x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ცნობილი ადამიანები სტალინის შესახებ საუბრობენ

image


სტალინი დღემდე რჩება და ალბათ კიდევ ძალიან დიდხანს დარჩება ერთ-ერთ ყველაზე დიდ ფიგურად მსოფლიო ისტორიაში, მასზე კიდევ დიდხანს ისაუბრებენ ერთი ნაწილი, როგორც ტირანზე და სისხლიან დიქტატორზე, ხოლო მეორე ნაწილი, როგორც უდიდეს პოლიტიკურ მოღვაწეზე და ეკონომიკურ-სოციალურ რეფორმატორზე, მის მიმართ რომ საზოგადოება გაორებულია სულ ახლახან ჩატარებულმა სახალხო გამოკითხვამაც დაადასტურა, სტალინი მოხვდა ერთდროულად როგორც საუკეთესო გმირის, ასევე ანტიგმირის სამეულში.

სტალინისადმი ინტერესი რომ არ ცხრება, ამაზე მეტყველებს უამრავი პუბლიკაციები, რომელიც მის შესახებ დღემდე იწერება, იმ დონემდე, რომ უკვე შეუძლებელია გაარკვიო რა არის სიმართლე და რა გამოგონილი ლეგენდა.

დღეს, 21 დეკემბერს სტალინის დაბადების დღეა და გადავწყვიტეთ სულ სხვა კუთხით, ანუ სხვისი თვალით დაგვენახვებინა თქვენთვის იოსებ ჯუღაშვილის პიროვნება.რას ფიქრობენ ცნობილი ადამიანები მის შესახებ?

"მე ჩავედი კრემლში და პირველად შევხვდი დიდ რევოლუციონერსა და ბელადს, ბრძენ მოღვაწესა და მეომარს… მხნედ და იმედიანად დავაბიჯებ ქვეყანაზე იმ ადამიანთან მეგობრობით გაამაყებული, რომლის დიდებამაც, არა მხოლოდ რუსეთს, არამედ მსოფლიოს გადაუარა"(უისტონ ჩერჩილი)

„...მასთან მუშაობა დიდი სიამოვნებაა. ის აყალიბებს საკითხს, რომლის განხილვაც სურს და ამ საკითხიდან არც აქეთ და არც იქით არ იხრება... მომავლისა და აწმყოს საკითხების განსახილველად, სურვილი მაქვს, შევხვდე თანამედროვეობის დიდ ადამიანს — სტალინს, რაც აქამდე ვერ შევძელი, მაგრამ მჯერა, რომ ჩვენ მაინც შევხვდებით ერთმანეთს (ფრანკლინ რუზველტი).

სტალინს კოლოსალური ავტორიტეტი ჰქონდა, და არა მხოლოდ რუსეთში. შეეძლო მტრების „მოთვინიერება“, მისთვის უცხო იყო პანიკა — დამარცხებისას, და ნეტარება — გამარჯვებისას. გამარჯვებები კი მას დამარცხებებზე გაცილებით მეტი ჰქონდა. სტალინური რუსეთი მონარქიასთან ერთად დაღუპული წინანდელი რუსეთი არ არის, მაგრამ სტალინური სახელმწიფო სტალინის ღირსეულ მემკვიდრეთა გარეშე განწირულია“(შარლ დე გოლი)

„სტალინმა პირველივე მომენტიდან დატოვა ძლიერი შთაბეჭდილება.მოლაპარაკებებისა და საუბრების მსვლელობამ მკაფიო წარმოდგენა მომცა ამ კაცის სიძლიერეზე და ძალაზე, მისი ხელის ერთი აქნევა იყო ბრძანება ყველაზე შორეული სოფლისთვის, სადღაც გადაკარგულ რუსეთის უზარმაზარ სივრცეში - ადამიანი, რომელმაც მოახერხა გააერთიანებინა თავისი იმპერიის ორასი მილიონიანი მოსახლეობა, ვიდრე აქამდე რომელიმე სხვა მეფემ.” (იოახიმ ფონ რიბენტროპი)

„ალბათ სტალინის გარდა ვერც ერთი სხვა ადამიანი ვერ შეძლებდა იგივე გაეკეთებინა ომში. დაუნდობლობის, მოქნილობისა თუ განსაზღვრულობის ისეთი ხარისხით, რაც საჭირო იყო ომის წარმატებით წარმართვისთვის ასეთი არაადამიანური მასშტაბით."(პიტერ უსტინოვი, ბრიტანელი მსახიობი)

„ახლა ადვილია კრიტიკა, მაგრამ მაშინ მართლა ბრძოლა იყო - საბჭოთა ხელისუფლებას უნდა გაემარჯვა. ახლა ყველა ბუღალტერს შეუძლია, ადგეს და რამდენიც უნდა, აკრიტიკოს სტალინი. მართალია, იგი ძალიან მკაცრი, სასტიკიც კი იყო, მაგრამ ვინ იტყვის, რომ იმ პერიოდში სისასტიკე საჭირო არ იყო? სტალინს უნდოდა, შეექმნა ძლიერი სახელმწიფო და მან ეს შექმნა შთამომავლობისთვის. მართალია, ამას შეეწირა ბევრი ადამიანი, მაგრამ სად იყო, რატომ ვერავინ დაინახა სხვა გზა, რომელიც უმტკივნეულოდ მიგვიყვანდა მიზნამდე?(ნინო გეგეჭკორი, ბერიას ცოლი)

”სტალინმა თქვა:” ტემპის შენელება ნიშნავს ჩამორჩენას, ხოლო ჩამორჩენილებს სცემდნენ. მაგრამ ჩვენ არ გვინდა ცემა. არა, არ გვინდა!.. სცემდნენ მონღოლი ხანები. სცემდნენ თურქი ბეგები. სცემდნენ შვედი ფეოდალები. სცემდნენ პოლონეთ-ლიტველი პანები .სცემდნენ ანგლო-ფრანგი კაპიტალისტები.სცემდნენ იაპონელი ბარონები . ჩამორჩენილებს, ყველას სცემდნენ. სცემდნენ იმიტომ, რომ მომგებიანი იყო და დაუსჯელად გრძელდებოდა... რუსეთს ათწლეულების განმავლობაში დაახლოებით იგივე უნდა გაეკეთებინა, რაც ინგლისს 200 წელი დასჭირდა. ეს ნიშნავდა აუცილებელ ძალისხმევას, რომელიც არასოდეს არცერთ ქვეყანას არ გაუკეთებია. სასიკვდილო გარღვევა! - და მაინც, აქ სტალინი აბსოლუტურად მართალი იყო... ხის საშრობიდან ბირთვულ რეაქტორებამდე. რუსეთის ტრიუმფალური აღზევება.” (ჩარლზ სნოუ, მწერალი და პოლიტიკური მოღაწე)

„სტალინის დროს საბჭოთა კავშირი მართლაც დიდ ინდუსტრიულ ძალად იქცა.ცენტრალიზებული სოციალისტური სისტემა სრულად აღდგა.ამავდროულად, საბჭოთა ეკონომიკას ჰქონდა შედარებით მაღალი ზრდის ტემპი. ” (ზბიგნევ ბჟეზინსკი-პოლონური წარმოშობის ამერიკელი პოლიტოლოგი, სოციოლოგი და სახელმწიფო მოღვაწე)

„სტალინი გენიოსი იყო.მან ჩვენს ქვეყანაში მეხუთე კოლონა გაანადგურა და ომი რომ დაიწყო, პარტია და ხალხი გაერთიანდა.ახლა აღარ არის რევოლუციური სული, ოპორტუნიზმია ყველგან“. (პოლინა ჟემჩუჟინა, ვიაჩესლავ მოლოტოვის ცოლი)

„იოსებ სტალინი არის როგორც ქართველი, ისე მთელი რუსი ხალხის ერთგული შვილი, სსრკ-ს დიდი ლიდერი. სტალინის პოლიტიკას 1924-37 წლებში ჩვენი დროის პოლიტიკური სტანდარტებით ვერ განსჯი. მან შექმნა მძიმე მრეწველობა, რაკეტები., ატომური იარაღი, საბჭოთა არმია. ფლობდა უზენაეს ძალაუფლებას და იღებდა გადაწყვეტილებებს. არ შეიძლება იმოგზაუროთ ისტორიაში, ისე, რომ ირჩევდეთ მის ფურცლებს " (სადამ ჰუსეინი-ერაყის პრეზიდენტი)

