მუსიკა დიდებული პიანისტი და შესანიშნავი ადამიანი ლექსო თორაძე გარდაიცვალა 2022, 11 მაისი, 23:07 დიდებული პიანისტი და შესანიშნავი ადამიანი, საქართველოს სიამაყე ლექსო თორაძე გარდაიცვალა ![]() 1969 წელს პიანისტი მუსიკოს-შემსრულებელთა ამიერკავკასიისა და საკავშირო კონკურსების ლაურეატი გახდა; 1975 წელს იტალიაში ა. კასაგრანდეს სახელობის საერთაშორისო კონკურსში მიიღო III პრემია, ხოლო ამერიკის შეერთებულ შტატებში ვან კლაიბერნის სახელობის საერთაშორისო კონკურსზე – II პრემია. 1983 წლიდან მუსიკოსი ცხოვრობს აშშ-ში და ეწევა ნაყოფიერ საშემსრულებლო და პედაგოგიურ მოღვაწეობას; აღიარებულია როგორც თანამედროვეობის ერთ-ერთი ვირტუოზი პიანისტი; მის შესრულებას ახასიათებს მასშტაბურობა, რომანტიულობა, არტისტული ტემპერამენტი; ხშირად მართავს გასტროლებს უცხოეთის ქვეყნებში; თანამშრომლობს მსოფლიოს გამოჩენილ დირიჟორებთან; რეგულარულად მონაწილეობს ფესტივალებში - სანკტ-პეტერბურგი, ლონდონი, ჩიკაგო, ზალცბურგი, ედინბურგი, როტერდამი და სხვ. ლექსო თორაძის საშემსრულებლო რეპერტუარი მოიცავს სხვადასხვა სტილის ნაწარმოებებს; მუსიკოსმა აღიარება მოიპოვა მოცარტის, ლისტის, პროკოფიევის, რახმანინოვის, სტრავინსკის, ჩაიკოვსკის და სხვ. ნაწარმოებთა შესრულებით; პიანისტის დისკოგრაფია საკმაოდ ვრცელია. მათ შორის აღსანიშნავია, რომ მან დისკზე ჩაწერა შოსტაკოვიჩის ყველა საფორტეპიანო კონცერტი ფრანკფურტის რადიოს სიმფონიურ ორკესტრთან ერთად და ასევე, პროკოფიევის ყველა საფორტეპიანო კონცერტი სანკტ-პეტერბურგის მარიას თეატრის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად ვალერი გერგიევის დირიჟორობით. 1991 წელს ლექსო თორაძე გახდა ქ. საუთ-ბენდის (ინდიანას შტატი) უნივერსიტეტის პროფესორი და აქვე დააარსა საფორტეპიანო სტუდია – Toradze Piano Studio, რომელმაც აღიარება მოიპოვა, როგორც მუსიკალურ-აღმზრდელობითმა ცენტრმა; ამ ცენტრში თავიანთ ოსტატობას სრულყოფენ ახალგაზრდა ნიჭიერი პიანისტები -საქართველოდან, რუსეთიდან, მაკედონიიდან, სერბეთიდან და სხვა ქვეყნებიდან. ლექსო თორაძის მუსიკალური სტუდიის წევრები და აღზრდილები აქტიურ საკონცერტო მოღვაწეობას ეწევიან (აშშ, ავსტრია, დიდი ბრიტანეთი, იტალია, გერმანია, პორტუგალია, საფრანგეთი და სხვ.), მონაწილეობენ პრესტიჟულ ფესტივალებში მსოფლიოს წამყვან ორკესტრებთან და დირიჟორებთან ერთად. 2005 წელს პიანისტი და მისი აღზრდილები საკონცერტო გასტროლებით საქართველოსაც ეწვივნენ. ლექსო თორაძეს ორი ვაჟი ჰყავს – ალექსანდრე და დავითი. დღეს ერთი გუნდს ხელმძღვანელობს, მეორე კი, მამის მსგავსად, პიანისტია. წყარო: 1. მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2007. – გვ. 113 2. გარდაფხაძე, ნარგიზა. ლექსო თორაძე ვაშინგტონში // მუსიკა. - თბილისი, 2011. - N2(4). - გვ.25-31 3. მესხი, ნესტან. ლექსოს დღეები თბილისში // მუსიკა. - თბილისი, 2012. - N1. - გვ.2-4 4. https://en.wikipedia.org/wiki/Alexander_Toradze 5. www.belcanto.ru › Персоналии › Пианисты 6. https://www.mariinsky.ru/company/orchestra/./toradze 76 შეფასება არ არის
|