როგორია ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარება და სად ცხოვრობს იგი ამჟამად თავის მეუღლესთან ერთად?
2019 წლის 19 დეკემბერს პირველი პრეზიდენტის ვაჟი, ცოტნე გამსახურდია საკუთარ საცხოვრებელ სახლთან დაჭრეს. ჭრილობები იმდენად მძიმე იყო, რომ ბევრჯერ დადგა კითხვის ნიშნის ქვეშ მისი გადარჩენის საკითხი. ამ უმძიმესი დღიდან მალე 2 წელი გავა. ამ პერიოდის განმავლობაში ცოტნეს გვერდიდან არ მოშორებია მეუღლე, ანა ჯაბაური. ანა პროფესიით ექიმი-კარდიოლოგია. მან საქართველოში აწყობილი კარიერა მიატოვა და მეუღლესთან ერთად ქვეყანა დატოვა. რამდენიმე ქვეყანაში მკურნალობის შემდეგ ცოტნე და ანა საქართველოში დაბრუნდნენ.
როგორია ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა და სად ცხოვრობს ახლა წყვილი, ამის შესახებ Ambebi.ge-ს ანა ჯაბაური ესაუბრა.
უკვე 4 თვეა წეროვანში ცხოვრობენ მიხეილ სააკაშვილის ყოფილ რეზიდენციაში, რომელიც მოგვიანებით თავდაცვის სამინისტროს გადაეცა. არაჩვეულებრივი გარემო - სუფთა ჰაერი და ულამაზესი ტყე-პარკი აკრავს გარს.აქვე ახლოს, ამავე შემოსაზღვრულ ტერიტორიაზეა განთავსებულია მარო მაყაშვილის სახელობის სამხედრო სარეაბილიტაციო ცენტრი, რომელიც სასიამოვნოდ გაგაკვირვებთ ყველაფრით - თანამედროვე, მაღალი სტანდარტებით გამორჩეული დარბაზებითა და უახლესი აპარატურით, მაღალპროფესიული გუნდითა და მოტორულ-კოგნიტური უნარების განვითარებისთვის საჭირო ბევრი სიახლით. სწორედ ამ ცენტრის სპეციალისტები უტარებენ ცოტნეს ყველა ფიზიოთერაპიულ პროცედურას, რომელიც ამ ეტაპზეა საჭირო.
ყველა სპეციალისტი, რომელიც ცოტნესთან მუშაობს, ცხადია, სრულად ვაქცინირებული და მკაცრად ეკიპირებულია. ცოტნეს ამჟამინდელ მდგომარეობას რაც შეეხება, ამა წლის თებერვალ-მარტში რეაბილიტაციის შედეგი საკმაოდ იმედისმომცემი და თვალსაჩინო იყო - მან დაიწყო ლაპარაკი, ყოველდღე ამბობდა ახალ სიტყვებს, აწყობდა წინადადებებს, ჰქონდა სრულიად ნათელი გონება, იცინოდა, ხუმრობდა, თანდათან აუმჯობესებდა მოტორულ ფუნქციებსაც.
მაგრამ, სამწუხაროდ, მოულოდნელად ცოტნეს ძალიან მძიმე ეპილეფსიური სტატუსი დაეწყო, რომლის მოხსნაც ძალიან გაუჭირდათ გერმანელ პროფესორებს. ორჯერ გადაიყვანეს ხელოვნურ კომაში, დაუნიშნეს უძლიერესი ანტიკონვულსიური მედიკამენტები, რამაც მნიშვნელოვნად დახია უკან - აპრილში, რეაბილიტაციის უმძიმესი 15 თვის შემდეგ, ისევ ნულიდან დაიწყო ყველაფერი. დღესდღეობით ცოტნეს მდგომარეობა ახლიდან უმჯობესდება. ჯერ, სამწუხაროდ, ვერ მიაღწია ეპილეფსიურ სტატუსამდელ მდგომარეობას, მაგრამ გონება ისევ ნათელი აქვს, დაიწყო კიდურების ამოძრავება, აქტიურად კონტაქტობს ბგერებით და ეტყობა, რომ უკვე ლაპარაკის დაწყებას ცდილობს.
მეუღლის ყოველდღიურობის დიდ ნაწილს ცოტნეს მოვლა, რეაბილიტაცია და მასზე ზრუნვა შეადგენს. მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ყველა საკითხისა და სფეროს მეთვალყურეობა, კოორდინირება, ლაბორატორიულ-ინსტრუმენტული კვლევებისა და სასიცოცხლო ფუნქციების მონიტორინგი, გერმანელ პროფესორთან ერთად მკურნალობისა და კვების სქემის შედგენა და კორექტირება, დამატებითი ძალისხმევის, პროცედურებისა და სპეციალისტების ჩართვის საჭიროების დროული განსაზღვრა - ეს ყველაფერი მისი ყოველდღიურობაა.
მიუხედავად იმისა, რომ დამხმარეები ჰყავს, არის პროცედურები, რომელსაც მხოლოდ მეუღლე უტარებს ცოტნეს. კოვიდპანდემიის გამო, ცოტნესთან დამატებითი პერსონალის დაშვების შიშით დალაქობაც კი შეისწავლა და თვითონ კრეჭს წვერსაც და თმასაც. თუმცა დღესდღეობით, მარტო ამით არ შემოიფარგლება მისი ყოველდღიურობა. თურქეთსა და გერმანიაში ასე იყო - უმძიმესი წელიწადნახევარი პალატაში იცხოვრა და ჩამოშორებული იყო ყველას და ყველაფერს, მაგრამ ახლა უკვე განაახლა მუშაობა. ინციდენტამდე სამ ადგილას მუშაობდა - კლინიკაში კარდიოლოგად, ევროპის უნივერსიტეტში პროფესორად და სამედიცინო ტელევიზიაში "პულსი ტვ“ გადაცემის წამყვანად. ნელ-ნელა დაიწყო უკვე სამსახურებში გასვლა. ცდილობს, ყველაფერი მოასწროს - პირველ რიგში ცოტნე იყოს წესრიგში, რადგან დღევანდელ მოცემულობაში ყველაზე მეტი ყურადღება მას სჭირდება; სამსახურებშიც ხარისხიანად იმუშაოს და არ მოაკლოს ყურადღება არც შვილს, შვილიშვილს და მოხუც მშობლებს. ეს ყველაფერი საკმაოდ დიდ ენერგიას, ძალისხმევას და მობილიზებას საჭიროებს, მაგრამ ზემოთ აღნიშნული მოცემულობა და ეს ადამიანები თავად მაძლევენ ამის ენერგიას.
თვლის რომ გიორგის და კონსტანტინეს გარეშე ვერ გაუძლებდნენ ამდენ უმძიმეს გამოცდას. ასეთი ძმობა, რომელსაც ისინი ცოტნეს უწევენ, არც უნახავს და არც გაუგია. ორი წელია ყოველდღიურ რეჟიმში არიან ჩართული ყოველ წვრილმანში. ყველა წარმოქმნილ პრობლემას ისინი აგვარებენ. საოცარი ინტუიცია განუვითარდათ ცოტნესთან დაკავშირებით, თითქოს წინასწარ იციან დღეს რა უჭირს და ხვალ რა დასჭირდება. ამ მძიმე განსაცდელის დროს სიყვარულის გარდა, ორი ძალიან მნიშვნელოვანი რამ აძლიერებთ - დაუშრეტელი ოპტიმიზმი და რწმენა ცოტნეს გამოჯანმრთელებისა, და მძიმე პერიოდებში ავტომატურად ჩართული ერთმანეთის გამხნევების უნარი…