x
მარკ ტვენი - პრესის თავგასულობის შესახებ

ამას წინათ შემთხვევით აღმოვაჩინე დედაჩემისეული მარკ ტვენის წიგნი "მოთხრობები და პამფლეტები", რომელიც 1965 წელსაა გამოცემული და თარგმნილია გიორგი დოლიძის მიერ.
ჰოდა, იქ გადავაწყდი ერთ სტატიას, რომელიც ტვენისეული პერიოდის პრესას, ანუ იმჟამინდელ მედიას ეძღვნება. იმდენად ესადაგება ჩვენს ეპოქას, გადავწყვიტე რამოდენიმე ნაწყვეტი გამოვამზეურო, თანამედროვე ჟურნალისტების, ბევრი ჩვენგანი "ჭურ-ნალისტს" რომ უწოდებს(რა თქმა უნდა არა ყველას, მათშიც არიან ღირსეულნი), იმათ და (სხვათაც)გასაგონად...
უნდა აღვნიშნო, რომ დიდაქტიკოსობის არანაირი სურვილი ან პრეტენზია არ მაქვს, თუმცა ის, რაც ხდება ჩვენს ქვეყანაში(და არა მარტო ჩვენში), მოზომილად რომ ვთქვათ, დამღლელი და ამაზრზენია. ზნეობისა და მორალის ის საყოველთაო ნორმები, რაიც ცხოველთაგან განგვასხვავებს, კაცობრიობის დასაბამიდან, ნოედან მოყოლებული, ამავე ადამიანთა მოდგმის "ბურჯების"(მაგ: ბიბლიისა და ინდური ვედების, რუსთველისა და დანტეს, ჰომეროსისა და პლატონის, სერვანტესისა და შექსპირის, პასკალისა და გალილეის, ნიუტონისა და აინშტაინის, ბეთჰოვენისა და შოპენის, თავად ტვენისა და თუნდაც ათეისტი სარამაგუს და მრავალ სხვათა) მიერ არაერთგზის დადასტურებულ იქმნა, რომო, ესა და ეს, უზნეობააო, ისა და ის კი - ამორალურობააო, თუმცა აბსოლუტური უმრავლესობისთვის, საეჭვო დაფინანსებით არსებული "ა.ს.ო."-თა მოსაზრებაა ახლა ზნეობის ინდიკატორი და სად გინდა გაიქცე???
აი, გაეცანით ნაწყვეტებს მარკ ტვენის სტატიიდან და თავად დარწმუნდებით, რამდენად ახლოსაა თანამედროვეობასთან მისი მოსაზრებები, უბრალოდ სიტყვა "პრესა"-ს დავამატოთ ტელევიზიაც, ხოლო აშშ-ს ნაცვლად საქართველო ჩავსვათ და მთლიანი სურათი გადაიშლება თვალწინ.

