საზოგადოება დიდოელები (ცეზები) 2022, 18 თებერვალი, 12:05 ![]() დიდოელები დასავლეთ დაღესტანში მცხოვრები ერთ-ერთი მცირერიცხოვანი ხალხია. დაღესტნის ხალხებიდან ქართველ ხალხს უშუალო კონტაქტი და ურთიერთობა დედოელებთან ჰქონდათ. დიდო საქართველოს ემეზობლებოდა. ქართულ წყაროებში დიდო და დიდოელები არაერთხელ არიან მოხსენიებულნი. დიდო საქართველოს გავლენის ქვეშ მყოფი დაღესტნის მხარე იყო. დიდოში კახეთიდან (შტორის ხევიდან) და თუშეთიდანაა შესასვლელი. ლეონტი მროველი დიდოეთს ძვ.წ. IIს-ის მოვლენებთან დაკავშირებით იხსენიებს. დიდოელებს იხსენიებს პლინიუსიც (Iს.), როგორც კავკასიის ერთ-ერთ ტომს. ქართლის სამეფოსთან დიდოეთის პოლიტიკური და კულტურული ურთიერთობა რეალურად ჩანს Vს-დან. იგი გაღმამხრითურთ ნეკრესის საეპისკოპოსოში შედიოდა. კვირიკე დიდი ქორეპისკოპოსი (1010-1037წწ.) დიდოეთს შტორის საერისთავოში იხსენიებდა. XIIXIIIსს-ში საქართველოს ყმადნაფიცი გახდა. თამარის დროს ფხოვთან ერთად აჯანყდა ცენტრალური ხელისუფლების წინააღმდეგ. ერთიანი საქართველოს სამეფოს დაშლის (XVს. II ნახ.) შემდეგ, დიდოეთი კახეთის სამეფოს შემადგენლობაში მოექცა. მეფე გიორგი VIII-ემ დიდოეთში სამოურავო დააწესა. XVIIს-ში დიდოეთი განუდგა კახეთის სამეფოს. XVIIIს. I მეოთხედში ეკონომიკური დაინტერესების გამო პოლიტიკურად კვლავ კახეთის სამეფოს ემორჩილებოდა. XVIIIს. II ნახევრიდან დიდოეთი საქარველოს გამოეყო. დიდოელების თვისახელწოდებაა “ცეზი”, რაც “არწივებს” ნიშნავს. დიდოელები დაღესტნის ცეზი ხალხის შემადგენლობაში შედიან. დასავლეთ დაღესტნის მაღალმთიანეთში დიდოელები კომპაქტურად წუნდის რაიონში ცხოვრობენ. მკვიდრობენ საქართველოშიც. საბჭოთა პერიოდში დიდოელების მნიშვნელოვანი ნაწილი კასპიისპირეთის დაბლობში გადასახლდა. გარდა ქართველებისა (კახეთი, თუშეთი), დიდოები ხუნძებს, კაპუჭელებს (ბეჟტიელებს) ემეზობლებიან. დიდოელები ანთროპოლოგიურად დაღესტნელთა დასავლურ ვარიანტს მიეკუთვნებიან. ისინი კავკასიელთა კლასიკური წარმომადგენლები არიან. დიდოელები ლაპარაკობენ დიდოურ (ცეზურ) ენაზე, რომელიც ჩრდილოეთკავკასიური ენათა ოჯახის ნახურდაღესტნური შტოს ხუნძურ-ანდიურ-ცეზური ჯგუფის დოდოურ ქვეჯგუფში შედის. დიდოური უდამწერლობო ენაა. სალიტერატურო ენად იყენებენ ხუნძურს. საბჭოთა ხელისუფლების დროს დიდოელებს ხუნძებად აღრიცხავდნენ. დიდოურ ენაში გამოიყოფა ორი დიალექტი: საკუთრივ დიდოური და საჰადური. საჰადურ დიალექტზე ლაპარაკობენ აულების საჰადის, მითლუდის და თლაცუდის მცხოვრებნი. სხვა დიდოური აულების მცხოვრებნი საკუთრივ დიდოურ დიალექტზე მეტყველებენ, რომელიც