x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
კატო და იოსები: "ხალხის მამის“ პირველი და უკანასკნელი სიყვარული, რომელმაც ის სტალინად აქცია

image


მიუხედავად იმისა, რომ "ხალხის მამად" წოდებული იოსებ ბესარიონის ძე ჯუღაშვილის პირად ცხოვრებაზე ბევრი რამ არის ცნობილი, მისი პირველი მეუღლის - ეკატერინა (კატო) სვანიძის შესახებ საზოგადოებამ ცოტა რამ თუ იცის. სავარაუდოდ, სწორედ ეს ქალბატონი გახლდათ საბჭოთა ბელადის ერთადერთი და ჭეშმარიტი სიყვარული! ვინაიდან იოსები, რომელმაც პრესტიჟულ სასულიერო სემინარიაში სწავლა მიატოვა და ბოლშევიკური პარტიის რიგებს შეუერთდა, თავისი საყვარელი კატოსთვის ეკლესიაში ქორწინებასაც კი დასთანხმდა.





გაცნობა და ქორწილი


ახალგაზრდა კატო მომავალ მეუღლეს უფროსმა ძმამ გააცნო, რომელიც ერთ დროს იოსებთან ერთად სასულიერო სემინარიაში სწავლობდა. სულ რაღაც სამი დღის შემდეგ შეყვარებულმა იოსებმა დედას თავისი ახალგაზრდა რჩეული წარუდგინა.


image


კეკემ (ასე ეძახდნენ ეკატერინე გიორგის ასულ გელაძეს) შვილის არჩევანი მოიწონა და წყვილი დალოცა კიდეც. მომავალი საბჭოთა დიქტატორისთვის დედის ნებართვა იმ დროს ჯერ კიდევ ძალიან ბევრს ნიშნავდა...


image


ქორწილი 1906 წლის 16 ივლისს, გვიან ღამით, მთაწმინდის მთაზე (სადაც მამადავითის მონასტერი მდებარეობს) გაიმართა. იმ ღამეს უბრალო ტფილისელი გლეხის ქალიშვილი, გორელი მეწაღის ვაჟის კანონიერი ცოლი გახდა.


image


ქორწილი გასაიდუმლოებულ ვითარებაში გაიმართა, ვინაიდან სოსო იმ დროს უკვე თავისი რევოლუციური მოღვაწეობის გამო არც თუ სახარბიელო მდგომარეობაში იყო. მომავალმა საბჭოთა ბელადმა საქორწინო ცერემონიის ჩატარება სასულიერო სემინარიიდან თავის სანდო და ერთგულ თანაკურსელს მიანდო.





რევოლუციონერზე გათხოვება


სულ რაღაც რამდენიმე თვეში ახალგაზრდა ეკატერინამ საკუთარ თავზე გამოსცადა თუ რას წარმოადგენდა რევოლუციონერის ცოლობა. ნოემბრის შუა რიცხვებში პოლიციამ მათ სახლში მიაკითხა - იოსებს ეძებდნენ. ის ბაქოში იმყოფებოდა და ჟანდარმებმა კატოს დაპატიმრება გადაწყვიტეს. ორსულობის მესამე თვეში მყოფი გოგონას დაკავების ფორმალური მიზეზი ის იყო, რომ მან დაუპატიჟებელ სტუმრებს თავისი ძველი (ქალიშვილობის) პასპორტი უჩვენა, თუმცა პატარა ქალაქში მისი ქორწინება საიდუმლოს არავისთვის წარმოადგენდა. კატო დეკემბრის ბოლოს მხოლოდ მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც მისმა ახლობლებმა პეტიცია შეადგინეს. შუამდგომლობას ხელი იოსებმაც მოაწერა, თუმცა არა როგორც მისმა ქმარმა, არამედ როგორც პატიმრის ბიძაშვილმა.


image


1907 წლის მარტის შუა რიცხვებში იოსებს და კატოს ვაჟი შეეძინათ, რომელსაც იაკობი დაარქვეს, მაგრამ სულ რაღაც სამი თვის შემდეგ, ახალგაზრდა ოჯახს სასწრაფოდ მშობლიური ქალაქიდან გაქცევა, ტიფლისის საფოსტო დილიჟანსზე თავდასხმის გამო მოუწია, რომლის მოწყობაც იოსებს ბრალდებოდა. მძარცველებმა დაახლოებით 341 000 ათასი რუბლი გაიტაცეს, რაც იმ დროისთვის უზარმაზარ თანხას წარმოადგენდა. ეტლიდან ამოღებული ყველა კუპიურა წინასწარ იყო მონიშნული, მოგვიანებით ნაძარცვის საზღვარგარეთ გადაცვლის მცდელობისას ბევრი ბოლშევიკი რევოლუციონერი იქნა დაპატიმრებული. დაკავებას სასწაულებრივად მხოლოდ იოსები გადაურჩა, რადგან იმ მომენტში ის ბაქოში იმალებოდა.


image


ახალგაზრდა წყვილს გამუდმებით ყველასგან მალვა უწევდა. კატო დედამთილს სთხოვდა, პატარა იაკობისთვის ყურადღება მიექცია, მაგრამ კეკე კატეგორიულ უარზე იყო. კატომ შვილი ნათესავებთან გაგზავნა, დედამთილზე გულმოსული კი მას - "ბებერს" ეძახდა.





