x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"პერსონაჟი ,,ვალერი” არის მოგონილი "-პოსტის ავტორი,რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა, განმარტებას აკეთებს

image

დიდი გამოხმაურება მოჰყვა გუშინ ფეისბუქმომხმარებელის ნიკო მიქაიას პოსტს, რომელიც 49 წლის ომის ვეტერან ვალერის ეხებოდა, რეზონანსი იმდენად დიდი იყო, რომ სოციალურ ქსელში გადაწვიტეს მთავრობისგან უპატრონოდ მიგდებულ ომის ვეტერანისთვის, რომელსაც დაჭრის შედეგად ტკივილებიც ტანჯავდა, ფული შეეგროვებინათ.

პოსტი ავტორი იძულებული გახდა განამარტება გააკეთოს:

მოკლედ.
წავიკითხე ათასზე მეტი კომენტარი ჩემს გუშინდელ პოსტზე ჩემთანაც და გადაზიარებულ პოსტებშიც. ასევე სააგენტოებმაც წაიღეს ისე, რომ არაფერი უკითხავთ და ასევე პირადში მომივიდა ბევრი კითხვა. წამოვიდა ინიციატივები თანხის შეგროვებასთან დაკავშირებით და ა.შ. ამიტომაც განვმარტავ რამდენი საკითხს:
1. ეს არ არის რეალური წერილი, პერსონაჟი “ვალერი” არის მოგონილი და არ მოუწოდებია არავის ჩემთვის ეს წერილი. მაგრამ თუკი გავახელთ თვალებს და მიმოვიხედავთ ირგვლივ, ძალიან ბევრ “ვალერის” ვნახავთ ჩვენს ირგვლივ, რომელიც ცოცხალია, მაგრამ ძალიან დაუფასებელი!
2. პერსონაჟები “ირაკლი”, “გრიგორიჩი” და “ირაკლის მამა” არიან თითქმის მოგონილი პერსონაჟები, მაგრამ ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ ისინი არიან ძალიან ბევრნი ჩვენს ირგვლივ.
3. პრობლემა ნამდვილად რეალურია! დიახ, ომის ვეტერნები არიან ძალიან დაუფასებლები, მათ ნამდვილად აქვთ პენსია მხოლოდ 22 ლარი, ასევე მეტრო და ავტობუსი უფასო და არ იბეგრებიან საშემოსავლო გადასახადით 600 ლარით წელიწადში. სულ ეს არის სამწუხაროდ რასაც სახელმწიფო იმეტებს ამ ადამიანებისთვის. სამწუხაროდ ეს არის ყველა ხელისუფლების პასუხისმგებლობა და მათ შორის იმ პოლიტიკური ორგანიზაციის, რომლის წევრიც მე ვარ და ეს პარტია ცხრა წელი იყო ხელისუფლებაში! ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ მოახერხა ვეტერანების საკადრისად დაფასება!
4. თუნდაც გუშინდელი პოსტი არის ნათელი მაგალითი იმის, რომ პრობლემა არის ძალიან დიდი და ამ პრობლემას აუცილებლად სჭირდება მოგვარება! ომის ვეტერნებს სჭირდებათ ყურადღება და დაფასება ზუსტად ისეთი, როგორიც აქვთ განვითარებულ სამყაროში!
5. ჩემი პოსტის მთავარი პათოსი იყო ბოლო აბზაცებში! არც ერთ ვეტერანს არ უბრძოლია პენსიისთვის! არც ერთ მათგანს არ მოხვედრია რუსული ტყვია ფულისთვის! ისინი ბრძოლის წინა ხაზზე იდგნენ საქართველოს თავისუფლებისთვის!
და ბოლოს ამ პოსტსაც დავასრულებ ისე, როგორც გუშინდელს: გამაგრდი საქართველო და არასოდეს დათმო ის, რისთვისაც ვეტერნებს მოხვდათ რუსის ტყვია! არასოდეს დათმო თავისუფლება საქართველო! ????????????????
პ.ს. ასევე ბოდიშს ვუხდი 200მდე ადამიანს, რომელმაც მეგობრობის თხოვნა გამომიგზავნა და ვერ ვამატებ. ლიმიტი მაქვს ამოწურუილი სამწუხაროდ.
პ.ს.ს. ძალიან დიდი მადლობა ასეთი გამოხმაურებებისთვის. კომენტარებში ნათლად ჩანს თუ რამხელა პრობლემასთან გვაქვს საქმე.
ესეც გუშინდელი პოსტი:
გამარჯობა საქართველო!
მე ვალერი ვარ, 49 წლის. ერთი ჩვეულებრივი კაცი ვარ. არაფრით გამორჩეული. უცნაური ცხოვრება მაქვს გამოვლილი, რომელზეც ძალიან ცოტას ვლაპარაკობ ხოლმე. არაფერი ჰქონია ჩემს განვლილ წლებს განსაკუთრებული გარდა ერთისა: 2 ომის ვეტერანი ვარ. პატარა ბიჭი ვიყავი, როცა აფხაზეთში წავედი და 2008 წელსაც ვერ გავჩერდი სახლში და მოხალოსედ ჩავეწერე.