თავის მხრივ, კილოკავებად იყოფა: ქედიროული, შაიტლური, ასახური, შაფიხური, ელბოყური. ენათმეცნიერთა დასკვნით, დიდოური ენის ლექსიკაში მრავლადაა წარმოდგენილი ხუნძურიდან შეთვისებული სიტყვები. შეიმჩნევა ქართული ენის გავლენაც. კასპიისპირეთში ჩასახლებული დიდოელები ყუმუხურ და აზერბაიჯანულ ენებზეც ლაპარაკობენ. იოანე ბაგრატიონი დიდოს ხეობის კომლთა რიცხვს 1671-ით განსაზღვრავს. ვფიქრობთ, ეს ციფრი გადამეტებულია, რადგან როგორც ჩანს, მასში სხვა ეთნოსთა წარმომადგენლებიც (მაგალითად, ბეჟტიელები) ჰყავს შეყვანილი. 1989 წლის მონაცემებით დიდოელების საერთო რაოდენობა 9 ათასი კაცია (სხვა მონაცემებით 7500-8000 კაცი). 1886 წელს დიდოელების (ცეზების) რაოდენობა 3255 კაცი იყო, 1886 წელს _ 4286, 1894 წ. _ 4762, 1916 წ. _ 4440. 1926 წლის აღწერით, მათი რაოდენობა 3, 3 ათასი კაცი იყო, 1938 წ. _ 5, 8 ათასი კაცი. ანტიკური ავტორების პლინიუს უფროსის (Iს.), კლავდიო პტოლემაიოსის (IIს.) მონაცემებით, დიდოები და მონათესავე ტომები დიდოს (დიდურების) ტომთა კავშირში შედიოდნენ. როგორც ზემოთაც აღვნიშნეთ, დიდოელებს ამ დროიდან უმჭიდროესი ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობა ჰქონდათ საქართველოსთან. ახ.წ. IV-X სს-ში დიდოში საქართველოდან ქრისტიანობა ვრცელდებოდა. მაგრამ ახალმა რელიგიამ აქ ფეხი მყარად ვერ მოიკიდა. დიდოელთა ისლამიზაციის პროცესი XVს-დან დაიწყო. ისლამმა დიდოელებში ფეხი საბოლოოდ XVIII საუკუნის ბოლოს და XIXს-ის დასაწყისში მოიკიდა. ხუნძახელი ხანების გაძლიერებული ექსპანსიის შედეგად დიდოს ბევრი სასოფლო საზოგადოება ჩამოშორდა. XVს-დან დიდო უკვე სუფთად ეთნიკური ცნებაა და მასში მხოლოდ თანამედროვე დიდოელები (ცეზები) იგულისხმებიან. დიდოელები აქტიურად მონაწილეობდნენ განმათავისუფლებელ ბრძოლაში, რომელსაც შამილი ედგა სათავეში. ამ ბრძოლაში ისინი 1840-იანი წლების დასაწყისში ჩაებნენ. რუსეთის მიერ დაღესტნის დაპყრობის შემდეგ, დიდოელები (ცეზები) დაღესტნის ოლქის დიდოს სანაიბოში შედიოდნენ. ისინი 1877 წლის ანტიკოლონიური აჯანყების მონაწილეებიც იყვნენ. ![]() დიდოელები სასოფლო საზოგადოებათა სამხედრო-პოლიტიკურ და ტერიტორიულეთნიკურ კავშირებში (“თავისუფალ საზოგადოებებში”) იყვნენ გაერთიანებულნი. ის სამი ნაწილისაგან შედგებოდა: დიდო-შურატლი (13 სოფელი), დიდო-ასახი (9 სოფელი) და დიდოშაიტლი ანუ ილანხევი (12 სოფელი). სოციალური თვალსაზრისით, დიდოელთა ჯამაათები (თემები) თითქმის ერთგვაროვანი იყო. მათ შორის უმნიშვნელო რაოდენობით იყვნენ მონები, სამხედრო ტყვეები და მათი შთამომავლები. მოსახლეობა შედგებოდა პირადად