საქართველო ევროკავშირის დროშას რო წვავ და ლიბერალური არაფერი მინდაო ამბობ. მაშინ არც ლორეალის პომადა უნდა წაისვა, არც H&M ჩაიცვა-ვერა ქობალია 2021, 7 ივლისი, 12:09 ქართველი პოლიტიკოსი. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრი ვერა ქობალია, თბილისში 6 ივლისს ღამით, პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და წერს:
„ამ მოძალადეების ყურებით და მათი ფბ კომენტარების გადახედვის მერე რა გამახსენდა, რუსეთს და თურქეთს რომ დაეძაბა ურთიერთობა და რუსები დარბოდნენ თურქულ პროდუქტებს და დროშებს წვავდნენ, ამათი არაფერი გვინდაო. მაშინ ვფიქრობდი, ეგ ჯინსებიც გაიხადეთ და დაწვით მაშინ. თუ თურქული არაფერი გინდათ. ხომ და ფბ პოსტებს როცა ვკითხულობ, „ამათ რა ჰგონიათ, ევროპის შუაგულში ვართ? არა ბატონო, ჩვენ კავკასიის შუა გულში ვართ!“. ევროკავშირის დროშას რომ წვავ და ლიბერალური არაფერი მინდაო, ამბობ. მაშინ არც ლორეალის პომადა უნდა წაისვა, არც H&M ჩაიცვა, არც მაკბუკი ან მაიკროსოფტი გამოიყენო (ამ და ათასობით სხვა დასავლურ კომპანიას აქვთ ჰომოფობიის წინააღმდეგ მკაცრი წესები) და სამკურნალოდ „სწორი ტრადიციების“ მქონე რუსეთში იარო და არა გარყვნილ ევროპაში.“ იქვე ვერა ქობალიას დიპლომატმა და ჟურნალისტმა მამუკა გამყრელიძემ უპასუხა, რომ "იქ ლორეალ-H&M-მაკბუკიანი არავინ იყო. ჯანსაღი ქართული ხინკლის და ლუდის მომხმარებლები უფრო. ასე რომ..." მამუკა გამყრელიძე ეხმაურება გუშინდელ აქციასაც და წერს: "დავბრუნდით აქციიდან, რომელზეც ძალადობას ვაპროტესტებდით. მთელი ოჯახით იქ გახლდით. პირველად მქონდა შეგრძნება, რომ პოლიციის კორდონს იქით იდგა ქართველი ხალხი და პარლამენტთან ვიდექით უკანასკნელი მოჰიკანები. პირველად შემეშინდა, რომ ვერ შევძლებდი ოჯახის დაცვას.
ასე იმედდაკარგული არასდროს ვყოფილვარ."
წუხელ პარლამენტის წინ ლგბტქ+ -ის მოწინააღმდეგეებმა, მას შემდეგ, რაც პოლიციამ, ჟურნალისტებმა და მდუმარე აქციის მონაწილეებმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია დატოვეს, ევროპარლამენტის დროშა ჩამოხსნეს და დაწვეს, სანაცვლოდ კი საქართველოს დროშა აღმართეს.
დღეს დილით პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ ევროკავშირის დროშა საკანონმდებლო ორგანოსთან საკუთარი ხელით აღმართა. „ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანია და ამ გზაზე აუცილებლად ვივლით წინ! მიუღებელია ევროკავშირის დროშის დაშვება. ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის სადარაჯოზე მუდმივად დგანან. მათი წვლილი საქართველოს განვითარებაში ფასდაუდებელია. უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ, ყველას, ერთი სამშობლო გვაქვს, რომლის ისტორიას, ტრადიციებსა და რელიგიას არაფერი აქვს საერთო ძალადობასთან“, – განაცხადა კუჭავამ 96 3-ს მოსწონს
|