იტალიის კამპანიამდე, 1796 წელს, საფრანგეთის ხელისუფლებამ ნაპოლეონს ეგვიპტის დაპყრობის გეგმის შემუშავება დაავალა. მან შეისწავლა საკითხი, ყველაფერი აწონდაწონა და დაასკვნა, – ამის გაკეთება შეუძლებელი იყო!
მაგრამ, მას შემდეგ ორი წელი გავიდა და ახალგაზრდა მხედართმთავარმა პოზიცია შეცვალა. რატომ? პასუხი ნათელია: მან რაღაც გაიგო, რამაც ისეთი პრაგმატული ადამიანიც კი დააბრმავა, როგორიც ნაპოლეონ ბონაპარტი იყო. რომელმა მირაჟმა დაავიწყა მას ეგვიპტისკენ მიმავალი გზის სირთულე, აუტანელი სიცხე და ეგვიპტელი მამლუქების შეუპოვრობა?
უეჭველია, რომ ეს საიდუმლო მეტისმეტად მნიშვნელოვანი იყო, იმ ყველაფერთან შედარებით, რაც ნაპოლეონისთვის მანამდე იყო ცნობილი!..
და იმ შედეგს თუ გავითვალისწინებთ, რასაც საბოლოო ჯამში მიაღწია ბონაპარტმა, ლაშქრობის მიზანმა, მისი სამხედრო-სტრატეგიული თვალსაზრისით, კრახის მიუხედავად, სრულად გაამართლა.
ეგვიპტის ლაშქრობა
ნაპოლეონი ამ ლაშქრობისთვის განსაკუთრებით საფუძვლიანად ემზადებოდა. ის მხოლოდ სამხედრო ნაწილებს კი არა, ცალკეულ ჯარისკაცს არჩევდა. როგორც ამბობენ, განსაკუთრებული მეხსიერების წყალობით, ის თითქმის ყველა ჯარისკაცს პირადად იცნობდა, იცოდა მათი ძლიერი და სუსტი მხარე.
1798 წლის 19 მაისს 350 გემი, 32 ათასი ჯარისკაცით, ტულონიდან სამხრეთისკენ გაემართა. გზად ბონაპარტმა მალტა დაიპყრო, ხოლო 30 ივნისს ფრანგული ფლოტი უკვე ეგვიპტის სანაპიროებთან იყო.
ნაპოლეონის მიერ ეგვიპტურ კამპანიაში წაყვანილი სარდლობის გუნდი, ნამდვილად რომ, უპრეცენდენტო იყო და წარმოდგენის ყოველგვარ ზღვარს სცდებოდა. იქ ქვეყნის საუკეთესო სამხედრო მეთაურები იყვნენ. მათ შორის: ბერტე, დეზე, კლებენი, ლანი, მიურატი, სულკოვსკი, ლავალეტი... მაგრამ, ყველაზე საინტერესო ის იყო, რომ სამხედრო ნაწილების გარდა, ლაშქრობაში სხვადასხვა პროფესიის მეცნიერთა «რაზმიც» მონაწილეობდა. იყვნენ მათემატიკოსები და გეოგრაფები, ისტორიკოსები, ბიოლოგები, ლიტერატორები...
1 ივლისს ფრანგული არმია ალექსანდრიის აღმოსავლეთით, რამდენიმე მილის დაშორებით, ხმელეთზე გადავიდა. ხოლო, 2 ივლისის ღამისთვის, ქალაქი უკვე აღებული იყო და ბონაპარტი თავისი არმიით კაიროსკენ დაიძრა.
პოლიტიკურად ეგვიპტე, იმ დროს, ოსმანეთის იმპერიის შემადგენლობაში იყო. თუმცა, თურქები ქვეყნის საშინაო საქმეებში არ ერეოდნენ. მაგრამ, ომის გამოუცხადებლად, საფრანგეთის ეგვიპტეში შეჭრამ, სულთანი აღაშფოთა და ის ანტიფრანგულ კოალიციაში გაერთიანდა.
1798 წლის 21 ივლისს ბონაპარტი მამლუქების მთავარ ძალებს დაუპირისპირდა. «ჯარისკაცებო! 40 საუკუნე დაგყურებთ ამ პირამიდების სიმაღლიდან!» – მიმართა ნაპოლეონმა ბრძოლის წინ თავის არმიას.
პირამიდებთან ბრძოლა ფრანგებმა მოიგეს, მაგრამ შემდეგ, ამ გამარჯვებას წარუმატებლობის მთელი რიგი მოჰყვა – იმავე წლის აგვისტოში, ნელსონმა საფრანგეთის ფლოტი გაანადგურა, რაც ნაპოლეონის არმიას სახლში დაბრუნებისას პრობლემას შეუქმნიდა. ხოლო, თურქეთის სულთანი, როგორც აღვნიშნეთ, ფრანგების ეგვიპტეში შეჭრამ, ბრძოლისთვის განეწყო და ნაპოლეონის წინააღმდეგ, ჯარები გაგზავნა, სირიის გავლით. ნაპოლეონმა ეს როგორც კი შეიტყო, თავადაც სირიისკენ აიღო გეზი.