თავისუფალი, დამოუკიდებელი ოჯახებისაგან, რომლებსაც საკუთრებაში სახვნელი და სათიბი მიწები ჰქონდათ. სათიბების ნაწილი, საძოვრები, ტყეები და სხვ. მთელი თემის საერთო საკუთრებაში შედიოდა. სასოფლო მმართველობა სასოფლო ყრილობისა და უხუცესებისაგან შედგებოდა. სასოფლო ყრილობა ჯამაათის უმაღლესი ორგანო იყო. ადათსა და შარიათზე დაფუძნებულ სამართალწარმოებასაც უხუცესები ანხორციელებდნენ. ყრილობაში ყველა სრულწლოვანი მამაკაცი მონაწილეობდა. ჯამაათები მონათესავე ოჯახთა ჯგუფებისაგან _ თუხუმებისაგან შედგებოდა. გადმოცემით ზოგიერთი თუხუმი უცხოეთნიკური წარმოშობისაა. საზოგადოებრივ ცხოვრებაში დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ურთიერთდახმარების წესჩვეულებას. ურთიერთდახმარება იცოდნენ, როგორც თუხუმის, ისე თემის შიგნით. დიდოელებში (ცეზებში) ადრე შუა საუკუნეებიდან ოჯახის გაბატონებული ფორმა იყო პატარა ოჯახი. XXს-ის პირველ ათწლეულებამდე შემორჩენილი იყო დიდი, გაუყოფელი ოჯახებიც. ქორწინება ძირითადად შუამავლების საშუალებით ხდებოდა. XXს-ის დასაწყისამდე დაქორწინების სხვა ფორმებიც არსებობდა: მოტაცება, გაპარვა, გაცვლითი ქორწინება, ლევირატისა და სორორატის ფორმები. ვახუშტი ბაგრატიონი დიდოელების შესახებ წერს: “მოგურის მამა თჳსა მცირესა ძე-სა თჳსსა ცოლსა და, ვიდრე აღიზრდების ძე მისი იგი მცირე თჳთ მამა თანაეყოფის აღრევითა დედაკაცსა მას; ხოლო ოდეს აღიზრდების ძე მისი, მაშინ მისცემს მას ძესა დედაკაცს მას ცოლად და განუყოფს შვილთაცა, რომელნი უგის მის დედაკაცსა თანა შობილი მამასა, ნახევარს მისცემს ძესა, და არს ძე ძისა მისისა და ნახევარსა დაიპყრობს თჳთ, და ძმა არს ძი-სა მისისა, მის ქალის ქრმისა”. “ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანის” ავტორი წერდა, რომ დიდოელთა რამდენიმე ძმა “ერთსა დედაკაცსა მოიყვანებენ ცოლად”. დიდოელებმა იცოდნენ უმძრახობა. გაბატონებული იყო უფროსების პატივისცემა, თოხუმური სოლიდარობა; ტრადიციული იყო სტუმართმოყვარეობა, ძმადგაფიცვა. დიდოელთა ძირითადი სამეურნეო საქმიანობა მომთაბარე მეცხვარეობა იყო. ჰყავდათ დუმიანი დიდოური, თუშური და ანდიური ჯიშის ცხვარი. სქონლის დიდი ნაწილი ზამთარში კახეთისა და საინგილოს საძოვრებზე ჰყავდათ. ადგილზე მხოლოდ საქონლის მცირე რაოდენობას სტოვებდნენ. სახვნელი ფართობები ძირითადად მთის ფერდობებზე ჰქონდათ მოწყობილი (დიდოელებს ტერასები არ ჰქონდათ). განვითარებული იყო გარე სამუშაოზე სიარული. ძველთაგანვე მისდევდნენ ლითონების დამუშავებას. ხელოსნობის დარგებიდან შეიძლება დავასახელოთ მჭედლობა, წინდებისა და ჩექმების ქსოვა, ხურჯინების