მხოლოდ სიკვდილი თუ დაგვაშორებს...



ბაქოში ეკატერინა სვანიძე მუცლის ტიფით მოულოდნელად დაავადდა. სოსომ ცოლი მშობლიურ ტიფლისში მალულად ჩამოიყვანა, თვითონ კი იძულებული გახდა ისევ ბაქოში მიმალულიყო. საქართველოში ის საყვარელი მეუღლის გარდაცვალებამდე რამდენიმე საათით ადრე დაბრუნდა. კატო სვანიძე მეორე დღეს საყვარელი მეუღლის მკლავებში გარდაიცვალა. მათი ქორწინება ერთ წელზე ნაკლებ ხანს გაგრძელდა, თუმცა თანამედროვეთა მოგონებების თანახმად, იოსებ სტალინს ნამდვილი სიყვარულით მხოლოდ ეკატერინა უყვარდა, მაგრამ იყვნენ ისეთებიც ვინც ამტკიცებდა, რომ იოსები სახლში ხშირად მთვრალი ბრუნდებოდა, ცოლს სცემდა და მას უკანასკნელი სიტყვებით შეურაცხყოფდა.


კუკიის სასაფლაოზე კატოს დაკრძალვის ცერემონიაზე სოსომ თავის ძველ მეგობარს უთხრა: "ეს ნაზი არსება ჩემს ქვასავით უგრძნობ გულს ძალიან ალღობდა, მაგრამ კატო გარდაიცვალა და მასთან ერთად ადამიანებისადმი ჩემი უკანასკნელი თბილი გრძნობებიც სამუდამოდ წარსულს ჩაბარდა". მოწმეები იხსენებდნენ, რომ როდესაც მისი ახალგაზრდა მეუღლის ცხედრის მიწაში ჩაშვება დაიწყეს, სტალინი მივარდა მას, მძიმე ფსიქო - ემოციურ მდგომარეობაში მყოფი იოსების ნუგეშისცემა მხოლოდ მისმა მეგობრებმა შეძლეს.


image


ერთ-ერთი ვერსიით, იოსების ფსევდონიმი - სტალინი მისი საყვარელი მეუღლის გარდაცვალებას უკავშირდება, ამ სახელით შევიდა ის მოგვიანებით ისტორიაშიც - ვინაიდან მისი გული სწორედ მას შემდეგ გახდა ფოლადივით - ცივი და უგრძნობი. საყვარელი მეუღლის გარდაცვალების შემდეგ საბჭოთა ბელადს უკვე მხოლოდ რევოლუციური ბრძოლა და პოლიტიკა აინტერესებდა.





"ხალხის მამა"


image


ალექსანდრე სვანიძე (კატო სვანიძის ძმა) რომლის წყალობითაც იოსებ ჯუღაშვილი პირველად თავის საყვარელ კატოს შეხვდა, მგზნებარე რევოლუციონერი გახდა. 1921-1924 წლებში მას საქართველოს სსრ საგარეო საქმეთა და ფინანსთა სახალხო კომისრის თანამდებობები ეკავა, ხელმძღვანელობდა ასევე სსრკ "ვნეშტორგბანკსაც". ის და მისი მეუღლე სტალინის სახლში ყველაზე სანდო ადამიანებად ითვლებოდნენ, თუმცა 1937 წელს საბჭოთა ბელადმა წარსულთან კავშირი დაუნანებლად გაწყვიტა - სვანიძე დააპატიმრეს და დახვრიტეს, ცოლმა კი როცა ეს ამბავი შეიტყო გული გაუსკდა და გარდაიცვალა. მას შემდეგ სვანიძის გვარის ხსენება სტალინის სახლში აღარ ყოფილა. "ხალხის მამად" წოდებული თავის კატოზე მხოლოდ სიცოცხლის ბოლო წლებში ალაპარაკდა, ვინაიდან სწორედ ამ დროს, მშობლიური საქართველოს, ახალგაზრდობის წლებისა და პირველი სიყვარულის გახსენება გულს "დიდ ბელადს" ყველაზე მეტად უთბობდა.








0
2545
2-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
2545