ფსიქოლოგია როგორ შეიძლება კონფლიქტმა ხელი შეუწყოს ინტერპერსონალური ურთიერთობების გაუმჯობესებას? 2021, 27 ივნისი, 21:08 ![]() კვლევათა უმრავლესობა შეეხება ჰეტეროსექსუალ დაქორწინებულ წყვილებს, შესაბამისად, ძირითადად ამ ტიპის ინტერპერსონალური ურთიერთობების კონფლიქტებსა და მის დადებით მხარეებს განვიხილავ. კამათი და კონფლიქტი შეიძლება ბევრმა ადამიანმა მიიჩნიოს, როგორც არაჯანსაღი ურთიერთობის ფორმის გამოვლინება. თუმცა, აღმოჩნდა რომ ის პირიქით- ჯანსაღი ურთიერთობის საწინდარია. უთანხმოების ამ ფორმას მრავალი მკვლევარი შეისწავლის, მაგრამ მის მნიშვნელოვნებასა და აუცილებლობაზე ცოტა თუ ამახვილებს ყურადღებას. ასევე, მიუთითებენ იმაზე, რომ ყურადღება უნდა გავამახვილოთ არა კონფლიქტთა რაოდენობაზე, არამედი იმაზე თუ როგორ ხდება მისი გადაჭრა. კონფლიქტის სწორი ფორმით გადაჭრა კი იწვევს ურთიერთობით კმაყოფილებას, რაზეც მრავალი კვლევა მეტყველებს. კვლევათა უმრავლესობა შეისწავლის ისეთ კონფლიქტებს, როგორებიცაა უთანხმოება, არგუმენტები, სიტყვიერი აგრესია, ამასთან ერთად, უფრო სერიოზული ტიპის კონფლიქტებსაც, მაგ. ფიზიკურ დაპირისპირებას. თუმცა, შესასწავლი და ყურადღება გასამახვილებელია მისი სხვა ფორმებიც, რომლებიც შეიძლება იყოს თავის არიდება, აგრესიული ქმედებები და მათი გამომხატველი სხეულის ენა. კვლევები აჩვენებს, რომ კონფლიქტი საკმაოდ ხშირი მოვლენაა. ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, რომელშიც 778 წყვილმა მიიღო მონაწილეობა, აღმოჩნდა, რომ დაქორწინებულ წყვილთა უმრავლესობას უწევდა თვეში დაახლოებით 1-2 კონფლიქტის გადაჭრა. კონფლიქტი შეიძლება წამოიჭრას ნებისმიერ თემაზე. ერთ-ერთი ლონგიტუდური კვლევის მიხედვით წყვილები დაქორწინებამდე დაობენ ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა ფული, ეჭვიანობა, მეგობრები და ნათესავები. დაქორწინებული წყვილები კი ხშირად იწყებენ კამათს ბავშვებზე, სექსზე, სახლის საქმეებზე, კომუნიკაციის არარსებობაზე და ა.შ. ურთიერთობების განვითარების თითოეულ სტადიაზე (პაემნები, თანაცხოვრება და ქორწილი) კონფლიქტის სხვადასხვა ტიპი ჩნდება და იცვლება მისი გადაჭრის გზებიც. მეცნიერთა ნაწილი იმ საკითხითაც დაინტერესდა, თუ როგორ ზრდიდა ქორწინებით კმაყოფილებას კამათის არსებობა. შესასწავლად ძირითადად გამოიყენება ლონგიტუდური კვლევები, ასევე კითხვარები და მარტივი ტიპის ექსპერიმენტები. ერთ-ერთ ლონგიტუდურ კვლევაში, რომელშიც აკვირდებოდნენ დაქორწინებულ წყვილებს კამათის არსებობისას, შეამჩნიეს, რომ იმ გზას, რითაც ჭრიდნენ ამ პრობლემას შეეძლო ეწინასწარმეტყველა ქორწინებით როგორი კმაყოფილები იქნებოდნენ 3 წლის შემდეგ. თუმცა აღსანიშნავია ის, რომ კმაყოფილების არსებობას ყველა ტიპის კონფლიქტი არ იწვევდა, მაგალითად თუ მას მოსდევდა თავის დაცვა, ურთიერთობისგან თავის არიდება და ჯიუტობა (განსაკუთრებით ქმრების). არსებობს კვლევები იმასთან დაკავშირებითაც, თუ როგორ გრძელდება ურთიერთობები კონფლიქტის გადაჭრის შემდეგ იმის მიხედვით თუ რომელი ტიპის მიჯაჭვულობის ტიპია დამახასიათებელი შეყვარებული წყვილისთვის. მაგალითად, ერთ-ერთ კვლევაში 123 წყვილს აკვირდებოდნენ მარტივი ან რთული პრობლემების გადაჭრისას. შედეგეგმა აჩვენა, რომ ამბივალენტური დამოკიდებულეის მქონე ქალები რთული პრობლემის გადაჭრის შემდეგ განიცდიდნენ სტრესს და შფოთვას, რის შემდეგაც დამახასიათებელი იყო ნეგატიური და არასასურველი ქცევების განხორციელება. რთული დავალების შემდეგ თავისამრიდებელი ტიპის მამაკაცების შემთხვევაში კი ადგილი ქონდა ნაკლები სითბოს და მხარდაჭერის გამოხატულებას მეორე ნახევრისადმი. ამ კვლევაც დაგვანახა ისიც, თუ როგორ იქცევიან ამბივალენტური და