x
ანეგდოტი ცხოვრებიდან: სასამართლო
imageფოტო ღია წყაროებიდან: საბჭოთა სასამართლო



ანეგდოტი ცხოვრებიდან: სასამართლო

(ჩაწერილია კობა ხარაბაძის მონათხრობის მიხედვით)




დედაჩემი სულ მუშაობდა. დედა, ჩემი საყვარელი დედა.


დედაჩემი ქუთაისის ტრიკოტაჟის ფაბრიკაში მკერავად მუშაობდა. ხშირად ხდებოდა, რომ გადაბმულად ორ ცლაში იმუშავებდა. ერთ ცვლას რომ იმუშავებდა, სახლში მოვიდოდა, ცოტას დაისვენებდა, დაახლოებით ერთ საათს, შემდეგ უკან ბრუნდებოდა, შეღავათი გვქონდა, იქვე, ფაბრიკის ახლოს ვცხოვრობდით, და მეორე ცვლაში გააგრძელებდა მუშაობას. რამდენსაც შეძლებდა, ასე მუშაობდა ორ-ორ ცვლაში გადაბმულად. მერე, ძალიან რომ დაიღლებოდა, ერთ ცვლაში დაიწყებდა მუშაობას. შემდეგ, ძალებს რომ მოიკრებდა, ისევ ორ-ორ ცვლაში გააგრძელებდა მუშაობას.


მამაჩემი სულ ლოთობდა.


გარედან ისე სჩანდა, რომ თითქოს მამაჩემიც მუშაობდა. მაგრამ ოჯახისთვის არ იყო. იმდენ ფულს აკეთებდა, სასმელი ეყიდა და დაელია. დღე და ღამე მთვრალი იყო.


მამაჩემის გამო სასმელი დღემდე არ მიყვარს, სულ მთვრალი იყო საწყალი.


1988 წელი იყო. 17 წლის ვიყავი. მალე ჩემი სასამართლო პროცესი უნდა ჩატარებულიყო. პირობითი უნდა მოეცათ.


როგორც არასრულწლოვანს, ჩემს სასამართლოს რომელიმე მშობელი, ან დედა, ან მამა, უნდა დასწრებოდა.


სასამართლო სხდომა უკვე რამდენჯერმე გადაიდო იმის გამო, რომ სასამართლოში ვერც ერთი მშობელი ვერ მოვიყვანე. ვერც დედა და ვერც მამა.


დედა სულ მუშაობდა, მამა სულ მთვრალი იყო.


ბოლოს მოსამართლემ მითხრა, ან რომელიმე მშობელი მოიყვანე, ან ციხეში გაგიშვებო. ახლა კი ვხვდები, რომ მაშინებდა, მაგრამ მაშინ პატარა ვიყავი, და შევშინდი.


იძულებული გავხვდი. მორიგი სასამართლო სხდომის დღეს მამაჩემი ლოგინიდან ავაყენე. არ დავალევინე. მივიყვანე სასამართლოს შენობაში. დავსვი სკამზე სასამართლოს სდომათა დარბაზის წინ კარების გვერდით.


რამდენიმე წუთში სასამართლო სხდომა უნდა დაწყებულიყო.


შევედი სასამართლოს სხდომათა დარბაზში.


სასამართლოს სხდომა დაიწყო.


მოსამართლემ მკითხა:


— რა ქენი, მოიყვანე ბოლოს და ბოლოს მშობელი?


— კი, — ვუთხარი, — მამა მოვიყვანე.


— კარგი, — მითხრა —, ბოლოს და ბოლოს მოვიდა. გადი ახლა გარეთ, და დაუძახე მამაშენს, შემოვიდეს.


გავედი გარეთ, და სად არის მამა.


მივხვდი მაშინვე, სადაც იქნებოდა.


მაღაზია იქვე იყო, სასამართლოს სიახლოვეში.


ჩავედი მაღაზიაში.


არაყი უკვე დალეული ჰქონდა.


უკვე მთვრალი იყო.


ფეხზე ძლივს იდგა.


რა მექნა. ამოვკიდე ხელი და დიდი გაჭირვებით ამოვიყვანე მეორე სართულზე. მივიყვანე კარებთან. მივაყუდე კარებს.


ჯერ მე შევედი. მოსამართლეს ვუთხარი:


— აგერ არის მამაჩემი.


და ამ დროს კარები მამაჩემმა შემოაღო.


ჩემგან დაიწყო:


— შენი დედაც...


შემდეგ თითი გაიშვირა. ჯერ მოსამართლისკენ, შემდეგ ერთი სახალხო მსაჯულისკენ, შემდეგ მეორე სახალხო მსაჯულისკენ, შემდეგ სასამართლოს სხდომის მდივნისკენ, შემდეგ პროკურორისკენ, შემდეგ ადვოკატისკენ.


სათითაოდ მიმართავდა, თითის გაშვერით ეუბნებოდა:


— შენიც...


— შენიც...


— შენიც...


— შენიც...


— შენიც...


— შენიც...


შემდეგ, რაც ძალა და ღონე ჰქონდა, მიიბრახუნა კარები.


შენობის კედლები შეზანზარდა.


პირი გადამიშრა.


კინაღამ ვიტირე.


მიხვდა ყველა, რაშიც იყო საქმე.


მოსამართლემ თანაგრძნობით მითხრა:


— ვაი შე საცოდავო...


რამდენიმე წუთში ყველაფერი მოაგვარეს.


მამაჩემის ხელის მოწერა არ მოუთხოვიათ.


საერთოდ არ უხსენებიათ მამაჩემი.



(ჩაწერილია კობა ხარაბაძის მონათხრობის მიხედვით)




კახაბერ როდინაძე, ადვოკატი (ბათუმი, აჭარა, საქართველო)

15.06.2022


0
238
1-ს მოსწონს
ავტორი:კახაბერ როდინაძე ადვოკატი
კახაბერ როდინაძე ადვოკატი
238
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0