x
პერფექციონიზმი
image
პირველ რიგში, მნიშვნელოვანია ვუპასუხოთ კითხვას რას გულისხმობს პერფექციონიზმი და როგორ ადამიანიას ვუწოდებთ პერფექციონისტს. ფსიქოლოგიაში ეს ტერმინი განიმარტება, როგორც სრულყოფილებისკენ სწრაფვა, რომელსაც თან ახლავს კრიტიკული თვითშეფასება, არაადეკვატურად მაღალი მიზნებისა და სტანდარტების წაყენება საკუთარი თავისადმი. ადამიანი ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე ავლენს პერფექციონისტულ ქცევას, განსაკუთრებით მაშინ, თუ ეს მისთვის ფასეულ საქმიანობას და მიზანს ეხება. თუმცა, ვხვდებით ისეთსაც, რომელსაც მუდმივი სწრაფვა აქვს იყოს სრულყოფილი, ეს უკანასკნელი კი შემდეგი ნიშნებით ხასიათდება:

1. თავს არიდებს აიღოს პასუხისმგებლობა ისეთ საქმიანობაზე, რომელზეც დარწმუნებული არაა, რომ იდეალურად შეასრულებს.

2. მნიშვნელოვანია მხოლოდ შედეგი, ნაკლებ ყურადღებას უთმობს პროცესის მსვლელობას.

3. უკმაყოფილოა შედეგით, თუ ის ზუსტად არ შეესაბამება მის მიერ დადგენილ სტანდარტებს.


4. გარკვეული პერიოდის განმავლობაში შესაძლოა გაუჩნდეს აპათია იმ საქმიანობისადმი, რომლის შესრულებაც ვერ შეძლო სრულყოფილად, რადგან აქვს განცდა, რომ მცდელობის შემთხვევაში კვლავ დამარცხდება.

5. გადაჭარბებულად აკონტროლებს მის პირად თუ პროფესიულ ურთიერთობებს, უჭირს თავისი აზრებისა და გრძნობების თამამად გამოხატვა.image

არსებობს პერფექციონიზმის სხვადასხვა ტიპი, რომელიც შესაძლოა ერთნაირად მოგვეჩვენოს, თუმცა მათი საფუძველმდებარე მიზეზები და შედეგები განსხვავებულია ერთმანეთისგან, ესენია:

1. პერსონალური სტანდარტების პერფექციონიზმი- ეს ტიპი დანარჩენებთან შედარებით ჯანსაღ ფორმად ითვლება, რადგან არ იწვევს სტრესსა და გამოფიტვას. პიროვნებას აქვს მთელი რიგი სტანდარტები, რომლის შესრულებაც მოტივაციასა და ენერგიას სძენს მიზნის მიღწევის პროცესში.

2. თვითკრიტიკული პერფექციონიზმი- ამ ტიპის პერფექციონისტებს ხშირად იპყრობს უიმედობის გრძნობა, რომ ვერ შეძლებს რაიმეს გაკეთებას, შესაბამისად ამ დროს პიროვნება უფრო შეშინებული და თავშეკავებულია, ვიდრე მოტივირებული. ყოველთვის უჭირს საქმიანობის წამოწყება ნეგატიური მოლოდინებისა და დაბალი თვითშეფასების გამო.

3. სოციალურად განპირობებული პერფექციონიზმი- ადამიანი, რომელიც მოცემულ ტიპს მიეკუთვნება ფიქრობს, რომ სხვები მისგან სრულყოფილებას მოითხოვენ. ამის გამო, ყოველთვის ცდილობს ისე იმოქმედოს, რომ საზოგადოების მოლოდინები მაქსიმალურად გაამართლოს, მნიშვნელოვანია, მხოლოდ მათ თვალში ითვლებოდეს წარმატებულ პიროვნებად . აქ, პირველი ტიპისგან განსხვავებით, პირად სტანდარტებს ანაცვლებს სოციუმის სტანდარტები. image

