სხვა გაუსაძლისი, ანომალიური სიცხე და 500მდე მსხვერპლი. რა ხდება კანადაში?! 2021, 1 ივლისი, 17:04 ათეულობით ადამიანი დაიღუპა კანადაში გაუსაძლისი სიცხისაგან, რომელმაც ქვეყნის მთელი დასავლეთი ნაწილი მოიცვა. ბრიტანეთის კოლუმბიაში, კანადის პროვინციაში, ტემპერატურა 4 დღის განმავლობაში იზრდებოდა და სამშაბათს 49, 5°С-ს მიაღწია. კანადის ქალაქ ვანკუვერში, ჯერ მარტო ხუთშაბათს, დაფიქსირდა მზის დარტყმისაგან 130 ადამიანის სიკვდილი. გარდაცვლილთა უმეტესობა - მოხუცები და ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანები არიან. ბრიტანული კოლიმბიის პრემიერმა, ჯონ ჰორგანმა (John Joseph Horgan) განაცხადა, რომ ასეთი სიცხე ამ ადგილას არასდროს ყოფილა. მისი სიტყვებით, ცალკეული ოჯახი და მთელი საზოგადოება უკვე განიცდის ანომალიური სიცხის მძიმე შედეგებს. კანადის ქალაქ ლიტონში, სადაც სიცხე განსაკუთრებით გაუსაძლისია, დამყარდა ბრიტანული კოლუმბიის მაღალი ტემპერატურის მესამე აბსოლუტური რეკორდი. კერძოდ, კვირას დაფიქსირდა - 46, 6°C-ი, ორშაბათს - 47, 5°C და სამშბათს, დღის მეორე ნახევარში, 49, 5°C-ი. საგანგებო ვითარების გამო, პროვინციაში მრავალი დაწესებულება დაიხურა, მათ შორის სკოლები და საბავშვო ბაღები.ამავდროულად, ექიმები აფრთხილებენ საზოგადოებას, რომ გარდაცვლილთა შესახებ მონაცემები ჯერ საბოლოო არ არის. კანადაში, ხშირ შემთხვევაში, გამოძახებებზე ჯერ პოლიცია მიდის, რის გამოც სიკვდილის მიზეზის სამედიცინო დასკვნები მცირე ხნით გვიანდება. კანადის მაცხოვრებლები ცდილობენ არ დატოვონ თავიანთი სახლები, აუცილებელი მიზეზების არარსებობის შემთხვევაში. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ შენობათა უმეტესობა არ არის აღჭურვილი კონდიციონერებით, ვინაიდან კანადის საზაფხულო ტემპერატურა 30 გრადუსს არ სცილდებოდა, ასეთი მიდგომა გამოსავალი ნამდვილად არაა. ადგილობრივი ხელისუფლება ყველგან ამონტაჟებს შადრევნებსა და სარწყავ სისტემებს. აგრეთვე, გახსნილია ე.წ. "გამაგრილებელი ცენტრები" - ცარიელი ოთახები კონდიციონერებით, სადაც ადამიანები იმყოფებიან სიცხისაგან თავის დასაღწევად. ქალაქის ფონტანები მუშაობენ დღე და ღამე. მაღალი ტემპერატურა შეეხო შეერთებული შტატების ჩრდილო-დასავლეთ მხარესაც, საიდანაც იგზავნება ინფორმაცია გარდაცვლილთა შესახებ. ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ კლიმატური ცვლილებების გამო, მსოფლიოს მუდმივად მოუწევს "შეტაკება" ასეთ მოვლენებთან, თუმცა, ამავდროულად, აღიარებენ, რომ ძნელია თითოეული ინდივიდუალური მეტეოროლოგიური მოვლენა იქნეს ასოცირებული გლობალურ ცვლილებებთან. დღევანდელი მონაცემებით, ბრიტანულ კოლიმბიაში გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზარდა 486 ადამიანამდე. ვარაუდობენ, რომ მონაცემთა გადამუშავების შედეგად, არაა გამორიცხვადი გაიზარდოს გარდაცვლილთა რიცხვი. 485 2-ს მოსწონს
|