სხვა გაუნათლებელი ბიძინა და სხვები- ცნობილი ქართველების მხიარული ისტორიები 2021, 31 დეკემბერი, 12:52 საახალწლო მხიარული განწყობისთვის ქვემოთ გაეცნობით ცნობილი ქართველი მწერლების, მსახიობების, სპორტსმენების თუ სხვათა სახალისო ისტორიებს. თბილისში, ქართველი მწერლებისა და პოეტების მიერ მოწყობილ ერთ-ერთ სუფრასთან, სადაც ევგენი ევტუშენკოც იმყოფებოდა, სტალინის სადღეგრძელო ფეხზე ადგომით დალიეს. ევტუშენკოც წამოდგა და დალევა დააპირა, ამ დროს კი მის პირდაპირ მჯდომმა ბელა ახმადულინამ ფეხსაცმელი გაიხადა და ესროლა, ტიციან ტაბიძე ვინც დაახვრეტინა, მის სადღეგრძელოს როგორ სვამო.. „დიდი მოურავის“ ავტორი, სიმონ ქვარიანი საზღვარგარეთ იყო. როცა ჩამოვიდა, მწერალთა წრეში განაცხადა, ჩვენი ენიდან უნდა ამოვიღოთ ისეთი ასოები, რომლებიც უცხოურში არ იხმარება, მაგალითად, ძ, ჭ, ჯ და სხვებიო. აკაკი წამოდგა და თავისი აზრის გამოთქმა ასე დაიწყო: „ვირფასო სიმონ!..“(აკაკი ხინთიბიძის წიგნიდან "მოგონებანი გარდასულ დღეთა")
გამახსენდა, რომ ჯიბეში მედო შევის (ედუარდ შევარდნაძე) ფოტო, რომელიც მისმა ამერიკელმა ფანმა გამომიგზავნა და ძალიან მთხოვა, ხელი მომეწერინებინა. კაცია თუ ქალიო, მკითხა, როცა სურათი ამოვიღე. ქალია. იმნაირი ხომ არ არისო, – შემეკითხა. მაგას როგორ გაკადრებდით-მეთქი. მერე სურათს წააწერა: „პატივისცემით და...“ – აქ გაჩერდა. „დავაწერო სიყვარულით?“ – შემეკითხა. დავფიქრდი – ვაიმე, მართლა რომ იმნაირი აღმოჩნდეს-მეთქი. იმნაირს მე, ხომ იცი, რას ვეძახი, ჯაშუში არ იყოსო, – თქვა, გაიცინა და მიაწერა: „სიყვარულით – ე.შ.“(გელა ჩარკვიანის მოგონებიდან)
ცივი ზამთარი იყო. ბუხუტი ზაქარიაძე სოფლიდან ჩამოვიდა, ჩამოიტანა გოჭი, ქათამი, დედას პურები და ბიჭები შინ მიიპატიჟა. კარგად რომ იქეიფეს, შუაღამისას იპოლიტემ წინადადება შეიტანა:- ბუხუტის ტუალეტი ეზოს ბოლოსაა, ბარემ სახლებში გავიქცეთ და ამით ბუხუტიც გადარჩება და ჩვენცო შევარდა გათოშილი იპოლიტე სახლში. ღამის სამი საათია, ტუალეტში შესვლამდე ჩაიყო შარვალში ხელი, აქეთ მოიძია, იქით მოიჩხრიკა ის "მთავარი", მაგრამ რად გინდა - სიცივეში მობუზული არსად ჩანდა; არადა, მეტის მოთმენა აღარ შეეძლო და სასოწარკვეთილმა იყვირა:- ლუბა!- რა იყო, კაცო, რა მოგივიდა? - გამოეხმაურა ლუბა საძინებლიდან.- რა და, შენ რომ რამეს ხელს მოჰკიდებ, რომ არ დაიკარგოს ხომ არ იქნება!..(იპოლიტე ხვიჩია) "ერთხელ, ჩემი მეგობრები, ბიძინა კვერნაძე და დავით ცერცვაძე მახლდნენ ღორზე სანადიროდ. გადავწყვიტე, შემემოწმებინა და დარიგება დავუწყე: გამოქანებულ ღორს უნდა მოერიდო, ჩაუსაფრდე, არ შეიძლება პირდაპირ შეხვედრა-მეთქი. უცებ ძაღლების ყეფა გაისმა, ჩამოვრჩი და ვიყვირე, ღორი მოდის-მეთქი. იმ გზას, რომელსაც მივუყვებოდით, ნაკრძალის მაღალი ღობე გასდევდა გვერდით. შეშინებულმა დავითმა დაჰკრა ბიძინას მხარზე ხელი და ღობის მეორე მხარეს აღმოჩნდა, მას ბიძინაც მიჰყვა. სიცილი ვეღარ შევიკავე და ისინიც მიხვდნენ ჩემს ხუმრობას, მაგრამ ნაკრძალიდან გამოსვლა ისე იოლი საქმე არ იყო. სად უნდა მეშოვა ღორი, რომ ამჯერად ღობის აქეთ მხარეს გადმოესროლა ჩემი მეგობრები?! ამიტომაც დიდ მანძილზე მოუხდათ ეკალბარდებში სიარული.“(რევაზ ლაღიძე ნადირობის ერთ-ერთ ეპიზოდს იხსენებს)
