცოდა და ოხრანკას შეატყობინა, [38] ოხრანკამ კი ევროპის პოლიციას ბანკნოტების გადაცვლის მოსურნე ყველა ადამიანის დაპატიმრება სთხოვა.[38] 1908 წლის იანვარში დააპატიმრეს ადამიანები, რომლებსაც ბანკნოტების გადაცვლა სურდათ. The New York Times იტყობინებოდა, რომ ერთ-ერთმა ქალმა, რომელიც ბანკნოტის გადაცვლას ცდილობდა, პოლიციის გამოძახების შემდეგ ბანკნოტის შეჭმა გადაწყვიტა. პოლიციამ იგი შეაჩერა: სამართალდამცავებმა მას ყელში ხელი წაავლეს, უკან ამოიღეს ფული, შემდეგ კი ის და მისი თანამზრახველები დააპატიმრეს. სხვებისგან განსხვავებით, გაუმართლა მაქსიმ ლიტვინოვს, რომელიც პარიზში საყვარელთან ერთად დააპატიმრეს. იგი მატარებელში 12 ცალი 500 რუბლიანი-ბანკნოტით ჩაჯდომას და ლონდონში გამგზავრებას ცდილობდა.ფრანგებმა, მიუხედავად რუსეთის ხელისუფლების ექსტრადირების მოთხოვნისა, ლიტვინოვი საფრანგეთიდან უბრალოდ გააგდეს. ოფიციალურად საფრანგეთის ხელისუფლებაში განაცხადეს, რომ რუსეთმა ექსტრადირება ზედმეტად გვიან მოითხოვა, თუმცა, სხვა ვერსიით, მათ უარი თქვეს ექსტრადიციაზე, რადგან ფრანგმა სოციალისტებმა პოლიტიკური ზეწოლის გზით ლიტვინოვის განთავისუფლება მოახერხეს. ფოტოზე: მაქსიმ ლიტვინოვი რუბრიკა "კრიმალური არქივიდან" იხილეთ <<ამ ბმულზე484 2-ს მოსწონს
|