„სტალინი, როგორც დემოკრატიული ქვეყნების არც ერთი სხვა ლიდერი, მზად იყო, ნებისმიერ დროს შესდგომოდა ძალთა თანაფარდობის ძირფესვიანად შესწავლას და სწორედ იმ ურყევი რწმენით, რომ იგი იყო მსახური ისტორიული სიმართლისა, რომლის გამოხატულებასაც მისი იდეოლოგია წარმოადგენდა, მტკიცედ და გადაჭრით იცავდა საბჭოეთის ეროვნულ ინტერესებს. ისე იცავდა, რომ თავს არ იმძიმებდა, როგორც მას მიაჩნდა, ფარისევლური მორალის ან პირადი ინტერესების ტვირთით.

სტალინის სიტყვებში გამოსჭვივის აზრისა და მოქმედების მიზანსწრაფული სიმტკიცე, რომელიც კომუნისტური იდეოლოგიის ურყევი ერთგულების შედეგია. სტალინი მგზნებარე რევოლუციონერი, გულმშვიდი, აღუშფოთებელი სტრატეგი იყო. მან რუსეთი მეოცე საუკუნის ზესახელმწიფოდ აქცია, ისე, როგორც რიშელიემ საფრანგეთი XVII საუკუნეში“(ჰენრი კისინჯერი- ამერიკელი სახელმწიფო მოღვაწე, დიპლომატი და საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი)

"სტალინი – ესაა ჩინგისხანი და უპრინციპო ინტრიგანი, რომელიც ყველაფერს საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებას უქვემდებარებს. სტალინმა მხოლოდ ერთი საშუალება იცის – შურისძიება და ამავე დროს ზურგში დანის ჩაცემა. დამიჯერეთ, მალე სტალინი ჩვენს ჩეხვას შეუდგება და ერთიანად დაგვანაწევრებს. რაც შეეხება სტალინის პოლიტიკურ ხაზს, იგი დამღუპველია რევოლუციისთვის და სამოქალაქო ომისკენ მივყავართ. მასთან ერთად ჩვენ შეიძლება დავიღუპოთ“(ნიკოლაი ბუხანინი, რუსი რევოლუციონერი და ცკ-ს პოლიტბიუროს წევრი 1929 წლამდე)

"სტალინი ჩემთვის ყოველთვის უსიამოვნო ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებდა. იგი გამოირჩეოდა ვიწრო ინტერესებით, ემპირიზმით, ფსიქოლოგიური სისასტიკითა და განსაკუთრებული პროვინციული ცინიზმით, და კიდევ იყო კომპლექსიანი, უკულტურო, უხეში და ბოღმა (ლევ ტროცკი-რევოლუციონერი, ტროცკიზმის იდეოლოგი, წითელი არმიის დამაარსებელი და პირველი ხელმძღვანელი, საკავშირო კპ(ბ) ცკ-ის პოლიტბიუროს წევრი)

"სტალინი — ეს ადამიანი მთლიანად სისხლშია. მე ვნახე მისი რეზოლუციები, რომლებსაც ის დასტა-დასტა აწერდა ხელს მოლოტოვთან, ვოროშილოვთან, კაგანოვიჩთან და ჟდანოვთან ერთად. ეს ხუთეული იყო ყველაზე ინიციატივიანი“.(მიხეილ გორბაჩოვი)

