საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატებს შორის თავდაცვის სფეროში მიღწეული ექვსპუნქტიანი გეგმის პრაქტიკული განხორციელებისათვის, საქართველოს ოფიციალური ვიზიტით სპეციალური ექსპერტთა ჯგუფი იმყოფებოდა. ექვსპუნქტიანი გეგმის იმპლიმენტაციით, აშშ-საქართველოს თანამშრომლობა თავდაცვის სფეროში ახალ ეტაპზე გადადის. თავდაპირველად ამერიკელი ექსპერტები საქართველოს საჰაერო შესაძლებლობების გაძლიერებაში დაეხმარებიან.
ამერიკელი ექსპერტების ვიზიტის მიზანს საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების ადგილზე შესწავლა და პოტენციური საშიშროებიდან გამომდინარე არსებული მდგომარეობის ანალიზი წარმოადგენდა.
პირველ ეტაპზე, სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში ექსპერტებმა საქართველოს საჰაერო თავდაცვის პოტენციალი შეისწავლეს. შეხვდნენ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებული შტაბის მაღალჩინოსნებს. ექსპერტებმა ასევე მოინახულეს სხვადასხვა დანიშნულების სამხედრო ობიექტებიც. მეორე ეტაპზე ამერიკელი ექსპერტები საქართველოს საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერების დოქტრინის შემუშავებაზე დაიწყებენ მუშაობას, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებას, გაზრდასა და განვითარებას. ამერიკელი ექსპერტების მიერ შემუშავებულ დოქტრინაში დეტალურად იქნება გაწერილი ის გასატარებელი ღონისძიებები, რომელთა განხორციელებითაც საქართველოს საჰაერო თავდაცვითი შესაძლებლობების გაზრდა და განვითარება მოხდება.
მესამე ეტაპზე კი ამერიკელი ექსპერტები შეიმუშავებენ დოქტრინას და მოხდება სამოქმედო გეგმის განვითარება.
ექვსპუნქტიანი შეთანხმების ფარგლებში, ქვეყნის უსაფრთხოებისთვის უმნიშვნელოვანესი როლი ენიჭება თანამშრომლობას საჰაერო თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებაში, თავდაცვით საბრძოლო საინჟინრო სფეროში, დამხმარე ვერტმფრენების პარკის მოდერნიზებაში მხარდაჭერას. აშშ-სა და საქართველოს შორის გაღრმავებული სამხედრო თანამშრომლობა მოიცავს წვრთნას, განათლებას, გამოცდილების გაზიარებას და სამხედრო აღჭურვილობით უზრუნველყოფას.
ექვსპუნქტიანი გეგმის განხორციელებას უმნიშვნელოვანესი როლი აქვს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გაძლიერებაში. აშშ-საქართველოს შორის მიღწეული შეთანხმების იმპლემენტაციით საქართველოს უსაფრთხოება დაცული იქნება სამივე მიმართულებით - ჰაერიდან (საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების განვითარებით), წყლიდან (სანაპირო დაცვის კონტროლით) და ხმელეთიდან (საინჟინრო მიმართულების გაძლიერებით). ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისა და თავდაცვისუნარიანობის გაზრდა სამივე მიმართულებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ახალი 3T კონცეფციის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტის - ტოტალური თავდაცვის შემადგენელი ნაწილია.