x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138413
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
სომხები
image


სომხები, არა მარტო კავკასიის, არამედ, მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი ხალხია. ამ ეთნოსის ისტორია არანაკლებ 2500 წელს მოიცავს. სომეხი ხალხი კავკასიისა და წინა აზიის ტერიტორიაზე ჩამოყალიბდა. მათი განსახლების არეალი სომხეთის მთიანეთის სახელითაა ცნობილი. სომხეთის მთიანეთი წინა აზიის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მდებარეობს და ის ზღვის დონიდან 1500-1800 მეტრზეა.

სომხეთის მეზობლები საუკუნეთა განმავლობაში ისეთი ძლიერი სახელმწიფოები იყვნენ, როგორებიცაა რომის, შემდეგ კი ბიზანტიის იმპერია, ბოლოს კი ბიზანტიის იმპერიის ნანგრევებზე აღმოცენებული ოსმალეთის იმპერია. აღმოსავლეთით სომეხთა მეზობლები ირანელები იყვნენ. სომხებისაგან შორს არც არაბები ბინადრობდნენ. სომხეთის გეოგრაფიული მდებარეობა ზემოთ დასახელებული ქვეყნების დიდ ინტერესს იწვევდა. ამიტომაც მთელი თავისი ისტორიის მანძილზე სომხეთი ძირითადად სხვა სახელმწიფოების მიერ იყო დაპყრობილი.

კავკასიაში სომეხთა მეზობლები ქართველები იყვნენ და არიან. საუკუნეების განმავლობაში ქართულ-სომხური ურთიერთობები მშვიდობიანი იყო. ეს ხალხები ერთმანეთზე კულტურულ ზეგავლენასაც ახდენდნენ. სომხებს აზერბაიჯანელებიც ესაზღვრებიან. უფრო ადრე კი მათ ამ ტერიტორიაზე მცხოვრებ სხვა ეთნოსთან _ ალბანელებთან ჰქონდათ ურთიერთობა. დღეს სომხებს სახელმწიფოებრიობა აქვთ. მათი ისტორიული ტერიტორიების დიდი ნაწილი თურქეთის სახელმწიფოშია. სომხეთის მთიანეთში მაღალ მთებს შორის დაბლობებიცაა, რომელთაგანაც აღსანიშნავია არარატის ველი, რომელიც არაქსის შუა დინებაზე მდებარეობს. არარატის ველის დიდი ნაწილი დღევანდელი სომხეთის სახელმწიფოს შემადგენლობაშია.


არარატის ველი სხვადასხვა სომხური მიწების ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურული ცენტრი იყო. აქ მდებარეობდა ძველი და შუა საუკუნეების სომხეთის ცენტრები: არმავირი, არტაშატი, ვაღარაშაპტი, დვინი. აქვეა დღევანდელი სომხეთის დედაქალაქი ერევანიც.


image


დიდ სახელმწიფოთა აგრესიის შედეგად ხშირი იყო სომეხთა მიგრაცია სხვადასხვა მიმართულებით. ქვეყანა არაერთგზის აოხრებულა და გაუკაცრიელებულა. სომეხთა დიდი მასების საკუთარი ეთნიკური ტერიტორიიდან განსახლება ჯერ კიდევ დაახლოებით ათასი წლის წინ დაიწყო, რაც ყველაზე დიდი მასშტაბით პირველი მსოფლიო ომის დროს, 1915 წლის გაზაფხულზე მოხდა.

ამ დროს სომხურ-თურქულ კონფლიქტს დაახლოებით ორი მილიონი სომეხი შეეწირა, დაახლოებით ერთ მილიონი კი სხვადასხვა მიმართულებით განსახლდა. აქედან დაახლოებით 600 ათასი სომეხი მახლობელი აღმოსავლეთის ქვეყნებში მიგრირდა. 300 ათასმა სომეხმა რუსეთის იმპერიას მიაშურა. აქ ისინი ძირითადად კავკასიაში განსახლდნენ.

სომეხთა მასობრივი გაწყვეტა და დეპორტაცია მნიშვნელოვანწილად სომხური უკიდურესად ექსტრემისტული პარტიის “დაშნაკცუტუნის” ქმედებებმა განაპირობა. მათი მიზანი იყო დიდი სომხეთის სახელმწიფოს აღდგენა. ამ მიზნის მიღწევის საშუალებად პარტიის პროგრამაში ეწერა თურქეთში სომეხთა შეიარაღებული აჯანყების მოწყობა. “დაშნაკცუტუნის” პარტიის პროგრამაში ხაზი ესმოდა რევოლუციური პროპაგანდის გაწევას არა მხოლოდ სომხებს შორის, არამედ თურქეთში მცხოვრებ სხვა ხალხებს შორისაც.

ამ პარტიის პროგრამაში დიდი ადგილი ეკავა აგრეთვე ტერორს და სახელმწიფო დაწესებულებების აოხრებასა და ძარცვას. დიდი სომხეთის სახელმწიფო მათ უნდა შეექმნათ არა მხოლოდ თურქეთის სომხეთისა და რუსეთის სომხეთის შეერთებით, არამედ მეზობელი ხალხების (ქართველების, აზერბაიჯანელების) მიწების მიტაცებითაც. 1915 წელს, რუსეთის არმიის კონტრშეტევისთანავე, “დაშნაკცუტუნის” მოწოდებით, სომხებმა საერთო სომხური აჯანყება დაიწყეს, რომლის ეპიცენტრსაც ვანის ვილაიეთი წარმოადგენდა.

რუსების შეტევის დროს სომეხმა მოხალისეებმა მშვიდობიანი თურქი მოსახლეობის ულმობელი ხოცვა-ჟლეტა მოახდინეს. დაშნაკების ეს ქმედება განპირობებული იყო აგრეთვე სომხური საკითხის ცარისტული გეგმის “გადაწყვეტითაც”. თურქეთის ხელისუფლებამ საპასუხოდ სომხების ხოცვა-ჟლეტა მოაწყო. უფრო ნაკლებმა თავს გაქცევით უშველა. დაშნაკების ავანტურისტულმა ქმედებამ, რომლებიც “დიდი სომხეთის” შექმნაზე ოცნებობდნენ, სომეხი ხალხი დიდ ტრაგედიამდე მიიყვანა.


image


1917 წლის რევოლუციის გამო, რუსეთი პირველ მსოფლიო ომს გამოეთიშა და რუსეთის არმიამ დაპყრობილი ტეირტორიებიც მიატოვა. ამას კი ასეულ ათასობით სომხის სამხრეთ კავკასიაში _ ქართულ და აზერბაიჯანულ მიწებზე დასახლება მოჰყვა. ასე დაკარგეს მათ სომხეთის ისტორიული მიწაწყალი _ სომეხთა განსახლების ერთ-ერთი ძირითადი არეალი.

სომეხთა რაოდენობის ზუსტად გასაზღვრა ძალიან ძნელია. სხვადასხვა მონაცემებით ეს რიცხი 7-დან 10 მილიონამდე მერყეობს. XXს-ის 80-იან წლებში სომხები კომპაქტურად თვით სომხეთში ცხოვრობდნენ (სამ მილიონზე მეტი). ამ დროს საქართველოში 400 ათასზე მეტი სომეხი იყო აღრიცხული. არანაკლები რაოდენობით იყვნენ ისინი აზერბაიჯანში (მარტო მთიან ყარაბაღში 145 ათასი სომეხი მკვიდრობდა).

კომპაქტურად მკვიდრობენ ჩრდილო კავკასიაშიც. საერთოდ, რუსეთში 532 ათასი სომეხი იყო აღრიცხული. სომხები დისპერსიულად არიან განსახლებული ბალტიის ქვეყნებში, უკრაინაში, ბელორუსიაში, ყაზახეთში, შუა აზიაში (დაახ. 179 ათასი კაცი). ორ მილიონზე მეტი სომეხი ცხოვრობს მსოფლიოს 70-ზე მეტ ქვეყანაში (ძირითადად ქალაქებში): აშშ-ში (650 ათასი კაცი), საფრანგეთში (250 ათასი კაცი), ირანში (200 ათასი), ლიბანში (150 ათასი), თურქეთში (150 ათასი), სირიაში (120 ათასი), ერაყში (20 ათასი), ეგვიპტეში (12 ათასი), არგენტინაში (85 ათასი), ბრაზილიაში (20 ათასი), კანადაში (70 ათასი), საბერძნეთში (15 ათასი), ურუგვაიში (14 ათასი), ავსტრალიაში (30 ათასი), ბულგარეთში (25 ათასი), დიდ ბრიტანეთში (17 ათასი), ქუვეითში (10 ათასი), რუმინეთში (6 ათასი), ინდოეთში და სხვ.

1994 წელს სომხეთში აზერბაიჯანიდან ლტოლვილი 304 ათასი სომეხი დარეგისტრირდა (შესაბამისად, სომხეთიდან 200 ათასი აზერბაიჯანელი გაიქცა). მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები სომხების უმეტესობა ეთნიკურ იერსახეს ინარჩუნებს, რის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზიც მათი რელიგიაა (ქრისტიანობის ერთ-ერთი მიმართულება _ მონოფიზიტობა, რომელიც სომხურ-გრიგორიანული ეკლესიის სახელითაა ცნობილი).

სომხეთი თითქმის მონოეთნიკური ქვეყანაა. სულ რაღაც 10-12 წლის წინ სომხეთში დიდი აზერბაიჯანული დიასპორა არსებობდა. დღეს სომხეთში აღარცერთი აზერბაიჯანელი აღარ მკვიდრობს. 1886 წლისათვის ერევნის გუბერნიაში თათრების პროცენტული რაოდენობა 37, 44 იყო, თვით სომხებისა კი _ 56%. აქ კომპაქტურად ცხოვრობდნენ აგრეთვე ქურთები (1886წ. _ 5, 5%. დღეს მათი რაოდენობა 56 ათასის ფარგლებშია), ასირიელები (0, 25%. დღეს 6 ათასი კაცი).

დღევანდელი მონაცემებით, სომხეთში რუსების რაოდენობა 15 ათას კაცს არ აჭარბებს. ერევნის მაზრასა და ქალაქ ერევანში თათრების რაოდენობა ბევრად აღემატებოდა სომხების რაოდენობას (შესაბამისად 1886 წელს სომხები 36 426 იყვნენ, თათრები _ 52 800). სომეხთა თვითსახელწოდებაა ჰაი. მსოფლიოს სხვადასხვა ხალხებისათვის ისინი არმენები არიან.


image


ანთროპოლოგიურად სომხები ევროპეიდული რასის სამხრეთულ შტოს (წინააზიურ, ანუ არმენოიდულ ტიპს) მიეკუთვნებიან. ეს ტიპი, ჩვეულებრივ, საშუალო სიმაღლით, განვითარებული მესამეული თმის საფარით, მაღალი და ძლიერ გამოწეული ცხვირით ხასიათდება; თვალები და თმის ფერი მუქი აქვთ. ამასთანავე, თანამედროვე სომხები ანთროპოლოგიურად ერთგვაროვანნი არ არიან, რასაც მეცნიერები სხვადასხვა ცივილიზაციათა შესაყარზე მდებარე სომხეთის ქვეყანაში ხალხთა ხშირი მიგრაციით ხსნიან.

სომეხთა ნაციონალურ ხასიათზე როდესაც საუბრობენ, ხაზგასმით აღნიშნავენ მათ შრომისმოყვარეობას, მიზანდასახულობას, ენერგიულობას, ფხიანობას. სომხებს განსაკუთრებული მიდრეკილება ჰქონდათ ხელოსნობისადმი. გამოირჩევიან ეთნიკური შეკავშირებულობით, ენისა და ერისადმი ერთგულებით. როგორც კავკასიის სხვა ხალხები, ისინიც სტუმართმოყვარენი არიან.

სომხური ენა (hayeren) ინდოევროპულ ენათა ოჯახში დამოუკიდებელ შტოს ქმნის. ზოგიერთი მეცნიერი თვლის, რომ ის ახლოსაა ინდოირანულსა და ძველ ბერძნულთან. ასევე აღნიშნავენ, რომ ძველად სომხური ენა, თრაკიულ და ფრიგიულ ენებთან ერთად, ინდოევროპულ ენათა ოჯახის სამხრეთულ ჯგუფში შედიოდა. სომხურ ენას ლექსიკური, ფონეტიკური და გრამატიკული თვალსაზრისით ბევრი მსგავსება აქვს კავკასიურ ენებთანაც, რაც უშუალოდ მიუთითებს იმაზე, რომ ინდოევროპული მოდგმის ტომებთან ერთად სომეხთა ეთნოგენეზში კავკასიურენოვანმა ტომებმაც მიიღეს მონაწილეობა.

ძველი სომხური სალიტერატურო ენა ცენტრალური სომხეთის რამდენიმე დიალექტის საფუძველზე ჩამოყალიბდა. სომხური ანბანი ერთ-ერთი ძველი და ორიგინალური ანბანია. სომხური საისტორიო ტრადიციით მისი შემქმნელია მესროფ მაშტოცი. შექმნის თარიღად კი Vს-ის დასაწყისს ასახელებენ.


image


ანბანი 36 ასოსაგან შედგება. ძველი სომხური დამწერლობის ძეგლები Vს-ით თარიღდება. ძველი სომხური სალიტერატურო ენა XIXს-მდე ფუნქციონირებდა. მაგრამ ცოცხალი სალაპარაკო ენა მეტყველების ევოლუციისა და სხვა ენებთან (სპარსული, ბერძნული, არაბული, ქართული, თურქული) ურთიერთობის შედეგად, თანდათან დაშორდა სალიტერატურო ენას და ეს უკანასკნელი მოსახლეობისათვის გაუგებარი შეიქმნა.

