განათლება "ბოლომდე იბრძოდა, მოცურავდა ნაპირისაკენ და სიცოცხლისაკენ მოისწარფოდა, მაგრამ ბრძოლა იყო უთანასწორო და..."-დღეს გურამ რჩეულიშვილის გარდაცვალების დღეა 2021, 23 აგვისტო, 10:34 გურამ რჩეულიშვილი 1934 წლის 4 ივლისს დაიბადა თბილისში, მისი ნაწარმოებები ყველასათვის საყვარელი და გამორჩეულია, მიუხედავად იმისა, რომ სამწერლო ასპარეზზე სამი წელი იღვაწა. მწერლის სიცოცხლეში სულ რაღაც 7 მოთხრობა დაიბეჭდა.
იგი გამორჩეული ახალგაზრდა ყოფილა თავისი ცხოვრებისა და მწერლური სტილით, სამწუხაროდ, მისი სიცოცხლე დიდხანს არ გაგძელებულა, იგი 1960 წლის 23 აგვისტოს, 26 წლის ასაკში, გმირულად, სხვისი სიცოცხლის გადასარჩენად გარდაიცვალა. აი, რას წერს ნუგზარ წერეთელი (იგი ავტორია წიგნისა-"აი, მე, გურამი ვდგავარ თქვენს წინ") მისი გარდაცვალების შესახებ: "მე ხშირად ვფიქრობ ხოლმე და დარწმუნებულიც ვარ გურამ რჩეულიშვილს აუცილებლად შეეძლო ზღვის გააფთრებული ტალღებისაგან თავის დაღწევა, მაგრამ იგი აქაც სიკვდილს დასცინოდა. შეუცნობელს ეთამაშებოდა, კვლავაც ბეწვის ხიდზე გავლას ცდილობდა, უნდოდა დარწმუნებულიყო რას დააკლებდა სიკვდილი. მჯერა ზღვა მას მართლაც ვერაფერს დააკლებდა. იგი იმსხვერპლა თავისმა დიდმა კაცთმოყვარეობამ, ბოლომდე, უკანასკნელ წუთამდე სხვისი დახმარების სურვილმა, იმის შეგნებამ, რომ იგი იყო ძლიერი, უშიშარი, მამაცი, სხვა კი სუსტი და ამ სუსტს აუცილებლად უნდა დახმარებოდა. იმ ავბედით დღეს გაგრაში, გამძვინვარებულ ზღვაში, დღის სამიდან ოთხ საათამდე საშინელი ტრაგედია თამაშდებოდა, ასეთი ტრაგედია გურამს ბევრჯერ ქონდა გამოვლილი ცხოვრებაში, მაგრამ ყოველთვის გამარჯვებული გამოდიოდა. ეს კი მისი ხანმოკლე ცხოვრების ბოლო ტრაგედია იყო. გავიხსენოთ რაღაც შტრიხებით მსგავსი ადგილი „ალავერდობიდან“. ხანჯლით მოკლული ცხენიდან გადმომხტარი გურამი ალავერდის ტაძარში შერბის, უკან მთვრალი, დაუნდობელი მდევარი მისდევს, ხელში გაპრიალებული ხანჯალი უჭირავს. ამ ხანჯალმა წუთის წინ შესანიშნავი ცხენი იმსხვერპლა, საკუთარი ცხენის მკვლელი კაცი, ანუ გამხეცებული მთვრალი არც გურამს დაინდობს, მაგრამ მის უშიშარ ბუნებას რა ძალა აღუდგებოდა წინ. „...მალე გუგუნით ივსება გუმბათის თაღი. გურამს ყიჟინით მოსდევენ. ალავერდის ცნობილი ხვეული კიბის თავში, ღვთისმშობლის პატარა ხატთან თავაუღებლად ლოცულობს მოხუცი ქალი. „იმათზე ილოცე, დედავ. მე თვითონ გავიტან თავს“, — ჩურჩულით ამბობს უმიზეზო სიხარულმოწოლილი გურამი“. დაუკვირდით რა საოცრებაა: მოსაკლავად მისდევენ გურამს, მას კი სიკვდილთან თამაში „უმიზეზო“ სიხარულსაც კი გვრის. აქვე ჩანს გურამის დიდი ბუნება და ნებისმიერ ვითარებაში ადამიანების სიყვარულის, მათთვის სიკეთის კეთების სურვილი: - იგი მოხუც მლოცველ ქალს ჩურჩულით შესთხოვს: მაგ უბედურებისთვის ილოცე, მე კი არაფერი