სირიის ლაშქრობა ფრანგებისთვის მეტისმეტად მძიმე აღმოჩნდა – საშინელი სიცხე, უწყლობა, ჭირი, რომელმაც არმიას უფრო დიდი ზიანი მიაყენა, ვიდრე მტრის თავდასხმამ. 1799 წლის მარტის დასაწყისში, ფრანგებმა მრისხანე ბრძოლით, იაფა აიღეს, მაგრამ ორ თვიანი ალყის მიუხედავად, აკოს აღება ვერ შეძლეს, რადგან ზღვის მხრიდან, ქალაქს იარაღით და სურსათით ინგლისელები ამარაგებდნენ. ნაპოლეონს მეტი გზა არ ჰქონდა, 20 ივლისს ქალაქისთვის ალყის მოხსნის და ეგვიპტეში დაბრუნების ბრძანება გასცა.
მიუხედავად იმისა, რომ ნაპოლეონმა ისლამის მიღების პირობა დადო, ადგილობრივი მოსახლეობა ფრანგების მიმართ მაინც მტრულად იყო განწყობილი. ისინი ჩამორჩენილ ჯარისკაცებს და ოფიცრებს თავს ესხმოდნენ, წამლავდნენ წყლის ჭებს, ანადგურებდნენ საკვების მარაგს. რაც იმის ნიშანი იყო, რომ ფრანგების ოფიციალური გეგმა ჩავარდა და პრაქტიკულად შეუსრულებელი იყო. გონებამახვილი და გამჭრიახი მეთაური, ისეთი, როგორიც ნაპოლეონი იყო, 1798 წელის აგვისტოში, ფლოტის განადგურების შემდეგ, მიმხვდარიყო, რომ ხაფანგში აღმოჩნდა და გამოსავალს მოძებნიდა. მაგ., მოლაპარაკებას შეეცდებოდა თურქეთის სულთანთან, ან ადგილობრივების კეთილგანწყობის მოპოვებას შეეცდებოდა და მათ ოსმანეთის იმპერიის წინააღმდეგ განაწყობდა. ან თუნდაც, ადგილზე გამაგრებულიყო, ეგვიპტეში დალოდებოდა თურქეთის არმიას და იმ სიცხეში ჯარი წინ და უკან არ ეტარებინა. მაგრამ, ის ძალიან უცნაურად იქცეოდა, –თითქოს, არმიის დაღუპვა ჰქონდა განზრახული. რა იყო მისი «არაადეკვატურობის» მიზეზი, უცნობია.
გამოუცხადებელი მიზანი
სინამდვილეში, ნაპოლეონს ეგვიპტეზე არც ფრანგული პროტექტორატის დაწესება აინტერესებდა და არც ალექსანდრე მაკედონელის გმირობის განმეორება. ისტორიკოსების ერთი ნაწილის აზრით, — ბონაპარტი ეგვიპტეში «საიდუმლო ცოდნის» მოსაპოვებლად ჩავიდა! იმ პერიოდის ევროპაში, ძველი აფრიკული ცივილიზაციების შესახებ, თითქმის, არაფერი იცოდნენ, გარდა იმისა, რომ უძველეს დროში, ეგვიპტე მეცნიერების ცენტრი იყო და სამყაროს შექმნის საიდუმლოს გასაღები სწორედ იქ – ქვიშით დაფარულ პირამიდებსა და მივიწყებულ ტაძრებში ინახებოდა.
და ნაპოლეონი, ეს გენიალური წინასწარმჭვრეტელი, უდიდეს პიროვნებებს შორის, პირველი მიხვდა, თუ რამხელა უპირატესობას მოიპოვებდა ის, ვინც ამ გასაღების მოპოვებას შეძლებდა. ხატოვნად რომ ვთქვათ, ბონაპარტი იყო იასონი, რომელმაც არგონავტები ოქროს საწმისის მოსაძებნად წაიყვანა. ნაპოლეონის ეგვიპტურ ლაშქრობაში, მეცნიერებს შორის, იყო გამოჩენილი მათემატიკოსი გასპარ მონჟი (Gaspard Monge), რომელმაც, თითქოსდა ხუმრობით, თქვა: «აი, მეც გავხდი არგონავტი!»...