მან “გრაბარის” (“დამწერლობის ენის”) სახელწოდება მიიღო. “გრაბარი” ხელმისაწვდომი იყო მხოლოდ განათლებულ ადამიანთა და სასულიერო მოღვაწეთა ვიწრო წრისათვის. გვიან შუა საუკუნეებში დაიწყო ახალი სალიტერატურო ენის შექმნა. ეს ახალი ენა “აშხარაბარის” (“საერო”) სახელითაა ცნობილი, რომელიც საბოლოოდ XIXს-ის შუა ხანებიდან დამკვიდრდა. “აშხარაბარი” (სალიტერატურო ნაციონალური ენა) ორ _ დასავლურ და აღმოსავლურ ვარიანტად ჩამოყალიბდა, რაც სამეცნიერო ლიტერატურაში სომხური ნაციონალური ბურჟუაზიის ფორმირების თავისებურებებითაა ახსნილი.


აღმოსავლური სალიტერატურო ენის გავრცელების არეალია სომხეთის სახელმწიფო, აგრეთვე ირანი და ინდოეთი. დასავლურ სალიტერატურო ენაზე ლაპარაკობენ თურქეთში, ევროპაში, ამერიკაში მცხოვრები სომხები. როგორც აღნიშნავენ, სალიტერატურო ენის ორ ვარიანტს შორის განსხვავება უმნიშვნელოა. XXს-ის დასაწყისში სომხურ ენას მრავალი დიალექტი ჰქონდა. ადრე თუ მის 31 დიალექტს აღნიშნავდნენ, ბოლო დროის სამეცნიერო ნაშრომებში 50-ზე მეტ დიალექტს მიუთითებენ. ზოგიერთი დიალექტის წარმომადგენლებს ერთმანეთის მეტყველება არ ესმოდათ.

სალიტერატურო ენისაგან ძალიან დაშორებული იყო მეღრიული, ყარადაღული, ყარაჩევანული, აღულური, ზეითუნური, მალათიური, სასუნური და ბევრი სხვა დიალექტი. სომხური ენის ლექსიკაში ლინგვისტები რამდენიმე ფენას გამოყოფენ. უძველესი ფენა (დაახლ. 1000 სიტყვა) უშუალოდ ინდოევროპული პრაენიდან მომდინარეობს.

სომხურ ენაში საკმაოდ დიდი რაოდენობითაა ნასესხები სიტყვები იმ ენებიდან, რომელთა მატარებლებსაც სომხებთან ურთიერთობა ჰქონდათ. ესენია ხეთური, ხურიტული, ურარტული, სირიული ენები, განსაკუთრებით კი _ სხვადასხვა ეპოქის სპარსული ენა. მაგრამ ყველაზე მეტად სომხურ ენაში პართიული სიტყვებია შესული. ბოლო პერიოდში ბევრი სიტყვა შესულა არაბული და თურქული ენებიდან.


image


სომხები ქრისტიანები არიან. სომხური სამოციქულო ეკლესია ერთ-ერთი უძველესი ქრისტიანული ეკლესიაა. სომხეთში ქრისტიანობამ ჯერ კიდევ პირველ საუკუნეში სირიიდან შეაღწია. მაგრამ სახელმწიფო რელიგიად ის IVს-ის დასაწყისში გამოცხადდა (სხვადასხვა მონაცემებით 301წ. და 314წ.).

სომეხთა განმანათლებელი იყო გრიგორი. ამის გამოა, რომ სომხურ მონოფიზიტურ ეკლესიას სხვანაირად სომხურ-გრიგორიანულსაც უწოდებენ. თავდაპირველად სომხური სამოციქულო ეკლესია აღმოსავლურ მართლმადიდებლურ ანუ ბიზანტიურ ეკლესიასთან ერთიანობაში იმყოფებოდა, მაგრამ შემდეგ ბიზანტიის ტერიტორიული პრეტენზიების გამოისობით, ის მისგან გამოცალკევდა და მონოფიზიტური მიმართულების გახდა.

მონოფიზიტური ეკლესია მართლმადიდებელი ეკლესიისაგან მთელი რიგი საღვთისმეტყველო დოგმებით განსხვავდება. მსოფლიო IV საეკლესიო კრებაზე ეს მიმდინარეობა დაგმეს და განკიცხეს. სომხები ამ კრების მონაწილეთა შორის არ ყოფილან. მიზეზად სპარსეთთან გადამწყვეტ ბრძოლას ასახელებენ. მაგრამ 55 წლის შემდეგ _ 506 წელს, სომხური ეკლესიის დვინის პირველ კრებაზე, მათ უარჰყვეს მსოფლიო საეკლესიო კრების გადაწყვეტილება. მონოფიზიტობისადმი ერთგულება სომხებმა 554 წელს დვინის მეორე საეკლესიო კრებაზეც დაადასტურეს.


შუა საუკუნეებში, ჯვაროსნული ლაშქრობების დროს, სომხური სამოციქულო ეკლესიის კათოლიკურ ეკლესიასთან დაახლოების ტენდენცია გაჩნდა. სამეცნიერო ლიტერატურაში აღნიშნულია, რომ უნიატობამ მოსახლეობის ფართო მასებში მხარდაჭერა ვერ ჰპოვაო, რაც არაა გასაზიარებელი. დოგმატურ და სხვა ეკლესიებთან ურთიერთობის საკითხებს მოსახლეობის ფართო მასები კი არა ეკლესიის მამები წყვეტდნენ. სომხეთის ჩრდილოდასავლეთ ნაწილში XVს-ის მეორე ნახევრიდან ცალკეული კათოლიკური თემები გაჩნდა. ასეთი კათოლიკური თემების გაჩენას საქართველოში მცხოვრებ სომხებსაც მიაწერენ, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება.

სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში კათოლიკობა სომხებს შორის კი არა, არამედ ქართულ მოსახლეობაში გავრცელდა. ქართველი კათოლიკეები შემდგომ რომის პაპმა სომხურ-კათოლიკურ ეკლესიას დაუქვემდებარა. სომეხი ავტორები კი ქართველ კათოლიკეებს, რომლებსაც სომხური ტიპიკონი ჰქონდათ, დაჟინებით გაქართველებულ სომხებად აცხადებენ.

სომხების კათოლიკურ სარწმუნოებაზე მასობრივი გადასვლა XVII ს-ის მეორე ნახევარში მოხდა. კათოლიკობა ძირითადად ამ დროს პოლონეთში მცხოვრებმა სომხებმა მიიღეს, როდესაც სომეხმა არქიეპისკოპოსმა პაპის მეთაურობა აღიარა. სომეხმა კათოლიკეებმა ღვთისმსახურებაში სომხური ენა და ძველი რიტუალი შეინარჩუნეს. სომხებს შორის უნიშვნელო რაოდენობით გვხვდებიან აგრეთვე პროტესტანტები (XIXს-ის დასაწყისიდან) და მუსლიმები (ე.წ. ხემშილები).


image


სომეხთა სამოციქულო ეკლესიის ცენტრი ეჩმიაძინში მდებარეობს. სომხებმა საუკუნეთა განმავლობაში საკუთარი ორიგინალური საეკლესიო არქიტექტურა შექმნეს. ასეთ ძეგლებს შორის, უპირველეს ყოვლისა, ასახელებენ აპარანის ბაზილიკურ ეკლესიას (IVს.), კარმრავორის ჯვარგუმბათოვან მინიტურულ ტაძარს აშტარაკში (VIIს.), სევანის სამონასტრო ანსამბლებს (IXს.), სანაიანს, მდ. გარნის ხეობაში გეღარდის კლდეში გამოკვეთილ მონასტერს. გორისას მახლობლად ტატევში დგას IXს-ის შესანიშნავი მონასტერი.

VII საუკუნეს მიეკუთვნება ზვართნოცის ცნობილი ტაძარი, რომელიც მიწისძვრამ დაანგრია. სომხური საეკლესიო არქიტექტურისათვის ნიშანდობლივია, ქართულთან შედარებით, დაბალი გუმბათი.

ისტორიული და თანამედროვე სომხეთის ტერიტორიაზე არსებობდა მსოფლიოს ერთერთი უძველესი სახელმწიფო _ ურარტუ, რომელიც ეთნიკურად სომხური არ ყოფილა. ურარტუ პოლიეთნიკური ქვეყანა იყო და მის სხვადასხვა ეთნოსებს შორის ერთ-ერთ კომპონენტს პროტოსომხური მოსახლეობაც შეადგენდა. ურარტუს სამეფომ განსაკუთრებულ აღმავლობას ძვ.წ. VIIIს-ში მიაღწია. ურარტუს მეფეები, როდესაც ახალ ქვეყნებს იპყრობდნენ და დამორჩილებულ ტომთა აჯანყებებს ახშობდნენ, ბევრ დაქვემდებარებულ ეთნოსს ქვეყნის ცენტრალურ ოლქებში ასახლებდნენ, მათ შორის, არარატის ველზეც. ხოლო ცენტრალური ოლქების მოსახლეობა პერიფერიებში გადაჰყავდათ საცხოვრებლად.

ამ დროს მოხდა სომხური ტომების არარატის ველზე დასახლება. აქედან ჩაეყარა საფუძველი აღნიშნულ ტერიტორიაზე სომხურ ეთნოსს. VIII-VIIსს-ში “სომხეთის მთიანეთში” ინტენსიურად მიმდინარეობდა სხვადასხვა ტომების შერევისა თუ განცალკევების პროცესი. სომხური ენა და სომხური ეთნოსი საბოლოოდ სომხეთის მთიანეთში ჩამოყალიბდა.

მცირე აზიიდან სომხეთის მთიანეთში გადაადგილების დროს, სომეხთა წინაპრების ინდოევროპული ტომების ენაში ცვლილებები მოხდა. ამ დროს სომეხთა შორის არაერთი ადგილობრივი ხალხი გაითქვიფა. მათი ენები ქრებოდა, სომხური ენა კი ახალ ელემენტებს იერთებდა, ვითარდებოდა და მკვიდრდებოდა. მეცნიერები თვლიან, რომ სომეხი ხალხის ფორმირების პროცესი ძვ.წ. VIსთვის დასრულდა. ამ დროს ემთხვევა სირიისა და ურარტუს სამეფოების დაცემა და მიდიის სახელმწიფოს აღმავლობა. ამავე პერიოდში ჩამოყალიბდა სომხური სამეფოც, რომელიც მალევე შეყვანილ იქნა აქემენიდური სახელმწიფოს შემადგენლობაში.

აქემენიდურ წარწერებსა და ძველ ბერძენ ავტორებთან ძვ.წ. VI-V საუკუნეებში ხშირად მოხსენიებულია სომეხთა ქვეყანა. 521-517 წლებით დათარიღებულ ბეხიტუნის წარწერაში არა მხოლოდ მოხსენიებულია არმენთა ქვეყანა, არამედ მასზე გამოსახული არიან სომხებიც, რომლებსაც აქემენიდ მეფეებთან მიაქვთ ხარკი. აქემენიდთა სახელმწიფოს შემადგენლობაში სომხურმა სამეფომ ძვ.წ. IVს-ის ბოლომდე, ალექსანდრე მაკედონელის ლაშქრობებამდე იარსება. ძველი სპარსული აქემენიდური სახელმწიფოს დაშლის შემდეგ (ძვ.წ. 331წ.) სომხური სახელმწიფოებრიობა აღსდგა.

ელინისტური ეპოქის დასაწყისში (ძვ.წ. IVს.) სომხეთის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ცენტრი არარატის ველი იყო. აქ იყო ამ სახელმწიფოს დედაქალაქი არმავირი. ძვ.წ. II-Iსს. მიჯნაზე სოხეთის მთიანეთსა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე სხვა სომხური სახელმწიფოებრივი წარმონაქმნებიც არსებობდა (აირარატი, სოფენა-კომაგენა, საკუთრივ დიდი სომხეთი და მცირე სომხეთის მნიშვნელოვანი ნაწილი), რომელთა შეერთებისა და შერწყმის შედეგად ძვ.წ. 189 წელს ჩამოყალიბდა დიდი სომხეთის სახელმწიფო, რომლის სათავეშიც არტაშიდების სამეფო დინასტია იდგა. არტაშეს I_მა მონათმფლობელური სომხეთის სამეფოს დედაქალაქად არტაშატი გამოაცხადა.


image

დიდმა სამეფომ განსაკუთრებულ ძლიერებას ტიგრან II-ის დროს (ძვ.წ. 95-55 წლები) მიაღწია. ტიგრან II-ემ დედაქალაქი არტაშატიდან მესოპოტამიის ჩრდილოეთ ნაწილში _ ტიგრანოკერტში გადაიტანა. ტიგრან II-ემ ახალი დედაქალაქის ასაშენებლად კილიკიიდან, კაპადოკიიდან, მესოპოტამიიდან და სომხეთის სხვადასხვა ქალაქებიდან იძულებით 300 ათასამდე ადამიანი გადაასახლა, რომლებიც, დროთა განმავლობაში, სომხების მიერ იქნენ ასიმილირებულნი. შემდგომ, რომთან ბრძოლაში, ტიგრან II-ემ დაპყრობილი ტერიტორიები თითქმის მთლიანად დაკარგა.

სომხეთი ძვ.წ. 69 და 66 წლებში რომაელთა შემოჭრის შემდეგ, რომის ვასალურ სამეფოდ იქცა. ქვეყანამ დიდი ხნის განმავლობაში დამოუკიდებლობა დაკარგა. ახ.წ. 387 წ. სასანიდურმა ირანმა და ბიზანტიის იმპერიამ ერთმანეთს შორის დიდი სომხეთი შუაზე გაიყვეს. ერთხანს სომხები ავტონომიას ინარჩუნებდნენ, მაგრამ თანდათან სამეფო ხელისუფლება ისე დასუსტდა, რომ 428 წელს არტაშიდების დინასტია დაეცა და ქვეყანამაც დამოუკიდებლობა მთლიანად დაკარგა.

