კოლექციები ფერწერიდან მაღალ მოდაში 2021, 6 ოქტომბერი, 2:19 მხატვრული მიმდინარეობები და ფერწერული ნამუშევრები ხშირად გამხდარა შთაგონების წყარო ისეთი გამორჩეული მოდის სახლებისთვის, როგორებიცაა ვერსაჩე, დიორი, გუჩი და სხვა. მათ არაერთხელ შექმნეს სამოსი, რომელიც სხვადასხვა ეპოქის ცნობილი ფერწერული ნამუშევრებით იყო ინსპირირებული.
ამ მხრივ ერთ-ერთი პირველი იყო ივ სენ ლორანი. მან 1965 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციაში წარმოგვიდგინდა კაბა, რომელიც პრაქტიკულად იმეორებდა დე შტეილის წარმომადგენლის - პიტ მონდრიანის კომპოზიციას. 1991 წელს ჯანი ვერსაჩემ შექმნა კაბა, რომელიც ასევე იმეორებდა პოპ-არტის წარმომადგენლის ენდი ვორჰოლის ცნობილ ნამუშევრებს მერლინ მონროსა და ჯეიმს დინის გამოსახულებით. ძმის კვალდაკვალ 2018 წელს დონატელამაც შექმნა სამოსი პოპ-არტის თემატიკის პრინტებით. 2017 წლის გაზაფხულზე ვალენტინოს სახლის მთავარმა დიზაინერმა პიერპაოლო პიჩოლიმ წარმოგვიდგვინა კაბა, რომელზეც იერონიმუს ბოსხის “ტკბობის ბაღი” იყო გამოსახული. ბოსხის ნამუშევარი ნამდვილად შეესაბამებოდა 2017 წლის ტრენდულ ფერებს - ღია ვარდისფერი, ვაშლისფერი მწვანე და ლურჯი. კედლის მხატვრობა, ისევე როგორც ფერწერული ტილოები, ასევე საინტერესო თემაა დიზეინერებისთვის. დოლჩე & გაბანამ 2014 წლის ზამთრის კოლექციაში წარმოადგინა მონრეალის საკათედრო ტაძრის ბიზანტიური მოზაიკის შთაგონებით შექმნილი სამოსი. მეთ გალა 2018-ის თემა “სამოთხის სხეულები: მოდა და კათოლიკური წარმოსახვა” იყო, სადაც არაერთი შესანიშნავი ნამუშევარი ვიხილეთ. მათ შორის ერთ-ერთი გამორჩეული ადგილი ნამდვილად ეკუთვნის მომღერალ არიანა გრანდეს კაბას, რომელიც ვერა ვონგმა შექმნა. კაბის გამჭირვალე ნაჭერზე დატანილი იყო მიქელანჯელოს ფრესკა “განკითხვის დღე”. ბოლოს კი წარმოგიდგენთ შედარებით ახალბედა ლონდონში მოღვაწე ბერძენი დიზაინერის მერი ქეთრანზუს კაბას, რომელიც კუნძულ კრეტას ფრესკით, ე.წ. “პარიზელი ქალებით” არის შთაგონებული. 25 შეფასება არ არის
|