პრესის თავგასულობის შესახებ
მარკ ტვენი
"ვითომდა პარტიული ინტერესების დასაცავად, იგი (მედია ავტ.) ისე თავგამოდებით მფარველობს ბოროტმოქმედებს, რომელთაც ოფიციალური თანამდებობები უკავიათ, რომ ამით პირდაპირ ზნეობრივად დააბრმავა აშშ-ის სენატი. საქვეყნოდ ვამტკიცებ, რომ უმსგავსობა სულ ჩვენი გაზეთების ბრალია-მთლინად თუ არა, მნიშვნელოვნად მაინც. ჩვენში პრესა თავისუფალია, მე რომ მკითხონ, ზედმეტად თავისუფალი. მას შეუძლია გააჩნდეს ყველაზე საშინელი შეხედულებანი, გააშავოს და მიწასთან გაასწოროს მისთვის არასასურველი საზოგადო მოღვაწენი თუ კერძო პირები. საზოგადოებრივი აზრი, რომელმაც გარკვეულ ჩარჩოში უნდა ჩააყენოს იგი, პრესამ აქეთ დაიმორჩილა და თავის საძაგელ დონეზე დაიყვანა. არსებობენ კანონები, რომლებიც იცავენ პრესის თავისუფლებას, მაგრამ ისეთი კანონი არ არსებობს, მოქალაქენი რომ დაიცვას პრესისგან. ადამიანი, რომელიც გადაწყვეტს სარჩელი აღძრას პრესაშიგამოქვეყნებულ ცილისწამებაზე, ჯერ კიდევ საქმის კანონიერ გარჩევამდე იძულებულია წარდგეს გაზეთების ყოვლისშემძლე სასამართლოს წინაშე, სადაც მას ენითგამოუთქმელი შეურაცხყოფა და აბუჩად აგდება ელის. აშშ-ში ზნეობა იმავე პროპორციით ეცემა, როგორც იზრდება გაზეთების რიცხვი. რაც მეტია გაზეთი, მით უფრო ცუდად არის ზნეობის საქმე. ყოველ ერთ სასარგებლო გაზეთზე50 უვარგისი მაინც მოდის, რასაც, თავისთავად, ზიანის გარდა კარგი არაფერი მოაქვს...ჩვენმა უაღრესად ზ ნ ე ო ბ რ ი ვ მ ა პრესამ კარგა ხანია მორალურად დასცა თავისი მკითხველები, შეაყვარა მათ უხამსობა და უკანონობა, სწორედამით უნდა აიხსნას ის გარემოება, რომ მთავრობა პირდაპირ თავზე ევლება მათ.
გაზეთთა მეპატრონეებს საკმარისია სტრიქონში 2 დოლარი გადაუხადო, რომ სიხარულით დაგიბეჭდონ ყოველგვარი სიბილწითა და მავნე იდეებით აღსავსე წერილები.
ერის საზოგადოებრივ აზრს-ამ მრისხანე ძალას, ქმნის თვითკმაყოფილ უგუნურთა და უმეცართა ბანდა, რომელთაც ბარითა და მეჩექმის ნემსით რომ ვერ იშოვეს ფული, თავშესაფრის ძიებისას ჟურნალისტიკას შეაფარეს თავი. თავად მე ასობით ჟურნალისტს ვიცნობ და ვიცი, რომ პირად საუბრისას კაპიკია მათი მსჯელობის ფასი, მაგრამ, როცა ერთ-ერთი ამათგანი პრესის ფურცლებიდან გამოდის, მაშინ უკვე ლაპარაკობს არა ის, არამედ პრესა და ამიტომაც, მჯღაბნელი ქონდრის კაცუნა ჩვეულებრივ კი არ წრიპინებს, არამედ წინასწარმეტყველივით ქუხს და ჭექს.
მიჩიგანის ერთ-ერთ ქალაქში მე არ მივუჯექი სუფრას ადგილობრივი გაზეთის რედაქტორთან, რომელიც მთვრალი იყო. მეორე დღეს მან წერილი დაწერა ჩემს ლექციაზე, რომ ეს იყო ყოვლად უხამსი, ვულგარული და ლოთობის წამახალისებელი ლექციაო, მაშინ როცა იგი, საერთოდ, არ დამსწრებია. ვინ იცის, რომ მოესმინა, იქნებ დაენებებინა თავი სმისთვის.
დეტროიტის ერთი გაზეთი კი ირწმუნებოდა, რომ მე თითქოს გართობის მიზნით სისტემატურად ვცემდე ჩემს ცოლს და იგი ახლა, ვითომ, ისე დავარდნილია, რომ საბრალოს დამალვის თავიც არ აქვს, როცა მე, აღრენილ გუნებაზე შევიჭრები შინ. მე, რა თქმა უნდა, შემეძლო მეჩივლა ამ ცილისწამების გამო, მაგრამ მწარე გამოცდილებამ ჭკუა მასწავლა. მართლაც რომ ასე მოვქცეულიყავი, გაზეთები, ვერც წარმოიდგენთ, მცირეოდენი გამონაკლისით, ისეთი აღფრთოვანებით შეხვდებოდნენ ცნობას იმის შესახებ, რომ მე ვცემ ცოლს და მერე, როგორი დაწვრილებით მოუთხრობდნენ ამაზე მკითხველთ.
ჯელტმენებო!
ნება მიბოძეთ, ამით დავამთავრო ჩემი გამოსვლა. საერთოდ, ვფიქრობ, რომ ჩვენს პრესას თავს გაუვიდა ძალიან. დიახ, გაზეთები ჩვენს ნამდვილ წყევლა-კრულვად იქცნენ და აი, ნახეთ, თუ საბოლოოდ მათ არ დაღუპონ კიდევაც მთელი ქვეყანა!"

0
57
შეფასება არ არის
ავტორი:კახაბერ დევდარიანი
კახაბერ დევდარიანი
57
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0