საქართველო
"ივანიშვილის ჯიბეში ისხდნენ სანამ აჭმევდათ" - რომელი ოპოზიციონერი ლიდერების გვარებს ასახელებს თეა თუთბერიძე
2022, 26 აპრილი, 20:16
"კმარას" ყოფილი ლიდერი თეა თუთბერიძე "ლელოს" მიერ გაკეთებულ განცხადებას ირაკლი ღარიბაშვილის ალი უზდინოვთან შესაძლო შეხვედრასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ეხმაურება და იმ ოპოზიციონერი პოლიტიკოსების გვარებს ასახელებს, ვისაც წლების განმავლობაში ბიძინა ივანიშვლი აფინანსებდა, ახლა კი როდესაც უკრაინელები მისთვის სანქციების დაწესებას ითხოვენ მათი უმრავლესობა უბრალოდ დუმს:
"ქვე-ყანა სადაც სააკაშვილი პუტინის ტყვეა ქართულ ციხეში და სადაც შესაძლოა მოკვდეს კიდეც და მაგრამ ამას ყველა მშვიდად უყურებს (ქართველმა მხოლოდ მკვდარი შეიძლება დაგაფასოს, ცოცხალი ნაკლებად), სადაც ღარიბაშვილს პრემიერი ჰქვია, ხოლო ვიღაც პაპუაშვილს პარლამენტის თავმჯომარე და პუტინის მონა ოლიგარქი ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებას უკრაინელები ითხოვენ და ქართული ოპოზიცია დუმს (და გასაკვირიც არაა რადგან აი ესენი არიან დღეს ოპოზიციის სახელის მატარებლები, და არა მხოლოდ, ვიღაც გუბაზ სანიკიძეები, თაკო ჩარკვიანები, თინა ხიდაშელები, ირაკლი ალასანიები, ნინო ბურჯანაძეები და ა.შ.
ისინი ვინც თავის დროზე ივანიშვილის ჯიბეში ისხდნენ სანამ ივანიშვილი აჭმევდათ), ხო კიდევ სადაც თვალთხარია გახარია და მისი ბრძანებით ახალგაზრდებისთვის თვალების დათხრა აღარავის ახსოვს, სამაგიეროდ 26 მაისი და 7 ნოემბერი ახსოვთ კარგად ოღონდ ის არ ახსოვთ რა და ვინ იდგა იმ ყველაფრის უკან (თუმცა არა, რა რუსეთი, რუსეთს სად ჰქონდა ინტერესები მაშინ საქართველოში) ხო და ჰგონიათ რომ ასე შევლენ ევროკავშირში და ნატოში... უკრაინა ნამდვილად იმსახურებს ევროკავშირსაც, ნატოსაც და მეტსაც მაგრამ საქართველო რასაც იმსახურებს კი იღებს იმას!" - წერს თუთბერიძე.
შეგახსენებთ, რომ პარტია "ლელოს" წევრებმა ირაკლი ღარიბაშვილს მოუწოდეს დაუყონებლივ გაასაჯაროს ალი უზდინოვთან საუბრის შინაარსი თუ კი ასეთი შეხვედრა მართლაც შედგა:
"სანქციების რეჟიმის დარღვევაში ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის დახმარების აღმოჩენა საქართველოს ხელისუფლების და მასთან დაახლოებული პირების მიერ, საფრთხის ქვეშ დააყენებს როგორც ჩვენს ურთიერთობებს საქართველოს სტრატეგიულ მოკავშირეებთან, ასევე ჩვენი ქვეყნის ევრო-ატლანტიკურ მომავალს და მის ეკონომიკას.
ამის თაობაზე ქართული ოცნების ხელისუფლებას მრავალი საჯარო და პირადი გზავნილი აქვს მიღებული ქვეყნის სტრატეგიული მოკავშირეებისაგან" - განაცხადა პარტია "ლელომ" და ბიძინა ივანიშვილისა და რუსეთის სანქცირებული წარმომადგენლების შესაძლო კავშირის თაობაზე გავრცელებულ ჩანაწერს "შემაშფოთებელი" უწოდა.
ცნობისთვის, გუშინ, cyber kmara-ას სახელით youtube-ზე გავრცელდა აუდიოჩანაწერი, სადაც ერთმანეთს "ქართული ოცნების" დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი და რუსი სანქცირებული მილიარდერი ვლადიმერ ევტუშენკოვი ესაუბრებიან. ჩანაწერების მიხედვით, რომლის ავთენტურობაც ჯერჯერობით დაუდგენელია, ევტუშენკოვის წარმომადგენელი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა.