x
image
თუთიკო ბერძენა
რისი გეშინიათ ყველაზე მეტად ამქვეყნად? - ვინც მიყვარს, მათი დაკარგვის...


image


კახი კავსაძე ძალიან ჰგავდა ბაბუაჩემს. ტყუპისცალივით. როცა ბაბუ გარდაიცვალა, დავიწყე მისი ძებნა. ხან სკოლიდან ჩამოვირბენდი და თეატრთან ველოდი, ხან "ქართული ოცნების" საარჩევნო კონცერტებზე გავსდევდი (სულ არ მეოცნებებოდა, მაგრამ მის სანახავად), ხან სახლთან ვუსაფრდებოდი. დავინახავდი თუ არა, გავექანებოდი ჩასახუტებლად. თავდაპირველად ხშირად მეკითხებოდა სახელს და მერე სულ ერთსა და იმავეს მოაყოლებდა:
- ვინ დაგარქვა თუთიკო, რა უცნაური სახელია და ამასთანავე თბილი.
ბოლოს და ბოლოს დამიმახსოვრა და როგორც კი მისკენ ჩასახუტებლად გაქანებულს დამინახავდა, ოოოო, თუთიკოს გაუმარჯოსო, მეტყოდა. რა თქმა უნდა, ვიხსნიდი, რომ ჩემს გარდაცვლილ ბაბუს ჰგავდა ძალიან და მასში ვეძებდი იმ სითბოს, რაც მამასავით გამზრდელმა ბაბუმ დამამახსოვრა.

ერთხელაც აღმაშენებლის გამზირის იმ ნაწილში შევხვდი, სადაც ახლა ბარები და რესტორნებია გახსნილი და გავუყევით ამ გზას ასე ერთად. გზადაგზა ყველა ესალმებოდა დიდი მოწიწებით, სიყვარულით უკრავდნენ თავს გამვლელ-გამომვლელები.

image


- როგორ ყველაფერი გადასხვაფერდა ირგვლივ?!- ჩაიბუტბუტა,
- კი, ყველაფერი დროის მოთხოვნების შესაბამისი ხდება, მე რომ დიდი ვიქნები, შეიძლება ამ ქუჩაზე რობოტებმა ისეირნონ, - გავუღიმე მე. გაჩერდა, გავჩერდი მეც, შემოტრიალდა ჩემკენ.
- მამა სადაა? მამა, მამაშენი -მკითხა მისთვის დამახასიათებელი სიბრაზით.
- მამა არც კი მიცნობს, არც ვაინტერესებ, - მოვიწყინე მე
თვალები აენთო.
-უუხხხხ!- ხელის მტევანი მუშტად შეკრა და ააძაგძაგა. მერე მკვეთრად დაუშვა, დამწყნარდა და მეუბნება
-მეც უმამოდ გავიზარდე. მამა პატარა ბიჭები ვიყავით, როცა დაიჭირეს და გადაგვისახლეს, მაგრამ ხომ ხედავ? უმამოდადაც გავიზარდე. პირველ რიგში, კარგ ადამიანად უნდა გაიზარდო, თუთიკო, მერე კარგ პროფესიონალად ჩამოყალიბდე იმაში, რასაც პროფესიად აირჩევ და ხალხის სიყვარული დაიმსახურო. ეს არ არის ცალმხრივი პროცესი, ადამიანებს მარტო კარგი მსახიობობის გამო, ან კარგი რეჟისორობის გამო, ან იურისტობის ან მასწწავლებლობის გამო არ ეყვარები. კარგი პროფესიონალი სჭირდებათ უბრალოდ და პატივისცემას დაიმსახურებ. ოო, სიყვარულისთვის კი ძალიან კარგ ადამიანად უნდა ჩამოყალიბდე, რომ შეგიყვარონ. მძიმე ბავშვობა გავიარე მეც, მაგრამ ამას ჩემზე დაღი არ დაუსვამს. ზოგჯერ მძიმე ბავშვობა პირიქით გამობრძმედს ადამიანს, კარგისა და ცუდის გარჩევის უნარს უყალიბებს, უფრო გამძლეს ხდის დარტყმების მიმართ და უკეთ გამოარჩევინებს, რაა ადამიანისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი.

- ალბათ ძალიან დიდი ბედნიერებაა, როცა ამდენ ადამიანს უყვარხართ, ხომ?- შევაციცინდი თვალებში.
პასუხი შეაყოვნა და გავუმეორე.
-მმმმ. დავიბენი... - გამიღიმა ბავშვივით.
თავმდაბლობამ გამაოცა, კაცმა ამხელა გაკვეთილი ჩამიტარა ამ საკითხზე და თვითონ მაინც არ შეიფერა, რომ ხალხს უყვარს.
- და მე რომ ძალიან მიყვარხართ?
- ოო, შენს ბაბუს რომ ვგავარ, გეყვარები, აბა, რა?

მთელი გზა ვუხსნიდი, რომ მარტო ბაბუასთან მსგავსების გამო არ შეიძლება გიყვარდეს კახი კავსაძე. ვუხსნიდი, რომ იგი ყველა ჩემს თანაკლასელს, ნათესავს და მეგობარს უყვარს მიუხედევად იმისა, რომ არ ჰგავს მათ ბაბუებს. მისმენდა და არ იმჩნევდა, რომ გულში ძალიანაც სიამოვნებდა. ყოველ შემთხვევაში, ასე ვფიქრობდი მე და აზარტში შესული ვუამბობდი, როგორ უყვარს იგი ქართველ ხალხს. ახალ ამბავს რომ მოუსმენ, ასეთი ყურადღღებით მისმენდა.

პანდემიამ ბევრი ძვირფასი ადამიანი წაგვართვა და ყველაზე მეტად მეშინოდა იმის, რომ ჩემთვის ასეთი გამორჩეულად ტკბილი ადამიანიც არ წაერთვა.

ასე მგონია, ბაბუ მომიკვდა მეორედ.
---------
ჟურნალისტმა გამაჩერა ქუჩაში და მიკროფონი მომიშვირა:
-რისი გეშინიათ ყველაზე მეტად?- მეკითხება.

- ვინც მიყვარს, მათი დაკარგვის....







0
119
6-ს მოსწონს
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
119
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0