სხვა დოსტოევსკი: "ყოველი ადამიანი უპირველეს ყოვლისა რუსი უნდა გახდეს" 2022, 3 მაისი, 1:28
ფიოდორ დოსტოევსკის წარმოჩენას ბევრი ცდილობს, როგორც რუსული მანკიერების და ერის შეურიგებელი მტრისას. თუმცა ერთი, რომ დოსტოევსკის ძარღვებში მხოლოდ რუსული სისხლი არ მიედინებოდა და მეორეც - ის შეიძლება იყოს მამხილებელი, მაგრამ არა ანტირუსული მსოფლმხედველობის მატარებელი.
ქართველებს უყვართ დოსტოევსკის – ეპილეპტიური კონვულსიებითა და აპოკალიპტური ზმანებებით გათანგული რუსი მოაზროვნის ციტატების მოტანა. არ უყვართ ბოროტი რუსეთი, მაგრამ უყვართ დოსტოევსკის "კეთილი, მესიანური" იდეები... არადა ეს მწერალი სულით ხორცამდე რუსია, რუსული სულის და რუსი ადამიანის მსოფლიო ისტორიული დანიშნულების უდიდესი აპოლოგეტი, უფრო მეტადაც, ვიდრე პუშკინი, ტურგენევი, ჩეხოვი, ბულგაკოვი და თვით ტოლსტოიც კი. მსოფლიო დოსტოევსკის "იდიოტსა" და "კარამაზოვებზე" უფრო "დანაშაულითა და სასჯელით" იცნობს, რომელიც მარადიულ კითხვებს სვამს. ვფიქრობ, სწორედ დოსტოევსკის "დანაშაული და სასჯელი" არის გასაღები ამ აპოკალიპტური მისიით შეპყრობილი და სულით დაავადებული ერის რაობის გარკვევაში, რომლის ღვიძლი შვილიც თვითონ იყო (მწერლისავე სიტყვებით). ბევრი, ვისაც ეს წიგნი წაუკითხავს, ვერ აცნობიერებს, სინამდვილეში რატომ კლავს ახალგაზრდა ნასტუდენტარი რასკოლნიკოვი ტიპური რუსული იარაღით – ნაჯახით მოხუცს და მის დას. ეს არაა რუტინული მკვლელობა ძარცვის, შურისძიების, ანგარების, წოდებრივი უთანასწორობის ან სხვა მოტივით. ზოგიერთი ამ წიგნს უყურებს, როგორც ერთი საშინელი მკვლელობის და გმირის სულიერი ტანჯვის ისტორიას. სინამდვილეში მიზეზი სამედიცინო–ფსიქოლოგიურია, ზოგადფილოსოფიურია, ისაა, რაც დღეს რუს ერს განადგურების, წამებისა და მკვლელობისაკენ უბიძგებს. აქ დანაშაულის დაუსჯელად ჩადენის საზღვრებია მოსინჯული და ადამიანის გასანადგურებელ მატლად წარმოდგენის მცდელობაა. დღევანდელი დიდი რასკოლნიკოვია პუტინი მთელ რუს ერთან ერთად, რომელიც კლავს და თან შესაძლებლობას ამოწმებს, შერჩება თუ არა ეს ყველაფერი, როგორც უზენაესი მისია. რუსული ნაჯახი ისევ აღმართულია, ოღონდ უკვე ევროპის თავზე. საოცარია და თვითონ დოსტოევსკი ნათელმხილველივით წერდა: "შესაძლოა ოდესმე როგორც ჩვენი, ისე ევროპელების მოწინავე გონება რუსული დანაშაულის ფსიქოლოგიით დაინტერესდეს, რადგან თემა ღირს კვლევად. მაგრამ ეს კვლევა ჩატარდება მოგვიანებით, თავისუფალ დროს, მაშინ როდესაც ჩვენი დღევანდელი მომენტის მთელი ტრაგიკული დაუდევრობა უფრო შორეულ პლანზე გადაინაცვლებს. ასე რომ, ის შეიძლება შესწავლილი იქნეს, უფრო ჭკვიანურად და მიუკერძოებლად, ვიდრე მე ვაკეთებდი.." მეტი რაღა ეთქვა, დღეს მსოფლიო მასშტაბით დადგა ამის დროც – დრო რუსული დანაშაულის შესწავლისა. აღსანიშნავია, რომ თვითონ დოსტოებსკის მამა, პროფესიით ექიმი, მეტად დესპოტური ხასიათით გამოირჩეოდა და საკუთარმა ყმა გლეხებმა მოკლეს. დოსტოევსკი ურუსეთოდ ვერ ძლებდა, ევროპაში ხეტიალისას იგი არ გაცნობია არცერთ დიდ ევროპელ მოაზროვნეს, აზრით და გულით ყოველთვის რუსეთთან იყო. სულ ცდილობდა სამშობლოში ჩამოსულიყო, წვალობდა. რუსეთის გარეშე ჩემი ცხოვრება წარმოუდგენელიაო, გაიძახოდა, თუმცა რუსეთი ეკონომიურად არასოდეს დახმარებია და შიმშილობდა კიდეც გერმანიაში. საშინელი სისასტიკით ესხმოდა თავს დოსტოევსკი ევროპულ ღირებულებებს. "ჩვენ, რუსები ყველაფრის გამგებნი ვართ, თქვენ კი გონებაშეზღუდული ადამიანები" – მიმართავს ევროპელებს. მისი აზრით, რუსეთში ყველაფერი სამართლიანია და ამ ქვეყნის გაგება მხოლოდ რწმენით შეიძლება და არა გონებით. იგი წერს: "ყოველი ადამიანი უპირველეს ყოვლისა რუსი უნდა გახდეს". თურმე მხოლოდ ამის შემდეგ იღებს დასაბამს ახალი სამყარო. რუსმა ღვთისმეტყველმა ერმა ჯერ მახვილით უნდა დაიპყროს ტერიტორია და მხოლოდ ამის შემდეგ სტყორცნოს თავის საბოლოო სიტყვა კაცობრიობას. ეს სიტყვა კი იქნება "შერიგება" . სამოცი წელი განუწყვეტლივ ეძებდა იგი ამ დიდ რუსულ ღმერთს და მაინც მის უპოვნელად დატოვა წუთისოფელი. შემთხვევითი არაა, რომ ნიცშეც საკმაოდაა დავალებული დოსტოევსკის მესიანური იდეებისაგან, ოღონდ იმ სხვაობით, რომ რუსი მოაზროვნე ელოდა რუს ქრისტიანულ ზეკაცს, რომელიც მსოფლიოს ახალი ერის დაბადებას აუწყებდა. 140 მილიონიან რუსეთთან არავინ და არაფერი ასოცირდება ისე, როგორც დოსტოევსკი. სწორედ მან განაცხადა ზეიმზე პუშკინის ძეგლის გახსნისას, რომ "რუსეთს თვით ღმერთმა დააკისრა უდიდესი ზოგადსაკაცობრიო წმიდათა წმიდა მისია და აღასრულებს კიდევაც მას". დღეს კი გენიალური შემოქმედის, მაგრამ ცხოვრებაში საშინელი პიროვნების, შავრაზმელის, დებთან მიწის გაყოფისას კინკლაობაში სულამომძვრალი ლუდომანის - დოსტოევსკის იმედგასაცრუებლად სრულიად მსოფლიო ხედავს, რა მანადგურებელი მისიაცა აქვს "მართლმადიდებელ" რუსეთს დაკისრებული და როგორი სულისკვეთებით აღასრულებს მას!... 547 3-ს მოსწონს
|