1956 წელს ქართველმა რეჟისორმა ლეო ესაკიამ "ბაში-აჩუკი" გადაიღო. მაშინდელი დაუწერელი კანონის თანახმად, ფილმის ეკრანებზე გამოსვლამდე მოეწყო დახურული ჩვენება, ე.წ. "პრასმოტრი, " რომელსაც კინომოღვაწეებთან ერთად პარტიული ხელმძღვანელებიც ესწრებოდნენ. სწორედ მათ ვერდიქტზე იყო დამოკიდებული ფილმის მომავალი. "ბაში-აჩუკის" ჩვენებაზე მიბრძანებულა ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი, თვით ვასილ მჟავანაძე, რომელიც რუსეთში 35 წელი მსახურობდა და საქართველოში 1953 წელს ჩამობრძანდა.
კინოსტუდიის დირექტორმა პირველ მდივანს მოახსენა, ფილმი აკაკი წერეთლის მოთხრობის მიხედვით გადავიღეთო. სხვა რამის თქმა ზედმეტად ჩათვალა და ჩვენებაც დაიწყო.ვასილ მჟავანაძეს ძალიან მოეწონა ფილმი, როგორც ამბობენ, თვალებიც კი აუწყლიანდა (თანამედროვეთა გადმოცემით, საკმაოდ გულჩვილი კაცი ყოფილა).დასრულდა ჩვენება და სტუმარმა გაბადრული სახით მიმოიხედა ირგვლივ, აშკარად ეტყობოდა, რომ ვიღაცას ეძებდა. ბოლოს კინოსტუდიის დირექტორს მიმართა, აკაკი წერეთელი გამაცანითო. ირგვლივ თურმე სამარისებური სიჩუმე ჩამოწვა. გაოცებას ვინ ჩიოდა, ყველა საგონებელში ჩავარდა - მოდი და კაცს, რომელიც ქვეყნის პირველი პირია, აკადრე: დიდი პოეტი, კარგა ხანია, მთაწმინდაზე განისვენებსო. არადა, რამე უნდა ეღონათ. ისევ დირექტორმა იპოვა გამოსავალი: მოჰკიდა ხელი ლეო ესაკიას და მჟავანაძეს მიჰგვარა: აი, ეს გახლავთ "ბაში-აჩუკის" ავტორიო....აი ასე იოლად გამოძვრნენ ფილმის ავტორები უხერხული მდგომარეობიდან, მჟავანაძე კი გაბადრული სახით გადაეხვია თურმე"აკაკი წერეთელს".. თბილისელ „გაიშნიკებს“ ფრუნზიკ მკრტიჩიანი „წითელ ხიდზე გაუჩერებიათ“, რომელიც თბილისში გამართული სპექტაკლიდან ერევანში ბრუნდებოდა, მსახიობი მანქანიდან გადმოსულა, რომ ავტოინსპექციის თანამშრომლებს დანახვებოდა, იმათ კი ისეთი სახეები მიუღიათ, ვითომ ვერ იცნეს და მართვის მოწმობა მოუთხოვიათ. საბუთში ჩაუხედავთ და გამოგვყევითო, უთქვამთ. სხვა რა გზა ჰქონდა, ფრუნზიკაც გულის კანკალით გაჰყოლია.ავტოინსპექტორებს „დაკავებული“ ხიდის ქვეშ შეუყვანიათ და… პირდაპირ ქართულად გაშლილი სუფრისთვის წაუყენებიათ თავზე, რომელსაც გარშემო ფრუნზიკას მეგობარი ქართველი მსახიობები შემოსხდომოდნენ რუსთაველის თეატრიდან. მსახიობები წამომხტარან, ოქროსფრად მოელვარე კახური ღვინით სავსე სასმისები აუწევიათ და სომხური „ოვ, სირუნ, სირუნ, ინჩუ მოტეცარ“ დაუმღერებიათ…
კულტურის მინისტრად მყოფი ოთარ თაქთაქიშვილი გამუდმებით ეპატიჟებოდა ბიძინა კვერნაძეს ყველანაირ თათბირსა და საქმიან შეხვედრებზე და აზრს ეკითხებოდა.„კაცო, რას გადამეკიდა ეს ოთარი, რა უნდა ჩემგან? ერთი გაუნათლებელი კაცი ვარ, ჰემინგუეის „Старик” (მოხუცი)ცალკე წავიკითხე და "море“ (ზღვა)– ცალკე”, – ჩიოდა ბიძინა.