დაახლოებით 200 წლის განმავლობაში სომხეთს სპარსეთის შაჰის ნაცვლები _ მარზპანები მართავდნენ, რომელთა რეზიდენციაც დვინში იყო. მიჩნეულია, რომ სომხეთში მონათმფლობელურ ურთიერთობათა დაშლა და ფეოდალურ ურთიერთობათა ჩასახვა ახალი წალთაღრიცხვის პირველ საუკუნეებში დაიწყო. ქრისტიანობის მიღების დროისათვის, IVს-ის დასაწყისში სომხეთი უკვე ფეოდალური ქვეყანა იყო. გარდა დიდი სომხეთის სამეფოსი, სომხებს სხვა სახელმწიფოც, ე.წ. მცირე სომხეთიც ჰქონდათ შექმნილი, რომელიც მდ. ევფრატის ხეობის მთიან მხარეში, ტყეებითა და საძოვრებით მდიდარ ტერიტორიებზე მდებარეობდა.

მცირე სომხეთში ფრიად დაწინაურებული იყო მეცხენეობა, მეტალურგია. ისტორიოგრაფიაში სწორედ მცირე სომხეთი მიიჩნევა ჰაიების ქვეყანად. მცირე სომხეთი აქემენიდების სახელმწიფოში მეცამეტე სატრაპიის სახით შედიოდა. ალექსანდრე მაკედონელმა მცირე სომხეთიც დაიმორჩილა. ძვ.წ. 322 წლიდან ის დამოუკიდებელი სამეფო იყო. ძვ.წ. IIს-ის შემდეგ მცირე სომხეთი ხელიდან ხელში გადადიოდა. იცვლებოდა მისი ადმინისტრაციული საზღვრებიც.

იმპერატორ ვესპასიანეს დროს (ახ.წ. 69-70წწ.) მცირე სომხეთი რომის პროვინცია კაპადოკიაში შედიოდა. სომხეთს განსაკუთრებული ზიანი მიაყანეს არაბთა და თურქსელჯუკთა შემოსევებმა. არაბები აქ VIIს-ში გაბატონდნენ. მხოლოდ არაბთა სახალიფოს დასუსტების დროს _ IXს-ის ბოლოს მცირე ხნით დაიბრუნეს დამოუკიდებლობა. ეს იყო ანისის ფეოდალური სამეფო, რომელსაც ბაგრატიდების სამეფო დინასტია მართავდა. 885 წელს სომხეთის მეფედ აშოტ I გამოცხადდა, რომელიც სახალიფომაც ცნო და ბიზანტიამაც.

XIს-ის ბოლოს სომხეთი სელჯუკებმა დაიპყრეს. ამ დროიდან დაიწყო სომეხთა სხვა ქვეყნებში გადასახლება. ბიზანტიის იმპერია ადრეც მიზანმიმართულად ასახლებდა მათ ქვეყნის მიყრუებულ რაიონებში. ასეთი გადასახლებულებისაგან შექმნეს სომხებმა კილიკიის სამეფო. ის ხმელთაშუა ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარეობდა.


image


ამ სახელმწიფომ დაახლოებით 300 წელი იარსება (1080-1375წწ.). კილიკიის დამოუკიდებელი სამეფო ეგვიპტის მამლუქებთან თითქმის ასწლიან უთანასწორო ბრძოლაში დაიშალა. თუ არ ჩავთვლით კილიკიის სამეფოს, XI ს-დან სომხებს, მათი განსახლების ისტორიულ ტერიტორიაზე, სახელმწიფოებრიობა აღარ ჰქონიათ.

XVIს-დან დასავლეთ სომხეთი თურქეთის შემადგენლობაში აღმოჩნდა, აღმოსავლეთი კი სეფევიდური ირანის პროვინცია იყო. სომხეთის ტერიტორიის აღნიშნული ორი სახელმწიფოს შემადგენლობაში გადასვლა საბოლოოდ 1555 წელს გაფორმდა. იქამდე, XII-XIIIსს-ში ჩრდილოეთ სომხეთი საქართველოს შემადგენლობაში შედიოდა. რამდენიმე სომხური სამთავრო უშუალოდ შედიოდა საქართველოს სამეფოში.


1827 წელს ირანის დაქვემდებარებაში მყოფი სომხური მიწები რუსეთმა შეიერთა. რუსეთის ხელისუფლებამ 1829-1830 წლებში როგორც ირანის, ისე თურქეთის სახელმწიფოთა ტერიტორიებზე მცხოვრები სომხები დღევანდელ სომხეთსა და საქართველოში (ჯავახეთი, სამცხე, თრიალეთი) დაასახლა. ამ დროს მოხდა საქართველოში სომეხთა კომპაქტური განსახლება და საქართველოს აღნიშნული მხარეები, რომლებიც ყოველთვის ეთნიკური ქართველებით იყო დასახლებული, ამიერიდან ეთნიკური სომხებით განსახლებულ არეალებად იქცა. ამ დროს რუსეთის იმპერიაში (კავკასიაში) გადმოსახლებულ სომეხთა საერთო რაოდენობა 140 ათასი კაცი იყო. ამის შემდეგ აღმოსავლეთ სომხეთში (დღევანდელი სომხეთის სახელმწიფოს ტერიტორიაზე) სომეხთა რაოდენობამ 56%-ს გადააჭარბა. სომხეთმა სახელმწიფოებრიობა მცირე ხნით მხოლოდ რუსეთის 1917 წლის რევოლუციის შემდეგ აღიდგინა (1918-1820 წლები). საბოლოოდ კი დამოუკიდებლობა საბჭოთა იმპერიის დაშლის შემდეგ მიიღეს.

ზემოთ აღინიშნა, რომ სომხები მსგავსად ებრაელებისა, მსოფლიოს რამდენიმე ათეულ ქვეყანაში არიან განსახლებული. თავდაპირველად მიგრანტები, ქალაქის მოსახლეობა _ ვაჭრები და ხელოსნები იყვნენ. შემდეგ კი თანდათან დიდი რაოდენობით მიწათმოქმედ სომეხთა თემებიც გაჩნდა. უცხოეთის ქვეყნებში სომეხთა მასობრივი და უწყვეტი გადასახლებების მიზეზად მუდმივ ომებს, მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობას და სხვათა ნაციონალურ და რელიგიურ ბატონობას ასახელებენ.

ჯერ კიდევ Vს-მდე სომხებს კოლონიები ჰქონდათ მახლობელ აღმოსავლეთში. სომეხთა ემიგრაცია V-VII საუკუნეებშიც გრძელდებოდა. ზემოთაც აღვნიშნეთ და აქაც გვინდა გავიმეოროთ, რომ ქვეყნიდან განსახლებამ მასობრივი ხასიათი მიიღო არაბთა და სელჯუკთა დაპყრობების დროს. სომეხთა მნიშვნელოვანი რაოდენობა მცირე აზიისა და ბალკანეთის გავლით ევროპაში, ყირიმში, პოლონეთში, უკრაინაში სახლდებოდა. უკვე XIს-ში კიევში სომხური ეკლესია არსებობდა.


XIXIIIსს-ში ძალიან მოიმატა სომხების რაოდენობამ ბიზანტიაში, ეგვიპტეში, სირიაში, ლიბანში; დიდი სომხური კოლონიები წარმოიქმნა გალიციაში, ბუკოვინაში, მოლდოვაში, უნგრეთში, ვალახეთში, ტრანსილვანიაში. ევროპაში სომეხთა კულტურული ცენტრი ლვოვი იყო. სომეხთა ემიგრაცია ძალიან გაძლიერდა მონღოლ-თათართა პერიოდში.

XIVს-ში სომეხი მიგრანტების რაოდენობა გაიზარდა საქართველოში, მცირე აზიაში, რუსეთში, ყირიმში. ყირიმში პირველი სომხური დასახლებები 1061 წელს გაჩენილა, ერთ-ერთი არაბი მწერლის აღნიშვნით ყირიმის დედაქალაქ სოლხათში 1263 წელს მოსახლეობის დიდი ნაწილი სომხები იყვნენ. სოლხათის მახლობლად სუგდეაში სომხები იმდენად ბევრნი ყოფილან, რომ მათ რელიგიური კამათი გაუმართავთ ძველ მაცხოვრებელ ბერძნებთან. სოლხათის მახლობლად სომხებს მონასტერი XIVს-ში აუგიათ, რომელსაც “სურფხაჩს” უწოდებდნენ.

XVIIს-ში სომხებს ფეოდოსიაში რამდენიმე ეკლესია ჰქონიათ. 1735 წელს რუსეთის ყარასუბაზარში შეჭრის მომენტისათვის, აქ 300 სომხური ოჯახი ყოფლა. ჩრდილოეთ ყირიმში ახლაც დიდი რაოდენობითაა სომხური მოსახლეობა. როგორც ყველგან, ისინი აქაც ძირითადად ვაჭრობასა და ხელოსნობას მისდევენ. 1512 წელს ვენეციაში სომეხმა კოლონისტებმა პირველი სომხური წიგნი დაბეჭდეს.


image(ახალი ჯულფა, ისპაჰანის პროვინცია, ირანი)


XVIIს-ის დასაწყისში ირანში შაჰ-აბას I-ის მიერ გადასახლებულმა სომხებმა ქალაქი ახალი ჯულფა დაარსეს. აქ სომხებმა 1639 წელს აღმოსავლეთში პირველი სომხური ტიპოგრაფია შექმნეს. რუსეთში სომხური კოლონიები არსებობდა ასტრახანში, მოსკოვში, პეტერბურგში. ჩრდილოეთ კავკასიაში კი მათ ბევრი პატარ-პატარა კოლონია ჰქონდათ. 1778- 1779 წლებში ყირიმელი სომხების დიდი ნაწილი დონის შესართავთან დასახლდა, სადაც მათ რამდენიმე სოფელი და ქალაქი ახალი ნახიჭევანი დაუფუძნებიათ. ზემოთაც აღვნიშნეთ და კვლავ გვინდა გავიმეოროთ, რომ სომეხთა დიდი მიგრაცია მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში თურქეთიდან პირველი მსოფლიო ომის დროს მოხდა.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, 1946-1948 წლებში სომხეთში უცხოეთში მცხოვრები სომხების რეპატრიაცია დაიწყო. სომხეთში ამ დროს ასი ათასი ეთნიკური სომეხი დასახლდა. 1962-1973 წლებში ამ რიცხვს 26 ათასი დაემატა. თუმცა შემდეგ ბევრი სომეხი უკან დაბრუნდა, რადგან მათ საბჭოთა წყობილებასთან ადაპტაცია გაუჭირდათ. ბუნებრივია, სხვადასხვა ქვეყნებში განსახლებულმა სომეხთა მრავალრიცხოვანმა ჯგუფებმა გარშემომყოფი მოსახლეობის ყოფისა და კულტურის გარკვეული გავლენა განიცადეს. მაგრამ მათ მაინც თითქმის ყველგან შეინარჩუნეს ეთნიკურობა, ენა.

ამასთანავე, სომხური კულტურის ცენტრები სწორედ აქ იყო და არა სომხეთში. გამოსცემდნენ ლიტერატურას, ასწავლიდნენ მშობლიურ ენას, მკაცრად იცავდნენ სამშობლოდან მოტანილ ეთნიკურ კულტურას, ტრადიციებს, საზოგადოებრივი ცხოვრების ნორმებს. ამას ვერ ვიტყვით XIXს-მდე საქათველოში გადმოსახლებულ სომხებზე. ამ პერიოდისათვის თბილისში მცხოვრებმა სომხებმა ფაქტობრივად, არ იცოდნენ სომხური ენა; მათთვის დედაენა ქართული იყო და სომხობა მხოლოდ რელიგიით იყო განპირობებული.

საქართველოში სომხური მოსახლეობა ჯერ კიდევ Vს-ში ქვემო ქართლში _ საქართველო-სომხეთის საზღვრისპირა ზოლში შეინიშნებოდა. VIIს-ის დამდეგისათვის ნარევი სომხურქართული მოსახლეობა იყო ტაშირში. საისტორიო წყაროებით ჩანს 726 წელს ქალკედონისტი სომხების ტაოში მიგრაცია.


სომეხთა მიგრაცია საქართველოსკენ VIIს-ში არაბთა შემოსევების დროს გაძლიერდა. ერთ-ერთი ასეთი მიგრაციული ტალღა დასავლეთ საქართველოში _ სამეგრელოშიც კი გადასულა. თუმცა აქ ისინი დიდხანს არ გაჩერებულან, ფოთში სულ ექვსი წელი დაუყვიათ. X ს-ში ქართლის ცენტრალურ რაიონებში სომეხთა კვალი ჩანს. მეცნიერები იმასაც აღნიშნავენ, რომ ამ დროისათვის ქართული ქრისტიანული საკულტო ცენტრები კვლავ იზიდავდნენ გარედან მოსულ სომხურ მოსახლეობას. Xს-ის ბოლოს ქვემო ქართლის ტერიტორიაზე თბილისის საამიროსთან ბრძოლაში ტაშირ-ძორაგეტის ანუ ლორე-ტაშირის მცირე სომხური სამეფო ჩამოყალიბდა, რომელსაც სათავეში კვირიკიან ბაგრატუნები ედგნენ. ამ გარემოებამ დმანისში, სამშვილდეში, ლორესა და ქვემო ქართლის სხვა ქალაქებში სომხური ეთნიკური ელემენტის მომრავლება გამოიწვია, მაგრამ მაინც ამ დროს ქვემო ქართლში მოსახლეობის უმრავლესობას ქართველები შეადგენდნენ.


პირველი რეალური ცნობა სომეხ მიგრანტთა მნიშვნელოვანი ნაწილის საქართველოს ტერიტორიაზე ჩამოსახლების შესახებ დავით აღმაშენებლის ღონისძიებებთანაა დაკავშირებული. მათე ურაჰაეცის ცნობით, დავით აღმაშენებელი სომეხთა ტომის მოყვარული იყო. მან სომეხთა გადარჩენილი ლაშქარი გარშემო შემოიკრიბა და ისინი ქალაქ გორში დაასახლა.