და ის არ შემცდარა. ამ ლაშქრობის ბირთვი და მიზანი, სწორედ რომ სამეცნიერო ექსპედიცია იყო. ყოველი ბრძოლის დაწყების წინ, ოფიცრებს ბრძანება ეძლეოდათ: «მეცნიერები და სახედრები – შუაში!», – რაც იმას ნიშნავდა, რომ ეგვიპტეში ჩაყვანილ ფრანგ მეცნიერებს ისე უნდა გაფრთხილებოდნენ, როგორც საკუთარი თვალის ჩინს, – უნდა დაეცვათ ისინი შემთხვევით გასროლილი ტყვიისგან და ბედუინების შუბის, თუ ხმლისგან, რადგან მათ გარეშე, ლაშქრობა ყოველგვარ აზრს დაკარგავდა.
«მეცნიერთა გვარდიამ», რომელიც 175 ადამიანისგან შედგებოდა, ნაპოლეონის იმედები გაამართლა: ვიდრე ძირითადი არმია ხან ეგვიპტეში, ხან კი სირიაში იბრძვოდა, გენერალი ლუი დეზე, ზემო ეგვიპტეში, კუნძულ ელეფანტინტზე გაემგზავრა, სადაც უძველესი ტაძარი იყო. ფრანგებმა ის დაათვალიერეს, გამოიკვლიეს და ყველაფერი რაც ღირებულად ჩათვალეს, – სახედრებზე დატვირთეს და წამოიღეს.
«საუბარი მუმიასთან»
კაიროდ დაპყრობის შემდეგ, ლაშქრობის ხელმძღვანელმა დრო აღარ დაკარგა და პირდაპირ გიზის პირამიდებისკენ გაემართა. ჯარისკაცებმა ხეოფსის პირამიდის შესასვლელი გაწმინდეს, ნაშალი მასალა გაიტანეს და უკვე ამის შემდეგ, პირადაში ნაპოლეონი შევიდა და მან, მეფის კამერაში, სრულიად მარტომ, ღამე გაატარა! (ლეგენდის თანახმად, ასე მოიქცა ალექსანდრე მაკედონელიც). ამბობდნენ, რომ ნაპოლეონი სარკოფაგში ჩაწვა, თუმცა, ეს მხოლოდ ვარაუდია (დღეს, ეგვიპტეში ჩასულ ტურისტებსაც აქვთ სარკოფაგში ჩაწოლის საშუალება და როგორც ამბობენ, იქ წარმოუდგენელი ენერგოველია). II დღეს, როდესაც ნაპოლეონი ქვის ლაბირინთიდან ფერდაკარგული და დამწუხრებული გამოიყვანეს და ჰკითხეს: «რა ნახეთო?», – დიდმა მხედართმთავარმა ძლივს გასაგონად ჩაიჩურჩულა: «თქვენ მაინც არ დაიჯერებთო!».
ფრანგი მეცნიერების მიერ, ეგვიპტეში ჩატარებული სამუშაოების გადაჭარბებით შეფასება შეუძლებელია. ცოდნის ამ «ტვირთმა» და საიდუმლოებებმა არა მხოლოდ ახალი მიმართულებები წარმოქმნა მეცნიერებაში, არამედ გარდატეხა მოახდინა კაცობრიობის ცნობიერებაში.
ასე, რომ, თავისი ომი, ეგვიპტის პირამიდების ფონზე, ნაპოლეონმა მოიგო, მიუხედავად იმისა, რომ 1799 წლის 23 აგვისტოს, საკუთარი არმია ბედის ანაბარად მიატოვა, ხოლო თავად, უახლოეს გარემოცვასთან ერთად, გემში ჩაჯდა და სამშობლოში დაბრუნდა. იქ კი, კიდევ ერთი წარმოუდგენელი რამ მოხდა: მთავარსარდალს, რომელმაც არმია და ფლოტი დაღუპა, როგორც გამარჯვებულს და გმირს ისე დახვდნენ. ხოლო, გარკვეული პერიოდის შემდეგ, უიღბლო, რომელმაც სამხედრო კამპანია ჩააგდო, ჯერ საფრანგეთის I კონსული, ხოლო შემდეგ – იმპერატორი გახდა. როგორც ამბობენ, მისი ესოდენ დიდი წარმატების მთავარი მიზეზი, ის საიდუმლო ცოდნა იყო, რომელიც კორსიკელმა ეგვიპტეში ლაშქრობისას «მიიღო».
P. S. ნაპოლეონის ეგვიპტურმა კამპანიამ, უძველესი ცივილიზაციის ქვეყნის მიმართ ინტერესი გააღვივა. შედეგად, ევროპაში უამრავი ისტორიული ძეგლი და არტიფაქტი გაიტანეს. ხოლო, 1798 წელს, კაიროში, დაარსდა ეგვიპტის ინსტიტუტი, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ძველი ეგვიპტის მემკვიდრეობის მასშტაბურ კვლევას, ძეგლების გადარჩენას და დაცვას.