მიჭირს, ჩემს თავს ყოველთვის გავიტანო. ზღვაშიც ასე იყო. როცა სახლის სიმაღლე ტალახისფერი ტალღები გაბედულმა მაშველმა გააპო, პირველად გურამთან მიცურდა, ხელი ჩასჭიდა, გურამს ღიმილით იგივე უთქვამს: მე არამიშავს, გავალ, მაგათ მიხედეთო. ამ დროს მძიმე ტალღები განწირვას უქადდნენ ორ რუს და ერთ ქართველ ბიჭს. მაშველმა სწორედ ქართველი ბიჭი გადაარჩინა. იმ ბიჭს ვიცნობდი. გურამის მეათასედის გაკეთებაც არ შეეძლო, მაგრამ განგებამ ის გადაარჩინა, ზღვამაც მხოლოდ რჩეული ისურვა. გურამმა თითქოს ცხოვრებაში თავისი კუთვნილი ადგილი დაუთმო იმ ბიჭს. მეზღვაურის ზოლიან მაისურიანი გურამი უშიშრად უტევდა სტიქიას. ერთხელ გაარღვია კიდეც ტალღები და ჯებირთან გამოვიდა. ხალხი წიოდა და კიოდა. მას რომ ხელები მაღლა შეემართა, ალბათ ზემოდან დასწვდებოდნენ კიდეც და კედლის ბავზე აიყვანდნენ, მაგრამ არ ისურვა სხვისი დახმარება, ის ამაყი და რაინდული იყო დაღუპვის პირას მისულიც კი, აქაც მხოლოდ თავისი თავის იმედი ჰქონდა. კედელთან რამოდენიმე წამით მდგარი გურამი დაღლილი იყო, მძიმედ სუნთქავდა, როცა მოტრიალდა და იქვე მახლობლად ჯებირის კიბესთან უნდა გაერბინა, უზარმაზარი აქაფებული ტალღა დაეცა და კვლავ ზღაში გაიტაცა. კვლავ ებრძოდა ტალღებს და ნაპირისაკენ მოისწრაფოდა. ამასობაში შვეულმფრენიც გამოჩნდა. გაჭირვებით შეჩერდა ტალღების თავზე და თოკი თუ თოკის კიბე ჩამოუშვა. ქარი აქეთ-იქით ათრევდა დასველებულ-დანძენძილ კიბეს. გურამს უკვე უჭირდა, მაგრამ თავისი ვაჟკაცური დიდსულოვნებისათვის ბოლო წუთამდე არ უღალატია. მან ყველა მიუშვა თოკის ვიწრო კიბესთან, ასვლაშიც ეხმარებოდა, თავად კი დაღლილი რიგს ელოდა. როცა ბოლოს დიდი წვალებით აცოცებულ ბიჭსაც ჩაავლეს ხელი და აიყვანეს, გურამი მიცურდა თოკის კიბესთან, მოეჭიდა და ასვლა დაიწყო, ალბათ მეორე კიბეზეც არ იქნებოდა ასული, რომ დამპალმა კიბემ ვეღარ გაუძლო, გაწყდა და სტიქიასთან სულ მარტოდმარტო დარჩა გურამი. იგი არ ნებდებოდა ზღვას, ბოლომდე იბრძოდა, მოცურავდა ნაპირისაკენ და სიცოცხლისაკენ მოისწარფოდა, მაგრამ ბრძოლა იყო უთანასწორო და ცოტა ხნის შემდეგ როგორც ღრუბლებში ანგელოზი, ისე გაუჩინარდა რუხფერ ტალღებში. დღის ოთხ საათზე შეწყდა დიდი ქართველი მწერლის, გურამ რჩეულიშვილის სიცოცხლე, უამრავი ოცნება ჩაიყოლა თან და უამრავიც თავის საყვარელ მამულს, ქართველ ხალხს დაუტოვა. მისი დაკარგვა იმხელა დანაკლისი იყო საქართველოსათვის. რომ კიდევ ოთხი დღე ტიროდა ბუნება, მზეს ერთი წუთითაც არ გამოუხედია, მძიმე ნისლი აწვა გაგრის ქედებს, ოდნავი სასიხარულოც არსად ჩანდა, მხოლოდ მისი ამაყი სული ტალღასავით გადმოდიოდა ჩვენში და გვარწმუნებდა, რომ სიკვდილი არარაობაა, სისულელეა, თუკი „კაცი მთელი სულით ცოცხლობს“, თუკი მიღწეულსა და შექმნილს სტოვებს ქვეყნად თაობების ტკბობის მიზნით." 440 1-ს მოსწონს
|