x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134534
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
როგორც დაწერა გალაკტიონმა "ნიკორწმინდა", ისე რომ ნანახიც არ ჰქონდა ტაძარი
image

75 წლის წინ, ქართული პოეზიის ისტორიაში შეიქმნა ერთ-ერთი საუკეთესო ლექსი "ნიკორწმინდა", რომელიც გალაკტიონმა რაჭაში კურორტ შოვზე ყოფნის დროს დაწერა.


კურორტის ხელმძღვანელობა თავს არ ზოგავდა პოეტისთვის კარგი პირობების შესაქმნელად. ხელმძღვანელობის დავალებით ნიკორწმინდელ მოხუც დურგალს - ნიკოლოზ ვაჩაძეს გალაკტიონისთვის ტყეში, მუხის ქვეშ, მაგიდა გაუკეთებია „დიდის გულმოდგინებით“ და მასთან მისასვლელი ბილიკიც გაუყვანია. პოეტი იგონებს: „ამგვარად, ჩემს განკარგულებაში იყო ახალთახალი ხეივანი, ჩემთვის სრულიად საკმარისი დაფიქრებისა და მოგონებებისათვის“.


დურგალი მაგიდის კეთებისას გატაცებით უყვებოდა გალაკტიონს ნიკორწმინდის ტაძრის ჩუქურთმების შესახებ. მოსმენილით მოხიბლული გალაკტიონი დაჰპირდა ნიკოლოზს, რომ ამ მაგიდაზე დაწერდა რამეს ნიკორწმინდის შესახებ.



„მე ეს დაპირება შევასრულე, ვინაიდან მე ჩვეული არა ვარ დაპირების არ ასრულებას. სახალხო პოეტების სიტყვა ყოველთვის საქმეა. იმ დღესვე დავწერე „ქებათა ქება ნიკორწმინდას“, — ამთავრებს ლექსის შექმნასთან დაკავშირებული ამბის თხრობას გალაკტიონი.

imageფოტოზე: გალაკტიონი შოვში 1947 წელს და მაგიდა, რომელიც მოხუცმა დურგალმა გაუკეთა მგოსანს(კადრი აღებულია ეროვნული არქივის კინოფირიდან)


„ქებათა ქება ნიკორწმინდას“ გამოქვეყნებიდან რამდენიმე თვეში გალაკტიონმა დაწერა მკითხველისათვის ნაკლებად ცნობილი ლექსი „შოვიდან ისარმა სხეპა მოადინა“.

ამ ორი ნაწარმოების ერთმანეთთან დაკავშირება შეუძლებელი იქნებოდა, რომ არა ეს მოგონება:
გალაკტიონს მურმან ლებანიძისთვის უკითხავს:

– თუ გახსოვს ჩემი „შოვიდან ისარმა სხეპა მოადინა, მტერს და მოღალატეს ბოლი აადინა“… რაზეა ეგ დაწერილი, თუ მიხვდები? აბა, თუ მიხვდები?!

შემდეგ კი თავადვე გაუცია პასუხი:

– „ნიკორწმინდაზე“… „ნიკორწმინდა“ რომ დავწერე შოვში, ისარი იყო ზოგისთვის და იმან მოადინა სხეპა თბილისში… შენმა გლოველებმა მასწავლეს, ძამიკო, მშვენიერი რაჭული გამოთქმაა ეგ „სხეპა მოადინა“.


ვახტანგ ჯავახაძემ "ნიკორწმინდას " ტაძრის ნახვის შემდეგ თქვა:


"„ჩემთვის ნიკორწმინდა ყველაზე მაღალი ტაძარია, — სადღაც მაღლა, ვარსკვლავებთან ამაღლებული, — როგორც ქობულაძის ქაჯეთის ციხე და... პირველად რომ ნამდვილი ნიკორწმინდა ვნახე, გავოცდი. თითქოს მომატყუეს, ციდან მიწაზე ჩამომიყვანეს და ცივი წყალი გადამასხეს! საინტერესოა: თვითონ რომ ენახა, რას იტყოდა?! დიახ! დიახ! გალაკტიონს ნიკორწმინდა არ უნახავს!!!“ გალაკტიონმა მხოლოდ დურგლის ნაამბობის გონებაში რეალიზებით შექმნა ნიკორწმინდის სახე და ასე აღავლინა მისი ხოტბა.


image

მაქვს მკერდს მიდებული
ქნარი, - როგორც მინდა -
ჩემთვის დიდებული
სხივი გამობრწყინდა.
მკვიდრად ააშენა,
ვინაც ააშენა
და ცით დაამშვენა
დიდი ნიკორწმინდა.
გზნებით დამკარგავი
გრძნეულ ჩუქურთმებით,
ქარგით დამქარგავი
ნაზი შუქურ-თმებით,
ნეტა ვინ აზიდა,
ან როგორ აზიდა,
რა ხელმა აზიდა
მაღლა ნიკორწმინდა!
რა განძი გვქონია,
რა მხნე, რა მდიდარი,
ჟღერს ქვის ჰარმონია -
დარობს რამდი დარი.
კარგად გამოჰკვეთა,
ვინაც გამოჰკვეთა,
სიბრძნით გამოჰკვეთა
მძლავრი ნიკორწმინდა.
აქ რომ თაღებია,
სვეტთა შეკონება,
ისე ნაგებია,
სიზმრის გეგონება.
ნეტა ვინ ააგო,
რა ნიჭმა ააგო,
რა მადლმა ააგო
სვეტი - ნიკორწმინდა!
ვგრძნობ, ვით დიადია
თორმეტი სარკმელი,
ხაზებში ანთია
ცეცხლი მისარქმელი:
ნეტა ვინ აანთო,
რომ გრძნობით აანთო
და წლებს გადაანდო
ნათლად ნიკორწმინდა.
ხვეულთ დიადება
ვხედავ - რა უხვია,
დრომ მას დიადემა
კრძალვით შეუხვია.
ნეტა ვინ მოჰქარგა,
და როცა მოჰქარგა,
შიგ მიჰკარგ-მოჰკარგა
გზნება - ნიკორწმინდა!
მკვეთრი და მოქნილი
ხაზთა დასრულება
არის ამოდქმნილი -
ნატვრის ასრულება.
ეს ის სიმკვეთრეა,
ეს ის სიმდიდრეა,
რაითაც მკვიდრია
ძეგლი - ნიკორწმინდა.
შენის სულმნათისად
ასვლა ეროვანი:
ყელი გუმბათისა
მაღალღეროვანი,
ცამდის აღერილი,
ნებით აღერილი,
სათნოდ აღერილი
გშვენის, ნიკორწმინდა!
მზერა ქართულია
სივრცის დაუნჯებით,
თვალი გართულია
ფრთიან ფასკუნჯებით:
ფრთები, ფრთები გინდა,
კიდევ ფრთები გვინდა,
გინდა დაეუფლო
სივრცეს, ნიკორწმინდა!
შენ, ფრთამოღუღუნეს
ჟამთა სიმაღლეზე,
ჩვენი საუკუნე
გიცავს, უახლესი:
მძლავრი ხელოვნება,
ხალხის ხელოვნება -
ბრწყინავს საქართველოს
ქებად ნიკორწმინდა!
0
430
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
430
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0