x
პოსტტრავმული სტრესული აშლილობა
image
პოსტტრავმული სტრესული აშლილობა(პტსა) მიეკუთვნება შფოთვითი აშლილობის ერთ-ერთ ტიპს, რომლის დროსაც ადამიანი განმეორებით განიცდის მატრავმირებელ მოვლენას ისეთი სახით, როგორიცაა სიზმარი, ჰალუცინაცია და მოგონება. მოცემული აშლილობა ვითარდება ფიზიკური და სექსუალური ძალადობის, სტიქიური უბედურების, ძლიერი დასახიჩრების ან სხვა მსგავსი გამოცდილების შედეგად. აშლილობის გამოვლინება, ხანგრძლივობა და ინტენსიობა არის ინდივიდუალური, თუმცა სიმპტომები ხშირად იწყება შემთხვევიდან 3 თვის განმავლობაში. სწორი და დროული მკურნალობის არ არსებობის გამო, შესაძლოა, ადამიანი მივიდეს ქრონიკულ სინდრომამდე, რომელსაც რეზიდუალური ანუ ნარჩენი სტრესის პატერნი ეწოდება.

როგორც ზემოთ აღვნიშნე, პოსტტრავმული სტრესული აშლილობა ვითარდება სიცოცხლისთვის საშიში გამოცდილების შედეგად, თუმცა ამასთან ერთად არსებობს ფაქტორები, რომლებიც ადამიანს რისკის წინაშე აყენებს, ესენია:

1. ფსიქიკური ჯანმრთელობის სხვა პრობლემები, მაგალითად, დეპრესია, ნივთიერების ბოროტად გამოყენება.

2. ყოველდღიურად ისეთი სამუშაოს შესრულება, რომელიც სტრესული შეიძლება იყოს ადამიანისთვის. ხშირ შემთხვევაში მოიაზრება სამხედრო სამსახური.


3. მდგრადი ემოციური ურთიერთობების დეფიციტი ოჯახის წევრებთან ან მეგობრებთან.

4. სტრესულ სიტუაციაში სხვადასხვა მექანიზმებისა თუ სტრატეგიების ეფექტურად გამოყენების უუნარობა.

5. გენეტიკური კავშირი მსგავსი აშლილობის მქონე ადამიანთან.

image

რა სიმპტომებით ხასიათდება და როგორ შევძლოთ მისი ამოცნობა?

1. ემოციური თვალსაზრისით ინდიფერენტული დამოკიდებულება მოვლენებისა და ადამიანების მიმართ. იკარგება ურთიერთობის, როგორც სურვილი, ისე ინტერესი, ამჯობინებს განცალკევებას.

2.პოსტტრავმული სტრესული აშლილობის ერთ-ერთი მთავარი სიმპტომი არის ტრავმული გამოცდილების გაცოცხლება ჰალუცინაციის, სიზმრის, დისოციაციური "გამონათებების" თუ მოგონების სახით, რომელიც ძალიან მტკივნეულად განიცდება.

3. ძილისა და კონცენტრაციის პრობლემები, რომელიც იწვევს შრომის უნარიანობის დაქვეითებას.

4. პიროვნებას აქვს დანაშაულის გრძნობა, არის ზედმეტად თვითკრიტიკული, რაც იწვევს დისფორიულ განწყობას: სევდიანობა, დათრგუნვა, უიმედობა და ა.შ.

5. უკიდურეს გამოვლინებად ითვლება თვითდაზიანების ან სუიციდის სურვილი.image

ჯერ-ჯერობით არ არსებობს სპეციალური ტესტი პოსტტრავული სტრესული აშლილობის დიაგნოზისთვის. ეს ხდება ფსიქიატრის ან ფსიქოლოგის მიერ. ინდივიდმა ზემოთ ხსენებული სიმპტომები სულ მცირე 1 თვის განმავლობაში უნდა განიცადოს იმისთვის, რომ შესაძლებელი გახდეს დიაგნოზირება.

არსებობს პოსტტრავმული სტრესული აშლილობის 5 ქვეკატეგორია:

1. ნორმალური სტრესული პასუხი- მოცემული ტიპი ადამიანს აღენიშნება პტსა-ის დაწყებამდე, თუმცა ყოველთვის ამით არ მთავრდება. გამოწვეულია გარკვეული სახის დაზიანების, დაავადების, ოპერაციის ან სხვა სახის სტრესორის შედეგად. რამდენიმე კვირის განმავლობაში ხასიათდება ჩვეულებრივი სტრესული რეაქციით, რომლის მართვაც შესაძლებელია დამოუკიდებლად.

2.მწვავე სტრესული აშლილობა- ის ძალიან ჰგავს პტსა, როგორც სიმპტომებით, ასევე გამომწვევი მიზეზებით. მკურნალობის გარეშე საკმაოდ მაღალი შანსია, რომ გადაიზარდოს პოსტტრავმულ სტრესულ აშლილობაში.

3.გაურთულებელი პტსა- ეს ქვეკატეგორია არის აშლილობის მარტივი ფორმა, რომელიც უკავშირდება მხოლოდ 1 რომელიმე ტრავმულ მოვლენას. სიმპტომებია: კონკრეტული გამოცდილების შეხსენებისას თავის არიდება, გაღიზიანებადობა, განწყობის უეცარი ცვლილება, კონფლიქტური ურთიერთობები.

4. კომპლექსური პტსა- წარმოადგენს გაურთულებლის საწინააღმდეგო ფორმას, რომელიც გამოწვეულია არა ერთი, არამედ რამდენიმე სტრესორისგან, მაგალითად, გარკვეული დროის განმავლობაში განმეორებადი ძალადობა, მოულოდნელი სულიერი ან ფიზიკური დანაკარგი. გამოიხატება შემდეგი ქცევებით: იმპულსურობა, აგრესიულობა, მავნე ნივთიერებების მოხმარება, დეპრესია, პანიკა.

5. თანმხლები პტსა- მოცემული ქვეკატეგორია საკმაოდ გავრცელებულია და გულისხმობს, რომ ადამიანს პოსტტრავმულ სტრესულ აშლილობასთან ერთად აქვს კიდევ სხვა აშლილობა. ხშირად ვხვდებით ნივთიერების ბოროტად გამოყენებასთან ერთად. რა თქმა უნდა, ეს დანარჩენებთან შედარებით საკმაოდ გართულებულია, რომლისთვისაც საჭიროა კომპლექსური ჩარევა.image

პოსტტრავმული სტრესული აშლილობის დაძლევა თანდათანობითი პროცესია. მისი სიმპტომები იშვიათად ქრება სრულად, მაგრამ სხვადასხვა სახის მკურნალობა, როგორიცაა ფსიქოთერაპია ან მედიკამენტები ადამიანს ეხმარება ისწავლოს მისი ეფექტურად მართვა და ნალკები ინტენსიობით განიცადოს მასთან დაკავშირებული სიმპტომები.


0
37
1-ს მოსწონს
ავტორი:სოფო კუმლაძე
სოფო კუმლაძე
37
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0