ჩვენს სახლთან ცოტა მოშორებით ჩემი მეგობრები ცხოვრობდნენ. მათ სადარბაზოს კარგი აკუსტიკა ჰქონდა. რომ წამოვიზარდეთ, იქ გიტარებით დავსხდებოდით და ვმღეროდით. ზურა ხელაია ჩვენზე უფროსი იყო, კარგ სიმღერებს წერდა. ერთხელ წაგვაწყდა, ღამით რომ ვმღეროდით. წამო ჩემთან სამედიცინო ინსტიტუტში და იქ იმღერეო. მაშინ ვნახე პირველად მიკროფონი. იმ პერიოდში ყველა ინსტიტუტში ვიმღერე, გარდა ზოოვეტერინარულისა. მხოლოდ მათ არ ჰყავდათ თვითმოქმედი ანსამბლი. ყველაზე ლამაზი გოგონები უცხო ენების ინსტიტუტში სწავლობდნენ, ინიაზში, როგორც მაშინ ვეძახდით. ლექციები რომ მთავრდებოდა, ნახევარი თბილისის ბიჭები ინიაზის წინ იდგნენ. იმხანად დაბრუნდა თბილისში გელა ჩარკვიანი. მითხრა, ჩემს მეგობარს პატარა ორკესტრი ჰყავს და კურსის გამოსაშვები საღამო აქვთ უცხო ენებში, იქნებ მიეხმაროო. მართლაც ვიმღერე. ლექტორს ვეუცხოვე, ეს ბიჭი ჩვენთან სწავლობსო? არა, მშენებლობაზე მუშაობსო, უპასუხიათ. რუსულ სკოლას ვაშენებდით ენგელსის ქუჩაზე. არ უნდა უცხო ენებში ისწავლოსო? არადა, ენის გაგებაში არ ვიყავი. მირჩიეს, წადი, ბიჭო, პედაგოგს მოგამაგრებენ, მოგამზადებს და ჩაგრიცხავენო. ასეც მოხდა. დადგა აგვისტო. პირველი გამოცდა ისტორიაში გვქონდა.რომ მივედი, ფეხები მომეკვეთა, ჯერ ერთი, წინადღის ნაქეიფარი ვიყავი, მეორე, ამდენ გოგოს შორის ერთი ბიჭი აღმოვჩნდი.ეს გოგოები ინგლისურად საუბრობენ. შელია იყო გამომცდელი. ცხვირი აწითლებული ჰქონდა, ისიც წინადღის ნაქეიფარი იყო. რა გვარი ხარო, მკითხა. ვუპასუხე. წადი ახლა, კიკაბიძე, სამ საათში მოდი და 2 ბოთლი ცივი ლუდი მომიტანეო. სამ საათში მართლაც ყველა გოგო გავიდა გამოცდიდან. შელიამ ერთი ბოთლი გამოცალა. აიღე ბილეთიო, მანიშნა. პეტრე პირველი შემხვდა. რაღაცები ვუთხარი. გეტყობა, შენც არ გეცალა წუხელო, მითხრა. ნაქეიფარი გახლავართ-მეთქი, არ დამიმალავს. ჩამომითვალე, რა ელაგა წუხელ თქვენს სუფრაზეო. დავიწყე: კიტრი, პომიდორი, ხაჭაპური, გოჭი... გოჭზე გამაჩერა და მეკითხება, ს ხრენამ? მე ხრენი ცუდი სიტყვა მეგონა და ვუპასუხე, არა, ეტყობა, სანამ სუფრაზე მოიტანეს, მოაჭრეს-მეთქი. აუტყდა სიცილი. მოკლედ, ისტორიაში ოთხიანი დამიწერეს. ამ "სირთულით" ჩაიარა დანარჩენმა გამოცდებმაც. გავხდი სტუდენტი, მაგრამ სწავლა დაიწყო თუ არა, რეპეტიციაზე ამიყვანეს. რეპეტიციების კვალდაკვალ კონცერტები რიკინ-რიკინით მიდიოდა და პოპულარული გავხდი.