მონღოლთაგან დარბეული ყარსის სომხური მოსახლეობის ნაწილს თავშესაფარი თბილისში მოუნახავს. სომხური ეკლესიის აშენების შესახებაა საუბარი თბილისში XIIIს. 50-იან წლებში. ბუნებრივია, თბილისში დიდვაჭარ უმეკის მიერ სომხური ეკლესიის აშენება საქართველოს დედაქალაქში სომეხთა რაოდენობის ზრდით იყო განპირობებული.

საისტორიო წყაროებში აღნიშნულია, რომ საქართველოს ტერიტორიიდან მონოფიზიტი სომხები რწმენის გამო არასოდეს არ იდევნებოდნენ. XII-XIIIსსში საქართველოს ტერიტორიაზე სომხური ეკლესიების აშენების სანაცვლოდ, საქართველოს მესვეურნი ჩრდილოეთ სომხეთის ტერიტორიაზე ქართულ ეკლესიებს აშენებდნენ, რაც სომხეთში ქართული კულტურისა და ენის სფეროს გაფართოებას იწვევდა.


image


სომეხთა მიგრაციები განსაკუთრებით ინტენსიური გახდა XVს-ში. ერთი საუკუნის განმავლობაში თითქმის მთელი იმდროინდელი მსოფლიო სომხური კოლონიებით დაიფარა. არარატის ველი და არაქსის მიდამოები ადგილობრივი სომხური მოსახლეობისაგან დაიცალა. ამ დროს სომხები საქართველოშიც მოვიდნენ. წყაროები სივნიეთიდან საქართველოში 1435-1438 წლებში 6000 კომლ მიგრანტ სომეხს მიუთითებენ. დიდი რაოდენობით ესახლებოდნენ ამ დროს სომხები ლორეს მხარეშიც.

არაერთი სომხური სოფელი გაჩნდა XVII-XVIIIსს-ში ქვემო ქართლსა და შიდა ქართლშიც. შიდა ქართლში მათი კომპაქტური განსახლების არეალი სოფელი ახალქალაქი იყო. XVIIIს-ში საქართველოში სომეხთა რაოდენობის განსაზღვრა ერთობ ჭირს, რადგან მოსახლეობის ფენების აღსანიშნავად ქართული წყაროების მიერ გამოყენებული ეთნიკური ტერმინები (თათარი, სომეხი, ფრანგი) უფრო კონფესიური შინაარსის მატარებელნი არიან. ე.წ. სომხებად მოხსენიებულ მოსახლეობაში მნიშვნელოვანი რაოდენობით იყვნენ მონოფიზიტი ქართველებიც.


ქართველ მეცნიერთა (გ. მაისურაძე) გამოანგარიშებით XVIIIს-ის პირველ მეოთხედში თბილისის სომხური მოსახლეობა მთელი მოსახლეობის მხოლოდ ერთ მესამედს შეადგენდა. ვახუშტი ბაგრატიონი ქვემო ქართლის მოსახლეობის უმეტესობის მხოლოდ მათ სარწმუნოებით სომხობაზე და ეთნიკურობით (ენით, ზნე-ჩვეულებით) ქართველობაზე საუბრობს.

1721 წლის აღწერით სრულიად შესაძლებელია ქვემო ქართლში მოსახლე მონოფიზიტი ქართველებისა და სომხების ერთმანეთისაგან გამიჯვნა. ცნობილია, რომ XIXს-ის მეორე ნახევრამდე სომხებს გვარები არ ჰქონდათ. ამ აღწერაში ქართველი გრიგორიანელები გვარებით არიან ჩაწერილნი, ხოლო ეთნიკური სომხები _ მხოლოდ საკუთარი სახელებით.

1721 წლის აღწერით ქვემო ქართლში ეთნიკური სომხები უმნიშვნელო რაოდენობით იყვნენ. შიდა ქართლში სომხები ქართველებსა და ებრაელებთან ერთად, ვახუშტის მონაცემებით, შემდეგ ქალაქებში ცხოვრობდნენ: ატენი, მძორეთი, ახალგორი, გორი, ცხინვალი, თამარაშენი, ალი, სურამი; სამცხის ასეთ ორ ქალაქს (აწყურსა და ახალციხეს) ასახელებს.

ჯავახეთში ქართველებსა და ებრაელებთან ერთად, სომხები გოკიასა და ბარალეთში მკვიდრობდნენ. იმერეთში ასეთ დასახლებულ პუნქტებს შორის ის ჭალა-ტყეს, ჩიხორს, საჩხერეს და ქუთაისს მიუთითებს. ასე რომ, XVIIIს-ის პირველ მეოთხედში მთელ საქართველოში სომხები (ტაშირის გამოკლებით) ქართველთა გვერდით და ძირითადად მათ შორის გაფანტულად მოსახლეობდნენ.


image(სურფგევორქი თბილისში)


XVIIIს-სა და XIXს-შიც საქართველოში (და, მათ შორის, თბილისშიც) მცხოვრები სომხების ენა ძირითადად ქართული იყო. მათმა უმეტესობამ სომხური საერთოდ არ იცოდა. თბილისელმა სომხებმა სომხურად ლაპარაკი მხოლოდ XIXს-ის 80-იანი წლების შემდეგ დაიწყეს. რაც შეეხება ჯავახეთსა და თრიალეთის ნაწილს, აქ დასავლეთ (ანუ თურქეთის) სომხეთიდან სომეხთა დიდი ნაკადი ცარიზმმა 1828-1830 წლებში შემოასახლა.

ჩრდილოეთ კავკასიაში სომხური მოსახლეობის ფორმირება XVIIIს-დან XX ს-ის დასაწყისამდე მოხდა. აქ სომხები ძირითადად ირანიდან და თურქეთიდან გადმოსახლდნენ. სომეხთა ყველაზე ადრინდელი მიგრაცია, რაც დოკუმენტურად ჯერ კიდევ XI-XII საუკუნეებშია დაფიქსირებული, ძირითადად სამხრეთ დაღესტანსა და ჩრდილო-დასავლეთ კავკასიაში განხორციელდა.

1869 წელს სტანიცებს ხანსკაიასა და ბელორეჩინსკაიას შორის აღმოაჩინეს სომხური ეკლესიის ნანგრევები, რომელიც 1171 წელს ყოფილა აგებული. XIV-XVIIსს-ში დერბენტელი და შემახიელი სომხები ასტრახანის საშუალებით რუსეთის სახელმწიფოსთან ვაჭრობდნენ.


1728 წელს დერბენტში რუსეთში გადმოსახლებული პოლონელი სომხები დაფუძნდნენ. XVIIIს-ის ბოლოს დერბენტში დაახლ. ასამდე სომხური ოჯახი მკვიდრობდა. XVIIIს-ის პირველ მეოთხედში სომხები მდ. თერგის ხეობის აუზში ირანიდან მიგრირდნენ. ჯერ კიდევ სპარსეთში ლაშქრობამდე პეტრე I ირანელ სომხებს რუსეთში გადმოსახლებისაკენ მოუწოდებდა, რომლებსაც გარკვეულ შეღავათებსაც ჰპირდებოდა. სომხებს ნება დართეს იმ ადგილას დასახლებულიყვნენ, სადაც შემდეგ ქალაქი ყიზლარი დაარსდა.

1710 წელს ერთ-ერთმა სომეხმა ვაჭარმა და მრეწველმა თერგის მარცხენა ნაპირზე აბრეშუმის გადამამუშავებელი ქარხანა ააგო. ქარხნის ირგვლივ დასახლებაც გაჩნდა. იგი მოგვიანებით შელკოზავოდსკოეს სახელწოდებას ატარებდა. XVIIIს-ის ბოლოს ამ დასახლებაში 227 მამაკაც სომეხთან ერთად 153 ქართველი მამაკაციც მკვიდრობდა. ყიზლარის ციხე-სიმაგრის დაარსების შემდეგ (1736წ.), დერბენტიდან 450 სომეხი დასახლებულა. სომხები აქ ყარაბაღიდან და სპარსეთიდანაც მოსულან. ისინი ძირითადად პეტრე I-ის სპარსეთში ლაშქრობის მონაწილენი იყვნენ.

XVIIIს-ის 60-იან წლებში მოზდოკში სხვა ხალხებთან ერთად სომხებიც დასახლდნენ. 1795 წელს კავკასიის ხაზზე ბაქოს, დერბენტისა და ყუბის სახანოებიდან 5000-ზე მეტი სომეხი გადმოსახლდა. ყიზლარის მაზრაში ამ დროს კიდევ რამდენიმე სომხური დასახლება წარმოიქმნა, სადაც 1800-1811 წლებში დერბენტელი სომხების კიდევ ერთი ჯგუფი მოვიდა.

1799 წელს სომეხ მრეწველებსა და ვაჭრებს ნება დართეს ძველი მაჯარის ადგილზე ახალი ქალაქის აშენებისა, რომელსაც “სვიატოი კრესტ” (თანამედროვე ბუდიონოვსკი) უწოდეს. თანდათან იზრდებოდა ყიზლარის სომხური მოსახლეობა. ასე, მაგალითად, 1785წ. აქ 2, 2 ათასი სომეხი ცხოვრობდა, 1806 წლისათვის მათმა რაოდენობამ 5, 4 ათასს გადააჭარბა. მოზდოკში 1781 წელს 700 სომეხი იყო აღრიცხული, XVIIIს-ის ბოლოს _ 2300. მნიშვნელოვანი რაოდენობით ცხოვრობდნენ სომხები მოზდოკიდან 35 კილომეტრით დაშორებულ სოფელ ედისში, სადაც სომხები ყუბის სახანოდან იყვნენ გადმოსახლებული.

თერგის გაყოლებით მცხოვრები სომხები თავისუფლად ლაპარაკობდნენ ახლო-მახლო მცხოვრები ხალხების ენებზე (ნოღაურ ენაზე, მთიელთა ენებზე). კავკასიაში მცხოვრებ სომხებს შენარჩუნებული ჰქონდათ თავიანთი რწმენა, ეთნოკულტურული ტრადიციები.


image


ჩრდილოეთ კავკასიაში ყველაზე დიდი ხნის მოსული ჩერქეზეთის ანუ მთის სომხები არიან, რომლებიც დასავლეთ ადიღეელთა შორის ბინადრობდნენ. ზოგიერთი მეცნიერის აზრით, ეს სომხები XIVს-ში კილიკიის სომხური სახელმწიფოს განადგურების შემდეგ არიან მოსული. სხვათა აზრით, მათი მიგრაცია XV ს-ში ყირიმიდან მოხდა.

ჩერქეზებს შორის დისპერსიულად განსახლებულმა სომხებმა ინტენსიური ეკონომიკური, საოჯახო, კულტურულყოფითი კონტაქტი დაამყარეს მათთან. ჩერქეზული კულტურა არა მარტო შეიჭრა სომეხთა ცხოვრებაში, არამედ გაბატონებულიც კი გახდა, მაგრამ ჩერქეზებს შორის განსახლებულმა სომხებმა ეთნიკური თვითშეგნება არ დაკარგეს, რაც ქრისიტანული რელიგიისა და მაღალი სოციალურ სტატუსის შენარჩუნებამ განაპირობა. დანარჩენი სომხებისაგან ისინი თავიანთ თავს ანსხვავებდნენ. მათი როგორც ენდოეთნონიმი, ისე ეგზოეთნონიმი იყო “ერმელი” (სომხების აღმნიშვნელი ყირიმელი თათრების ტერმინი).

XVIIIს-ის ბოლო ათწლეულსა და XIXს-ის პირველ ნახევარში ჩერქეზეთის სომხები მთიდან ბარში გადასახლდნენ და არმავირი დააარსეს (1841წ.). XIXს-ის 40-იან წლებში არმავირში ნამყოფი ერთ-ერთი სასულიერო პირი აღნიშნავდა, რომ ჩერქეზეთის სომხები თითქმის არაფრით განსხვავდებიან ჩერქეზებისაგანო _ იგივე ენა, წეს-ჩვეულებები, საჭმელები, საოჯახო ჭურჭელი და ტანსაცმელი. არ იცოდნენ სომხური ენაც. იგივეს აღნიშნავდა 1859 წელს რუსეთის სამეფოს ადმინისტრაციის ერთ-ერთი წარმომადგენელიც. ის ხაზს უსვამდა, რომ ჩერქეზეთის სომხებმა სომხური ენა არ იციან და ადიღეური ენის აზაძეხურ დიალექტზე მეტყველებენო.


მიუხედავად იმისა, რომ სომხები ჩერქეზებად იყვნენ გარდაქმნილნი, მტკიცედ იყვნენ დარწმუნებულნი, რომ ისინი სომხები არიან. XIXს-ში სომხური მოსახლეობის რაოდენობა იზრდებოდა ეკატერინოდარშიც (კრასნოდარი). სტავროპოლში კი პირველი სომხური დასახლებები XVIIIს-ის ბოლოს წარმოიქმნა. აქ ისინი ცალკე ერთ ქუჩაზე იყვნენ დასახლებულნი.

მთელი XIXს-ის განმავლობაში იმატებდა ვლადიკავკაზის სომხური მოსახლეობაც. სამხრეთ რუსეთში დასავლეთ სომეხთა მასობრივი მიგრაცია XIXს-ის მეორე ნახევარში მოხდა. XIXს-ის ბოლოს ლტოლვილი სომხების დიდი რაოდენობა კავკასიის შავიზღვისპირეთსა და ყირიმს მიაწყდა (ანაპის, ნოვოროსიისკის, ტუაფსეს, სოჭის, იალტის, ქერჩის, სიმფეროპოლის რაიონები). ჩრდილოეთ კავკასიაში განსაკუთრებით დიდი რაოდენობით მოვიდნენ 1915-1916 წლებში. 1926 წელს მაიკოპის ოკრუგში ნაციონალური სომხური რაიონიც კი ჩამოაყალიბეს, რომლის ცენტრიც სოფელი შაუმიანი იყო.