ქართველი პოლიტიკოსები სტალინის შესახებ

„სტალინი იმ ადამიანების რიცხვს ეკუთვნის, რომელიც დაჯილდოებული იყო დიდი ბუნებრივი ნიჭით. ამავე დროს, კითხვის წარმოუდგენელი უნარით, რასაც, თვით მისი მტრებიც ადასტურებდნენ, ვინც მასთან ერთად ციხეში იჯდა. მე წავიკითხე რამდენიმე ესერის მოგონება სტალინის შესახებ — ისინი აღიარებენ ამ ფაქტს. განათლების მაღალ საფეხურს სტალინმა სწორედ კითხვის საშუალებით მიაღწია. ყველაზე კარგად და ყველაზე უფრო დაუფლებული იყო სტალინი ისტორიას, ისტორია ძალიან უყვარდა და ისტორია იცოდა ზედმიწევნით. შემდეგაც, როგორც ჩანს, მას შემდეგ, რაც ქვეყნის სათავეში იყო სტალინი, მაშინაც, ამ თავის მისწრაფებას და მიდრეკილებას არ ღალატობდა და ისტორიას ძალიან თვალყურს ადევნებდა. ვისაც სტალინის ჩანაწერები წაკითხული აქვს, ის მიხვდება, რომ ეს არის განათლებული და კულტურული ადამიანის ნაწერი. მას თავისი სტილი ჰქონდა — მოკლე, ნათელი — ისეთი, რომელიც სწორედ რევოლუციონერებს ესაჭიროებოდათ, რომ ხალხამდე მიეტანათ მარქსიზმის იდეები. როცა მისივე თხოვნით, სოჭში ჯანაშია და ბერძენიშვილი ჩავიყვანე — არ დარჩენილა მსოფლიო ისტორიის საკითხები, რომლებიც მათ არ განეხილათ. ჩვენი ისტორიკოსები განცვიფრებულები იყვნენ ისტორიული ფაქტების ცოდნის იმ სიღრმით, რომელიც სტალინმა საუბარში გამოამჟღავნა. ასე რომ, ლაპარაკი იმაზე, რომ სტალინს აკლდა განათლება — სისულელეა"(კანდიდ ჩარკვიანი)

"სტალინი გენიალური მოაზროვნე იყო, თუმცა, ამასთან, სასტიკიც, ანდა, უფრო სწორი იქნებოდა — მკაცრი. მე ახლაც ინტერესით ვიკვლევ მის ნაშრომებსა და ბიოგრაფიას. მიუხედავად იმისა, რომ მის განვლილ ცხოვრებაში იყო ნეგატიური მომენტები, იგი მაინც დიდ სახელმწიფო მოღვაწედ წარმოგვიდგება. ომში ხომ სწორედ მან გაიმარჯვა. იგი ხელმძღვანელობდა ქვეყნის მთავრობას — იყო უმაღლესი მთავარსარდალი, თავდაცვის მინისტრი, მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე, მოკლედ, მთელი ძალაუფლება მის ხელში იყო. 1941 წლის მიწურულს, მაშინ, როდესაც ჰიტლერელები უკვე მოსკოვის მისადგომებთან იყვნენ, სტალინმა დედაქალაქში 7 ნოემბრის აღსანიშნავად სამხედრო აღლუმის ჩატარების განკარგულება გასცა. მოსკოვის სამხედრო ოლქის სარდალი კატეგორიული წინააღმდეგი იყო. ის ამბობდა, რომ თუ სტალინი მავზოლეუმის ტრიბუნაზე იდგება, ერთი ბომბიც კი საკმარისი იქნება მის გასანადგურებლად, ხოლო მის გარეშე ქვეყანაც განწირული იქნებოდა დაღუპვისთვის. მიუხედავად ასეთი საფრთხისა, სტალინმა მაინც ჩაატარებინა აღლუმი და მისი ბრძანებით ორგანიზებული მოსკოვის საჰაერო თავდაცვის უზრუნველყოფის გაძლიერებული რეჟიმის პირობებში, როგორც ცნობილია, არცერთი ბომბი აღლუმის მსვლელობის დროს არ ჩამოვარდნილა"(ედუარდ შევარდნაძე)

„პრაქტიკულად, მთელი ჩემი ცხოვრება ვიბრძოდი და ვიბრძვი სტალინიზმის წინააღმდეგ ... სტალინის გაიდეალების ხანა წარსულს ჩაბარდა. შესაძლოა, ორი-სამი წლის წინ მსგავსი დამოკიდებულების გამოვლინებების ჯერ კიდევ ადგილი, თუმცა მას, რაც ჩვენ ძალიან დიდი სამუშაოები განვიხილავთ და ფაქტობრივად გავაუქმეთ საზოგადოება "სტალინი", , ავუკრძალეთ არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს უფლება, რადგან მათ არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ სურდათ. ამის შემდეგ ამ საშიშროებამ უკვე ჩაიარა"(ზვიად გამსახურდია)