(ბუბა კიკაბიძეს მოგონებიდან). ოთარ რამიშვილი ხშირად იხსენებდა – ერთ დღეს ექიმმა მითხრა, ნუ სვამ, თორემ მოკვდებიო და რამდენიმე დღეში თვითონ მოკვდაო. თბილისელი მილიონერი მელიქ აზარიანცი დიდი წუწურაქი ადამიანი ყოფილა. ის მუდამ კონკით დადიოდა, რომლით მგზავრობა სულ 3 კაპიკი ღირდა. მიუახლოვდებოდა თუ არა ქარვასლას, აზარიანცი ვატმანს თურმე ასმანეთიანს გადააწოდებდა ხოლმე. მაგის ხურდა არ მაქვსო, პასუხობდა ის და აზარიანციც ფულს მაშინვე ისევ ჯიბისკენ გააქანებდა.ასე გრძელდებოდა თვეობით.ბოლოს თავგაბეზრებულმა კონკის პატრონებმა ხურდა ფული შეაგროვეს, დიდ ტომარაში ჩაყარეს და იმ კონკის ვატმანს მისცეს, რომლითაც მილიონერი მგზავრობდა. და როდესაც ჩასვლისას მელიქ აზარიანცს ვატმანისთვის ჩვეულებისამებრ მიუწოდებია ასმანეთიანი, იმას უსიტყოდ გამოურთმევია და მის წინ დიდი ტომარა ჩამოუდგამს.ეს რა არისო?! უკითხავს მილიონერს. თქვენი ხურდაა, 99 მანეთი და 97 კაპიკიო, მიუგია ვატმანს და გაშორებია. შალვა ნუცუბიძე ცოტათი ფულის მოყვარული კაცი იყო და ერთხელაც, ფონეტიკოსმა გიორგი ახვლედიანმა ჰკითხა: „შალვა, როგორ არის შენი ფულესოფია?“, რაზეც შალვა ნუცუბიძემ უპასუხა: „შენს ფუნეტიკაზე უკეთ. გურიაში ყოფილან გადაღებაზე იპოლიტე და ეროსი მანჯგალაძე. დაინახეს, რომ მატარებლის სადგურში ორსული ქალი ტიროდა, რომელსაც ფული მოჰპარეს. მივიდა ეროსი მანჯგალაძე და ჰკითხა: რამდენი მოგპარეს, ქალბატონო?! ქალმა რა თანხაც (საკმაოდ სოლიდური) დაასახელა, ეროსიმ ჯიბიდან ამოიღო და გაუწოდა, რის შემდეგაც ქალი ბედნიერი წავიდა. იპოლიტე ხვიჩიამ მიაძახა: ქალბატონო, თუ ბიჭი შეგეძინათ, ეროსი დაარქვითო. მოხდა სასწაული, გავიდა რამდენიმე წელი, იპოლიტე და ეროსი კვლავ ერთად იყვნენ ლანჩხუთში გადაღებაზე და მათთან მივიდა ქალი, რომელსაც პატარა ბიჭი ახლდა, სახელად ეროსი, რომელიც ეროსი მანჯგალაძის სიკეთის შემდეგ, დიდი სიამაყით ატარებდა ამ სახელს.