1979 წელს კრასნოდარის მხარეში 120, 8 ათასი სომეხი ცხოვრობდა. 1989 წელს კი მათმა რაოდენობამ 182 ათასს გადააჭარბა. 1996 წლის მონაცემებით კრასნოდარის მხარეში სომეხთა რაოდენობა 223, 8 ათასი კაცი იყო. დღევანდელ სომხეთში (ანუ როგორც უწოდებენ აღმოსავლეთ სომხეთში) მოსახლეობის ორი ფენა გამოიყოფა: ერთი _ ადგილობრივი და მეორე დასავლეთ სომხეთიდან (ანუ თურქეთიდან) მიგრირებულნი. ასე რომ, სომხეთის რესპუბლიკა ეთნოგრაფიული თვალსაზრისით ორ ძირითად ოლქად იყოფა _ დასავლეთ სომხების განსახლების არეალი და აღმოსავლეთ სომხების განსახლების ოლქი.

სომხეთში ეს ორი ეთნოგრაფიული არეალი 1830- იანი წლების შემდეგ ჩამოყალიბდა, როდესაც თურქეთიდან დასავლეთ სომხების დიდი მასა რუსეთის შემადგენლობაში მყოფ სომხეთის ტერიტორიაზე განსახლდა. ისინი დღევანდელი სომხეთის აღმოსავლეთ და ცენტრალურ რაიონებში (არაგაწი, არარატის ველი, გეხარკუნი, ვაიოც-ძორი) დასახლდნენ. აღმოსავლეთ სომხეთის დანარჩენ ნაწილს ძირითადად შენარჩუნებული ჰქონდა ძირძველი მოსახლეობა და მასთან ერთად, კულტურისა და ყოფისათვის დამახასიათებელი გარკვეული სპეციფიკაც. ასეთ ძირძველ სომხურ მოსახლეობად სომეხი მეცნიერები ყარაბაღის სომხებსაც მიიჩნევენ. თუმცა, აზერბაიჯანულ საისტორიო ლიტერატურაში აღნიშნულია, რომ XIX საუკუნემდე მთიან ყარაბაღში სომხები მცირე ჯგუფების სახით იყვნენ განსახლებული და რომ ისინი აქ, ისევე როგორც აზერბაიჯანის სხვა რაიონებში, ძირითადად 1828 წლის შემდეგ, ცარიზმმა დაასახლა.


სომხეთში ორი მთავარი ეთნოგრაფიული ჯგუფის შიგნით რვა ეთნოგრაფიულ რაიონს გამოყოფენ, რომელთაგანაც ხუთი დასავლეთ სომხებით განსახლებულ ოლქებში შედის (შირაქი, არაგაწოტნი, არარატის ველი, გეხარკუნიკი, ვაიოც-ძორი) და სამი _ აღმოსავლეთ სომხების განსახლების არეალში (ლორე, იჯევან-თავუში, ზანგეზური). სხვათაშორის, ზანგეზურს აზერბაიჯანელი ისტორიკოსები, გეიჩასთან ერთად, ძველთაძველ აზერბაიჯანულ მიწად მიიჩნევენ. იმასაც აღნიშნავენ, რომ ზანგეზურში კომპაქტურად აზერბაიჯანელების მნიშვნელოვანი რაოდენობა ცხოვრობდა და ეს მიწა აზერბაიჯანის ბოლშევიკმა ხელისუფლებამ სომხებს აჩუქაო. რაც შეეხება ლორე-ტაშირს და ყაიყულს, ის შერაგელთან ერთად, XI ს-დან საქართველოს სამეფოს, შემდეგ კი _ ქართლ-კახეთის შემადგენლობაში შედიოდა. რუსეთმა ეს მხარე ქართლ-კახეთის სამეფოსთან ერთად შეიერთა, რადგან ის მისი განუყოფელი ნაწილი იყო.


image


რუსეთის დროს ლორე ჯერ თბილისის გუბერნიის თბილისის მაზრაში, შემდეგ კი _ ბორჩალოს მაზრაში შედიოდა. საბჭოთა რუსეთმა ლორე სომხეთის რესპუბლიკას გადასცა. სხვათაშორის, ლორე იმდენად ინტეგრირებული იყო ქართულ ეთნიკურ სამყაროსთან, რომ XIXს-ის მოსახლეობის აღწერის დავთრებში, რომელსაც რუსეთის ხელისუფლება ატარებდა, აქ მცხოვრები სომხების გვარები ქართული სუფიქსით (-შვილი) იყო გაფორმებული.

ლორელთა ეთნოგრაფიული ყოფა მნიშვნელოვნად შეიცვალა ალაშკერტიდან გადმოსახლებული სომხების შემდეგ. ალაშკერტელმა სომხებმა არა მხოლოდ ლორელების ყოფა-ცხოვრებაზე მოახდინეს გავლენა, არამედ შირაქელი სომხების (გუკასიანის რაიონი) ყოფასა და კულტურაზეც.


საერთოდ, წარსულში ვიდრე XXს-ის დასაწყისამდე, სომხეთის მთიანეთის ტერიტორია ოთხ ძირითად ეთნოგრაფიულ მხარედ იყოფოდა, რომლებისთვისაც განსაკუთრებული აგრიკულტურული სპეციფიკა იყო დამახასიათებელი. ესენია: მაღალი სომხეთი (ერზანჯანერზინკა, კარინ-ერზერუმი, ყარსი); სოფენა-ალძინკი (ხარბერდი და დიარბექირი); ვასპურაკან-ტურუბერანი (ვანის ტბის აუზი და მუში); არარატ-სიუნიკი (არარატის ველი და მისი მიმდებარე მცირე კავკასიის მთიანი მასივი).

სომხეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მხარეების მოსახლეობა სხვადასხვა ისტორიული ვითარებისა და არაერთგვაროვანი ბუნებრივ-კლიმატური და გეოგრაფიული პირობების გამო, ყოფითი კულტურით ერთმანეთისაგან განსხვავდებოდა. სხვადასხვა ქვეყნებში მცხოვრებმა სომხებმა, ბუნებრივია, ყოფასა და კულტურაში ადგილობრივი მოსახლეობის გავლენა განიცადეს. სომხეთში მცხოვრები სომხებისათვის კი ყოფასა და კულტურაში დამახასიათებელი იყო ცხოვრების ტრადიციული წესის შენარჩუნება. ცხოვრების წესი კი მათ სამიწათმოქმედო-სამესაქონლეო კომპლექსის საფუძველზე ჩამოუყალიბდათ. სომხეთის მთიანეთის ბუნებრივი პირობების ვერტიკალური ზონალობა განაპირობებდა დაბლობში მიწათმოქმედების დომინირებულ როლს, მთაში კი _ მესაქონლეობისას, სომხები ერთ-ერთ უძველეს მიწათმოქმედ ხალხად ითვლებიან. სახნავსათესი ფართობები ალპიურ საძოვრებამდე აღწევდა.

სიმაღლის მატებასთან ერთად მიწათმოქმედების მნიშვნელობა ეცემოდა. მაღალმთიანეთში მიწათმოქმედებას მესაქონლეობა (ძირითადად მეცხვარეობა) ენაცვლებოდა. დაბლობში მესაქონლეობას (მეცხვარეობა, მსხვილფეხარქოსანი საქონელი) ყველგან დამხმარე როლი ჰქონდა დაკისრებული.

მეცნიერებს შენიშნული აქვთ, რომ სომხეთში ტერასული მიწათმოქმედება თავის საწყისებს ჯერ კიდევ ურარტულ ეპოქაში იღებს. იგივეს აღნიშნავენ საირიგაციო არხების შესახებ. ასე რომ, სომხეთში განვითარებული იყო სარწყავი მიწათმოქმედება. ბარის რაიონებში თესავდნენ ხორბალს, ასლს, ქერს, ფეტვს, ჭვავს, სელს, კანაფს. ბრინჯს, სიმინდს (XVIIIს-დან), ბოჭკოვანზეთოვან კულტურებიდან _ ბამბას, ქუნჯუტს; გაშენებული ჰქონდათ ბაღები და ვენახები. ზამთარში იცოდნენ ვაზის მიწაში ჩაფლვა, რათა ის ყინვისაგან დაეცვათ. სამეცნიერო ლიტერატურაში აღნიშნულია, რომ სომხები უძველესი მევენახე-მეღვინე ერია, რომ ეს საქმიანობა მათი წინაპრებისათვის ჯერ კიდევ ურარტუს ეპოქაში იყო დამახასიათებელი, თუმცა ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ არც ძველად და არც ახლა სომხეთში ღვინო ტრადიციული სასმელი არ ყოფილა. სომხურ სუფრაზე უფრო არაყს და მისი ტიპის სასმელებს სცემდნენ პატივს. საყურადღებოა, რომ სომხური სიტყვა “გინი” ქართული “ღვინისაგან” მომდინარეობს.


იგივე შეიძლება ითქვას სახვნელის სახელწოდების შესახებ (“გუტან”), რომელშიც ექვსიდან რვა უღელ ხარს აბამდნენ, სამკალი იარაღის შესახებ (“მანგახ”. შდრ. ქართული “ნამგალი”). ძველად სომხეთში მემინდვრეობა და მევენახეობა მებაღეობასა და გვიან მებოსტნეობასთან იყო შეხამებული. მდინარეთა გასწვრივ გაშენებულ ბაღებში გარგრის, ატმის, კომშის, მსხლის, ქლიავის, ალუბლის დიდ მოსავალს იღებდნენ. სომხები მარცვლეულს მიწაში ამოთხრილ დიდ ხაროებში ინახავდნენ, რომლის კედლებიც კირხსნარით ჰქონდათ შელესილი. სახარჯავ მარცვალს კი საცხოვრებელ ნაგებობასა ანდა საკუჭნაოში (“მარან”) მატყლის ძაფისაგან მოქსოვილ დიდ ტომრებში ინახავდნენ. მარცვალსა და ფქვილს აგრეთვე ხის დიდ ყუთებში (“ამბარი”) ათავსებდნენ.

ისევე როგორც საქართველოში, სომხეთშიც ხვნის დროს იცოდნენ შეამხანაგება, რადგან სამიწათმოქმედო რაიონებში ექვსიდან რვა უღელ ხარამდე ფაქტობრივად არავის არ ჰყავდა. დროებით განზოგადოება იცოდნენ არა მხოლოდ საქონლის, არამედ ადამიანთა შრომის, სახვნელი იარაღებისა და მისი ცალკეული ნაწილებისაც კი. მთის ქვიან ფერდობებზე არქაული სახვნელით (“ორორ”) ხნავდნენ, რომელშიც, ჩვეულებრივ, ორ ან სამ უღელ ხარს აბამდნენ. მარცვალს ქართულის მსგავსი კევრით ლეწავდნენ. წისქვილიც ქართულის მსგავსი ჰქონდათ. ისევე როგორც საქართველოში, თითქმის ყველა ოჯახში ჰქონდათ ხელსაფქვავები. მისგან ბურღულს იღებდნენ.


image


სომხეთში პოპულარული იყო მცენარეული ზეთები. ზეთს სელისაგან, ბამბისაგან, ქუნჯუთისაგან, ნიგვზისა და ნუშისაგან ხდიდნენ. პრიმიტიული ზეთსახდელები ყველა ოჯახში ჰქონდათ, მაგრამ ჰქონდათ დიდი ზეთსახდელებიც, რომლებიც ცალკეულ მდიდარ გლეხებსა და მონასტრებს ეკუთვნოდა. სომხები მესაქონლეობას ყველა ეთნოგრაფიულ მხარეში მისდევდნენ. დაბლობში თუ საოჯახო მეურნეობისათვის აუცილებელი საქონლის რაოდენობას ინახავდნენ, მთაში მას ხშირად სასაქონლო მნიშვნელობაც ჰქონდა. მესაქონლეობას ოდითგანვე სამომთაბარეო ხასიათი ჰქონდა.

მთაში ყველა ოჯახს თავისი საძოვარი ჰქონდა, სადაც საქონელს ადრე გაზაფხულიდან აძოვებდნენ. მწყემსებთან ერთად მთაში ქალები და ბავშვებიც მიდიოდნენ. მთელი წლის განმავლობაში, რთვილის გაგდებამდე ისინი საძოვრებზე კარვებსა და მიწურებში ცხოვრობდნენ. აქვე ამზადებდნენ რძის პროდუქტებს. სოფელში დარჩენილი მამაკაცები სამიწათმოქმედო სამუშაოებს ასრულებდნენ.

მამაკაცები იშვიათად ადიოდნენ მთებში, რათა ოჯახები მოენახულებინათ და დამზადებული რძის პროდუქტები ჩამოეტანათ. რძის პროდექტებს ძირითადად ქალები ამზადებდნენ. საზაფხულო საძოვრებზე ქალები მატყლს ამუშავებდნენ, ხალიჩებს ქსოვდნენ.

სომეხთა ტრადიციული საქმიანობა იყო აგრეთვე მეფუტკრეობა, მონადირეობა, მეთევზეობა, შინამრეწველობა და ხელოსნობა. ძველად ფუტკარი ტირიფის ტოტებისაგან მოწნულ სკებში ჰყავდათ. მას ოვალური გოდრის მოყვანილობა ჰქონდა და გარედან ნაკელით, შიგნიდან კი თიხით იყო შელესილი. სომეხთა მეურნეობაში მიწათმოქმედების დომინირებული როლი მათ ტრადიციულ საკვებშიც აისახა. მის საფუძველს პური წარმოადგენდა, რომელსაც ძირითადად ლავაშის ფორმა ჰქონდა.


image


პურს ქართული თონის მსგავს ვერტიკალურ საცხობში _ “თონირში” აცხობდნენ. პურის გამოცხობასთან დაკავშირებული იყო რამდენიმე მაგიურ-რიტუალური ქმედება. მაგალითად, ისევე როგორც საქართველოში, სომხეთშიც არ შეიძლებოდა პურის ცხობას მამაკაცი დასწრებოდა. სომეხთა რწმენით, მამაკაცის თონესთან ყოფნას შეიძლება პურის საცხობის კედლებიდან ჩაცვენა გამოეწვია. პური არ უნდა გაეჭრათ, ის მხოლოდ ხელით უნდა გადაეტეხათ.