"მე ვერ გეტყვით, რომ სტალინის პიროვნება რამენაირად გადავაფასე, მაგრამ შემიძლია, დროის გასვლის პარალელურად გითხრათ, რომ ერთ საუკუნეში, დავუშვათ, როდესაც ის ოჯახები, რომლებსაც რეჟიმმა მიაყენა ტკივილი, დაივიწყებენ ამ ტკივილს, არ იქნება ცოცხალი, არ ეყოლებათ ბაბუები, ბებიები, რომლებმაც იტვირთეს ამ რეჟიმის ტვირთი, სტალინი იქნება აღქმული, როგორც ერთ-ერთი ძალიან დიდი მხედართმთავარი და ეს იქნება ის, რასაც დაწერენ სტალინზე, იმიტომ, რომ ის რეალურად იყო მსოფლიოში ყველაზე დიდი იმპერიის ხელმძღვანელი და აგრეთვე მხედართმთავარი, რომელმაც მოიგო მეორე მსოფლიო ომი. ეს ორი მსოფლიო ომი კი იყო ევროპის უდიდესი ტკივილი და უდიდესი კატასტროფა, რომლის შედეგადაც, კაცობრიობა მივიდა იმ დასკვნებამდე, როგორ უნდა იცხოვროს ერთობლივად ევროპამ. სტალინს ამ გამარჯვებაში ლომის წილი აქვს, შესაბამისად, სტალინს მომავალში აღიქვამენ, როგორც ძალიან დიდ პოლიტიკოსს და ძალიან დიდ მხედარმთავარს"(გიორგი მარგველაშვილი)

„მე ძალიან ფაქიზად, ფრთხილად, მაგრამ უარყოფითად ვაფასებ სტალინის მოღვაწეობას. ეს არის ჩემი დამოკიდებულება მისადმი..მე არ მაქვს სტალინის სურათი. გოგი თოფაძეს თუ აქვს ამის სურვილი, ეს მისი ნებაა. პრინციპში, ეს აკრძალული არაა. მე ასეთი დამოკიდებულება მაქვს მარტივად, არა მარტო სტალინთან. თუ გინდათ, სტალინის მსგავსი პატარა თვისებები ჩვენს ბოლო ლიდერს რომ ჰქონდა, ამასაც შეგახსენებთ. არ შეიძლება, ადამიანები იხვრიტებოდნენ და იხოცებოდნენ და არ შეიძლება, რაიმე აქცია ტარდებოდეს საზოგადოების წინააღმდეგ იმისათვის, რომ რაღაც წყობას, ან წესრიგს ჩაეყაროს საფუძველი და რაღაც იდეოლოგიას. არცერთი ადამიანის სიცოცხლედ არ ღირს ნებისმიერი იდეოლოგია. ამ მხრივ, რა თქმა უნდა, სტალინთან გამოტანილია და რაც გამოტანილია, მე მთლიანად ვემხრობი ამაში, ახალს ვერაფერს მოგახსენებთ. ის, რომ ისტორიის ნაწილია სტალინი და ვიღაცეები ამას იხსენებენ, ამის უფლებაც აქვთ. და ძალიან საინტერესო და მძაფრი ისტორია არის დაკავშირებული სტალინთან. მათ რიცხვში, ჩვენი ქვეყნის განვითარების და შესაბამისად, მას ისტორიაში აქვს მნიშვნელობა, მაგრამ ჩემთვის სტალინი არ იყო პოზიტივი. თუ გოგი თოფაძეს სტალინი მოსწონს, ამაშიც არაფერი დანაშაული არ არის, ეს მისი ნებაა და მისი უფლებაა"(ბიძინა ივანიშვილი)

"მეგობრებთან ერთად კინოში ფილმ სტალინის სიკვდილს ვუყურეთ. შესანიშნავი ფილმია. ჩემი დიდი ბებია თამარი მიყვებოდა, თუ როგორ გადაარჩინა სტალინი მეფის ჟანდარმებისგან დაჭერას. სტალინმა კი ამ სიკეთისთვის სამაგიერო ოჯახის ქონების კონფისკაციითა და მამისა და ძმის დახვრეტით გადაუხადა. ჩემი ინგლისური ენის მასწავლებლის გელა ჩარკვიანის მამა კომუნისტური პარტიიის მაღალჩინოსანი იყო. ის ხშირად სტუმრობდა სტალინს მისი სიცოცხლის ბოლო წლებში და ყველაფერი, რასაც ჩარკვიანი მიყვებოდა, ძალიან ჰგავს იმას, რაც ფილმშია მოთხრობილი. გირჩევთ ნახოთ."(მიხეილ სააკაშვილი)

0
814
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
814
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0