სხვა "ლიტერას" ჟიური ზედიზედ სტოვებს პროტესტის ნიშნად, სავარაუდოდ თეა წულუკიანის გამო 2021, 30 ივლისი, 14:40 ამ დროისთვის, "ლიტერას" ჟიურიში მხოლოდ კულტურის სამინისტროს მიერ დანიშნული წევრი, იოსებ ჭუმბურიძე რჩება. "მთავარის" ინფორმაციით ჟიური დანარჩენმა ოთხმა წევრმა უკვე დატოვა. რეზო თაბუკაშვილმა ჟიურის დატოვების გადაწყვეტილება სოციალურ ქსელში თავად გაახმოვანა: "FB-ში იშვიათად შემოვდივარ ხოლმე და ეხლა ვნახე, რომ პანტიპუნტად ტოვებენ ავტორები ლიტერას კონკურსს, რომლის ჟიურის წევრიც გახლავართ.
მე თვითონ საკმაოდ ბევრჯერ გადავეყარე სხვადასხვა (სულ ორი-სამია) ლიტ.კონკურსს და ხშირ შემთხვევაში კაი სიმყრალის სუნი მიგრძვნია. ფრანქფურტზეც შემიძლია მოგახსენოთ, რომელიც ჩემი და მამაჩემის გარეშე ჩატარდა.
ვთვლი, რომ მეტად აქტიური უნდა იყოს ლიტერატურული (ხაზს ვუსვამ - ლიტერატურული) პროცესი, რომელიც ერთი გაზეთის და ორიოდე ჟურნალის ანაბარა არ უნდა დარჩეს. ასევე, კონკურსების სიმრავლესაც სალამს ვეტყვი.
... პირველად ვიყავი ჟიურიში. ავტორი აღარ დარჩა და ბურთი სათამაშოდ მოედანზე. მათ შეხედულებას პროტესტისას, თავად გაგაცნობენ. ვტოვებ ჟიურის წევრობას და კიდევ ერთხელ ამიცრუვდა ყოველგვარ ლიტ.კონკურსებში მონაწილეობის სურვილი"-წერს თაბუკაშვილი.
მალევე ცნობილი გახდა, რომ ჟიური დატოვა კიდევ ერთმა წევრმა-ლელა კოდალაშვილმა.
"მოკლედ, რაღა დაგიმალოთ და, მეც ვტოვებ “ლიტერას" ჟიურის. თავიდან, როცა გავიგე, რომ ქალბატონმა მინისტრმა საბჭოთა კაგებეს მეთოდს მიმართა და კაცი ჩაგვინერგა, ჩემებური უტოპისტური განწყობა ჩამერთო, რომ დანარჩენი 4 წევრი ამ კაცს მოვათვინიერებდით და ჩვენს საქმეს მაინც გავაკეთებდით. მთელი სტრატეგია დავსახე, სქემები შევადგინე, რაზე რის მერე უნდა მესაუბრა მასთან, როგორ დამეყოლიებინა, შემება რა... ახლა კი, როცა მწერლები ასეთი ტემპით ტოვებენ კონკურსს, ვთვლი, რომ ჟიურის წევრად დარჩენას არანაირი აზრი აღარ აქვს, რადგან დარჩენით უნებურად გავემიჯნები მწერალთა რადიკალურ ნაწილს, რომლის პოზიციას ყველაზე მეტად ვიზიარებ. თუმცა არც მწერალთა იმ ნაწილის მიმართ არ მაქვს პრეტენზია, ვინც დარჩენას არჩევს, რადგან სამინისტრო და ბიუჯეტი წულუკიანის საკუთრება კი არაა, ჩვენია და დიახაც რომ ჩვენ უნდა მოგვხმარდეს ახლა თუ არა, უახლოეს ხანში, როცა ეს უზურპატორი ქალი ჯანდაბაში წავა თავისი ნაყაჩაღარი მიკროფონიანად.. p.s. აქვე მინდა ბოდიში მოვუხადო კონკურსის მონაწილე იმ მწერლებს, რომლებსაც ჩემი ჟიურის წევრად ყოფნა იმედს აძლევდა, რომ ყველაფერს გავაკეთებდი ლიტერატურის სასარგებლოდ. და მადლობა მინდა ვუთხრა მწერალთა სახლს - ნატას და ლელას, რომ ასეთ რთულ სიტუაციაში ნდობა გამომიცხადეს, რომლის გამართლება სამწუხაროდ არ დამცალდა. თუმცა იმედი მაქვს, რომ ბოლო-ბოლო ჩვენი გავა და კიდევ ბევრჯერ ვითანამაშრომლებთ"-წერს კოდალაშვილი.
როგორც ცნობილია კონკურსი დატოვა ზოგიერთმა მწერალმაც. ეს გადაწყვეტილება მათ კულტურის მინისტრ თეა წულუკიანის მიმართ პროტესტის ნიშნად მიიღეს.
ლიტერატურული პრემია „ლიტერას“ დებულების თანახმად საკონკურსო წიგნებს აფასებს 5 წევრიანი ჟიური.
წელს პირველად ჟიურის 5 წევრიდან 4 წევრი მწერალთა სახლმა შეარჩია, ხოლო მეხუთე - საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის N00007864 ბრძანების - „საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ კულტურის სფეროში განსახორციელებელი ღონისძიებების/პროექტების ხელშეწყობის პირობების და დაფინანსების წესის შესახებ“ - დანართის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, წარმოადგინა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ. ასევე წელს პირველად მწერალთა სახლის პრემიების ახალი დებულების თანახმად ჟიურის ვინაობა საჯაროა და წლევანდელი ლიტერატურული პრემია „ლიტერას“ ჟიურის შემადგენლობა ასეთი იყო. 115 4-ს მოსწონს
|