ისევე როგორც ქართულში, სომხურ ენაში, “პურის ჭამა” (“ჰაც უტელ”) საერთოდ ჭამას, სადილობას ნიშნავს. ყოველდღიურად პურთან ერთად მაწონსა და ცხვრის რძისაგან დამზადებულ ყველს მიირთმევდნენ. ფართოდ იყო გავრცელებული ბრინჯისა და ხორბლის ფაფები, რომლებსაც როგორც მცენარეულ ზეთს, ისე ერბოს, ქიშმიშს და ხილს უმატებდნენ. ხორცი უპირატესად სადღესასწაულო და საწესჩვეულებო საკვები იყო.

ქრისტიანული რელიგიის ძალიან დიდი ხნის წინ გავრცელების მიუხედავად (IVს. დასაწყისი), სომხეთში წარმართული მსხვერპლთშეწირვის ტრადიცია კვლავ არსებობდა. მსხვერპლად შეწირვა ყველა საოჯახო, საზოგადოებრივ და საეკლესიო დღესასწაულს ახლდა თან. ცდილობდნენ მსხვერპლად შეწირული ცხოველი (ბატკანი, ცხვარი, ხარი, ხბო) მთლიანად შეეწვათ და შემდეგ ხორცი ყველა დამსწრისათვის შეეხვედრებინათ (შდრ.: საქართველოში მსხვერპლთშეწირული ცხოველის შეწვა არ შეიძლებოდა, მას მხოლოდ ხარშავდნენ). სომხები რამდენიმე ხარისხის ყველს ამზადებდნენ (გაბრტყელებული, ფხვნადი, წვრილი ძაფების სახით).


გაბრტყელებულ ყველს ამზადებდნენ როგორც ცხვრის, აგრეთვე ძროხის და თხის რძისაგან ანდა მათი ნარევისაგან. ჩეჩილ ანუ ძაფისებურ ყველს ძირითადად შირაქში აკეთებდნენ. ტრადიციულად ყველს თიხის ჭურჭელში ინახავდნენ და ზედ წათხს (მარილწყალს) ასხამდნენ. ფხვნად ყველს გუდებში ინახავდნენ. იცოდნენ ტოლმა (ვაზის ფოთოლში ან კომბოსტოს ფურცელში გახვეული), ჰარისი (ხორბალში ჩახარშული ხორცი, ერთგვარი ფაფა), ხაში, ბოზბაში, ჩანახი, ჩიხირთმა. ბასტურმა და სუჯუხი (გამომშრალი ცხვრის ან საქონლის ხორცი წიწაკით და ქლიავით) აღმოსავლეთ სომხეთში დასავლეთ სომხეთიდან გადმოსახლებულებმა მოიტანეს.

სომხეთის ზოგიერთ რაიონში შემორჩენილი იყო ამიჩი _ ერთგვარი დელიკატესი. ეს იყო ბრინჯით, ქიშმიშით, ნუშით, შინდით ან ფინიკით, გარგრის ჩირით და გარგრის კურკის გულით ფარშირებული და თორნეში შემწვარი ქათამი, ბატკანი ანდა გარეული ფრინველი. სომხეთი ძველი ხელოსნური ტრადიციების ქვეყანაა. XX ს-ის დასაწყისამდე სომხურ ოჯახში მათი არსებობისათვის აუცილებელ თითქმის ყველა საგანს ამზადებდნენ. შინამრეწველობა არა მხოლოდ ოჯახის შიდა მოთხოვნილებებს, არამედ ბაზრის მოთხოვნილებებსაც აკმაყოფილებდა. განსაკუთრებით განვითარებული იყო რკინის, სპილენძის, ძვირფასი ლითონების დამუშავება, სამშენებლო საქმე, ქვაზე კვეთა, მეთუნეობა, ტყავის დამუშავება, ფეიქრობა (მეხალიჩეობა). საქალაქო ხელოსნობისათვის დამახასიათებელი იყო ვიწრო სპეციალიზაცია.

XIX ს-სა და XX ს-ის დასაწყისში ერთობ დამახასიათებელი მოვლენა იყო სომხეთიდან ხელოსნების საქართველოში, აგრეთვე ყირიმსა და სამხრეთ რუსეთში მიგრაცია. ისინი წინა საუკუნეებში წარმოქმნილი სომეხი ვაჭრებისა და ხელოსანთა კოლონიების რიგებს ავსებდნენ.

XIX ს-ში დასავლეთ სომხეთიდან სომეხთა ინტენსიური გადმოსახლების გამო, აღმოსავლეთ სომხეთის ტერიტორიაზე თავი მოიყარა სომეხი ხალხის ყველა ეთნოგრაფიული ჯგუფის წარმომადგენელმა. ამიტომაც იყო, რომ XIX საუკუნესა და XX საუკუნის დასაწყისში აღმოსავლეთ სომხეთში ეცვათ როგორც ადგილობრივი მოსახლეობისათვის დამახასიათებელი, ისე თურქეთის სომეხთათვის დამახასიათებელი ტანსაცმელი.


image


აღმოსავლეთ სომეხთა კოსტიუმისათვის დამახასიათებელი იყო სამხრეთ კავკასიის სხვა ხალხებისათვის დამახასიათებელი ბევრი ნიშანი. მამაკაცთა თავსაბურავი ცხვრის ტყავისაგან შეკერილი მაღალი და კონუსისებური ქუდი იყო. ფეხსაცმელს კი მოქნილი ტყავისაგან კერავდნენ, რომელიც ჩვენს ქალამანს წააგავდა. ქალები უპირატესად წითელი ფერის გრძელ კაბებს ატარებდნენ. ჩვეულებრივ დიდი მოსახვევებით ისინი ცხვირსა და სახის ქვედა ნაწილს იფარავდნენ.

დასავლეთ სომეხთა ქალების ტანსაცმელი თუ თითქმის არ განსხვავდებოდა აღმოსავლეთ სომეხთა ქალების ტანსაცმლისაგან, მამაკაცების ტანსაცმელი მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა. დღეისათვის ტრადიციულ სომხურ ტანსაცმელს მიყრუებულ სოფლებში იშვიათად მხოლოდ მოხუცებიღა ატარებენ.

სომეხთა სოფლები უმთავრესად მთათა ფერდობებზე იყო შეფენილი. ის ერთმანეთთან მჭიდროდ მიკრული საცხოვრებელი და სამეურნეო ნაგებობების გროვას წარმოადგენდა. ისინი ხშირად იარუსებად იყო განლაგებული და ერთი სახლის ბრტყელი სახურავი მეორისათვის ეზოს წარმოადგენდა. სახლები და სამეურნეო ნაგებობები ისე იყო ერთმანეთთან მჭიდროდ მიდგმული, რომ სოფელში არც ხეებისათვის და არც ბოსტნისათვის ადგილი აღარ რჩებოდა. ნაგებობათა განაშენიანების შექუჩებული ფორმა დაბლობშიც შეინიშნებოდა, მაგრამ აქ ცალკეული კარ-მიდამო და უბანი მკვეთრად გამოიყოფოდა და, რაც მთავარია, ისინი ბაღებსა და ვენახებში იყო ჩაფლული.


ყველა სოფელში ანდა მისგან ახლოს, აგებული იყო ეკლესია, რომლის გალავანშიც ხშირად სოფლის ყრილობას მართავდნენ. სომხეთის ბევრი სოფლის ეკლესია შესანიშნავი არქიტექტურული ძეგლია. სოფლის საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილს წყარო წარმოადგენდა. წყაროების თაყვანისცემა და მისი სისუფთავისათვის ზრუნვა სომეხთა ძველი ტრადიცია იყო. ზოგიერთ სომხურ სოფელში, თავდაცვის მიზნით გაკეთებული, ერთი სახლიდან მეორე სახლში საიდუმლო გასასვლელები არსებობდა. მომთაბარე მესაქონლეობის რაიონებში სეზონური საზაფხულო და საზამთრო დასახლებები ჰქონდათ. უტყეო მაღალმთიან სოფლებში არც ერთი ხე არ ჩანდა. აქ სოფლებსა და მათ მახლობლად წივის კოშკები იყო აშვერილი.

XX საუკუნის დასაწყისამდე სომხეთში შემორჩენილი იყო საცხოვრებელი ნაგებობების არქაული ტიპი, რომლის მსგავსი ნაგებობები ძველად დამახასიათებელი იყო აღმოსავლეთ საქართველოსა და დასავლეთ აზერბაიჯანისათვის, აგრეთვე წინა აზიის ზოგიერთი ოლქისათვის. სომხები დარბაზული ტიპის ერდოიან-გვირგვინიან სახლს გლახატუნს უწოდებდნენ. ის ძირითადად ცენტრალურ და დასავლეთ მთაგორიან სომხეთში იყო გავრცელებული (სევანის ტბის აუზი, ლორე-ბამბაკი, ზანგეზური, შირაქი, ერზერუმ-ყარსი (მაღალი სომხეთი), აგრის (ძველი ბაიზეთი) და ვანის ვილაიეთები). ყარაბაღელ სომეხთა ერდოიან-გვირგვინიანი სახლები ყარდამის სახელით არის ცნობილი. აქ ის ცალკე მდგარ საცხოვრებელ ნაგებობას წარმოადგენდა.


საერთო ქართულისაგან განსხვავებით, სომხური (მაღალსომხური) კომპლექსი უფრო დახშულ ნაგებობას წარმოადგენდა. სამეცნიერო ლიტერატურაში აღნიშნულია, რომ ერდოიან-გვირგვინიანი სახლი სომხეთში დიდი ოჯახის საცხოვრებელს წარმოადგენდა. ბევრი იყო მიწურბანიანი საცხოვრებელი სახლებიც. ზოგიერთ ეთნოგრაფიულ რაიონში ძველი სომხური საცხოვრებლების ერთი სახურავის ქვეშ მოქცეული იყო სამეურნეო ნაგებობებიც, ზოგიერთში კი _ შედარებით თბილ მხარეებში საცხოვრებელი და სამეურნეო ნაგებობები ერთმანეთისაგან დაცალკავებული იყო.

გლახატუნს, ჩვეულებრივ, ფანჯრები არ ჰქონდა. მასში შუქი ერდოდან შედიოდა, რომელიც ამავე დროს, კვამლის გასასვლელიც იყო. გასათბობად, საჭმლის დასამზადებლად და ზოგჯერ პურის გამოსაცხობადაც კერას იყენებდნენ. გლახატუნის შიგნით, ანდა მიშენებულ პატარა ნაგებობაში მოწყობილი ჰქონდათ ვერტიკალური საცხობი _ “თონირი”. ამის გამო, სახლს ხშირად “ტორნა-ტუნს”, ე.ი. “სახლი თონირით” უწოდებდნენ.

მთელი საოჯახო ჭურჭელი, ჩვეულებრივ, კედლის გასწვრივ ჰქონდათ ჩამწკრივებული, ანდა ნიშებსა და თახჩებში ეწყოთ. სახლში სომხებს დაბალი ტახტები ედგათ, რომლებზედაც ისხდნენ, ღამით კი წვებოდნენ. ტახტებსა და იატაკზე ხალიჩები და ქეჩები ჰქონდათ დაფენილი.

სომხეთის დაბლობ რაიონებში სხვა ტიპის საცხოვრებელი სახლები იყო გავრცელებული. აქ უპირატესობას ბრტყელი (ბანიანი) გადახურვის თიხატკეპნილ ნაგებობებს ანიჭებდნენ. გარდა ერთსართულიანი ნაგებობებისა, რომელიც ერთი საცხოვრებელი და რამდენიმე სამეურნეო სათავსისაგან შედგებოდა, სომხეთში გავრცელებული იყო ნახევრად მიწაში ჩადგმული სართულნახევრიანი ნაგებობები, რომლის მიწისზედა ნაწილს საცხოვრებლად იყენებდნენ, ნახევრადსარდაფი კი სამეურნეო დანიშნულებისა იყო. ხშირად ასეთი სახლების ფასადის გასწვრივ ფარდულებს მართავდნენ. სხვადასხვა ტიპის ტრადიციული საცხოვრებლები, რომლებიც თანდათან სახეს იცვლიდნენ, აქა-იქ XXს-ის შუა ხანებამდე შემორჩა. საქონელი მოთავსებული ჰყავდათ განსაკუთრებულ ნაგებობაში _ “გომე”, რომელიც აღმოსავლეთ სომხეთში ჩვეულებრივ საცხოვრებლისაგან დაშორებით ჰქონდათ აგებული, დასავლეთში კი საცხოვრებლებზე იყო მიშენებული.

“გომეს” სახურავზე ზამთარში საკვებს ინახავდნენ. “გომეს” ნაწილი ტიხარით ჰქონდათ გამოყოფილი და მასში სასტუმრო ოთახი _ “გომი ოდა” ჰქონდათ მოწყობილი, სადაც მამაკაცები იკრიბებოდნენ და უცოლო კაცები ღამეს ათევდნენ. ძველ სომხეთში უაღრესად განვითარებული იყო საქალაქო ცხოვრება.

ელინისტურ ხანაში ქალაქმშენებლობამ ინტენსიური ხასიათი მიიღო, რაც ვაჭრობისა და ხელოსნობის აღმავლობასთან იყო დაკავშირებული. ამ დროს წარმოიქმნა ისეთი ქალაქები, როგორებიც იყო არშამაშატი და არტაკიოკერტი სოფენაში, არტაშატი, არმავირი, ერვანდაშტი, ტიგრანაკერტი, ვაღარშაპატი და სხვა ქალაქები დიდ სომხეთში.


