x
image
მანანა თურმანიძე
კატასტროფა და მასთან გამკლავების გადაუდებელი რეკომენდაციები
image

მიმდინარე მოვლენები


სიენენმა მიმდინარე მოვლენები შეაფასა, როგორც კატასტროფა, რაც გადაუჭარბებლად უნდა ჩაითვალოს.


ადგილობრივი ოფიციალური პირის განცხადებით, გამთენიისას უკრაინაში, კერძოდ ზაპოროჟიეში ევროპის უდიდეს ატომურ ელექტროსადგურს ცეცხლი გაუჩნდა.



ახლომდებარე ინდუსტრიული ქალაქის მერის თქმით, ატომურ ელექტროსადგურს ცეცხლი მოეკიდა მას შემდეგ, რაც რუსულმა ჯარებმა პარასკევს (04.03.2022) დაიწყეს მისი უწყვეტი დაბომბვა.


ოფიციალურმა წარმომადგენელმა Telegram-ში გამოქვეყნებულ ვიდეოში დაადასტურა, რომ რუსებმა დაიწყეს სადგურის დაბომბვა.


”ჩვენ მოვითხოვთ, რომ შეაჩერონ მძიმე იარაღის ცეცხლი, ” - თქვა სპიკერმა ანდრეი ტუზმა ვიდეოში, Associated Press-ის ცნობით. ევროპის ყველაზე დიდ ატომურ სადგურზე ბირთვული საფრთხის რეალური საფრთხე არსებობს.


უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ ტვიტერზე გამოქვეყნებულ გამაოგნებულ განცხადებაში დაადასტურა, რომ რუსული ჯარები „ყველა მხრიდან“ ესვრიან ქარხანას და რომ ცეცხლი „უკვე გაჩნდა“.


"თუ ის ააფეთქეს, 10-ჯერ დიდი იქნება ჩერნობილზე!" წერდა ის (ჩერნობილში 1986 წელს მოხდა ატომური კატასტროფა). „რუსებმა სასწრაფოდ უნდა შეწყვიტონ ცეცხლი, დაუშვან ობიექტზე მეხანძრეები, შექმნან უსაფრთხოების ზონა!“


გასულ ხუთშაბათს, რუსულმა ძალებმა აიღეს ჩერნობილის ქარხანა, რომელიც დედაქალაქ კიევის ჩრდილოეთით მდებარეობს.


საფრთხეები


ეს ყველაფერი რადიაციულ საფრთხეს უქმნის როგორც უკრაინის, ასევე რეგიონის და მსოფლიოს რადიაციულ უსაფრთხოებას. ზოგადად, საქართველო და სამხრეთ კავკასია ამ კუთხით საკმაოდ მოწყვლადია, თუნდაც, სომხეთში არსებული ატომური ელექტროსადგურის გამო, რომელიც მოძველებული ტექნოლოგიების და სეისმურად აქტიურ ზონაში განთავსებულობის გათვალისწინებით, მუდმივად უქმნის საფრთხეს ჩვენი ქვეყნის და რეგიონის უსაფრთხოებას.


image

წინასწარი ზომები


აშშ–ის თავდაცვის დეპარტამენტის დაფინანსებით დაარსებული მესამე დონის მქონე ბიოუსაფრთხოების ცენტრალური რეფერალური ლაბორატორია საქართველოში (რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრი) მთლიანად სამხრეთ კავკასიის რეგიონის მომსახურებაზეა გათვლილი. ასევე მნიშვნელოვანი რესურსია აშშ–სა და ევროკავშირის დახმარებით შექმნილი დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისა და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინტეგრირებული ლაბორატორიების ქსელი, რომლის ერთერთ პრიორიტეტს ბიოლოგიურ საფრთხეებზე რეაგირება წარმოადგენს.


ასევე მნიშვნელოვანია ნატო–ს კატასტროფებზე რეაგირების ევროატლანტიკური საკოორდინაციო ცენტრის ეგიდით საქართველოში ჩატარებული საერთაშორისო სწავლება და ევროკავშირის ინიციატივის „ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული (ქბრბ) რისკების შემცირების გამოცდილების გაზიარების ცენტრები“, რეგიონული სამდივნოს ფარგლებში შექმნილი რესურს ცენტრი, ორიენტირებული ქბრბ უსაფრთხოების სასწავლო პროგრამებზე.