თავისამრიდებელი ტიპის მეწყვილეები სტრესული მოვლენების არსებობისას. როგორც უკვე ვახსენე, მთავარია არა კონფლიქტის არსებობა, არამედ ის, თუ როგორ მოხდა მისი გადაჭრა. შესაბამისად ისმის კითხვა, როგორ შეიძლება კონფლიქტის სწორი ფორმით გადაჭრამ ხელი შეუწყოს ინტერპერსონალური ურთიერთობების გაუმჯობესებას? როდესაც ორივე (ან მეტი) მხარე თავს უსაფრთხოდ გრძნობს და არ ეშინია კონფლიქტის არსებობის შემთხვევაში საკუთარი შეხედულებების, სურვილების, მიზნებისა და ინტერესების დაფიქსირება, ურთიერთობაში იზრდება ნდობა. ისინი ხედავენ რომ შესაძლოა მათი ინტერესები ერთმანეთს არ ემთხვეოდეს და ეწინააღმდეგებოდეს, მათ მაინც შეუძლიათ აზრის გაცვლა და კონსესუსის მიღწევა, რაც, რა თქმა უნდა, ურთიერთობის გაუმჯობესების მაგალითია. ამასთან ერთად, რაიმე საკითხზე დავის შემდეგ თავს ყოველთვის უკეთ ვგრძნობთ (ხაზს ვუსვამ კიდევ ერთხელ, რომ საუბარი მაქვს კონფლქიტის სწორი ფორმით გადაჭრაზე). ამ პროცესში ჩვენ მთლიანად ვიხარჯებით ემოციებისგან, ვამბობთ ყველაფერს, რაც არ მოგვწონებია, მაგრამ თვალი დაგვიხუჭავს და ყურადღების გადატანა გვიცდია. ემოციებისა და აზრების ბოლომდე „დაცლის“ შემდეგ, ინტიმურობაც იზრდება, რაც გულისხმობს სიახლოვის, მჭიდრო კავშირისა და სიმტკიცის განცდას. აშკარაა, როდესაც ერთმანეთს ვუზიარებთ შეხედულებებს, ერთმანეთსაც უკეთ გავიცნობთ, რაც ინტიმურობის განცდას გაზრდის. კონფლიქტის დროს ჩვენ ემოციები გვმართავს, ვხდებით ირაციონალურები, გაღიზიანებულები და გადაწყვეტილებების სწრაფად მიღებას ვიწყებთ. მისი დასრულების შემდეგ კი თითქოს რაღაც მძიმე ტვირთს ვიშორებთ მხრებიდან, სიმსუბუქეს განვიცდით, ვხდებით კვლავ დამშვიდებულები და რაციონალურები. პირადი გამოცდილებაც ამას მიჩვენებს, რომ კამათის დასრულების შემდეგ ხშირად თქმული ფრაზაა- ამის შემდეგ ყოველთვის ვუთხრათ ერთმანეთს რაც გვწყინს. რაც იმაზე მეტყველებს, რომ კომუნიკაცია აუცილებელია ურთიერთობის გაუმჯობესებისათვის, რის აუცილებლობასაც ხშირად კონფლიქტი გვაჩვენებს ხოლმე. კონფლიქტის სწორად გადაჭრას შედეგი აქვს არა მხოლოდ ურთიერთობაზე, არამედ მის თითოეულ წევრზე. შეიძლება ითქვას, რომ თითოეული მათგანი ვითარდება და იძენს დიდ გამოცდილებას, გადააფასებს პრიორიტებებს და დარწმუნდბა კომუნიკაციის, ნდობის, სიყვარულისა და ზრუნვის აუცილებლობაზე. კომუნიკაციის შემდეგ, როდესაც ერთმანეთს გავუზიარებთ შეხედულებებსა და იმედგაცრუებებს, ხშირად პარტნიორის ქცევებს სხვანაირ ინტერპრეტაციას მოვუძებნით ხოლმე, მაგალითად- ის თავს კი არ მარიდებს, არამედ პირადი სივრცე სჭირდება სამუშაოდ. შეიძლება დაისვას სხვადასხვა ტიპის კითხვაც: როგორი წყვილი ვართ? რა გვსურს მომავალში? როგორი ტიპის ურთიერთობა გვინდა რო გვქონდეს და რას ვაპირებთ მომავალში? ამ კითხვებზე პასუხის გაცემის და ერთმანეთზე გავლენის მოხდენის შემდეგ, ისინი აწესებენ და იქმნიან ახალ მიზნებს, რაც ურთიერთობის განვითარების და შემდეგ ეტაპზე გადასვლის მაგალითს წარმოადგენს. რომ შევაჯამო, კონფლიქტი გარდაუვალი ნაწილია ნებისმიერი ინტერპერსონალური ურთიერთობის და თუ ჩვენ ამ ურთიერთობას ვაფასებთ და გვსურს მისი შენარჩუნება, მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ მისი სწორი ფორმით გადაჭრას, მაგალითად- კომუნიკაციით. კვლევები გვაჩვენებს, რომ კონფლიქტს მრავალი ტიპის ურთიერთობის გაუმჯობესება შეუძლია, იქნება ეს მეგობრული, სასიყვარულო თუ აქამდე ნახსენები, საოჯახო ბიზნესი. შედეგად კი იზრდება ნდობა, ინტიმურობა და კმაყოფილება, ურთიერთობის თითოეული წევრი კი განიცდის პიროვნულ განვითარებას, რაც თავისთავად სასარგებლოა ამ ურთიერთობის განვითარებისა და კეთილდღეობისათვის. 5 შეფასება არ არის |