მადრიდის" რეალი" ისე მოიხიბლა გუცაევის თამაშით, რომ დაუყონებლივ ტრანსფერზე მოლაპარაკება დაიწყო, მატჩის მერე გუცაევთან დინამოს მთავარი მწვრთნელი ნოდარ ახალკაცი მივიდა და რეალის დაინტერესების შესახებ აცნობა. “მითხრა, რომ მადრიდელები მზად იყვნენ, ნებისმიერი თანხა გადაეხადათ” "ვფიქრობ, მართლაც კარგი მატჩი მქონდა. დღემდე მახსოვს, დელ ბოსკე და შტილიკე როგორ მაგრად თამაშობდნენ, თუმცა, თავის გამოჩენა ჩვენც მოვახერხეთ და ესპანელებიც ჩემით მაშინ დაინტერესდნენ, რეალის წინადადება რომ მიმეღო და ესპანეთში დავრჩენილიყავი, თბილისის დინამო და ყველა ჩემი ახლობელი სერიოზული პრობლემების წინაშე აღმოჩნდებოდა. გამორიცხული არაა, ისინი სამშობლოს მოღალატეებადაც კი გამოეცხადებინათ..ვუთხარი, რომ საქართველოში არა მხოლოდ ჩემი ოჯახი, არამედ საყვარელი მანქანა “ვოლგაც” მრჩებოდა. ესპანელები დიდ ხანს ცდილობდნენ გაერკვიათ, რა მანქანასთან განშორებას ვერ ვახერხებდი”(ვლადიმერ გუცაევის მოგონებიდან) ალექსანდრე ჩივაძეს მეგობარი, მოქეიფე ფეხბურთელები ხან ღამის 12-ზე, პირველზე და უფრო გვიანაც, გახურებული ქეიფისას ურეკავდნენ და ეპატიჟებოდნენ სუფრასთან. ერთხელაც საშას ყელში ამოუვიდა და უთხრა: გრიშა ქსოვრელი ხომ არ ვარ, რომ დათვრებით და მაშინ მეძახითო. გოგლა ლეონიძე ორდენის ყველაზე ახალგაზრდა წევრი იყო. ერთხელ ტიციანთან მყოფი ცისფერყანწელები, ჩვეულებისამებრ ღვინის სმას შეყოლიან, ყველაზე ქარიზმატულს მათგან, პაოლო იაშვილს აუჩემებია, მზის პირველივე სხივზე, ხიდიდან მტკვარში უნდა გადავხტეთ, რომ არა მარტო საქართველომ, მსოფლიომ ილაპარაკოს ჩვენზე და თავები უნდა მოვიკლათო, თანაც ამას სრული სერიოზულობით, დაჟინებით იძახდა, სხვა ცისფერყანწელებსაც მხარი აუბიათ. გოგლას ჩაძინებია და რომ გაღვიძებია, ოთახში მარტო იყო, შეშფოთებულა, უჩემოდ გადაწყვიტეს მტკვარში გადახტომაო, წამომხტარა და, სავარაუდოდ, ვორონცოვის ხიდისკენ თავქუდმოგლეჯილი გაქცეულა, ხიდზე შედგა და გადასახტომად მოემზადა…. ამ დროს სიცილ-ხარხარის ხმა მოესმა, სხვა ცისფერყანწელები იდგნენ და გულიანად იცინოდნენ. გოგლა გაბრაზებულა ამ ხუმრობაზე და გარკვეული ხანი “ცისფერყანწელებს” არ ელაპარაკებოდაო."(ხელოვნებათმცოდნე ვლასი ვაწაძე) ~ ბერიას დახვრეტიდან დიდი ხნის შემდეგ, ნოდარ დუმბაძეს შავი ზღვის სანაპირო აგარაკზე დაურეკა მეზობლად მცხოვრებმა რუსმა მწერალმა კონსტანტინ სიმონოვმა და ღვინო სთხოვა, მოსკოვიდან ორი მეგობარი ჩეკისტი მეწვია და უნდა გავუმასპინძლდეო. ნოდარს ღვინო არ აღმოაჩნდა, მაგრამ შესთავაზა - აქვე სოფელი მერხეულია, შესანიშნავი რესტორნით და სტუმრები საპურმარილოდ იქ წავიყვანოთო.