ვინ იყო ქალი, რომელმაც 55 წლის წინ პირველად აღმოაჩინა კორონა ვირუსი და რატომ დაარქვეს მას "კორონა"
ჯუნ ალმეიდა – ეს არის ქალი, რომელმაც პირველმა აღმოაჩინა კორონავირუსი ადამიანში. ის შოტლანდიელი ავტობუსის მძღოლის შვილი იყო და სკოლაში სწავლა 16 წლის ასაკში მიატოვა. ალმეიდას შესახებ BBC წერს.
ჯუნ ალმეიდა არის კორონავირუსის აღმომჩენი და პიონერი ამ თვალსაზრისით. თუმცა, მის საქმიანობაზე ყურადღება მხოლოდ ახლა, მას შემდეგ გამახვილდა, რაც მსოფლიოში კორონავირუსის ახალი შტამი COVID-19 გავრცელდა.
COVID-19 ახალი დაავადებაა, მაგრამ მისი გამომწვევი მიზეზი კორონავირუსია, რომელიც პირველად 1964 წელს სწორედ ექიმმა ალმეიდამ ლონდონში, წმინდა ტომასის საავადმყოფოს ლაბორატორიაში აღმოაჩინა.
რა ვიცით ჯეინ ალმეიდას შესახებ?
ვირუსოლოგი 1930 წელს დაიბადა და გლაზგოს ჩრდილო აღმოსავლეთ ნაწილში გაიზარდა. 16 წლის ასაკში სკოლაში სწავლას თავი დაანება, მოგვიანებით მუშაობა დაიწყო გლაზგოს ერთ-ერთ კლინიკაში, ჰისტოპათოლოგიის ლაბორატორიაში, სადაც პრაქტიკული ცოდნა მიიღო, რის შემდეგაც, ის ლონდონში გადავიდა და გააგრძელა სწავლა-კარიერა.
1954 წელს ქალი ვენესუელელ ხელოვანზე, ენრიკეს ალმეიდაზე დაქორწინდა. მალე წყვილი თავიანთ ქალიშვილთან ერთად კანადაში, ტორონტოში გადავიდა საცხოვრებლად, ამის შესახებ მედიკოსების მოღვაწეობის აღმწერელი, მწერალი ჯორჯ ვინთერი წერს. ის აღნიშნავს, რომ ალმეიდამ ონტარიოს კიბოს კვლევის ინსტიტუტში თავისი განსაკუთრებული უნარები გამოავლინა.
ვირუსოლოგმა პირველმა გამოიყენა მეთოდი, რომლითაც მკვლევარებს ვირუსების ვიზუალიზაციის უკეთესი შესაძლებლობა მიეცათ. მალე ალმეიდას ნიჭი დიდ ბრიტანეთში აღიარეს და კვლევითი საქმიანობისთვის 1964 წელს უკან დააბრუნეს.
როგორ აღმოაჩინა ალმეიდამ კორონავირუსი.
ქალმა ლონდონში წმინდა ტომასის სახელობის სამედიცინო სკოლაში დაიწყო მუშაობა (აღსანიშნავია, რომ სწორედ აქ მკურნალობდნენ კორონავირუსით ინფიცირებულ დიდ ბრიტანეთის პრემიერს, ბორის ჯონსონს).
ლონდონში დაბრუნების შემდეგ წარმატებული კოლაბორაცია შედგა ექიმ ალმეიდასა და ექიმ დევიდ ტირელს შორის. ტირელი ამ პერიოდში ატარებდა კვლევებს გრიპის ვირუსთან და ჩვეულებრივ გაციებასთან დაკავშირებით. მის კვლევაში ჩართულნი იყვნენ მოხალისეები და ცხვირის გამორეცხვის მეთოდით სწავლობდნენ სხვადასხვა ვირუსებს. ტირელის სახელს უკავშირდება იმ ვირუსის დადგენა, რომელიც შემდეგ B814-ის სახელით გახდა ცნობილი.
ექიმმა ტირელმა მოხალისეთა ბიოლოგიური მასალა ლაბორატორიაში ალმეიდას გაუგზავნა. ამ უკანასკნელმა აღწერა გრიპის ვირუსები, მაგრამ ამავდროულად, აღმოაჩინა, რომ მიღებულ ნიმუშებს შორის, ერთი განსხვავებული ვირუსი იყო.
როგორც BBC წერს, სწორედ ეს იყო კორონავირუსის ადამიანში გამოვლენის პირველი შემთხვევა. მწერალი ვინთერი ამბობს, რომ ექიმ ალმეიდას ადრეც უნახავს მსგავსი რამ, თაგვის ჰეპატიტისა და ქათმის ინფექციური ბრონქიტის კვლევის დროს, თუმცა ადამიანში ეს პირველი გამოვლენა იყო. ეს ყველაფერი 1964 წელს მოხდა.
ვინ და რატომ დაარქვა ვირუსს კორონავირუსი?
მწერალი ვინთერი ამბობს, რომ სახელი “კორონავირუსი“ ვირუსს პროფესორმა ტონი უოტერსონმა დაარქვა იმის გამო, რომ მის გამოსახულებას გვირგვინის ფორმა ჰქონდა. ექიმი უოტერსონიც წმინდა ტომასის სამედიცინო სკოლაში მუშაობდა.
რაც შეეხება ექიმ ალმეიდას, მან მოგვიანებით მუშაობა ლონდონის სამედიცინო სკოლაში გააგრძელა, სადაც დოქტორის ხარისხი მიიღო.1980 წლისთვის მას უკვე ვირუსოლოგიაში მრჩევლის სტატუსი ჰქონდა. ის დაეხმარა მედიკოსებს HIV ინფექციის კვლევაში. ჯუნ ალმეიდა 2007 წელს, 77 წლის ასაკში გარდაიცვალა.