ვეტერანი ვარ! ხო 2 ომის ვეტერანი. მეცინება ზოგჯერ ამ სიტყვას რომ ვამბობ.
სოფელში ვცხოვრობ და გლეხი კაცი ვარ. 2008ში მხარში მომხვდა სნაიპერის ტყვია. ბევრი იწვალეს ექიმებმა და მხარი კი შემინარჩუნეს, მაგრამ საშინელი ტკივილი მაქვს ხოლმე მას შემდეგ სულ.
3 დღის წინ ჩვენი რაიონის დეპუტატის მამა მოვიდა ჩემთან და მითხრა: ვალერი, ჩემი ბიჭი სტუმრებს ელოდება თბილისიდან. სუფრა მაქვს დიდი, არ უნდა შევრცხვე და მომეხმარე თუ ძმა ხარ ეს დღეებიო. მივედი მეც მისახმარებლად. დიდი სამზადისი იყო და რაც შემეძლო გავაკეთე. შეშა დავჩეხე, პრავიზია მოვატანინე და რავიცი.
ჩამოვიდნენ სტუმრები. დიდი პურმარილი იყო გაშლილი. წამოსვლა დავაპირე სახლში. ირაკლი(ჩვენი დეპუტატი) მოვიდა და მითხრა: ვალერი, აუცილებლად დარჩი სუფრაზე და ჩემთან ერთად იყავიო. იმ დღეს ვეტერანის პენსია ჩამერიცხა, 22 ლარი. წავედი მე, გამოვიცვალე და ამ პენსიით სიგარეტი ვიყიდე, რომ სხვისთვის არ მეთხოვა მთელი დღე.
დიდი ხალხი იყო ჩამოსული. პარლამენტარები, მინისტრის მოადგილეები, გუბერნატორი და ვიღაცეები კიდევ, რა ვიცი. სვამდნენ, ჭამდნენ, მღეროდნენ და ქეიფობდნენ. თამადაც პარლამენტარი იყო. ადგა და ომში დაღუპული გმირების სადღეგრძელო თქვა. ისეთი სიტყვები იყო, გულში გაატარებდა.
-ომის ვეტერანი გვიზის აგერ გრიგორიჩ-თქვა ჩვენმა დეპუტატმა და ჩემკენ გამოიშვირა ხელი.
-ვახ შენ გენაცვალე მაგარო კაცო!-გამომხედა თამადამ-სად იბრძოდი?
-შენ რომ ევროპაში წახვედი ომის დღეებში, მაშინ ცხინვალში წავიდა ეს, მანამ კიდე აფხაზეთში იბრძოდა-სიცილით უთხრა ირაკლიმ.
-რა ვქნა ძმაო, მე არავინ წამიყვანდა საომრად! ყველა ხო არ წავიდოდა იქ?-ხარხარით უპასუხა თამადამ.
-ცოტა მეტი დაფასება კი ჭირდება ამ ხალხს-ჩაილაპარაკა ჩვენმა მეზობელმა როლანდიმ.
-მართალი ხარ ბატონო. ვმუშაობთ, ვმუშაობთ. ჯერ ჩვენს ქვეყანას არ შეუძლია ომის ვეტერნებს მეტი ყურადღება დაუთმოს, მაგრამ აუცილებლად მივალთ იმ დონემდე, რომ ამ ხალხს ღირსეული პირობები ჰქონდეთ-თქვა ერთ-ერთმა პარლამენტარმა. წამოვიდა ჩემკენ და ამოიღო ტელეფონი. სურათი მინდა შენთანო და გადაიღო.
არ მიყვარს სხვისი ფულის და ნივთების თვლა, მაგრამ ერთს ვიტყვი. ჩემი 20 წლის პენსია რაც არის, ზუსტად იმდენი ღირდა ის ტელეფონი.
არ მითქვამს არაფერი. მალე ავდექი და წამოვედი. არც ახლა ვამბობ არაფერს. ომში ჩემი სამშობლოს დასაცავად ვიყავი მე წასული და არა, პენსიისთვის. ჩემი მტკივანი ბეჭით ვიმუშავებ კიდე ფიზიკურად ბევრს და გავიტან თავს როგორმე. მაგრამ მომკალი და არ მჯერა, რომ ეს ჩინოვნიკები სადღეგრძელოს მერე წუთით მაინც ფიქრობენ იმაზე, 22 ლარი როგორ შეიძლება ეყოს ადამიანს ცხოვრებისთვის.
ბოდიში საქართველო ამ სიტყვებისთვის. არ იფიქრო, რომ წამოგაძახე ჩემი ომის მონაწილეობა. თუ საჭირო გახდა და შევძელი, წუთი არ დავფიქრდები და ისევ ავიღებ იარაღს ხელში. იმ 22 ლარით ვიყიდი სიგარეტს და იმ სიგარეტით წავალ საომრად! ჩემთვის შენი თავისუფლებაა მთავარი და არა ის, თუ რამდენი მექნება მე პენსია, ან ხელფასს რამდენს აიღებენ ამ სადღეგრძელოებისთვის.
გამაგრდი საქართველო! გამაგრდი და არასოდეს დათმო ის, რისთვისაც მე ბეჭი მომწყვიტა რუსის ტყვიამ! არასოდეს დათმო თავისუფლება საქართველო!
0
140
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
140
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0