აფხაზეთის სოფელი მერხეული კარგი რესტორნის გარდა იმითაც იყო ცნობილი, რომ ლავრენტი ბერიას მშობლიური სოფელი გახლდათ და ჩეკისტების იქ მიპატიჟება ამ მხრივაც ერთგვარ „სიმბოლურ“ აზრს ატარებდა. კონსტანტინ სიმონოვს ეს წინადადება მოეწონა და ოთხივე მერხეულში წავიდა.ლაზათიანად მოულხინეს და როცა კარგად შეთვრნენ, ერთმა ჩეკისტმა დაიჩემა, მდინარეში უნდა ვიბანაოო. ვერაფრით გადაათქმევინეს, გაიხადა და წყალში გადაეშვა, მაგრამ ამოყვინთვით ვეღარ ამოყვინთა. იქვე მყოფი სოფლელები მდინარეში შეცვივდნენ, ცოცხალ-მკვდარი „კაგებეს“ ოფიცერი ნაპიზე გამოათრიეს და რის ვაი-ვაგლახით მოიყვანეს გონზე. მან კი თვალი როგორც გაახილა, მეგობარი ჩეკისტი თითით მიიხმო და უჩურჩულა: „На дне, в речке Лаврентий Павлович! На дне, в речке Лаврентий Павлович!ყველა გაშტერებული შეაჩერდა ერთმანეთს, რაღაც ვერ იყო კარგად - დიდი ხნის დახვრეტილი იყო ლავრენტი პავლოვიჩი. ჩეკისტმა კი ერთი-ორჯერ კიდევ გაიმეორა ეს ფრაზა და გული წაუვიდა.რესტორნის დირექტორმა რომ ნახა, საქმეს ცუდი პირი უჩანდა, ნოდარ დუმბაძე გვერდით გაიხმო და საიდუმლოდ გაანდო: აქ, რესტორნის ახლოს, ბერიას ძეგლი იდგა, როცა დაიჭირეს, ავიღე და მდინარის ფსკერზე დავმალე, რა ვიცი, ხვალ რა მოხდება, დღეს კი ლანძღავთ, მაგრამ იქნებ დრო მოვიდეს, თქვათ, დიდი კაცი იყოო - ხალხის ერთგული შვილი. ჯაჭვით მყავს დაბმული, მდინარემ რომ არ წაიღოს. ამ უბედურმა წყალში რომ ჩაყვინთა, ეტყობა, ძეგლი დაინახა და ამიტომ არის ასე შეშინებულიო.
2007 წელია, ელჩები შეხვდნენ პატრიარქს და მიდის დამუნათება, ჭკუის სწავლება, ისტორიას გვიკითხავენ... ილია მეორე არის გაჩუმებული, ხმას არ იღებს. ილაპარაკეს ასე ერთი საათი და ნელ-ნელა მიჩუმდნენ. ასწია პატრიარქმა თავი: მე ვარ ილია მეორე, ილია პირველი საქართველოში პატრიარქად 1500 წლის წინ იყოო და ისევ დაღუნა თავი.
თავის დროზე თბილისში სტუმრად იმყოფებოდა ჩეხოსლოვაკიის კულტურის მინისტრი, რომელსაც კინოსტუდია „ქართული ფილმის“ დათვალიერება მოუწადინებია.საპატიო სტუმრის მოლოდინში მთელი კინოსტუდია ფეხზე დადგა. ხელმძღვანელობამ ტერიტორია საგანგებოდ დაასუფთავა, განსაკუთრებით, ანტისანიტარიის ბუდედ ქცეული ტუალეტი. უფრო მეტიც, საპირფარეშოს ერთი დღით მცველიც კი მიუჩინეს და დაავალეს, რომ კაციშვილი არ შეეშვა ტუალეტში. ისიც პატიოსნად ასრულებდა დავალებას და კაციშვილს არ აჭაჭანებდა ახლო-მახლო. მაგრამ რაღაც მომენტში ყურადღება ოდნავ მოუდუნებია და ტუალეტში ვიღაცას შეუსწრია. საპირფარეშოს მცველი არ დაბნეულა, კარი გაუღია და დაუკითხავად შეჭრილი კაცი სულ პანჩურის კვრითა და დედის გინებით გამოუგდია იქიდან.მერეღა გაირკვა, რომ „ყოჩაღ დაცვას“ საპირფარეშოდან კინწისკვრით თვით ჩეხოსლოვაკიის კულტურის მინისტრი გამოუძევებია...
>
1173 1-ს მოსწონს
|