საქართველოში, მისი სატრანზიტო ფუნქციისა და ტურისტული პოტენციალის გათვალისწინებით, საფრთხეების ალბათობა საკმაოდ მაღალია. ქვეყანაში ბირთვული მასალისა და რადიოაქტიური ნივთიერებების კონტრაბანდის შემოტანის მცდელობის ფაქტები ადრე უკვე იქნა გამოვლენილი, როგორც ოპერატიული ინფორმაციის, ასევე სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე დამონტაჟებული დეტექტორების მეშვეობით.


ქბრბ ინციდენტები საზიანოა, როგორც გარემოს, ასევე ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის. ამ ინციდენტების ერთერთი შესაძლო სცენარია რადიოაქტიური ნივთიერებების ან რადიაციის გამბნევი მოწყობილობების (ე.ს. „ბინძური“ ბომბის) გამოყენების შედეგად მოსახლეობის დასხივება და სხვა. საფრთხეები შეიძლება წარმოიქმნას ბუნებრივი კატასტროფების, როგორიცაა მიწისძვრები და ა.შ. ან ადამიანის ჩარევის და კრიმინალური ქმედებების შედეგად.


ქბრბ საფრთხეების შემცირების ეროვნული სტრატეგიის დოკუმენტზე დაყრდნობით (წყარო: https://www.gov.ge/files/382_40792_816495_164-1.pdf) ბირთვული უსაფრთხოების თვალსაზრისით ნებისმიერი სახის ბირთვულ ინციდენტს ნეგატიური შედეგი ექნება არა მარტო იმ ქვეყნისთვის, სადაც ეს ინციდენტი წარმოიშობა, არამედ მოსაზღვრე ქვეყნებისა და რეგიონის მეზობელი სახელმწიფოებისთვის. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აუცილებელია საჭირო ზომების მიღება ბირთვულ საფრთხეებზე მზადყოფნისა და რეაგირების კუთხით.


ქბრბ ინციდენტების დროული გამოვლენა და რეაგირების ზომების მიღება მნიშვნელოვანია საფრთხეების მიტიგაციის მიზნით. სახელმწიფოს ამ კუთხით მართებს რისკების მართვის სტრატეგიის შემუშავება/დახვეწა და გათვალისწინება. პირველ რიგში აუცილებელია მონიტორინგის მექანიზმების ამუშავება, გამოვლენა და საზოგადოების ინფორმირება, მოსალოდნელი საფრთხეების თავიდან აცილების და/ან მათთან გამკლავების მიზნით.


რას წარმოადგენს ბირთვული საფრთხე


ბირთვული იარაღი დიდი რაოდენობით ენერგიას და რადიაციას გამოყოფს.


ეს იარაღი ადამიანების წინააღმდეგ არ გამოყენებულა 1945 წლის შემდეგ. მისი შექმნის შესაძლებლობა მხოლოდ რამდენიმე სახელმწიფოს გააჩნია. ტერორისტული დაჯგუფებები ცდილობენ მოიპოვონ ან შექმნან მსგავსი იარაღი, რაც ადამიანების წინააღმდეგ ბირთვული იარაღის გამოყენების რისკს ზრდის. ბირთვული იარაღის აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა უმეტესობა მექანიკურ ტრავმებს და თერმულ დამწვრობას ემსხვერპლა, შედარებით ნაკლები (თუმცა, კვლავ დიდი რიცხვი) რადიაციით გამოწვეული დაავადებებით გარდაიცვალა.


საშიშროება ტერორისტული აქტის შედეგად რადიაციის გავრცელებისა რეალურია და გულისხმობს რადიოაქტიური ნივთიერებების გარემოში გაფანტვას (სპეციალური მოწყობილობებით რადიოაქტიური ნივთიერების გარემოში გასროლა აფეთქების გზით – ე.წ. „ბინძური“ ყუმბარა) ან ფარულად სპეციალური მოწყობილობების საშუალებით ადამიანთა გარკვეული ჯგუფის დასხივებას. ტერორისტული აქტების სხვა სცენარი შეიძლება იყოს ბირთვულ რეაქტორებსა და რადიოაქტიური მასალის საწყობებზე თავდასხმის და ბირთვული იარაღის აფეთქება.