კეთება, ხისა და ქვის დამუშავება. გაცვლითი ვაჭრობა ჰქონდათ მხოლოდ საქართველოსთან. დიდოელთა დასახლება ისტორიულად ჩამოყალიბდა. ადრე შუა საუკუნეებში, დიდოელებში, ისევე როგორც დაღესტნის სხვა ხალხებში გავრცელებული იყო ნათესაური კოლექტივების პატარა დასახლებები, რომელიც, როგორც ფიქრობენ, თუხუმური იყო. XII-XIVსს-ში მოხდა ასეთი მცირე დასახლებების გამსხვილება. ხეობებში განთავსებულ დიდოელთა საფეხურებრივ-შეჯგუფული დასახლება მთის ფერდობებზე იყო შეფენილი. დასახლებას შემოვლებული ჰქონდა თავდასაცავი კედლები, ხშირად კი _ თავდასაცავი კოშკები. თავდასაცავი კოშკების დიდი რაოდენობა, აგრეთვე “ციხე-სახლები” XIXს-ის 40-50- იან წლებში კავკასიური ომების დროს დაანგრიეს. დიდოელებს თითქმის ისეთივე ტიპის ტანსაცმელი ჰქონდათ, როგორც დაღესტნის სხვა ხალხებს: მამაკაცთა ქამარი ვერცხლით იყო მორთული. იცვამდნენ შალისაგან მოქსოვილ ჩექმებს. დიდოელებს საუკუნეების განმავლობაში გაცხოველებული სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები ჰქონდათ საქართველოსთან. საქართველოში გასაყიდად ჩამოჰქონდათ მატყლი, მაუდი, ტყავი, გამომშრალი ხორცი, ცხიმი, ერბო, ყველი. აქ კი იძენდნენ პურს, ქსოვილს, ტანსაცმელს, ხილს, ხელოსნობის ნაწარმს და ა.შ. “და კახეთის მჴრისანი ჰყმობენ კახთა მეპატრონეთა და აძლევენ ხარკთა და არა ლაშკართა, რათა ვიდოდნენ სავაჭროდ კახეთს, ვინაჲთგან ზიდვენ კახეთიდამ საზრდელსა, საშიშლოსა და საჴმარსა თჳისსა”. დიდოელები სუნიტი მუსლიმები არიან. დიდოეთში თავის დროზე საქართველოდან ქრისტიანობაც ვრცელდებოდა და ბევრი პატარა ქრისტიანული ეკლესიაც აუგიათ. მიუხედავად ამისა, ქრისტიანობა დიდოელთა ცხოვრებაში ღრმად ვერ შეიჭრა. მუსლიმობაც დიდოებში გვიან გავრცელდა, ვიდრე დაღესტნის სხვა ხალხებში. შემორჩენილია წარმართული რელიგიური რწმენა-წარმოდგენები: მიწის, მთვარის, მზის, ცის, ცეცხლის, მთის, მდინარის კულტი, ანიმისტური, ტოტემისტური და მაგიური ელემენტები. განსაკუთრებით აღსანიშნავია დიდოელთა რწმენა თეთრი ქვის კულტის შესახებ. კალენდარული დღესასწაულებიდან _ პირველი ხნულის გავლება. დიდოელთა ფოლკლორი ორენოვანია (ცეზურ და ხუნძურ ენებზე). დიდოელი მკურნალები ცნობილნი იყვნენ დაღესტნის სხვა სოფლებშიც. ვახუშტი ბაგრატიონი დიდოელთა სარწმუნოების შესახებ შემდეგს წერდა: ენა აქუსთ თჳსი საკუთარი, სარწმუნოებით არიან კერპნი და უმეტეს ეშმაკის მორჩილნი... არა უწყიან სრულიად ღმერთი, არცა ნათესავი და ნათესაობა”. როლანდ თოფჩიშვილი – კავკასიის ხალხთა ეთნოგრაფია - ეთნიკური ისტორია, ეთნიკური კულტურა. 230 1-ს მოსწონს
|