ამ თემასთან დაკავშირებით ერთ-ერთი საინტერესო საკითხია ის, თუ რა ახდენს გავლენას ადამიანის პერფექციონისტად ჩამოყალიბებაზე. უნდა აღინიშნოს, რომ ადგილი აქვს ფაქტორების კომბინირებულ მოქმედებას, რომლშიც მოიაზრება, როგორც თანდაყოლილი პიროვნული მახასიათებლები, ისე გარემო პირობები:

1. სხვების მხრიდან უარყოფის უსაფუძვლო შიში. ადამიანი ამგვარ წარსულ გამოცდილებას ხშირად საკმაოდ არასწორად აინტერპრეტირებს, რის გამოც ჰგონია, რომ მცდელობას აზრი არ აქვს და ვერასოდეს დაიმკვიდრებს თავს.

2. ობსესიურ- კომპულსური აშლილობა ზრდის პერფექციონიზმის რისკს, რადგან მათ შორის კორელაცია გამოვლინდა, თუმცა ყველა ადამიანის შემთხვევაში ორივე მათგანს ერთდროულად არ ვხვდებით.

3. ბავშვობის პერიოდში მშობლების ავტორიტარული აღზრდის სტილი, მუდმივი კრიტიკა და ძალადობრივი მოპყრობა ხდება ტრავმული გამოცდილება, რადგან უვითარდება დაბალი თვითშეფასება და საკუთარი თავისადმი ნეგატიური დამოკიდებულება. ასეთ დროს პერფექციონიზმი ადამიანისთვის არის ინსტრუმენტი დაძლიოს საკუთარ თავში არასრულფასოვნება. არსებობს მეორე უკიდურესობაც, გადამეტებული შექება, რომლის დროსაც ბავშვი განიცდის ზეწოლას, რომ მუდმივად უნდა ჰქონდეს მიღწევები და მარცხი მიუღებელია, რაც დროთა განმავლობაში პერფექციონიზმისკენ მიდრეკილებას იწვევს.image

ხშირად ადამიანები პერფექციონიზმს და მიღწევის ჯანსაღ მოთხოვნილებას ერთმანეთთან აიგივებენ, რაც არ არის სწორი, რადგან ამ უკანასკენილის მქონე ადამიანი სრულიად განსხვავებული მოქმედებებით ხასიათდება, კერძოდ:

1. ადგენს სტანდარტებს, რომლებიც რეალურად მიღწევადია და შეესაბამება თავის შესაძლებლობებს.

2. მარცხის შემთხვევაში არ უჩნდება უიმედობის განცდა და აპათია.

3. ჯანსაღად რეაგირებს იმ ადამიანების კრიტიკაზე, რომელიც განვითარებაში დაეხმარება, რაც იმას ნიშნავს, რომ დაბალანსებული აქვს საკუთარი და სხვისი სტანდარტები.

4. ასეთ ადამიანს შეცდომები არა თვითკრიტიკისკენ, არამედ თვითგაუმჯობესებისაკენ მიმართავს. image

დღესდღეობით პერფექციონიზმი უამრავ ადამიანს უშლის ხელს მიაღწიოს წარმატებას, განვითარდეს და ჰქონდეს ჯანსაღი ურთიერთობები, მაგრამ ნებისმიერ მათგანს შეუძლია მისი დაძლევა, თუ დაიწყებს საკუთარ თავზე მუშაობას, გაეცნობა ბევრ ინფორმაციას და საჭიროების შემთხვევაში მიმართავს ფსიქოთრეაპევტს, რომელიც უფრო სიღრმისეულად დაანახებს გამომწვევ მიზეზებს და დაეხმარება ეფექტური გზებით მოგვარებაში.

0
80
2-ს მოსწონს
ავტორი:სოფო კუმლაძე
სოფო კუმლაძე
80
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0