x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134547
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508609
ყველაზე საინტერესო ფაქტები ფულის შესახებ
ფული ხელის ჭუჭყიაო, ამბობენ, მაგრამ მის გარეშე ცხოვრება შეუძლებელია. ფული უკვე რამდენიმე ათასწლეულია, ჩვენი ცხოვრების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს. ფული გვხვდება ბანკნოტების სახით, მონეტების სახით და ახლა უკვე ციფრული ჩანაწერების სახითაც, სმარტფონებსა თუ კომპიუტერებში. ფული რომ არ არსებობდეს, სასურველი ნივთების თუ მომსახურების მისაღებად ყოველდღიურად უზარმაზარი შრომა და ძალისხმევა დაგვჭირდებოდა.


ამ სტატიაში შევეხებით საინტერესო ფაქტებს ფულის შესახებ, რაც ყველამ არ იცის:


1. შენობა-ნაგებობები, რომლებიც ევროს ბანკნოტებზეა გამოსახული, ნამდვილი არ არის


ევროს ბანკნოტები 2002 წლის პირველ იანვარს ჩაეშვა მიმოქცევაში. თითოეული ბანკნოტის პირველ გვერდზე დატანილია ჭიშკრების და ფანჯრების გამოსახულებები, რაც ღიაობას განასახიერებს, ხოლო უკანა მხარეს დატანილია ხიდების გამოსახულებები, რაც სიმბოლურად ქვეყანათა შორის კავშირს გამოხატავს. თუმცა ეს მოტივები რეალურად არ არსებობს. ისინი გამოგონილია, რადგან რომელიმე ქვეყნის მოტივები რომ დაეტანათ რომელიმე ბანკნოტზე, შესაძლოა, სხვა ქვეყნების მოქალაქეებს თავი დამცირებულად ეგრძნოთ და ამიტომ ამისგან თავი შეიკავეს.



როცა საქართველო (და იმედია მოგვიანებით სომხეთიც) ევროზონას ოფიციალურად მიუერთდებიან, ახალ ბანკნოტებსა და მონეტებზე ქართული და სომხური წარწერები გაჩნდება ზუსტად იმ ზომის შრიფტით, რამხელაც არის კირილიცა და ბერძნული და ლათინური ანბანები. ფონტის თანაბარი ზომა და მისი ერთგვაროვნებაც არ არის შემთხვევითი და ესეც იმისთვის არის საჭირო, რომ რომელიმე ქვეყანამ თავი დამცირებულად არ იგრძნოს (შედარებისთვის საბჭოთა ბანკნოტებზე თითქმის ყველა წარწერა რუსულ ენაზე იყო გაკეთებული და მათზე ასახული მოტივებიც რუსული იყო, რის გამოც ქართველები სრულიად სამართლიანად ვგრძნობდით თავს დამცირებულად. საბჭოთა ბანკნოტები იმ უთანასწორობას ასახავდა, რაც სხვადასხვა საბჭოთა რესპუბლიკათა შორის არსებობდა).


2. მსოფლიოს ყველაზე მცირე ზომის ბანკნოტი


ფული


გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნის თანახმად მსოფლიოს ყველა დროის ყველაზე მცირე ზომის ბანკნოტი არის 1917 წელს, რუმინეთში გამოსული ბანი. ბანკნოტი 33X45 მილიმეტრის ზომისაა და საფოსტო მარკას ჰგავს. ის პირველი მსოფლიო ომის პირობებში დაბეჭდეს, გადაუდებელი აუცილებლობის შედეგად. რადგან მონეტების მოსაჭრელად მაშინ რუმინეთს საკმარისი ლითონი არ ჰქონდა, წვრილი ფულიც ქაღალდისგან დაბეჭდეს. მსოფლიოს ყველაზე მცირე ზომის ბანკნოტები მეორე მსოფლიო ომამდე იყო მიმოქცევაში.


3. მსოფლიოს ყველაზე დიდი ზომის ბანკნოტი


ფული


ეს ბანკნოტი ფილიპინებზეა დამზადებული და ის A4 ქაღალდის ზომისაა. ეს არის 100, 000 პესოს ნომინალის ბანკნოტი და ის დამოუკიდებლობის 100 წლისთავთან დაკავშირებით დაბეჭდეს. თუმცა ეს ბანკნოტი არ არის მიმოქცევაში, რადგან ის სულ 1000-იანი ტირაჟით არის გამოსული. ამიტომ მისი საკოლექციო ღირებულება ძალიან მაღალია.


4. მსოფლიოს ყველაზე დიდი ზომის მონეტა


ფული


მას “წითელი კენგურუ” ეწოდება და ის რაღა თქმა უნდა ავსტრალიურია. მონეტა სუფთა ოქროსგან შედგება, 80 სანტიმეტრის დიამეტრი და 12 სანტიმეტრის სისქე აქვს. იწონის ერთ ტონას და მისი ღირებულება 30 მილიონ ევროს შეადგენს.


5. “ხელის ჭუჭყი”


ნიუ იორკის უნივერსიტეტის მკვლევარებმა “ჭუჭყანი ფულის პროექტის” ფარგლებში ბანკნოტებზე 3000-მდე სახეობის დნმ-ის მასალა, ბაქტერია და სოკო აღმოაჩინეს. იპოვეს როგორც ფეკალური ბაქტერიები, ასევე თქვენ წარმოიდგინეთ, მარტორქის დნმ-იც კი!


საქართველოში ყველაზე ჭუჭყიანი 5-ლარიანი ბანკნოტია, რისი მიზეზიც ის გახლავთ, რომ მცირე ნომინალის ბანკნოტები უფრო ხშირ მიმოქცევაშია და უფრო მეტ ადამიანს უწევს მათთან შეხება.

0
455
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
455
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0