რადიაციის გავლენა

რადიაციის დამაზიანებელი ეფექტი დამოკიდებულია რამდენიმე ფაქტორზე:

  • გამოსხივების რაოდენობაზე (დოზა)
  • რამდენად სწრაფად მოხდა დოზის მიღება
  • სხეულის რა ფართობი დასხივდა
(წყარო: https://mkurnali.ge/skhvadaskhva/ekologia/19030-birtvuli-iaragi-radiaciis-saprtxe-da-mcvave-radiaciuli-daavadeba.html)



პრევენცია


ბირთვულ რეაქტორებზე უბედური შემთხვევების ან რადიოაქტიური ნივთიერებების გავრცელების გამო ფონური რადიაციის დონე შესაძლოა დასაშვებზე მეტად გაიზარდოს. ასეთ დროს მოსახლეობამ უნდა შეასრულოს ჯანდაცვის ორგანოების რჩევები. ინფორმაცია, როგორც წესი, ვრცელდება ტელევიზიით, რადიოთი ან სხვა სამაუწყებლო საშუალებებით. რეკომენდაციები მოსალოდნელია მოიცავდეს ევაკუაციას ან თავშესაფრის მოძებნას. ევაკუაცია ან ადგილზე თავშესაფრის მოძებნა დამოკიდებულია სხვადასხვა ფაქტორზე, მათ შორის: რა დროა გასული შემთხვევიდან, შეჩერებულია თუ არა გამოსხივება, როგორია ამინდი, ადეკვატური თავშესაფრის არსებობა, გზის და ტრანსპორტის მდგომარება. თავშესაფრის შემთხვევაში რეკომენდებულია ბეტონისა და მეტალის ნაგებობა, უკეთესია მიწის დონიდან ერთი სართულით ქვემოთ. თუ შენობა მიწის ზემოთაა, სასურველია თავშესაფარი ოთახი საძირკვლიდან, სახურავიდან და ფანჯრებიდან შეძლებისდაგვარად დაშორებული იყოს და შენობის შუაგულში მდებარეობდეს.


თუ პირი შეეხო რადიოაქტიურ ნივთიერებას, რეკომენდებულია ტანსაცმლის გამოცვლა და შხაპის მიღება. გარკვეულ შემთხვევებში მოსახლეობის სამიზნე ჯგუფისთვის მოწოდებულია კალიუმის იოდიდის ტაბლეტების მიღება, რომელთა მიწოდებას ლოკალური ფარმაცევტული კომპანიები ან ჯანდაცვის სააგენტოები უზრუნველყოფენ. კალიუმის იოდიდი სასარგებლოა მხოლოდ რადიოაქტიური იოდით დასხივებისას, სხვა რადიოაქტიური ნივთიერებების შემთხვევაში ის ვერ ასრულებს დამცველობით როლს. პაციენტებმა, რომელთაც აღენიშნებათ მაღალი მგრძნობელობა იოდის მიმართ ან ფარისებრი ჯირკვლის სხვა პრობლემები, თავი უნდა შეიკავონ კალიუმის იოდიდის მიღებისაგან. თუ საეჭვოა იოდის მიმართ გაზრდილი მგრძნობელობა, საჭიროა ექიმის კონსულტაცია.


სადიაგნოზო პროცედურებისა და სხივური თერაპიის დროს, რაც გულისხმობს გამოსხივების მაღალი დოზებით ზემოქმედებას, რეკომენდებულია სხეულის მგრძნობიარე მიდამოების – თვალის, მკერდის, საკვერცხეების, სათესლეების, ფარისებრი ჯირკვლის დაცვა და დაფარვა (მაგ.: ტყვიის შემცველი საფარის გამოყენება). (წყარო: https://merki.mkurnali.ge/sections/488/radiaciuli-dazianebebi/)


დასკვნა


არსებული საფრთხეების გათვალისწინებით, შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, აგრეთვე იმის გათვალისწინებით, რომ კატასტროფების დროს მოსახლეობის ინფორმირება ტელევიზიის ან სხვა საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით შესაძლოა გართულდეს, უმჯობესია ამ სახის პრევენციული ზომების შესახებ მოსახლეობა ინფორმირებულ იქნას წინასწარ და მიეცეთ დეტალური რეკომენდაციები. სასურველია ინფორმაცია გავრცელდეს დაუყოვნებლივ საინფორმაციო საშუალებების გზით, მაგ. საზოგადოებრივი არხის მეშვეობით და მიეცეთ რეკომენდაცია სხვა ტელეარხებს თუ საკომუნიკაციო საშუალებებს, რათა გაავრცელონ აღნიშნული ინსტრუქციები და რეკომენდაციები.





0
79
შეფასება არ არის
ავტორი:მანანა თურმანიძე
მანანა თურმანიძე
79
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0