სომხური ქალაქების კულტურაზე განსაკუთრებული გავლენა მოახდინა მახლობელი აღმოსავლეთის ელინისტური ქალაქების კულტურამ. ძვ.წ. IIს-ში აშენებული არტაშატი ძველ სამყაროში ფართოდ ცნობილი ქალაქი იყო. პლუტარქე მას “სომხეთის კართაგენს” უწოდებდა. თავისი დროის ერთ-ერთი დიდი ქალაქი იყო ტიგრანაკერტი. მის მცხოვრებთა რაოდენობა ასი ათასს აჭარბებდა. სომხეთში დიდი ქალაქები შუა საუკუნეებშიც არსებობდა _ დვინი, ანისი, ერზინკი, კარინი, ყარსი, ვანი, არწნი, ხლათი, მანაზკერტი, კილიკიის სამეფოში _ აიასი, სისი, ტარსი, ადანი და სხვ. მიუხედავად იმისა, რომ ძველი სომხეთის ქალაქები სავაჭრო-სამრეწველო ცენტრები იყო, მათ მაინც მჭიდრო კავშირი ჰქონდათ სოფლის მეურნეობასთან. ქალაქების მოსახლეობა სოფლის მეურნეობითაც იყო დაკავებული.

სელჯუკი, მონღოლი, სპარსელი და თურქი დამპყრობლების შემოსევების შედეგად სომხეთის ბევრი ქალაქი საფუძვლიანად დაიქცა. ჩაკვდა საქალაქო ცხოვრებაც. რუსეთთან შეერთების დროს აღმოსავლეთ სომხეთში ყველაზე დიდი ქალაქები იყო: ერევანი და ალექსანდრეპოლი (გიუმრი), დასავლეთ სომხეთში _ ყარსი, კარინი (ერზერუმი), ერზინკა, ვანი, მუში, ბითლისი და სხვ. თითქმის ყველა მათგანი პატარა იყო და გარეგნულად დიდი სოფლებისაგან არც კი გამოირჩეოდა. მაგალითად, 1827 წელს ერევანში დაახლ. 10 ათასი მცხოვრები იყო. 1886 წელს ერევნის მოსახლეობა 14 738-ს ითვლიდა. ამავე პერიოდში თითქმის ერთიორად დიდი იყო ალექსანდროპოლი (გიუმრი). 1886 წლის საოჯახო სიებით აქ 24.230 კაცი ცხოვრობდა.

ერევანსა და ვანში თითქმის ისეთივე ტიპის საცხოვრებელი სახლები ჰქონდათ, როგორც მევენახეობა-მებაღეობის ზონის სოფლებში _ ერთსართულიანი თიხატკეპნილი მიწურ-ბანიანი ნაგებობები. XIX საუკუნის მთელ მანძილზე სომხეთში შემორჩენილი იყო დიდი ოჯახი (“გერდასტან”). დიდი ოჯახის წევრები ერთ საცხოვრებელ სახლში ცხოვრობდნენ და მათ საერთო მეურნეობა ჰქონდათ. ასეთ გერდასტანებში ზოგიერთ მიყრუებულ ადგილას XIXს-ის ბოლოს 50 და მეტი ადამიანი იყო გაერთიანებული.

აღმოსავლეთ სომხეთში კაპიტალისტურ ურთიერთობათა განვითარების გამო დიდმა საოჯახო გაერთიანებებმა დაშლა დაიწყო. ამ დროიდან მოკიდებული, ოჯახის ტიპიურ ფორმად პატარა ოჯახი იქცა. თურქეთის სომხეთში კი დიდი ოჯახი ბოლო დრომდე, მათ ფიზიკურ განადგურებამდე და დეპორტაციამდე შემორჩა. იგივე შეიძლება ითქვას თემის შესახებაც.

გაბატონებული იყო პატრიარქალური ურთიერთობები, რაც ასაკით უფროსის უცილობელ ხელისუფლებაში გამოიხატებოდა. ოჯახის უფროსი მამაკაცი (“ტანტერი”) ერთპიროვნულად განაგებდა გერდასტანის როგორც მოძრავ, ისე უძრავ ქონებას, ასევე მისი წევრების პირად ბედს. ტანტერის ფუნქციაში შედიოდა საერთო-საოჯახო მეურნეობის ორგანიზაცია, სამამაკაცო სამეურნეო საქმიანობის ხელმძღვანელობა, ოჯახის მთელი შემოსავლების კონტროლი.

ოჯახის უფროსის მიმართ ეტიკეტის გარკვეული ნორმები არსებობდა: მისი გამოჩენისთანავე ყველა ფეხზე დგებოდა, მის მითითებებს ფეხზე მდგომნი ისმენდნენ, მისი თანდასწრებით ხმამაღალი ლაპარაკი წარმოუდგენელი იყო. ოჯახის უფროსი მაგიდასთან პირველი ჯდებოდა, კერასთან ცენტრალური ადგილი ეჭირა. ძილის წინ უმცროს რძალს ოჯახის უფროსისათვის ფეხთ უნდა გაეხადა და ფეხები დაებანა.

პატრიარქალურ სომხურ ოჯახში განსაკუთრებული ავტორიტეტით სარგებლობდა ოჯახის უფროსი ქალი. ის შიდასაოჯახო ყოფის ერთპიროვნული მმართველი და სრულუფლებიანი დიასახლისი იყო. ოჯახის უფროსი ქალი საზაფხულო საძოვრებზე გასულ ოჯახის ნაწილსაც მეთაურობდა. ქორწინებისას მასვე ეკუთვნოდა გადამწყვეტი სიტყვა, თვალყურს ადევნებდა რძლების საქმიანობას. მას ერთადერთს შეეძლო ქმართან ერთად სუფრასთან დაჯდომა.


image


სომეხთა ჩვეულებითი სამართლით პირდაპირ მემკვიდრეებად მხოლოდ მამაკაცები ითვლებოდნენ. უმემკვიდრეოდ დარჩენილი ოჯახის სახვნელი მიწა და სათიბი თემის საკუთრებაში გადადიოდა. დანარჩენ უძრავ ქონებას (ბაღი, წისქვილი, სამეურნეო ნაგებობები) და მოძრავ ქონებას უახლოესი ნათესავები ეუფლებოდნენ. სომხებმა იცოდნენ ძმად გაფიცვა. გოგონას და ვაჟის დაძმობილების შემთხვევაში, მათ დაქორწინება აღარ შეეძლოთ.

ფართოდ იყო გავრცელებული ურთიერთდახმარება, უმძრახობის წეს-ჩვეულება. სანათესაო პატრონიმიულ ჯგუფს სომხები აზგს უწოდებდნენ (ეს ტერმინი სომხური ენაში არა მხოლოდ “ნათესავების ჯგუფს”, არამედ “ხალხს”, “ნაციასაც” გამოხატავს). აზგი დიდი ოჯახის გაყოფის შემდეგ ყალიბდებოდა. მისი წევრები ერთმანეთთან გარკვეული სამეურნეო, ტერიტორიული და სულიერი კავშირებით იყვნენ დაკავშირებულნი.

როგორც სამეცნიერო ლიტერატურაშია აღნიშნული სომხებში გვარი არ არსებობდა. მან ჩამოყალიბება მხოლოდ XIXს-ის მეორე ნახევარში დაიწყო. XXს-ის დასაწყისშიც ბევრ სომეხს გვარი არ ჰქონდა. გვარსახელების ფუძედ ძირითადად მამის სახელი იქნა გამოყენებული.

აღნიშნული დროისათვის ყველაზე ფართოდ გავრცელებული მამაკაცის საკუთარი სახელი იყო არუთინ. ამიტომაცაა, რომ სომეხთა შორის ძალიან ხშირია არუთინიანის გვარი. ამ გვარსახელის წარმომადგენლები (მატარებლები) ერთმანეთთან არც რაიმე ნათესაური კავშირით და, მითუმეტეს, არც საერთო წარმომავლობით არიან დაკავშირებული. სომხებში ეგზოგამიას მხოლოდ ოთხი თაობის განმავლობაში იცავდნენ. მეხუთე თაობიდან ნათესავები ერთმანეთზე ქორწინდებოდნენ.


image


სამეცნიერო ლიტერატურაში ხაზი აქვს გასმული იმ გარემოებას, რომ XIXსის მეორე ნახევრამდე აზგის შიგნით ქორწინება აკრძალული იყო. აკრძალული იყო ქორწინება მოყვრებს შორისაც. არ შეიძლებოდა ორი დის ორ ძმაზე დაქორწინება. ქორწინების შემზღუდველი ფაქტორი იყო რელიგიურ-კონფესიური ფაქტორიც. მონოფიზიტი (გრიგორიანელი) სომხები კათოლიკე სომხებზე არ ქორწინდებოდნენ. ამის ნებას მათ სომხურ-გრიგორიანული ეკლესია არ აძლევდა. მითუმეტეს არ ქორწინდებოდნენ სომხები მაჰმადიანებზე, რომლებიც მათ შორის მრავლად ცხოვრობდნენ, როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ სომხეთში.


არც ქართული მართლმადიდებელი ეკლესია მიესალმებოდა სომხურ-ქართულ ქორწინებებს. მიუხედავდ ამისა, XIXს-ის ავტორი ს. მაჩაბელი წერდა, რომ თბილისელი სომხები ხალისით ათხოვებენ თავიანთ ქალიშვილებს ქართველ მამაკაცებზეო. ასეთ შემთხვევაში, ბუნებრივია, ან ერთს, ან მეორეს კონფესია უნდა შეეცვალა. იგივე ავტორი იმასაც აღნიშნავს, რომ თვითონ სომხები ქართველ ქალებზე იშვიათად ქორწინდებიანო (უფრო სწორი იქნებოდა რომ დაეწერა, ქართველები თავიანთ ქალიშვილებს სომხებზე არ ათხოვებენო).

XXს-ში საქართველოში საეკლესიო შეზღუდვის მოხსნის შემდეგ, სომხურ-ქართული ქორწინებები უფრო ხშირი გახდა. საქორწინო წრე ტერიტორიულადაც შეზღუდული იყო _ ცდილობდნენ პატარძალი სოფელში, ანდა მეზობელ სოფელში შეერჩიათ. ასეთი ლოკალური ენდოგამია სომეხთა სხვადასხვა ჯგუფებისთვისაც იყო დამახასიათებელი.

სამეცნიერო ლიტერატურაში აღნიშნულია, რომ არც თუ ისე დიდი ხნის წინ ვაიოც-ძორში იყო სოფლები, რომლის მაცხოვრებლებიც თავიანთ თავს “ძველ” სომხებს უწოდებდნენ, ხოლო 1828 წელს აქ ირანიდან მიგრირებულ სომხებს “ახალი” სომხების სახელით მოიხსენიებდნენ. ხანგრძლივი დროის განმავლობაში სომხების ეს ორი ჯგუფი, ერთმანეთის მეზობლად ცხოვრების მიუხედავად, ერთმანეთზე არ ქორწინდებოდა. არ შეიძლება არ აღინიშნოს ძველი თბილისელი სომხების (რომელთა უმეტესობის დედაენაც ქართული იყო) პირველი მსოფლიო ომის დროს მოსული სომხებისადმი დამოკიდებულების შესახებაც. ძველი თბილისელი სომხები მათ “ღრმა სომხებს” უწოდებდნენ და, ჩვეულებრივ, მათთან საქორწინო ურთიერთობასაც ერიდებოდნენ.

სომხებმა ურვადი არ იცოდნენ, მაგრამ პატარძლის დედისათვის მიჰქონდათ საჩუქარი, რომელსაც “რძის ფასი” (“ციცი-გინი”) ეწოდებოდა. იცოდნენ მზითვის გატანება. ქორწინება მონოგამიური და დაურღვეველი იყო. ღალატი დანაშაულად ითვლებოდა. ქორწილი მთელი თემის საქმედ ითვლებოდა. ნათესავებს გარდა, საქორწილო რიტუალში აქტიურ როლს თამაშობდნენ ჯვარისწერის “მამობილი” (“ქავორ”) და ჯვარისწერის “დედობილი” (“ქავორკინ”), ნეფის ამალა (“მაყარი”) და საქორწილო მაგიდის ხელმძღვანელი (“თამადა”).

საქორწილო დღესასწაული სამი დღე გრძელდებოდა. ის გაჯერებული იყო საზოგადოებრივი ვედრებისა და მაგიური ქმედებების არქაული ციკლით, რათა უზრუნველეყოთ ახალი ოჯახის ნაყოფიერება და კეთილდღეობა. ამ ციკლში შედიოდა საფლავზე ლოცვაც, რაც წინაპართა კულტის გადმონაშთად მიაჩნიათ, ხარის მსხვერპლთშეწირვაც და ახალგაზრდებისათვის ტკბილეულის, მარცვლეულის და მონეტების მიყრა.

საეკლესიო ჯვარისწერა და ქორწილში მღვდლის მონაწილეობა მათ საერთო წარმართულ განწყობას არ არღვევდა. თავისებური იყო სომეხთა მიცვალებულის დაკრძალვის წესები. ზოგიერთი მონაცემით, XIXს-ის ბოლოს სომხეთში სცოდნიათ გარდაცვლილი მამაკაცის კევრზე განბანა. გარდაცვალებისთანავე მიცვალებული ეკლესიაში გადაჰქონდათ და მეორე დღეს მას კრძალავდნენ. სომხებმა კუბო არ იცოდნენ. სუდარაში გახვეულ მიცვალებულს დასაკრძალავ საკაცეზე აწვენდნენ და ისე გამოჰქონდათ ეკლესიიდან.

