საზოგადოება
"ჩემი ამუნია, ჩემი ბრუს ლი, აი, ეს დაამთავრებს ნაციონალებს" - ვის ფოტოს აქვეყნებს ინგა გრიგოლია
2021, 19 ოქტომბერი, 23:43
ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ინგა გრიგოლია "ქართული ოცნების" საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივნის, შალვა პაპუაშვილის დღევანდელ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და მას ირონიით "ნაციონალების დამამთავრებელს" უწოდებს.
"რაღაც არ ჩანდა ამ ბოლო დროს, ვდარდობდი და აი ისიც, ჩემი ამუნია კვლავ გამოჩნდა და ერი დამოძღვრა. არა ბიჭო რა!!! ჩემი ბრუს ლი.. აი, ეს დაამთავრებს ნაციონალებს. ამუნიაა ნაცებთან მებრძოლი მთავარი რაინდი, ისეთი ვნებებით საუბრობს მათზე…" - წერს ინგა გრიგოლია და შალვა პაპუაშვილის ფოტოს აზიარებს.
შეგახსენებთ, რომ ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა, შალვა პაპუაშვილმა საჯარო მოხელეებს მიმართა და მოუწოდა, რომ უკრაინის მოქალაქის მოწოდებებს არ აყვნენ: "საჯარო მოხელეებს მივმართავ, რომ უკრაინის მოქალაქის მოწოდებებს არ აჰყვნენ".
მართალია, უმრავლესობის ლიდერს არ დაუკონკრეტებია თუ რომელ მოწოდებებს გულისხმობდა, თუმცა სავარაუდოდ, საუბარია გუშინ, სააკაშვილის მიერ გაკეთებულ მიმართვაზე, სადაც მან სპეცრაზმელებსა და პოლიციელებს მოუწოდა, რომ საკუთარი მოქალაქეების მშვიდობიანი საპროტესტო აქციები არ დაარბიონ. სააკაშვილის მიმართვას, რომელიც მან გუშინ გაავრცელა უცვლელად გთავაზობთ.
"მოვუწოდებ სპეცრაზმელებს და პოლიციელებს, ნუ დაარბევენ საკუთარი ხალხის მშვიდობიან საპროტესტო აქციებს. იმ ხალხის, ვისი დაცვაც მათი მოვალეობაა. სწორედ ხალხის, და არა რეჟიმის და პირადად ივანიშვილის.
მოვუწოდებ სამთავრობო მასმედიის წარმომადგენლებს, ღიად თქვან სიმართლე და უარი თქვან აშკარა სიცრუეზე და ამით წვლილი არ შეიტანონ საკუთარი სამშობლოს განადგურებაში.
ჩვენ წინ გვაქვს დიდი შერიგება, ხოლო შერიგებას ერთმანეთის შემხვედრი მოძრაობები სჭირდება ყველას მხრიდან. ძვირფასო სახელმწიფო სამსახურში დასაქმებულებო, თქვენ არავის ვალი არ გაქვთ, პირიქით, სახელწიფოს აქვს თქვენი ვალი, ვინაიდან თქვენს აბსოლუტურ უმრავლესობას ამუშავებს მიზერულ ხელფასზე და დამამცირებელ პირობებში ამყოფებს. ამიტომ, ჩვენს მოვალეობად თქვენს გათავისუფლებასაც ვთვლით და მერე ბევრად მეტად დაფასდება თქვენი ნიჭი და უნარები და ბევრად უფრო რეალიზებულად და სასარგებლოდ იგრძნობს თითოეული თქვენგანი თავს." - ვკითხულობთ ექსპრეზიდენტის მიმართვაში.