XIXს-ის 40-იან წლებამდე ქალები დაკრძალვას არ ესწრებოდნენ. მათ არც სამგლოვიარო ტანსაცმლის ჩაცმა იცოდნენ. სამგლოვიარო ტრაპეზს ზოგიერთ ეთნოგრაფიულ რეგიონში მხოლოდ მამაკაცები ესწრებოდნენ, ზოგიერთგან კი ქალები და მამაკაცები ცალ-ცალკე სხდებოდნენ. ქელეხში მიჰქონდათ ხაშლამა, ლობიო, ჰარისი და სახლში გამოხდილი არაყი, იშვიათად _ თეთრი ღვინო. სომხური საფლავის ქვებზე გამოსახულია ის ინსტრუმენტები და იარაღი, რომელსაც მიცვალებული სიცოცხლეში ხმარობდა.


image


სომხური საფლავის ძეგლები მაღალი სარკოფაგის ფორმისაა და უფრო ძველია “ხაჩქარები” (“ქვის ჯვრები”). ხაჩქარები ორნამენტებითაა დამშვენებული. გარდა “ხაჩქარის” ფორმის საფლავის ქვებისა, გვხვდებოდა ცხვრის, ცხენის გამოსახულებიანი საფლავის ქვებიც. საერთოდ, სომხეთი ქვის დამუშავების ხელოვნებით გამორჩეული იყო. გადმოცემებსა და ლეგენდებში არც თუ იშვიათად სომხეთი “ქარასტანად”, ე.ი. “ქვის ქვეყნადაა” სახელდებული, რითაც ქვეყნის რელიეფის თავისებურება ხატოვნადაა გადმოცემული.


ამ გარემოებამ სომხების ერთ-ერთ ძირითად პროფესიად ქვის დამუშავება (თლა, ჭრა, კვეთა) აქცია. შუა საუკუკნეების სომხური ეკლესიები მდიდრადაა მოჩუქურთმებული. მაგრამ სომხური ეკლესიები ფრესკული ფერწერით არ იყო დამშვენებული, რაც ასე დამახასიათებელი იყო შუა საუკუნეების საქართველოსა და ევროპისათვის.

ზოგიერთი მეცნიერი ამ გარემოებას ისლამის გარემოცვით ხსნის, რადგან მათ სამყაროში როგორც უბრალო ადამიანები, ისე ზედაფენის წარმომადგენლები ადამიანის გამოსახულებებს ცუდი თვალით უყურებდნენ. მხოლოდ საქართველოს შემადგენლობაში შემავალი ჩრდილოეთ სომხეთის ტერიტორიაზე აგებულ ტაძრებშია ფრესკები. მაგალითად, 1215 წელს ქალაქ ანისში ტიგრან ხორენცის აშენებული წმინდა გრიგოლის ეკლესია შეიძლება დავასახელოთ. ამ ეკლესიაში წარწერები ქართულ ენაზეა შესრულებული. მეცნიერებს ისიც შენიშნული აქვთ, რომ აღნიშნული ტაძრის მოხატულობაში ადამიანთა ფიგურების გამოსახულებებში აშკარად იგრძნობა ბერძნულ-მართლმადიდებლური გავლენა.

სამეცნიერო ლიტერატურაში ხშირად აღნიშნავენ ილუსტრირებული მანუსკრიპტების ხელოვნების მაღალი დონის შესახებ. ისიც აღნიშნულია, რომ ფერადი მინიატურების ხატვა საზღვარგარეთიდან შევიდა, მაგრამ მან ადგილობრივი განვითარების მაღალ დონეს მიაღწია. მიუხედავად იმისა, რომ სომხეთში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად IVს-ის დასაწყისში გამოცხადდა, ძველი სომხური სოფელი გამსჭვალული იყო არქაული რწმენა-წარმოდგენებით და ცრურწმენებით.


VI ს-ის დასაწყისიდან სომხური ქრისტიანული ეკლესია სხვა ქრისტიანული ეკლესიებისაგან გამოცალკევებულად არსებობდა. ამ გამოცალკევებულობის ძირითადი მიზეზი დოგმატურია _ სომხური ეკლესია ქრისტეს მხოლოდ “ღვთაებრივ” ბუნებას ცნობს. განცალკევებულობის ძირითადი მიზეზი მაინც სოციალურ-ისტორიული იყო. ცნობილია, რომ როგორც საქართველო, ისე სომხეთიც მაზდეანურ ირანსა და ისლამურ არაბთა სახალიფოს ქრისტიანობით უპირისპირდებოდა. მაგრამ ამავე საშუალებით ბიზანტიის შემოტევებისაგან თავის დაცვა შეუძლებელი იყო და სომხურმა ეკლესიამაც ქრისტიანული სარწმუნოების ის მიმართულება აირჩია (მონოფიზიტობა), რომელიც ბიზანტიის ხელსუფალთა მიერ იყო უარყოფილი. ამით ის იდეოლოგიურად ბიზანტიასაც გაემიჯნა და იმავდროულად, როგორც ანტიბიზანტიურმა ძალამ, ირანისა და შემდეგ არაბთა სახალიფოს მხარდაჭერაც მიოპოვა.

ქართველები ბიზანტიის მხარეზე დარჩნენ, რითაც ისინი დაუპირისპირდნენ, როგორც ირანსა და შემდეგ არაბთა სახალიფოს, ისე სომხეთს სამხრეთ კავკასიის ასპარეზზე იდეოლოგიური და ამდენადვე პოლიტიკური ჰეგემონობისათვის. სომხურმა ეკლესიამ განსაკუთრებული როლი ითამაში სომეხი ხალხის ეთნიკურ ისტორიაში. მეზობელ ქვეყნებში (საქართველო, ალბანეთი) მონოფიზიტობამიღებულნი უკვე სომხებად იწოდებოდნენ. მათ, მთელ მსოფლიოში გაფანტული ბოშებისაგან განსხვავებით, სომხეთში მოსული ბოშების გასომხებაც კი მოახდინეს. ასე რომ, სომხური ეკლესიისათვის ოდითგანვე დიდი პროზელიტიზმი იყო დამახასიათებელი.

XIს-ის შემდეგ სომხებმა სახელმწიფოებრიობა დაკარგეს, რასაც მალევე სომხური არისტოკრატიის დენაციონალიზაცია მოჰყვა. ნ. მარის შენიშვნით, სომხურ საერო ფეოდალთა კლასი XII ს-ში სრული დენაციონალიზაციის უკანასკნელ საფეხურზე იმყოფებოდა. საქართველოში შემავალი ჩრდილოეთ სომხეთის საერო ფეოდალების ქართულ საერო ფეოდალიზმთან სრული ნიველირება მოხდა. ამ ფონზე სომეხთა დიდი ეკონომიკური და პოლიტიკური მოთავეობა სომხურმა ეკლესიამ ითავა.

ეკლესია იყო აგრეთვე მიწის ერთერთი მესაკუთრე და ძველი დამწერლობითი კულტურის შემნარჩუნებელი. ზემოთ აღვნიშნეთ, რომ სომხებმა საუკუნეთა განმავლობაში დიდი კულტურა შექმნეს და ეს მთელი იმ პერიოდის განმავლობაში, როდესაც მათ სახელმწიფოებრიობა არ ჰქონდათ და ხან ვის ჰქონდა მათი მიწა-წყალი მიტაცებული და ხან ვის.

სამეცნიერო ლიტერატურაში აღნიშნულია სომხური ფოლკლორის მრავალფეროვნების შესახებ. მათ შორის ყველაზე ცნობილია შუა საუკუნეების საგმირო ეპოსი “დავით სასუნცი”, რომელიც არაბ დამპყრობელთა წინააღმდეგ ბრძოლას ასახავს. შორეული დროიდან დღემდე მოაღწია სომხურმა საგალობლებმა და ცეკვებმა _ საწესჩვეულებო შრომის, სამხედრო შინაარსის ცეკვებმა. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სომხური ცეკვები ორიგინალური არ არის და ისინი ძალიან წააგავს მეზობელი ირანელი და ქურთი ხალხების ცეკვებს. ქურთი ეთნოგრაფების მტკიცებით, ცეკვა “ქოჩარი” სომხებს ქურთებისაგან აქვთ შეთვისებული.



სამეცნიერო ლიტერატურაში სამართლიანადაა აღნიშნული სომხური ხალხური სიმღერების ჟანრობრივი მრავალფეროვნების შესახებაც (სასიყვარულო, საქორწილო, სააკვნე, სიმღერატირილები). სახალხო მომღერლები (გუსანები) ხალხში ყოველთვის დიდი პოპულარობით სარგებლობდნენ. ისინი “აშუღების” ტიპის მომღერლები იყვნენ. სიტყვა “გუსანი” კი პართიული წარმოშობისაა და დ. ლენგის მიხედვით ის არშაკიდების მუსიკალურ სამყაროსთანაა დაკავშირებული. გუსანები ანუ აშუღები ქართული “მგოსნების” ტიპის მომღერლები იყვნენ.


ამ ფონზე ფრიად გასაოცარია, როდესაც 2006 წელს გერმანიის ქალაქ შტუტგარდტში გამოსულ კომპაქტდისკზე ქართული ხალხური სიმღერების შედევრები “ჩაკრულო” და “მრავალჟამიერი” სომხურ ხალხურ სიმღერებადაა მოხსენიებული, ანსამბლი “რუსთავი” კი _ სომხურ ანსამბლად. მთელი საერთაშორისო საზოგადოება შეცდომაშია შეყვანილი.

სომხურ და ქართულ ხალხურ სიმღერებს შორის ძალიან დიდი განსხვავებაა, მათ არანაირი მსგავსება ანდა საერთო რამ ერთმანეთთან არა აქვთ. სომხური ხალხური სიმღერები, ისევე როგორც ირანული და აზერბაიჯანული (თურქული), აგრეთვე კავკასიის სხვა ხალხთა ხალხური სიმღერები ერთხმიანია, ქართული ხალხური კი მრავალხმიანია (სამხმიანი და ოთხხმიანიც კი).

ქართული საზოგადოება დიდი ხანია შეეჩვია ზოგიერთი სომეხი ვაიმეცნიერისაგან ქართული საეკლესიო არქიტექტურის, შოთა რუსთაველის “ვეფხისტყაოსნის” სომხურად გამოცხადებას, საქართველოს ისტორიული ტერიტორიების (მაგალითად, ტაოს, ჯავახეთის, ქვემო ქართლის) სომხურ მიწებად გამოცხადებას, მაგრამ ქართულ მრავალხმიან სიმღერებსაც თუ ვინმე სომხურ ხალხურ სიმღერებად გამოაცხადებდა, ეს წარმოუდგენელი იყო.

სხვათაშორის, სომხებისადმი მიძღვნილ წიგნში ინგლისელი მეცნიერი დევიდ ლენგი წერს, რომ სომხური ქრისტიანული ეკლესია მტრულ დამოკიდებულებაში იყო საერო მუსიკისადმი, ალბათ მასში რელიგიური საგალობლების მოწინააღმდეგეს ხედავდაო. ჩვენ მიგვაჩნია, რომ სომხური ეკლესიის ეს ბრძოლა სომხური საერო (ხალხური) სიმღერებისადმი გამოწვეული იყო არა მეტოქეობით, არამედ იმით, რომ საუკუნეთა განმავლობაში სომხურმა მუსიკალურმა ფოლკლორმა აღმოსავლური (ირანული, არაბული, თურქული, ქურთული) მუსიკალური ფოლკლორის დიდი გავლენა განიცადა.


გუსანების (აშუღების) ტიპის მომღერლებს შორის განსაკუთრებით გამოყოფენ XVIII ს-ის თბილისში მცხოვრებ აშუღს საიათნოვას, რომელიც თავის სიმღერებს თხზავდა ქართულ, სომხურ და თურქულ ენებზე. XII ს-დან სომხები იყენებდნენ ძველსომხურ მუსიკალურ ნოტებს (“ხაზი”).



სომხური ხალხური მუსიკალური ინსტრუმენტები იყო: დუდუკი, ჩონგური, საზი, თარი, ქამანჩა, ზურნა, დოლი, სტვირი (“ტიკმი”).სომხეთი განათლებისადმი მიდრეკილებით გამორჩეული ქვეყანა იყო. განსაკუთრებით განვითარდა საისტორიო მწერლობა. “სომხური ისტორიოგრაფიის მამად” ითვლება Vს-ის მოღვაწე მოვსეს ხორენაცი.

სამეცნიერო ლიტერატურაში განსაკუთრებით გამოყოფენ გეოგრაფის, ასტრონომის და მათემატიკოსის ანანია შირაკაცის (VIIს.) ღვაწლს. ზოგიერთი მეცნიერი მის ნაშრომად თვლის “აშხარაცუიცს” (გეოგრაფიას), რომელშიც ევროპის, აზიის ქვეყნებს გარდა, საქართველოსა და კავკასიის შესახებაცაა საინტერესო გეოგრაფიული მონაცემები.

სომხები დიდად უფრთხილდებიან ძველ სომხურ ხელნაწერებს, რომლებიც გარდა ისტორიისა, მეცნიერების სხვა დარგებსაც შეეხება. ამ ხელნაწერებიდან დაახლ. 15 ათასი მატენადარანშია დაცული. XVI ს-დან სომხური კულტურა ძირითადად სომხეთის ფარგლებს გარეთ ვითარდებოდა (პირველი წიგნი ვენეციაში 1512 წელს დაიბეჭდა).

უცხოეთის ყველა ქვეყანაში მცხოვრები სომხები ეროვნულ სკოლებს ხსნიდნენ. XIXს-ის პირველ ნახევარში სომხურ ენაზე 30-მდე პერიოდული გამოცემა გამოდიოდა, მათ შორის, ექვსი კონსტანტინეპოლში, ხუთი _ ვენეციაში, სამი _ თბილისში. სომხური გაზეთები იბეჭდებოდა აგრეთვე სმირნაში, კალკუტაში, მოსკოვში. საბჭოთა პერიოდში მსოფლიოში სახელგანთქმული იყვნენ ასტროფიზიკოსი ვიქტორ ამბარცუმიანი და კომპოზიტორი არამ ხაჩატურიანი.


როლანდ თოფჩიშვილის ლიტერატურიდან – კავკასიის ხალხთა ეთნოგრაფია - ეთნიკური ისტორია, ეთნიკური კულტურა.

0
527
1-ს მოსწონს
ავტორი:ზურმუხტისთვალება
ზურმუხტისთვალება
Mediator image
Mediator image
527
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0